”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

ნომერი: 11 /

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2015 11:40

მიღების თარიღი ნოემბერი 03, 2015

საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება N 11

 ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული  გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ,,კომისია“) 2015 წლის 27 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება №511/23  ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული  გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. იმის გათვალისწინებით რომ, მობილური ფართოზოლოვანი ტექნოლოგიების განვითარებას შედეგად  მოჰყვა ევროპის მასშტაბით სიხშირეების განაწილების მიმართ  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილება, რომლის მიხედვითაც,  790-862 მჰც სიხშირული ზოლი  (ე.წ. 800 მჰც დიაპაზონი, რომელიც ევროპაში თავდაპირველად განკუთვნილი იყო მაუწყებლობისათვის) განაწილებული და გაცემულ იქნა მობილური ფართოზოლოვანი საკომუნიკაციო სისტემების დასანერგად,   საჭირო გახდა ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული  გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანა.

კომისიის №511/23  გადაწყვეტილებით, ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 25 სექტემბერი. 25 სექტემბერს კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება, ხოლო 2015 წლის 15 ოქტომბერს კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება  “რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული  გეგმის ამტკიცების შესახებსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების  შეტანის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის  27 აგვისტოს №511/23 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე”.  აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვრა 3 თვიანი ვადა და ზეპირი მოსმენის გამართვის თარიღად დადგინდა 2015 წლის  22 ოქტომბრის 15:00 საათი. 2015 წლის 22 ოქტომბერს ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება და ზეპირი მოსმენა განახლდა 3 ნოემბერს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2010/267/EU-ს და ECC/DEC(09)03-ს  შესაბამისად, (791.0-862.0 მჰც) სიხშირული დიაპაზონი გათვალისწინებულია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისათვის განკუთვნილი მიწისზედა სისტემებისათვის. კომისიის 2008 წლის 24 აპრილის N220/5 გადაწყვეტილებით სს „გაერთიანებული ტელეკომი“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიას, რომელიც  კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებით და სს „სილქნეტს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის 2010 წლის 9 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების (N10-285) შესაბამისად, პირდაპირი გადაპირების წესით დროებით სარგებლობაში გადაცემული აქვს სს „სილქნეტს“. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზია ითვალისწინებს რადიოსიხშირული სპექტრით — 827,955 მჰც÷831,645 მჰც და 872,955 მჰც÷876,645 მჰც სარგებლობის უფლებას მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილების მიხედვით,     მოქმედების ვადა გაუგრძელდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიას 2013 წლის 23 ივლისიდან 10 წლით-2023 წლის 23 ივლისამდე.

კომისიას მიაჩნია რომ, 800მჰც სიხშირული დიაპაზონი უნდა განაწილდეს ევროპის ფარგლებში არსებული სტანდარტის შესაბამისად („Down-link”-ი 790-821მჰც და “Up-link”-ი 832-862მჰც) და ხელმისაწვდომი გახადოს მობილური ფართოზოლოვანი ტექნოლოგიებისთვის. ამასთანავე, კომისია განმარტავს, რომ საქართველოს რეალობაში  ევროპის მასშტაბით ჰარმონიზებული ნორმების  შესაბამისად, 800 მჰც დიაპაზონში სიხშირეების განაწილება ნაწილობრივ ემთხვევა და ფარავს  CDMA 850 ტექნოლოგიისათვის განსაზღვრულ და გაცემულ  სიხშირულ რესურსს, რომლის ნაწილსაც  დღეს ფლობს სს „სილქნეტი“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის ფარგლებში. კერძოდ, სს ”სილქნეტი”,  F11 ლიცენზიის მიხედვით, საქმიანობს 800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში,    მისი მობილური სადგურისათვის განკუთვნილია 827.955-831.645 მჰც  სიხშირეები. შესაბამისად, არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ მოხდეს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისათვის გათვალისწინებული მიწისზედა სისტემების საბაზო სადგურებისათვის განკუთვნილი  ჰარმონიზებული 816.0-821.0 მჰც სიხშირულ ბლოკის შესაბამისი სიგნალების ინტერფერენცია  სს ”სილქნეტის” მობილური სადგურისთვის განკუთვნილი 827.955-831.645 მჰც სიხშირეების შესაბამის სიგნალებთან. კომისია აღნიშნავს რა რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული  გეგმაში დამატებების შეტანის გზით მობილური ფართოზოლოვანი ტექნოლოგიებისთვის   816.0-821.0 მჰც სიხშირულ ბლოკის ხელმისაწვდომობის საჭიროებას, ამასთანავე, ითვალისწინებს რომ სს „სილქნეტის“ მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F11 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხორციელდება 700 00-მდე აბონენტისათვის ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება, მოსალოდნელი  ხელშეშლების დაფიქსირების შემთხვევებში,  გაატარებს საჭირო  ზომებს მონიტორინგის ჩატარების გზით ინტერფერენციის კონკრეტული წყაროს დასადგენად და შესაბამისი გადაწყვეტილებით დააკისრებს მხარეებს (ან  მხარეს) მათი აღმოფხვრის ვალდებულებას ან დაუდგენს ერთ-ერთ მხარეს ხელშეშლებიდან გამოწვეული თმენის ვალდებულებას.             

