"კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე

ნომერი: 6 /

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2001

მიღების თარიღი ივლისი 10, 2001

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება N 6

ქ.თბილისი 10 ივლისი 2001წ.

\"კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ\" საქართველოს კანონის 20-ე, 411 მუხლების და 55-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კომისიამ დაადგინა:

1. დამტკიცდეს \"კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ\" დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე

რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ,

რეგისტაციის N320.020.000.15.012.004.855. 13.07.2001წ.

\"დამტკიცებულია\"

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული

კომისიის 2001 წლის 10 ივლისის

N6 დადგენილებით

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ

დებულება არეგულირებს სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ურთიერთჩართვის ტექნიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ საკითხებს. იგი სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოში მოქმედი ლიცენზიის მფლობელი კავშირგაბმულობის ოპერატორებისათვის.

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ტერმინების განმარტება

1. წინამდებარე დებულების მიზნებისათვის ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:

ა) კომისია - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

ბ) კავშირგაბმულობის ოპერატორი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელზედაც კომისიის მიერ გაცემულია ლიცენზია კავშირგაბმულობის სფეროში საქმიანობასა და მომსახურებაზე, გარდა იმ ოპერატორებისა, რომლებიც ეწევიან საფოსტო კავშირით, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სანავიგაციო სისტემებით მომსახურებას და ტელერადიომაუწყებლობას.

გ) ტრანზიტული კავშირის ოპერატორი - ოპერატორი, რომელიც ახორციელებს გამოძახებების გატარებასა და კომუტაციას, აერთებს სხვადასხვა ოპერატორების ქსელებს.

დ) ადგილობრივი კავშირის ოპერატორი - ოპერატორი, რომელიც ახორციელებს ადგილობრივი კავშირის ზონაში მომხმარებლების სატელეკომუნიკაციო მომსახურებას.

ე) საერთაშორისო კავშირის ოპერატორი - ოპერატორი, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო მომსახურებას.

ვ) მომხმარებელი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს, ან განზრახული აქვს გამოიყენოს კავშირგაბმულობის საშუალებებით მომსახურება.

ზ) ურთიერთჩართვის მსურველი - ოპერატორი, რომელიც მოითხოვს მეორე ოპერატორის ქსელთან, სისტემასთან, ქსელის ელემენტებთან ან საშუალებებთან ურთიერთჩართვას და ურთიერთჩართვის მომსახურების მიღებას.

თ) ურთიერთჩართვის მიმწოდებელი - ოპერატორი, რომელსაც მოეთხოვება მის ქსელთან, სისტემასთან ან საშუალებებთან სხვა ოპერატორის ურთიერთჩართვა და ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდება.

ი) მხარე - ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მხარე.

კ) სტრუქტურული ქვედანაყოფი - ოპერატორის ფუნქციონალური ქვედანაყოფი, რომელიც ოპერატორის საქმიანობიდან გამომდინარე ასრულებს კონკრეტულ სამუშაოს ან ოპერატორის სახელით ახორციელებს განსაზღვრული სახის მომსახურებას.

ლ) ტელეკომუნიკაცია (ელექტროკავშირი) - კავშირგაბმულობის სფერო, რომელიც მოიცავს სადენიან, რადიო, რადიოსარელეო (სატელეფონო, მონაცემთა გადაცემის, სპეციალური დანიშნულების) და ტელერადიომაუწყებლობის ქსელებსა და საშუალებებს.

მ) სატელეკომუნიკაციო ქსელი - ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სატელეფონო, სატელეგრაფო და მონაცემთა, ინფორმაციის ერთი ან რამდენიმე სახეობის გადაცემას, აგრეთვე ტელე- და რადიომაუწყებლობას.

ნ) ტექნიკური საშუალებები- სატელეკომუნიკაციო შეტყობინების ფორმირების, დამუშავების, გატარების, გადაცემის ან მიღების მიზნით გამოყენებული კავშირგაბმულობის საშუალებები.

ო) მომხმარებლის შენობაში განთავსებული ტექნიკური საშუალება - ტერმინალური მოწყობილობა, რომელიც მოთავსებულია მომხმარებლის შენობაში და არ წარმოადგენს ოპერატორის ქსელის ნაწილს, თუმცა შეერთებულია მასთან.

პ) საერთაშორისო გატარების საშუალებები - ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა, რომლებიც მოიცავენ საერთაშორისო გადაცემის, კომუტაციისა და ქსელების მართვის სისტემებს და წარმოადგენენ საქართველოსა და სხვა ქვეყნის ოპერატორს შორის არსებული საერთაშორისო ტრაფიკის სასაზღვრო წერტილს.

ჟ) ადგილობრივი კავშირის ზონა - ტერიტორია, რომლის ფარგლებში მომხმარებელთა ერთმანეთთან დაკავშირება უზრუნველყოფილია საქალაქთაშორისო და საერთაშორისო გამოძახებების გარეშე.

რ) ქსელის ელემენტი - სატელეკომუნიკაციო ქსელის ტექნიკური საშუალებების შემადგენელი ფუნქციონალური რგოლი, რომელიც თავისი მახასიათებლებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფს გამოძახების სიგნალების გადაცემას, დამისამართებას (კომუტაციას), ბილინგის ინფორმაციის შეგროვებას, ნომრების პორტატიულობას, საცნობარო მომსახურებას, ოპერატორის დამხმარე და საგანგებო მომსახურებას, გამოძახებებთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზებთან შეღწევას, მულტიმედიას, კონვერსიას, კოდირებას, უსაფრთხოების დაცვას, პეიჯინგს, ინტერნეტის პროტოკოლს, მონაცემების ტელედამუშავებას და სხვა.

ს) ინტერფეისი - საზღვარი (ფორმატი) ორ ან რამდენიმე ურთიერთმოქმედ სისტემას

(მოწყობილობას) შორის, რომელიც განსაზღვრულია საერთო ფუნქციონალური, ელექტრული, ოპტიკური, კონსტრუქციული, შეთავსებადობისა და მარშრუტიზაციის მახასიათებლებით, გაცვლის პროტოკოლის მიმართ მოთხოვნით და სხვა.

ტ) ფიჭური მობილური სატელეფონო სისტემა - მომსახურების ფართო გადაფარვის ფიჭური სტრუქტურის მქონე მობილური სატელეფონო სისტემა, თავისი საკუთარი კომუტაციისა და დამისამართების სისტემით, საბაზო სადგურებითა და გადაცემის საშუალებებით, რომელსაც შეუძლია მობილური კავშირის უზრუნველყოფა რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით, გარდა ადგილობრივი კავშირის ქსელში უსადენო დაშვების მომსახურებისა.

უ) საკომუტაციო სადგური - ოპერატორის ტექნიკური საშუალებების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება გამოძახების წამოწყების, გატარებისა და დასრულებისათვის.

ფ) ურთიერთჩართვის ტექნიკური საშუალებები – ტექნიკურ მოწყობილობათა ერთობლიობა, რომლებიც მოიცავს ურთიერთჩართვის მაგისტრალურ ხაზებს, მათ დამაბოლოებელ ტერმინალურ მოწყობილობებს და უზრუნველყოფს ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტრაფიკის გატარებას.

ქ) ბილინგის ინფორმაცია - ოპერატორის ქსელის გამოყენების მონაცემები, რომელსაც ოპერატორები ცვლიან ერთმანეთში ანგარიშსწორების მიზნით.

ღ) ტრაფიკი – კავშირგაბმულობის სატელეფონო ქსელის ხაზების, არხების ან საკომუტაციო მოწყობილობების დაკავების ჯამური დატვირთვა დროის ინტერვალში.

ყ) სერტიფიკატი - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საჭირო სახით იდენტიფიცირებული მოწყობილობა ან მომსახურება შეესაბამება ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს.

შ) ურთიერთჩართვის მაგისტრალური ხაზები – ტექნიკური ან ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ორ ოპერატორს შორის ტრაფიკის გატარებას.

ჩ) სიმძლავრე – სატელეკომუნიკაციო სისტემის ქსელური ელემენტის რესურსის რაოდენობრივი და თვისობრივი მაჩვენებელი.

ც) კომუტატორი – სატელეკომუნიკაციო ტექნიკური საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს შესასვლელი არხების გამოსასვლელ არხებთან ფიზიკურ ან ლოგიკურ შეერთებას.

ძ) საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ქსელი – კავშირგაბმულობის ქსელებისა და საშუალებების ერთიანი ტექნოლოგიური კომპლექსი, რომელშიც კანონით დადგენილი წესით ერთვებიან კავშირგაბმულობის ოპერატორები.

წ) ადგილობრივი დაშვების ქსელი – ადგილობრივი კავშირის ოპერატორის საკაბელო-სახაზო მეურნეობა ან უსადენო (რადიოსიხშირული) ტექნიკური საშუალებები მომხმარებლის შენობაში განთავსებული ტექნიკური საშუალებიდან საკომუტაციო სადგურამდე გამოძახების გასატარებლად.

ჭ) ადგილობრივი გამოძახება - გამოძახება, რომლის საწყისი და საბოლოო წერტილები ადგილობრივი კავშირის ერთსა და იმავე ზონაში მოქმედ ერთ ან ორ ოპერატორს ეკუთვნის.

ხ) საქალაქთაშორისო გამოძახება - გამოძახება, რომელიც იწყება ერთი ადგილობრივი კავშირის ზონაში და მთავრდება მეორე ადგილობრივი კავშირის ზონაში;

ჯ) ურთიერთჩართვა - ქსელის ნებისმიერ ტექნიკურად დასაშვებ წერტილში ელექტროკავშირგაბმულობის ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელიც გამოიყენება ერთი ან სხვადასხვა ოპერატორის მიერ, რათა ერთი ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ოპერატორის მომსახურებით.

ჰ) პირდაპირი ურთიერთჩართვა – ერთი ოპერატორის მიერ მეორე ოპერატორისათვის ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდება უშუალოდ სადენით ან რადიოკავშირის საშუალებით.

ჰ1) არაპირდაპირი ურთიერთჩართვა - ერთი ოპერატორის მიერ მეორე ოპერატორისათვის ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდება ერთი ან რამდენიმე ოპერატორის ქსელის გავლით.

ჰ2) ურთიერთჩართვის მომსახურება – გამოძახებების გატარება, ლოგიკური დამისამართება ან არხების ფიზიკური კომუტაცია. ურთიერთჩართვის მომსახურება მოიცავს ურთიერთჩართვის ძირითად და გაფართოებულ მომსახურებას.

ჰ3) ურთიერთჩართვის ძირითადი მომსახურება – ურთიერთჩართვის მომსახურება ზარების წამოწყების, ტრანზიტული გატარების ან დასრულებისათვის.

ჰ4) ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურება – ყველა სხვა სახის ურთიერთჩართვის მომსახურება, გარდა ურთიერთჩართვის ძირითადი მომსახურებისა, მათ შორის: მულტიმედია, ნომრების პორტატიულობა, საცნობარო მომსახურება, ოპერატორის დამხმარე და საგანგებო მომსახურება, გამოძახებებთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზებთან დაშვება, კონვერსია, კოდირება, უსაფრთხოების დაცვა, პეიჯინგი, ინტერნეტის პროტოკოლის უზრუნველყოფა, მონაცემების ტელედამუშავება, მონაცემთა გადაცემა და სხვა.

ჰ5) მომსახურების ხარისხის სტანდარტი - მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების ხარისხის სტანდარტი.

ჰ6) ადგილობრივი კავშირის ქსელთან დაშვების მომსახურება – ადგილობრივი კავშირის ზონაში საკომუტაციო სადგურთან მომხმარებლის დაკავშირება ადგილობრივი დაშვების ქსელის საშუალებების გამოყენებით, ან ერთი ოპერატორის დაშვება მეორე ოპერატორის საკომუტაციო სადგურის ძირითად გამანაწილებელ სისტემასთან მომხმარებლის სატელეკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად.

ჰ7) საერთაშორისო გამოძახება - გამოძახება, რომელიც გაივლის ორი ან მეტი ქვეყნის საერთაშორისო ოპერატორს.

ჰ8) სატელეკომუნიკაციო მომსახურება - მომსახურება, რომელსაც ოპერატორი გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სთავაზობს მომხმარებელს.

ჰ9) ურთიერთჩართვის წერტილი - წერტილი, სადაც მთავრდება ერთი ოპერატორის და იწყება მეორე ოპერატორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა.

ჰ10) ურთიერთჩართვის ტარიფი - ურთიერთჩართვის ძირითადი და გაფართოებული მომსახურების საფასური.

ჰ11) ეფექტური წერტილი - ურთიერთჩართვის ის წერტილი, სადაც ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების (მათ შორის მომსახურების ხარისხის, ტექნიკური საშუალებების სტანდარტის) დაცვით დადგენილია ან დადგინდებოდა მომსახურების ყველაზე იაფი ტარიფი.

ჰ12) ურთიერთოპერაბელურობა - ურთიერთჩართული სისტემების ტექნიკური მახასიათებლების ურთიერთთავსებადობა და ურთიერთმართვადობა.

ჰ13) ფიზიკური თანალოკაცია - ურთიერთჩართვის მიმწოდებელი ოპერატორის შენობებში გამოყოფილ სათანადო სიდიდის ფართზე ურთიერთჩართვის მსურველი ოპერატორის მიერ ურთიერთჩართვის ტექნიკური საშუალებების განთავსება და საექსპლუატაციო მომსახურება.

ჰ14) ვირტუალური თანალოკაცია - ურთიერთჩართვის მიმწოდებელი ოპერატორის შენობაში გამოყოფილ თანალოკაციურ ფართზე ურთიერთჩართვის მსურველი ოპერატორის მიერ ურთიერთჩართვის ტექნიკური საშუალებების განთავსება, მათი ელექტრონული მონიტორინგი და კონტროლი საკომუნიკაციო არხების საშუალებით.

ჰ15) დღე - კალენდარული დღე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

ჰ16) გამოქვეყნება- ოპერატორის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება.

2. წინამდებარე დებულებაში მოცემულ ტერმინთა განმარტებები გამოიყენება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებში.

მუხლი 2. ურთიერთჩართვის ძირითადი პრინციპები

1. ურთიერთჩართვის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:

ა) ურთიერთჩართვამ უნდა უზრუნველყოს ოპერატორების მომხმარებლებს შორის უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი კავშირი;

ბ) ოპერატორები პასუხისმგებლები არიან ურთიერთჩართვის სწრაფ და ეფექტურ განხორციელებაზე;

გ) ურთიერთჩართვის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ამ დებულებით გათვალისწინებულ ვადებში;

დ) ურთიერთჩართვა უნდა განხორციელდეს ეფექტურად, ორივე ოპერატორის მომხმარებლებისათვის სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შეუფერხებლად;

ე) ურთიერთჩართვისათვის გამოყენებული ინტერფეისები უნდა ხასიათდებოდეს საკმარისი ფუნქციონალობით ოპერატორების ქსელური სისტემების ურთიერთოპერაბელურობის უზრუნველსაყოფად;

ვ) ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.

2. ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვამ უნდა უზრუნველყოს:

ა) მომხმარებლის არადისკრიმინაციული დაკავშირების შესაძლებლობა სხვა ოპერატორის მომხმარებელთან;

ბ) ნებისმიერი ოპერატორის მომსახურების მიღება, ისე, რომ მომხმარებელს მიღებული მომსახურებისათვის დაეკისრება ერთიანი საფასურის გადახდა.

გ) გამოძახების გატარების შესაძლებლობა შესაბამისი ქსელების გავლით გამჭვირვალედ და შეფერხებების გარეშე, როგორც გამოძახების წამომწყები, ასევე გამოძახების მიმღები მომხმარებლისათვის.

3. ოპერატორი ვალდებულია პირდაპირ ან არაპირდაპირ მიაწოდოს ურთიერთჩართვის მომსახურება სხვა ოპერატორს.

4. ურთიერთჩართვა უნდა განხორციელდეს ქსელის ნებისმიერ ტექნიკურად დასაშვებ წერტილში:

ა) დისკრიმინაციის გამომრიცხავ ვადებში და პირობებით, დადგენილი ტექნიკური სტანდარტების დაცვით.

ბ) გამჭვირვალედ, ისე, რომ მხარეებს არ დასჭირდეთ ხარჯების გაწევა ქსელის იმ ელემენტებისა და ტექნიკური საშუალებისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდებასთან.

5. ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფით და ხარისხით, რომელიც არ უნდა განსხვავდებოდეს საკუთარი ფილიალებისა თუ სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, სხვა ოპერატორებისათვის დადგენილი ტარიფისა და მიწოდებული ხარისხისაგან.

მუხლი 3. ურთიერთჩართვის განხორციელების და რეგულირების მიზნები

ურთიერთჩართვის განხორციელების და რეგულირების მიზნებია:

ა) მომხმარებლების ინტერესების დაცვა და ხელშეწყობა;

ბ) ქვეყანაში არსებული ყველა სატელეკომუნიკაციო საშუალებისა და მომსახურების გაფართოების, საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და მოხმარების ხელშეწყობა;

გ) ტელეკომუნიკაციის დარგში თანასწორი და ეფექტიანი კონკურენციის ხელშეწყობა;

დ) ოპერატორების ქსელების ურთიერთოპერაბელურობის უზრუნველყოფა;

ე) ურთიერთჩართვის თანასწორი და დისკრიმინაციის გამომრიცხავი პირობების დაწესება;

ვ) ინფორმაციასთან და მომსახურებასთან გამჭვირვალე და თანასწორი დაშვების უზრუნველყოფა;

ზ) ურთიერთჩართვის დადგენილი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;

თ) მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი ინტეგრირებული სატელეკომუნიკაციო ქსელების უზრუნველყოფა.