2015 წლის 3 ნოემბერს, კომისიაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიის წევრის ე. ასანიძის მიერ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში გამოითქვა განსხვავებული აზრი, კერძოდ, ე. ასანიძე მხარს უჭერს სიხშირული რესურსის ხელმისაწვდომობას მობილური ფართოზოლოვანი მომსახურების დანერგვისათვის, რომელიც ასახულია დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში, მაგრამ არ ეთანხმება  დადგენილების სამოტივაციო ნაწილში გაკეთებულ შენიშვნას და მიაჩნია, რომ ამგვარი დათქმა არ უნდა იქნას ასახული კომისიის დადგენილების სამოტავიაციო ნაწილში და შემდგომში ამ დადგენილების საფუძველზე ლიცენზიის (სიხშირის) აუქციონზე გამოტანის დროს სალიცენზიო პირობებში, შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტი ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული  გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ“  ითვალისწინებს სიხშირული რესურსით სარგებლობის პირობების შეზღუდვას, კერძოდ, შესაძლო ხელშეშლების თაობაზე შენიშნის ასახვას დადგენილების სამოტივაციო ნაწილში LTE მომსახურებისათვის აუქციონზე გამოსატანი სიხშირული სპექტრთან მიმართებაში. აღნიშნული შეზღუდვის საფუძველს წარმოადგენს სს „სილქნეტის“ სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F11ლიცენზიით გათვალისწინებულ სიხშირეზე მოქმედი CDMA ქსელის არსებობა. აღნიშნული ლიცენზია ეკუთვნის „გაერთიანებულ ტელეკომს“ და „სილქნეტს“გადაცემული აქვს დროებით სარგებლობაში  - 2016 წლის 23 ივლისამდე (კომისიის 2013 წლის 9 სექტემბრის N553/19 გადაწყვეტილების მიხ.). აღნიშნულ ლიცენზიას ვადა გაუგრძელდა კომისიის 2013 წლის 6 ივლისის N460/6 გადაწყვეტილებით. კომისიის წევრის ე. ასანიძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება სალიცენზიო საფასურის გადახდის გრაფიკის განსაზღვრის კუთხით, კერძოდ, NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადანაწილება მოხდა  ლიცენზიის მოქმედების მთელ ვადაზე, 10 წელზე, რაც  კომისიის N553/19 გადაწყვეტილებაში დასაბუთებულია იმგვარად, რომ მას შემდეგ, რაც ე.წ. 800 მჰც დიაპაზონი  საქართველოში დაიგეგმება LTE ტექნოლოგიის გამოყენებისათვის, დღის წესრიგში დადგებოდა NF11 ლიცენზიის მიმართ სამომავლო მიდგომის საკითხი. ამავე გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ ნებისმიერმა სხვა გადაწყვეტილებამ, რომელიც მიმართული იქნება 800 მჰც დიაპაზონში სიხშირული სპექტრის დანაწილების ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციისაკენ,  შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მფლობელის დღევანდელი CDMA 850 ქსელის შემდგომ განვითარებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე, კომისიის წევრ ე. ასანიძეს მიაჩნია, რომ სიხშირულ გეგმაში ცვლილება უნდა შევიდეს იმ სახით, რომელიც რაიმე დათქმას ან შენიშვნას არ გაითვალისწინებს აუქციონზე გამოსატან სიხშირულ სპექტრთან დაკავშირებით. ამავე დროს, ვინაიდან არსებობს ხელშეშლის წარმოქმნის თეორიული შესაძლებლობა, კომისიამ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული საქმისწარმოება NF11 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის შესაბამისად. მოდიფიცირების შედეგად, NF11 ლიცენზიას უნდა მოდიფიცირდეს იმგვარად, რომ, იმ შემთხვევისათვის, თუ შეიქმნება ხელშეშლა ორ ტექნოლოგიას  შორის, მეორადი გამოყენების უფლება ანუ თმენის ვალდებულება უნდა განისაზღვროს NF11 ლიცენზიის სალიცენზიო პირობად. თუ ხელშეშლას ადგილი არ ექნება, ამ შემთხვევაში NF11 ლიცენზიაში დაფიქსირებულ შეზღუდვას მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობა ექნება და ეს რაიმე გავლენას ვერ მოახდენს კომპანიის საქმიანობაზე. ხოლო ხელშეშლის შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, თმენის და ხელშეშლის აღმოფხვრის ვალდებულება F11 ლიცენზიის მფლობელს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე    მუხლის შესაბამისად, კომისია ადგენს:

მუხლი 1. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული  გეგმის დამტკიცების შესახებ”  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებულ (სსმ, 05.07.2006 №90, მუხლი 1211) რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. 790.0-862.0 მჰც სიხშირული დიაპაზონისათვის განკუთვნილ გრაფაში შევიდეს ცვლილება:

შენიშვნის ველში, ჩანაწერი ”სარგებლობაში (ხელმისაწვდომია 791.0-816.0 მჰც, 832.0-857.0 მჰც)” შეიცვალოს ჩანაწერით ”სარგებლობაში” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

სიხშირული დიაპაზონი

განაწილება

გამოყენება

შენიშვნა

790.0 - 862.0 მჰც

ფიქსირებული  

სამაუწყებლო

მობილური  გარდა საჰაერო მობილურისა                                                                                                                                                                                                  

სისტემა კოდური დაყოფით და მრავალჯერადი დაშვებით (CDMA-850) (827.955-831.645 მჰც, 872.955-876.645 მჰც)

დროებით

სარგებლობაში

 

 

ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისათვის განკუთვნილი მიწისზედა სისტემები (791.0-821.0 მჰც, 832.0-862.0 მჰც) 2010/267/EU-ს და ECC/DEC(09)03-ს  შესაბამისად

 

სარგებლობაში

 

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 კომისიის თავმჯდომარე                                                ვ. აბაშიძე

წევრები:

 

                                                                                             კ.ბექაური

                                                                                        

                                                                                            გ. ფრუიძე

 

                                                                                           მ. ქათამაძე