მუხლი 4. კავშირგაბმულობის ოპერატორის ვალდებულებები

1. კავშირგაბმულობის ოპერატორი ვალდებულია:

ა) განახორციელოს სხვა ოპერატორებისათვის ურთიერთჩართვის მომსახურების პირდაპირ ან არაპირდაპირ მიწოდება ორივე მხარის მომხმარებლების მიერ ყველა ტექნოლოგიურად შესაძლებელი მომსახურების მიღების უზრუნველსაყოფად;

ბ) უზრუნველყოს ქსელის ელემენტების სიმძლავრის ფუნქციონირება ურთიერთჩართვისათვის საჭირო დონეზე;

გ) უზრუნველყოს დისკრიმინაციის გამომრიცხავი დაშვება ქსელის თავისუფალ ელემენტებთან სხვა ოპერატორის მიერ შერჩეულ წერტილში, ამ დებულებით და ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში და პირობებით;

დ) უზრუნველყოს ქსელის თავისუფალი ელემენტების ფუნქციონალური და ტექნიკური მახასიათებლები იმგვარად, რომ ურთიერთჩართვის მსურველ ოპერატორს საშუალება ჰქონდეს ასეთი ელემენტების გამოყენებით განახორციელოს მომხმარებლის სატელეკომუნიკაციო მომსახურება.

ე) დროული და საიმედო ურთიერთჩართვისათვის უზრუნველყოს ყველა შესაბამისი მონაცემისა და ინფორმაციის მიწოდება სხვა ოპერატორებისათვის;

2. ოპერატორმა არ უნდა აწარმოოს კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება ლიცენზიის მფლობელთა ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე.

3. ოპერატორმა არ უნდა შეწყვიტოს ურთიერთჩართვა, რაიმე გზებით ხელი შეუშალოს მომხმარებლების დაკავშირებას მასთან ურთიერთჩართული სხვა ოპერატორის მომხმარებლებთან, მეორე ოპერატორისათვის წინასწარი შეტყობინებისა და კომისიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა ამ დებულების მე-7 თავით დადგენილი შემთხვევებისა.

თავი II. ურთიერთჩართვის ძირითადი და გაფართოებული მომსახურებისათვის ხელშეკრულების გაფორმების წესი და ძირითადი პირობები

მუხლი 5. ხელშეკრულების გაფორმება

1. ოპერატორები ვალდებულნი არიან შეთანხმდნენ და გააფორმონ ხელშეკრულება მათი ქსელებისა და საშუალებების ურთიერთჩართვის შესახებ ამ დებულების შესაბამისად.

2. ურთიერთჩართვის მსურველმა ურთიერთჩართვის მიმწოდებელს უნდა გადასცეს წერილობითი განაცხადი. ურთიერთჩართვის მსურველად ითვლება ის ოპერატორი, რომელიც პირველი გადასცემს განაცხადს მეორე ოპერატორს. განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) \"კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ\" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის და ნებართვების ასლებს;

ბ) ურთიერთჩართვის ტექნიკურ პროექტს, რომელშიც ასახული უნდა იყოს: ურთიერთჩართვის სისტემის და ქსელის გეგმა; ურთიერთჩართვის პირობები; წერტილები; მოთხოვნები ურთიერთჩართვის მაგისტრალური ხაზების პარამეტრებთან დაკავშირებით; ტრაფიკის მარშრუტი; არანაკლებ ორი მომავალი წლის განმავლობაში ტრაფიკის წინასწარი შეფასება; გამოყენებული ინტერფეისები; ურთიერთჩართვის ტექნიკური განხორციელების ვადები; ურთიერთჩართვის მომსახურებისათვის არსებული საკომუტაციო სადგურების ჩამონათვალი.

გ) ურთიერთჩართვის მომსახურებაზე ანგარიშსწორების სავარაუდო სისტემას;

დ) ტექნიკური საშუალებების შესაბამისობის სერტიფიკატს .

3. ურთიერთჩართვაზე განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში ურთიერთჩართვის მიმწოდებელმა ურთიერთჩართვის მსურველს უნდა გადასცეს სათანადოდ დასაბუთებული წერილობითი პასუხი. ამავე ვადაში უნდა დაიწყოს მხარეთა შორის მოლაპარაკება და ურთიერთჩართვის მსურველმა კომისიას უნდა გადასცეს განაცხადისა და პასუხის ასლები.

4. ურთიერთჩართვის მსურველი უფლებამოსილია ურთიერთჩართვის მიმწოდებლის მიერ სხვა ოპერატორებთან გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებიდან აირჩიოს მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი მისთვის მისაღები დებულებები და ამ დებულებებით მოითხოვოს ურთიერთჩართვის მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმება. ოპერატორს უფლება აქვს აირჩიოს სხვა ოპერატორთან ურთიერთჩართვის ყველაზე ხელსაყრელი კონფიგურაცია.

5. მხარეები უნდა შეთანხმდნენ და შეადგინონ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს და წარედგინოს კომისიას ურთიერთჩართვის მიმწოდებლის მიერ ურთიერთჩართვის მოთხოვნის შესახებ განაცხადის მიღებიდან 20 დღის ვადაში. ხელშეკრულებას ხელი უნდა მოეწეროს განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში. თუ მხარეები ვერ თანხმდებიან ხელშეკრულების პირობებზე ან გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით კომისიას მიმართავს მესამე პირი, კომისია იხილავს საკითხს და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების და ვადების შესახებ.

6. კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ჩაერიოს მხარეთა შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების პროცესში თუ ხელშეკრულების პროექტი არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეებს ხელშეკრულების პირობების შეცვლა ან მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების პირობების და ვადების დადგენის შესახებ.

7. თუ ოპერატორები არ დაიწყებენ მოლაპარაკებას ურთიერთჩართვის შესახებ, კომისია, ურთიერთჩართვის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, უფლებამოსილია დაავალდებულოს მხარეები განახორციელონ ურთიერთჩართვა მის მიერ განსაზღვრული ვადებითა და პირობებით.

8. მხარეთა მიერ გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება კომისიას უნდა გადაეცეს ორმხრივი ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში.

9. სადაო საკითხების მოგვარებისას თავისი უფლებამოსილებების განხორციელების დროს კომისიამ უნდა გაითვალისწინოს მხარეთა ინტერესები.

10. ურთიერთჩართვა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის გადაცემიდან არაუგვიანეს 3 თვეში.

11. ურთიერთჩართვის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები უნდა დაიფაროს ურთიერთჩართვის მსურველის მიერ, ხოლო ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში - კომისიის გადაწყვეტილების თანახმად.

12. ურთიერთჩართვის ხელშეკრულების ვადის გასვლის დღიდან სახელშეკრულებო ვალდებულებები გაგრძელებულად ჩაითვლება და დარჩება ძალაში, სანამ მხარეები არ დადებენ ახალ ხელშეკრულებას. ახალი ხელშეკრულება ფორმდება ხელშეკრულების ვადის გასვლის დღიდან 1 თვის ვადაში.

13. ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ხდება ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებისათვის დადგენილი წესით.

14. თუ ურთიერთჩართვის ხელშეკრულება არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, ან ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეიცვალა კანონმდებლობა, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების (ან ურთიერთჩართვის შესახებ გადაწყვეტილების) პირობების გადასინჯვა, შესწორება ან გაუქმება.

მუხლი 6. ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები

ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში ან ურთიერთჩართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) პირობები ურთიერთჩართვის ტექნიკური განხორციელების და ტექნიკური პარამეტრების შესახებ;

ბ) ურთიერთჩართვის ინტერფეისის დეტალური აღწერა; ინტერფეისის მუშაობის ტესტირების და ქსელების ურთიერთოპერაბელურობის ორგანიზება;

გ) დებულებები, რომლებიც არეგულირებენ ურთიერთჩართვის ძირითადი და გაფართოებული მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, საკომუტაციო ტექნიკურ საშუალებებთან, ადგილობრივი დაშვების ქსელთან და ურთიერთჩართვის მაგისტრალურ ხაზებთან დაშვებას;

დ) ურთიერთჩართვის წერტილების განსაზღვრა, ურთიერთჩართვის ტექნოლოგიური განხორციელების ეტაპების აღწერა;

ვ) მიწოდებული მომსახურების ხარისხის, ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოების, ეფექტურობის, სიგნალიზაციის, სინქრონიზაციის უზრუნველყოფის პირობები;

ზ) ტრაფიკის დამისამართებასთან დაკავშირებული საკითხები, ტრაფიკის წინასწარი შეფასების მეთოდიკა.

თ) დებულებები დამატებითი სიმძლავრის გამოყოფის შესახებ;

ი) თანალოკაციის მარეგულირებელი დებულებები;

კ) სხვადასხვა ქსელებსა და მომსახურებასთან მომხმარებლების არადისკრიმინაციული დაშვების უზრუნველყოფისა და მომხმარებელთა კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების დაცვის პირობები;

ლ) დებულებები ავარიის შემთხვევებში მხარეთა ვალდებულებების, ანგარიშსწორებისა და აღრიცხვის შესახებ;

მ) ოპერატორებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ვალდებულებები, მოცულობისა და პერიოდულობის განსაზღვრით;

ნ) ურთიერთჩართვის ტარიფები, კომერციული და ფინანსური ურთიერთობები, ბილინგისა და მომხმარებლებისაგან თანხების ინკასაციის პროცედურები, ოპერატორებს შორის ანგარიშსწორების ვადები და პირობები;

ო) ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

პ) ურთიერჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების პირობები, პირგასამტეხლოს ოდენობა და გადახდის პირობები;

ჟ) ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის პირობები.

 

 

მუხლი 7. ხელშეკრულების უკეთესი პირობებით დადება

მხარეები უფლებამოსილნი არიან ხელშეკრულება დადონ ნაკლებ ვადებში და მომხმარებლისათვის უკეთესი პირობებით, ვიდრე ეს წინამდებარე დებულებით არის გათვალისწინებული.

თავი III. გამოძახებათა პარამეტრების გაზომვა და ანგარიშსწორება

მუხლი 8. გამოძახებათა პარამეტრების გაზომვა

მხარეებმა უნდა გაზომონ მათი ქსელებიდან როგორც გამომავალი, ასევე შემავალი გამოძახებების პარამეტრები.

მუხლი 9. ინფორმაციის აღრიცხვა

ოპერატორმა უნდა აწარმოოს მისი მომხმარებლის მიერ წამოწყებული გამოძახების საბილინგო ინფორმაციის აღრიცხვა. მომსახურების საფასურის აკრეფვის პირობები განისაზღვრება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით.

მუხლი 10. ანგარიშსწორების წესი

1. ოპერატორებმა უნდა გაცვალონ უწყისები საანგარიშო თვის დამთავრებიდან 10 დღის ვადაში. უწყისის მონაცემები ორმხრივად უნდა შეთანხმდეს. აღნიშნულ ვადაში უწყისის წარუდგენლობის შემთხვევაში, მისი შედგენისა და შესწორებისათვის გამოყენებული უნდა იყოს ერთ-ერთი მხარის მიერ წარდგენილი უწყისის მონაცემები. მონაცემთა სისწორეზე შეთანხმება უნდა განხორციელდეს საანგარიშო თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდგომ მხარეებს არა აქვთ უფლება დავის დარეგულირების მიზნით მიმართონ კომისიას.

2. მხარეებს შეუძლიათ აწარმოონ მოლაპარაკება, შეიტანონ შესწორებები წარდგენილ უწყისებში და უწყისის მიღებიდან 10 დღის ვადაში უწყისის საკუთარი ვარიანტი გადასცენ მეორე მხარეს.

3. ოპერატორმა, რომელსაც მხარეთა შორის გაცვლილი უწყისების მიხედვით გააჩნია გადასახდელი სალდო (შემდგომში \"დებიტორი\"), უნდა გადაიხადოს ყველა იმ გამოძახების საფასური, რომელიც არ არის სადაო, მეორე მხარისაგან ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით შესწორებული უწყისის მიღებიდან 20 დღის ვადაში.

4. წინა პუნქტში მითითებულ ვადაში მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი წესები:

ა) დებიტორმა უნდა გადაიხადოს იმ თანხებიდან უმცირესი, რომელიც ასახულია მხარეების უწყისებში;

ბ) თუ წარდგენილი უწყისების მონაცემებს შორის განსხვავება შეადგენს გადასახდელი თანხის 4%-ს და ნაკლებს, დებიტორი იხდის \"ა\" ქვეპუნქტში აღნიშნულ თანხას, დარჩენილი ნაშთის თაობაზე მოლაპარაკებისათვის მხარეებს ეძლევათ 30 დღე;

გ) თუ განსხვავება 4%-ზე მეტია, მაგრამ არ აღემატება გადასახდელი თანხის 7%-ს, დებიტორი იხდის \"ა\" ქვეპუნქტში აღნიშნულ თანხას და განსხვავების 50%-ს; დარჩენილი ნაშთის თაობაზე მოლაპარაკებისათვის მხარეებს ეძლევათ 30 დღე.

დ) თუ განსხვავება 7%-ზე მეტია, მხარეებს ეძლევათ 30 დღე უწყისებს შორის არსებული სხვაობის თაობაზე უთანხმოების მოგვარებისათვის. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს კომისია. კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის მიღებიდან 30 დღის ვადაში ამ დებულების მე-XI თავით დადგენილი წესის საფუძველზე.

5. შეთანხმების მიღწევიდან ან კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 20 დღის ვადაში დებიტორმა უნდა გაასწოროს ანგარიში.

მუხლი 11. საერთაშორისო გამოძახების საფასურის შეგროვება

ყველა შემომავალი და გამავალი საერთაშორისო გამოძახების საფასურის აკრეფას უცხოელი ოპერატორებისაგან ახდენს საქართველოს რეზიდენტი საერთაშორისო ოპერატორი. უცხოელ ოპერატორებთან ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ანგარიშწორება უნდა განხორციელდეს საანგარიშო პერიოდის უწყისების მიღებიდან 6 თვის ვადაში.

თავი IV. ქსელების ურთიერთჩართვა და ურთიერთჩართვის წერტილის განსაზღვრა

მუხლი 12. ურთიერთჩართვის წერტილი

ურთიერთჩართვა უნდა განხორციელდეს ოპერატორის ქსელის ტექნიკურად დასაშვებ იმ წერტილში, რომელიც განსაზღვრულია ხელშეკრულებით ან დადგენილია კომისიის მიერ.

მუხლი 13. ინფორმაციის მიწოდება ურთიერთჩართის წერტილების შესახებ

ქსელების სათანადო ადაპტირებისათვის ურთიერთჩარულმა ოპერატორებმა უნდა გაცვალონ ინფორმაცია ურთიერთჩართვის არსებული და შესაძლო წერტილების შესახებ.

მუხლი 14. ურთიერთჩართვის წერტილის განსაზღვრა

1. ადგილობრივი კავშირის ოპერატორი - ადგილობრივ კავშირის ოპერატორთან:

ა) ადგილობრივი კავშირის ზონაში არსებული ერთი კომუტატორის მქონე ადგილობრივი კავშირის ოპერატორის ურთიერთჩართვა ერთი კომუტატორის მქონე მეორე ადგილობრივ კავშირის ოპერატორთან უნდა განხორციელდეს მათი კომუტატორების პირდაპირი ჩართვით.

ბ) ადგილობრივი კავშირის ზონაში ერთი ან მრავალი კომუტატორის მქონე ადგილობრივი კავშირის ოპერატორის ურთიერთჩართვა მრავალი კომუტატორის მქონე ადგილობრივ სატელეფონო ოპერატორთან უნდა განხორციელდეს ერთ საკვანძო საკომუტაციო სადგურთან ჩართვით მაინც.

2. საერთაშორისო ან საქალაქთაშორისო კავშირის ოპერატორი - ადგილობრივი კავშირის ოპერატორთან: საერთაშორისო ან საქალაქთაშორისო კავშირის ოპერატორი უნდა იყოს ურთიერთჩართული ადგილობრივი კავშირის ყველა ოპერატორთან პირდაპირ ან არაპირდაპირ, სატრანზიტო კავშირის ოპერატორის მეშვეობით.

3. ადგილობრივი კავშირის ოპერატორი - ფიჭური მობილური სატელეფონო სისტემის ოპერატორთან: ერთი კომუტატორის მქონე ადგილობრივი კავშირის ოპერატორი ურთიერთჩართული უნდა იყოს ფიჭური მობილური სატელეფონო სისტემის ქსელთან ფიჭური მობილური სატელეფონო სისტემის ქსელის ეფექტურ წერტილში.

4. ფიჭური მობილური სატელეფონო სისტემის ოპერატორი - ფიჭური მობილური სატელეფონო სისტემის ოპერატორთან: ფიჭური მობილური სატელეფონო სისტემის ოპერატორთა ქსელები ურთიერთჩართული უნდა იყოს მათი ქსელების ტექნიკურად დასაშვებ წერტილებში.

5. ორმა ოპერატორმა, რომლებიც სხვადასხვა ადგილობრივი კავშირის ზონაში მუშაობენ, ურთიერთჩართვა უნდა განახორციელონ ტრანზიტული ოპერატორის ქსელების საშუალებით.

მუხლი 15. მოთხოვნები ადგილობრივი კავშირის ოპერატორის მიმართ

ადგილობრივი კავშირის ოპერატორის სატრანზიტო და საერთაშორისო კავშირის ოპერატორებთან ურთიერთჩართვისას, ადგილობრივი კავშირის ოპერატორს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით ან ურთიერთჩართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით მოეთხოვება თავის საკომუტაციო სადგურში ან სისტემაში დააპროგრამოს და გაააქტიუროს ურთიერთჩართულ ოპერატორებთან და მათ მომსახურების სახეებთან დაშვების საიდენტიფიკაციო კოდები, მომხმარებლების თავისუფალი არჩევანის უზრუნველსაყოფად.

მუხლი 16. საერთაშორისო კავშირის ოპერატორების საქმიანობა

საერთაშორისო კავშირის ოპერატორებმა უნდა შეათანხმონ თავიანთი საქმიანობა, რათა:

ა) უზრუნველყოფილი იყოს საქართველოდან გამავალი და საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახებების შეუფერხებელი დამისამართება;

ბ) საერთაშორისო ოპერატორის ტექნიკური საშუალებების ან ქსელის გადატვირთვის შემთხვევაში მომხმარებლისათვის უწყვეტი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით მოხდეს საქართველოში შემომავალი გამოძახებების დამისამართება ურთიერთჩართული იმ ოპერატორის ქსელში, რომლის ტექნიკური საშუალებები თავისუფალია ან ნაწილობრივ არის დატვირთული.

თავი V. ტექნიკური პარამეტრები, საოპერაციო მოთხოვნები და

სიმძლავრის უზრუნველყოფა

მუხლი 17. ურთიერთჩართვის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა

ურთიერთჩართული ოპერატორის პასუხისმგებლობა ურთიერთჩართვის ხარისხსა და მოცულობაზე, დადგენილი მოთხოვნების და სტანდარტების შესაბამისად, ვრცელდება ურთიერთჩართვის წერტილამდე.

მუხლი 18. ურთიერთჩართვის ამოქმედება

ურთიერთჩართვა უნდა განხორციელდეს ამ დებულებით დადგენილ ვადაში და სიმძლავრით.

მუხლი 19. სიმძლავრის შეფასება

ურთიერთჩართვის მაგისტრალური ხაზების გამტარუნარიანობა (გამტარუნარიანობის სიმძლავრე) და ურთიერთჩართვის მომსახურების მოცულობა დროის ერთეულში (საკომუტაციო სიმძლავრე) უნდა შეფასდეს სარეზერვო მოთხოვნების გათვალისწინებით.

მუხლი 20. მოთხოვნა ურთიერთჩართვის წერტილში დამატებითი სიმძლავრის მიწოდების შესახებ

1. ოპერატორი უფლებამოსილია მოსთხოვოს ურთიერთჩართულ ოპერატორს ურთიერთჩართვის წერტილში დამატებითი სიმძლავრის მიწოდება. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მოთხოვნის საგანი: გამტარუნარიანობის სიმძლავრე ან საკომუტაციო სიმძლავრე;

ბ) ურთიერთჩართვის კონკრეტული წერტილი, სადაც მოითხოვება დამატებითი სიმძლავრე;

გ) სიმძლავრის დამატებით მოთხოვნილი ოდენობა;

დ) დამატებით მოთხოვნილი სიმძლავრის მიწოდებისა და ამოქმედების თარიღი;

ე) ურთიერთჩართვის კონკრეტულ წერტილში ოპერატორებს შორის არსებული ტრაფიკის ანალიზი.

მუხლი 21. გადაწყვეტილება ურთიერთჩართვის დამატებითი სიმძლავრის მიწოდების შესახებ

ურთიერთჩართვის დამატებითი სიმძლავრის მიმწოდებელმა ოპერატორმა მომთხოვნ ოპერატორს გადაწყვეტილება უნდა აცნობოს მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში, უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში – მიზეზების დეტალური დასაბუთებით. ამავე ვადაში დამატებითი სიმძლავრის მომთხოვნმა ოპერატორმა კომისიას უნდა გადასცეს მოთხოვნისა და პასუხის ასლები.

მუხლი 22. ურთიერთჩართვის დამატებითი სიმძლავრის მიწოდება

ურთიერთჩართვის მომსახურების დამატებითი სიმძლავრის მიწოდების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მიმწოდებელმა ოპერატორმა შეთანხმებულ ვადაში უნდა უზრუნველყოს საკუთარი ტექნიკური საშუალებების სათანადო მდგომარეობაში მოყვანა და მოთხოვნილი დამატებითი სიმძლავრის მიწოდება.

მუხლი 23. ურთიერთჩართვის სიმძლავრის გაზომვა

1. ოპერატორებმა დამოუკიდებლად უნდა გაზომონ ტრაფიკები ურთიერთჩართვის ყველა წერტილში, ოცდაათდღიანი პერიოდულობით, მაგრამ ერთსა და იმავე დროს. თუ მხარეების მონაცემები ტრაფიკის შესახებ არ ემთხვევა ერთმანეთს, ურთიერთჩართვის დამატებითი სიმძლავრის ოდენობა უნდა განისაზღვროს ტრაფიკის შეთანხმებული მონაცემების საფუძველზე, რაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ორივე მხარის მონაცემებს შორის განსხვავების ნახევარზე ნაკლები. მხარეებმა უნდა შეადარონ გამოკვლევის შედეგები და შეთანხმდნენ ურთიერთჩართვის მომსახურების მოცულობისა და ურთიერთჩართვის მაგისტრალური ხაზების დამატებითი რაოდენობის შესახებ. ურთიერჩართვის დამატებითი სიმძლავრე უნდა ამოქმედდეს შეთანხმებიდან არაუგვიანეს თხუთმეტი დღის შემდეგ.

2. მომავალში ურთიერთჩართვის დამატებითი სიმძლავრის ამოქმედებაზე მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით და შესაბამისი საშუალებების განთავსების გასაადვილებლად მხარეებმა არანაკლებ 6 თვეში ერთხელ უნდა გაცვალონ ტრაფიკის გაზომვის შედეგები, პროგნოზები ტრაფიკისა და ტექნიკური საშუალებების შესახებ, აგრეთვე, ურთიერთჩართვის მომსახურებასთან დაკავშირებით არსებული და დაგეგმილი ქსელების აღწერა და საკომუტაციო სადგურების ნუსხა, ინფორმაცია ურთიერჩართვის თავისუფალი მაგისტრალური ხაზების და სხვა ტექნიკური საშუალებების რაოდენობის შესახებ.

მუხლი 24. ურთიერთჩართვის დამატებითი სიმძლავრეების გათიშვა

ოპერატორმა შეიძლება გათიშოს გამოუყენებელი ჭარბი სიმძლავრე და ურთიერთჩართვის დაუტვირთავი ტექნიკური საშუალებები, მათ შორის – ურთიერთჩართვის მაგისტრალური ხაზები, მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან არა უადრეს 15 დღისა. გათიშვის მსურველმა მხარემ უნდა დაასაბუთოს, რომ დაუტვირთავი ტექნიკური საშუალებები ან სიმძლავრეები აუცილებლად სჭირდება სხვა მიზნისათვის და გაზომილი ტრაფიკი და მისი ზრდის ტენდენცია ნათლად ადასტურებს ურთიერთჩართვის ტექნიკური საშუალებების დაუტვირთაობას და მიწოდებული სიმძლავრის სიჭარბეს არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში.

მუხლი 25. დავის განხილვა

21-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომისია, ამ დებულების მე-XI თავით დადგენილი წესით.

მუხლი 26. სისტემაში ან ქსელში მოსალოდნელი ცვლილების შესახებ შეტყობინების ვალდებულება

ოპერატორმა ყველა მასთან ურთიერთჩართულ ოპერატორს 3 თვით ადრე უნდა აცნობოს მის სისტემაში ან ქსელში მოსალოდნელი იმ ცვლილების შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა ოპერატორის საქმიანობაზე ან მომხმარებლების მომსახურებაზე.

მუხლი 27. სისტემების ტესტირების საშუალებები

ურთიერთჩართული მხარეები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ და შეათანხმონ თავიანთი სისტემების ტესტირების ტექნიკური საშუალებები, ავარიულ სიტუაციებსა და ავარიის შემდგომ ტესტირებასთან დაკავშირებული პროცედურები, უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის შეუფერხებელი გაცვლა და სათანადო შეტყობინებების მიწოდება.

თავი VI. ფიზიკური და ვირტუალური თანალოკაციის განხორციელების წესი

მუხლი 28. ფიზიკური და ვირტუალური თანალოკაციით უზრუნველყოფა

ურთიერთჩართვის მიმწოდებელმა, ტექნიკური შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა უზრუნველყოს ურთიერთჩართვის მსურველი ფიზიკური ან ვირტუალური თანალოკაციით, მიღებული მოთხოვნების რიგითობის მიხედვით.

მუხლი 29. ფიზიკური თანალოკაციის განხორციელების წესი

1. ურთიერთჩართვის მიმწოდებელი ვალდებულია ურთიერთჩართვის მსურველს დართოს ნება:

ა) მოათავსოს ურთიერთჩართვის ძირითადი და გაფართოებული მომსახურებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები ურთიერთჩართვის მიმწოდებლის შენობებში გამოყოფილ სათანადო სიდიდის ფართზე;

ბ) გამოიყენოს ასეთი ტექნიკური საშუალებები ურთიერთჩართვის მიზნით;

გ) თანალოკაციისათვის გამოყოფილ ფართზე შევიდეს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს ურთიერთჩართვისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები.

2. ურთიერთჩართვის მიმწოდებელმა თანალოკაციური ფართი უნდა გამოყოს უფასოდ.

მუხლი 30. ფიზიკური თანალოკაციისათვის ფართის გამოყოფა

ურთიერთჩართვის მიმწოდებელმა ფართი ურთიერთჩართვის თანალოკაციისათვის უნდა გამოყოს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა) ურთიერთჩართვის მიმწოდებელმა ფართი უნდა გამოყოს მიღებული მოთხოვნების რიგითობის შესაბამისად. ფართის უკმარისობის შემთხვევაში ურთიერთჩართვის მიმწოდებლს არ მოეთხოვება დამატებითი ფართის დაქირავება ან მშენებლობა;

ბ) ურთიერთჩართვის მიმწოდებელმა უნდა დააკმაყოფილოს ფიზიკური თანალოკაციისათვის გამოყოფილი ფართის გაზრდის შესახებ ურთიერთჩართვის მსურველის დასაბუთებული მოთხოვნა;

გ) ურთიერთჩართვის მიმწოდებელმა თანალოკაციური ფართის გამოყოფის დროს უნდა გაითვალისწინოს ურთიერთჩართვის საშუალებების განთავსების საპროექტო-ტექნიკური მოთხოვნები.

დ) ურთიერთჩართვის მიმწოდებელს შეუძლია მოითხოვოს გამოუყენებელი ფართის დათმობა, თუ ტექნიკური საშუალებების განთავსების საპროექტო-ტექნიკური მოთხოვნებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

დ) ურთიერთჩართვის მიმწოდებელს არ შეუძლია უარი განაცხადოს ურთიერთჩართვაზე თავისუფალი თანალოკაციური ფართის უქონლობის მიზეზით.

ე) ფიზიკური თანალოკაციის განხორციელებისათვის საჭირო ფართის უკმარისობის შემთხვევაში, ურთიერთჩართვის მიმწოდებელმა ურთიერთჩართვის მსურველი უნდა უზრუნველყოს ვირტუალური თანალოკაციის განხორციელების შესაძლებლობით.

მუხლი 31. ვირტუალური თანალოკაციის განხორციელების წესი

ოპერატორების ვირტუალური თანალოკაცია ხორციელდება შემდეგი წესით:

ურთიერთჩართვის მსურველი ოპერატორი უფლებამოსილია:

ა) აირჩიოს ურთიერთჩართვის ძირითადი და გაფართოებული მომსახურებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები, რომლებიც თავსებადი უნდა იყოს ურთიერთჩართვის მიმწოდებლის ტექნიკურ საშუალებებთან;

ბ) განათავსოს ასეთი ტექნიკური საშუალებები მიმწოდებლის შენობაში თანალოკაციურ ფართზე, ურთიერთჩართვის მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით;

გ) საკომუნიკაციო არხებით განახორციელოს ასეთი ტექნიკური საშუალებების ელექტრონული მონიტორინგი და მართვა.

მუხლი 32. ურთიერთჩართვის მიმწოდებელთან ადგილობრივი კავშირის ზონის ოპერატორების ერთობლივად ჩართვის უფლება

ადგილობრივი კავშირის ზონის ოპერატორები უფლებამოსილნი არიან ერთობლივად მოახდინონ თავიანთი ტექნიკური საშუალებების თანალოკაცია ურთიერთჩართვის მიმწოდებელთან ურთიერთჩართვის მიზნით.

მუხლი 33. თანალოკაციის ფართზე ურთიერთჩართვის ნებართვა

1. ურთიერთჩართვის მიმწოდებელს შეუძლია მასთან ურთიერთჩართულ ოპერატორებს თანალოკაციის ფართზე ერთმანეთში ურთიერთჩართვის ნება დართოს. ამ შემთხვევაში, ურთიერთჩართვის მიმწოდებელს არ მოეთხოვება სხვა ოპერატორების ერთმანეთთან ურთიერთჩართვის მიზნით გამოყენებულ ტექნიკურ საშუალებებზე უსაფრთხოების ზომების მიღება.

2. ურთიერთჩართვის მიმწოდებელს არ მოეთხოვება გამოუყოს დამატებითი ფართი თანალოკაციურ ოპერატორებს ერთმანეთში ურთიერთჩართვის უზრუნველყოფის მიზნით.

მუხლი 34. ტექნიკური საშუალებების უსაფრთხოება

თანალოკაციურ ფართზე ტექნიკური საშუალებების განთავსების, აგებისა და მომსახურებისას თითოეულმა მხარემ უნდა მიიღოს უსაფრთხოებისა და დაცვისათვის აუცილებელი ზომები.

თავი VII. ტექნიკური საშუალებების მომსახურება, ავარიის შესახებ შეტყობინების და ავარიის შედეგების აღმოფხვრის პროცედურები

მუხლი 35. ტექნიკური საშუალებების მომსახურების წესი

1. მხარეები უნდა შეთანხმდნენ ტექნიკური საშუალებების მომსახურების პროცედურებზე, რომელთა მიმდინარეობისას მკაცრად უნდა იყოს დაცული მომსახურების დადგენილი სტანდარტები.

2. მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ურთიერთჩართვის საშუალებების სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნება, დაზიანების შემთხვევაში კი შეკეთება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.

მუხლი 36. ურთიერთჩართვის ტექნიკური საშუალებების დაზიანება

მხარეებმა ერთმანეთს უნდა შეატყობინონ ყველა იმ დაზიანების შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ტრაფიკზე. დაზიანების შეკეთება უნდა მოხდეს სწრაფად, მხარეებს შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 37. შეტყობინება ტექნიკური საშუალებების დაზიანების შესახებ

ოპერატორმა ყველა დაინტერესებულ მხარესა და კომისიას უნდა აცნობოს ტექნიკური საშუალებების დაზიანებისა და მისი აღმოფხვრის შესახებ.

 

თავი VIII. ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების მიწოდება

მუხლი 38. ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების მიწოდება

ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ურთიერთჩართვის ტექნიკური საშუალებებით ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან დაშვებით.

მუხლი 39. ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების მიწოდების პირობები

ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების მიწოდებისას ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციების, მახასიათებლების და სიმძლავრეების შეუზღუდავი გამოყენება უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

მუხლი 40. ურთიერთჩართვის პირობები გაფართოებული მომსახურების მიწოდებისას

ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების მიმწოდებელმა ურთიერთჩართვა უნდა უზრუნველყოს ეფექტურ წერტილში, შეთანხმებულ ვადებში, ტექნიკურად დასაბუთებული და დისკრიმინაციის გამომრიცხავი პირობებით.

მუხლი 41. ფიზიკური ან ვირტუალური თანალოკაცია ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების მიწოდებისას

ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების მიმწოდებელს არ მოეთხოვება ურთიერთჩართვის ან ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან დაშვების უზრუნველყოფისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების ფიზიკური თანალოკაცია თუ იგი დაასაბუთებს, რომ მათი განხორციელება არახელსაყრელია ტექნიკური მოსაზრებების ან ფართის უკმარისობის გამო. ასეთ შემთხვევებში, ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების მიმწოდებელმა მსურველს უნდა შესთავაზოს ვირტუალური თანალოკაციის განხორციელება.

მუხლი 42. ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების მიწოდების წესი

ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ურთიერთჩართვის ძირითადი მომსახურების მიწოდებისათვის განსაზღვრული წესები, თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი და თუ კონკრეტული წესი მხოლოდ ურთიერთჩართვის ძირითად მომსახურებას არ ეხება.

 

თავი IX. ურთიერთჩართვის მომსახურებაზე ტარიფების დადგენის ზოგადი დებულებები

მუხლი 43. ურთიერთჩართვის ტარიფის მიზანი

ურთიერთჩართვის მომსახურებაზე ოპერატორების ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში კომისიის მიერ დადგენილმა ტარიფმა უნდა უზრუნველყოს ტელეკომუნიკაციის დარგში ქმედითუნარიანი კონკურენცია, მომხმარებლების ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება.

მუხლი 44. ურთიერთჩართვის მომსახურებაზე ტარიფების დადგენის ძირითადი პრინციპი

ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფის გაანგარიშება დაფუძნებული უნდა იყოს დისკრიმინაციის გამომრიცხავ, ობიექტურობის და გამჭვირვალობის პრინციპებზე. ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფი უნდა იყოს ორიენტირებული დანახარჯებზე, ანუ იგი უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ ამ მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას და ურთიერთჩართვის მომსახურების შემდგომი განვითარებისა და გაფართოების გრძელვადიან ტენდენციას.

მუხლი 45. ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფის გამჭირვალობა

ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდიკა უნდა იყოს გამჭვირვალე, ანუ იგი უნდა ითვალისწინებდეს ურთიერთჩართვის მომსახურებაზე დანახარჯების მიკუთვნების საფუძველს და მათი ოდენობის გაანგარიშებას.

მუხლი 46. ურთიერთჩართვის მომსახურების წინადადების გამოქვეყნება

ოპერატორი ვალდებულია გამოაქვეყნოს ურთიერთჩართვის მომსახურების შეთავაზების წინადადება (ოფერტა) ურთიერთჩართვის წერტილის და მომსახურების ტარიფების მითითებით და გამოქვეყნებამდე კომისიას წარუდგინოს დეტალური ინფორმაცია ტარიფების გაანგარიშების შესახებ.

მუხლი 47. ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფების შეთავაზების პირობები

ოპერატორმა ურთიერთჩართვის მსურველისათვის ურთიერთჩართვის მომსახურების მიწოდება უნდა უზრუნველყოს ტარიფით, რომელიც არ უნდა განსხვავდებოდეს საკუთარი ფილიალების, სტრუქტურული ქვედანაყოფების ან სხვა ნებისმიერი ურთიერთჩართული ოპერატორის ანალოგიური მომსახურებისათვის დადგენილი ტარიფისაგან. ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფის სიდიდე შეიძლება დამოკიდებული იყოს დროის მონაკვეთში მომსახურების მოცულობის სიდიდეზე.

მუხლი 48. ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფების განსაზღვრა სახეების მიხედვით

მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფები უნდა განისაზღვროს ძირითადი და გაფართოებული მომსახურების სახეების მიხედვით.

მუხლი 49. ურთიერთჩართვის ძირითადი მომსახურების ტარიფები

1. ურთიერთჩართვის ძირითადი მომსახურების ტარიფები დგინდება როგორც ქსელების ურთიერთჩართვის მომსახურების საფასური გამოძახების წამოწყების, დასრულების ან ტრანზიტული გატარებისათვის.

2. თუ ურთიერთჩართვის ტარიფი არ არის დადგენილი კომისიის მიერ, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებაში ოპერატორებმა უნდა განსაზღვრონ ტარიფები ურთიერთჩართვის ძირითადი მომსახურების შემდეგ სახეებზე:

ა) ადგილობრივი კავშირის ოპერატორი:

ურთიერთჩართვის წერტილში გამოძახების წამოწყება და დასრულება, ანუ საკომუტაციო სადგურის ძირითადი გამანაწილებელი სისტემიდან ურთიერთჩართვის წერტილამდე გამოძახების გატარება;

ბ) ტრანზიტული კავშირის ოპერატორი:

ურთიერთჩართვის ორ წერტილს შორის გამოძახების ტრანზიტული გატარება;

გ) საერთაშორისო კავშირის ოპერატორი:

ადგილობრივ და უცხოელ ოპერატორებთან ურთიერთჩართვის წერტილებს შორის საერთაშორისო გამოძახების გატარება;

დ) მობილური კავშირის ოპერატორი:

ურთიერთჩართვის წერტილიდან მომხმარებლის მობილურ სატელეფონო აპარატამდე გამოძახების დასრულება.

ე) მობილური მოკლე შეტყობინების წამოწყება და დასრულება, ანუ მომხმარებლის მობილური სატელეფონო ან პეიჯინგური აპარატიდან ურთიერთჩართვის წერტილამდე მოკლე შეტყობინების სიგნალების გადაცემა.

3. ურთიერთჩართვის ძირითად მომსახურებაზე ურთიერთჩართვის კონკრეტულ წერტილში ადგილობრივი კავშირის ოპერატორისა და მობილური კავშირის ოპერატორის გამოძახების წამოწყებისა და დასრულების ტარიფები უნდა იყოს ერთი და იგივე.

4. ურთიერთჩართვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ ეფექტურ წერტილში ჩართვაზე უარის თქმისა და მსურველისათვის სხვა წერტილში ურთიერთჩართვის შეთავაზების შემთხვევაში, ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს ეფექტური წერტილისათვის დადგენილ ოდენობას;

5. ურთიერთჩართვის წერტილამდე ურთიერთჩართვის ტექნიკურ საშუალებებზე გაწეული დანახარჯები მიეკუთვნება ოპერატორის ურთიერთჩართვის ძირითად მომსახურებას და გაითვალისწინება ამ მომსახურების ტარიფის გაანგარიშებისას;

6. ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებისას ოპერატორები უნდა შეთანხმდნენ ურთიერთჩართვის ძირითადი მომსახურების ტარიფების ოდენობაზე, დანართი N1-ში მოცემული ცხრილის შესაბამისად.

მუხლი 50. ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების ტარიფები

ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების ტარიფების გაანგარიშება უნდა ეყრდნობოდეს ამ მომსახურების განხორციელების დანახარჯებს, მათ შორის:

ა) ურთიერთჩართვის გაფართოებული მომსახურების განხორციელების ერთჯერად და განმეორებად დანახარჯებს ტექნიკურ საშუალებებზე, დაკავშირების მომსახურებაზე, თავსებადობის ტესტირებაზე.

ბ) ცვალებად დანახარჯებს გაფართოებული მომსახურებისათვის მონაცემთა შეგროვებაზე, ბილინგზე, დამხმარე საინფორმაციო მომსახურებაზე და ა.შ.

მუხლი 51. დანახარჯების აღრიცხვისა და განაწილების ძირითადი პრინციპები ურთიერთჩართვის ტარიფების გაანგარიშებისას.

1. ოპერატორები ვალდებულნი არიან აწარმოონ დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვა, კომისიის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

2. ტარიფის გაანგარიშება დაფუძნებული უნდა იყოს ურთიერთჩართვის მომსახურების განხორციელებაზე გაწეული დანახარჯების აღრიცხვის შემდეგ პრინციპებზე:

ა) ოპერატორმა უნდა აწარმოოს დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვა ქსელის ელემენტებისა და სატელეკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით:

ა.ა. ადგილობრივი კავშირის ქსელთან დაშვების მომსახურებაზე;

ა.ბ. ურთიერთჩართვის მომსახურებაზე;

ა.გ. ურთიერთჩართვის მაგისტრალური ხაზებით მომსახურებაზე;

ა.დ. საცალო მომსახურების სახეებზე;

ა.ე. არალიცენზირებადი სატელეკომუნიკაციო და სხვა საქმიანობის სახეებზე;

ბ) დანახარჯების განაწილებისას ურთიერთჩართვის კონკრეტული სახის მომსახურებას უნდა მიეკუთვნოს მხოლოდ ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული პირდაპირი და არაპირდაპირი დანახარჯები.

გ) ურთიერთჩართვის მომსახურებასთან დაკავშირებული პირდაპირი დანახარჯები სრულად მიეკუთვნება ამ მომსახურებას.

დ) ურთიერთჩართვის მომსახურებასთან დაკავშირებული არაპირდაპირი დანახარჯები ნაწილდება ამ მომსახურებაზე გაწეული პირდაპირი დანახარჯების პროპორციულად.

 

თავი X. ფორს-მაჟორი

მუხლი 52. ფორს-მაჟორული გარემოებები

მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ვალდებულების სრული და ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. \"დაუძლეველი ძალის\" ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდნენ ხელშეკრულების გაფორმების დროს და რომელთა დადგომა თუ ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ. კერძოდ, წყალდიდობა, მიწისძვრა, აფეთქებები, საომარი მოქმედებები და სხვა. თუ ზემოთხსენებულმა გარემოებებმა უშუალოდ იმოქმედეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადებზე, მაშინ ეს ვადები ამ გარემოებების მოქმედების დროის თანაბარზომიერად გაიზრდება. მხარემ, რომლისთვისაც ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელი გახდა ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია დაუყონებლივ, მაგრამ ყველა შემთხვევაში არაუგვიანეს 7 დღისა ამ გარემოებების დადგომიდან და დასრულებიდან, შეატყობინოს მეორე მხარეს წერილობით. შეუტყობინებლობისა და დაგვიანებული შეტყობინების შემთხვევაში იგი კარგავს უფლებას დაეყრდნოს ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველს.

თავი XI. ურთიერთჩართვის შესახებ მხარეთა შორის არსებული დავების დარეგულირება

მუხლი 53. დავის განხილვის დაწყება

1. ურთიერთჩართვის შესახებ მხარეთა შორის წარმოშობილი დავების დარეგულირება ხორციელდება კომისიის მიერ.

2. კომისიამ დავის განხილვის პროცედურა შეიძლება დაიწყოს დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. საჩივარი ან კომისიის გადაწყვეტილება დავის განხილვის დაწყების შესახებ უნდა ითვალისწინებდეს:

ა) მხარეთა დასახელებას;

ბ) დავის საგანს;

გ) გარემოებებს, რომლებიც შეეხება დავის საგანს;

მუხლი 54. განსახილველად საკითხის მომზადება

კომისია გადასცემს მხარეებს საჩივრის და გადაწყვეტილების ასლებს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დავის განხილვის დღე. მხარეები ვალდებულნი არიან 10 დღის ვადაში წარმოადგინონ საპასუხო დოკუმენტები. ამ ვადის გასვლის შემდეგ საკითხი მომზადებულად ჩაითვლება, მიუხედავად იმისა, შეძლეს თუ არა მხარეებმა საპასუხო განცხადებების და დოკუმენტების წარდგენა.

მუხლი 55. კომისიის სხდომაზე დავის განხილვა

1. მხარეთა წარმომადგენლებს უფლება აქვთ დაესწრონ კომისიის სხდომაზე დავის განხილვას.

2. კომისიის სხდომა საჯაროა.

3. კომისიას შეუძლია მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც კომისიას კონსულტაციას გაუწევს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

4. კომისიის გადაწყვეტილება სავალდებულოა.

5. მხარეებს ეგზავნებათ კომისიის გადაწყვეტილების ასლები.

6. მხარეები უფლებამოსილნი არიან კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ სასამართლოში.

 

თავი XII. გარდამავალი დებულებები

მუხლი 56. ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების პირობები

ოპერატორებმა წინამდებარე დებულების ძალაში შესვლის დღიდან არაუმეტეს 1 თვისა უნდა დაიწყონ მოლაპარაკება ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შესახებ წინამდებარე დებულების ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ურთიერთჩართვის ტარიფის ოდენობის გაანგარიშება უნდა მოხდეს ამ დებულებით დადგენილი წესით. კომისიის მიერ დანახარჯების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დადგენის შემდეგ, ოპერატორებმა მის საფუძველზე უნდა გადაიანგარიშონ ურთიერთჩართვის ტარიფები.

მუხლი 57. გარდამავალი პირობები გამოძახებების პარამეტრების გაზომვის შესახებ

ოპერატორმა, რომელსაც არა აქვს შესაძლებლობა გაზომოს შემომავალი და გამავალი გამოძახებების პარამეტრები, წინამდებარე დებულების ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ტექნიკური საშუალებების დამონტაჟება და ამოქმედება, ხოლო აღნიშნულის განხორციელებამდე ურთიერთჩართვა უნდა მოახდინოს იმ ოპერატორის ქსელის საშუალებით, რომელიც ფლობს ბილინგის საშუალებას.

 

 

 

 

დანართი N1

 

 

 

 

 

ურთიერთჩართვის მომსახურების სახეები

გამოძახების წამოწყება

გამოძახების ტრანზიტული გატარება

გამოძახების დასრულება

მობილური კავშირის ოპერატორის ქსელში გამოძახების წამოწყება ან დასრულება

 

კავშირგაბმულობის საცალო მომსახურების სახეები

1

2

3

4

1

ადგილობრივი გამოძახება (ერთი ოპერატორის ქსელში)

არ დგინდება

არ დგინდება

არ დგინდება

არ გამოიყენება

2

ადგილობრივი გამოძახება (ორი ურთიერთჩართული ადგილობრივი კავშირის ოპერატორის ქსელებში)

არ დგინდება

არ დგინდება

დგინდება

არ გამოიყენება

3

საქალაქთაშორისო გამოძახება (ადგილობრივი კავშირის ოპერატორებს შორის გამოძახების გატარებას ახორციელებს ერთი საქალაქთაშორისო ტრანზიტული ოპერატორი)

დგინდება

არ დგინდება

დგინდება

არ გამოიყენება

4

საქალაქთაშორისო გამოძახება (ადგილობრივი კავშირის ოპერატორებს შორის გამოძახების გატარებას ახორციელებს ორი ტრანზიტული ოპერატორი)

დგინდება

დგინდება

დგინდება

არ გამოიყენება

5

გამოძახება მობილური კავშირის ოპერატორიდან ადგილობრივი კავშირის ოპერატორზე (მობილური კავშირის ოპერატორი უშუალოდ არის ურთიერთჩართული ადგილობრივი კავშირის ოპერატორთან)

არ დგინდება

არ დგინდება

დგინდება

არ გამოიყენება

6

გამოძახება მობილური კავშირის ოპერატორიდან ადგილობრივი კავშირის ოპერატორზე (გამოძახებების გატარებას ახორციელებს ტრანზიტული ოპერატორი)

არ დგინდება

დგინდება

დგინდება

არ გამოიყენება

7

გამოძახება ადგილობრივი კავშირის ოპერატორიდან მობილური კავშირის ოპერატორზე (მობილური კავშირის ოპერატორი უშუალოდ არის ურთიერთჩართული ადგილობრივი კავშირის ოპერატორთან)

არ დგინდება

არ დგინდება

არ დგინდება

დგინდება

8

გამოძახება ადგილობრივი კავშირის ოპერატორიდან მობილური კავშირის ოპერატორზე (გამოძახებების გატარებას ახორციელებს ტრანზიტული ოპერატორი)

არ დგინდება

დგინდება

არ დგინდება

დგინდება

9

ადგილობრივი კავშირის ოპერატორიდან გამავალი საერთაშორისო გამოძახება (ადგილობრივი კავშირის ოპერატორი უშუალოს არის ურთიერთჩართული საერთაშორისო ოპერატორთან)

დგინდება

არ დგინდება

არ დგინდება

არ გამოიყენება

10

ადგილობრივი კავშირის ოპერატორიდან გამავალი საერთაშორისო გამოძახება (გამოძახებების გატარებას საერთაშორისო ოპერატორზე ახორციელებს ტრანზიტული ოპერატორი)

დგინდება

დგინდება

არ დგინდება

არ გამოიყენება

11

ადგილობრივი კავშირის ოპერატორზე შემომავალი საერთაშორისო გამოძახება (საერთაშორისო ოპერატორი უშუალოდ არის ურთიერთჩართული ადგილობრივი კავშირის ოპერატორთან)

არ დგინდება

არ დგინდება

დგინდება

არ გამოიყენება

12

ადგილობრივი კავშირის ოპერატორზე შემომავალი საერთაშორისო გამოძახება (საერთაშორისო ოპერატორიდან ადგილობრივი კავშირის ოპერატორზე გამოძახების გატარებას ახორციელებს ტრანზიტული ოპერატორი)

არ დგინდება

დგინდება

დგინდება

არ გამოიყენება

13

მობილური კავშირის ოპერატორზე შემომავალი საერთაშორისო გამოძახება (მობილური კავშირის ოპერატორი უშუალოდ არის ურთიერთჩართული საერთაშორისო ოპერატორთან)

არ დგინდება

არ დგინდება

არ დგინდება

დგინდება

14

მობილური კავშირის ოპერატორზე შემომავალი საერთაშორისო გამოძახება (საერთაშორისო ოპერატორიდან მობილური კავშირის ოპერატორზე გამოძახების გატარებას ახორციელებს ტრანზიტული ოპერატორი)

არ დგინდება

დგინდება

არ დგინდება

დგინდება

15

მობილური კავშირის ოპერატორიდან გამავალი საერთაშორისო გამოძახება (მობილური კავშირის ოპერატორი უშუალოდ არის ურთიერთჩართული საერთაშორისო ოპერატორთან)

არ დგინდება

არ დგინდება

არ დგინდება

დგინდება

16

მობილური კავშირის ოპერატორიდან გამავალი საერთაშორისო გამოძახება (მობილური კავშირის ოპერატორიდან საერთაშორისო ოპერატორზე გამოძახების გატარებას ახორციელებს ტრანზიტული ოპერატორი)

არ დგინდება

დგინდება

არ დგინდება

დგინდება

17

მობილური კავშირის ოპერატორიდან გამავალი გამოძახება მობილური კავშირის ოპერატორზე (მობილური კავშირის ოპერატორები უშუალოდ არიან ურთიერთჩართული)

არ დგინდება

არ დგინდება

არ დგინდება

დგინდება

18

მობილური კავშირის ოპერატორიდან გამავალი გამოძახება მობილური კავშირის ოპერატორზე (გამოძახების გატარებას ახორციელებს ტრანზიტული ოპერატორი)

არ დგინდება

დგინდება

არ დგინდება

დგინდება