„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 7 /

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 07, 2014 15:28

მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2014 15:28

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №7 2014 წლის 7 ნოემბერი ქ. თბილისი

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბერის N13 დადგენილებით (სსმ III, 14.12.2005., N145, მუხლი 1620) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„მუხლი 11. ტერმინთა განმარტება

1. ამ დებულებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს, ამ დებულების მიზნებისთვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბენჩმარკინგის მეთოდოლოგია  - რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის ფარგლებში არსებული რადიოსიხშირული რესურსის სავარაუდო ღირებულების შეფასების  მეთოდი,  რომლის  დროსაც ხორციელდება საერთაშორისო მასშტაბით იგივე დიაპაზონებში წარმატებით ჩატარებული მსგავსი აუქციონების შედეგების ნორმალიზება/მისადაგება საქართველოს  დემოგრაფიულ, ეკონომიკურ მონაცემებთან და  ლიცენზიის ვადებთან.

ბ) ბიზნესმოდელირების  მეთოდოლოგია - რადიოსიხშირული რესურსის სავარაუდო ღირებულების შეფასების  მეთოდი, რომლის დროსაც ხორციელდება საქართველოს დემოგრაფიულ,   ეკონომიკურ და დარგის ფინანსურ  მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ისევე როგორც სხვადასხვა რადიოსიხშირული დიაპაზონების ტექნიკური და კომერციული მახასიათებლების  გათვალისწინებით    წარმოსახვითი ოპტიმალური ბიზნეს მოდელის/მოდელების აგება და რადიოსიხშირული რესურსის ფლობით მიღებული ფინანსური სარგებელის  ანალიზის შედეგად  რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის ფარგლებში არსებული რადიოსიხშირული რესურსის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა.

გ) რადიოსიხშირული დიაპაზონების შედარებითი ღირებულების კოეფიციენტი - ბენჩმარკინგის ან/და ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიის საფუძველზე მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული დიაპაზონების 1მჰც რადიოსიხშირული  რესურსისათვის  განსაზღვრული შედარებითი ღირებულების მაჩვენებელი."

2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"ა) 800მჰც, 900მჰც და 1800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში გადამცემი სადგურების ჯამური რაოდენობა შეადგენს 400 სადგურს, თითოეული გადამცემი სადგურის მინიმალური გამოსასვლელი სიმძლავრე 20 ვატი;"

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:

„მუხლი 9. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ  დიაპაზონში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის განსაზღვრა კომისიის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ  დიაპაზონში სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური დგინდება:

1. შესაბამისი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის ბენჩმარკინგის ან/და ბიზნეს მოდელირების  მეთოდოლოგიებით შეფასებული 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების  საფუძველზე, შემდეგი ფორმულით:

                                                       P= Pn*C-B

სადაც:

P-რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობაა ლარებში;

Pn-რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის ბენჩმარკინგისა ან/და ბიზნეს მოდელირების  მეთოდოლოგიებით შეფასებული   1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულებაა;

C-ერთი ლიცენზიის ფარგლებში სააუქციონოდ გამოტანილი  რადიოსიხშირული სპექტრის ერთეულთა (მჰც-ების) ოდენობაა;

B-სააუქციონოდ გამოტანილი რადიოსიხშირული სპექტრის სავარაუდო ღირებულების (Pn*C)  კომისიის მიერ აუქციონის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული  5%-დან 20%–მდე ფასდაკლება, რომელიც დგინდება ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და სალიცენზიო ვალდებულებების  გათვალისწინებით.

2. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების შეფასება ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორივე მეთოდოლოგიის გამოყენებით, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  საფასურის საწყისი ოდენობის განსაზღვრისას  უპირატესობა ენიჭება საქართველოს დემოგრაფიული, ეკონომიკური და ელექტრონული კომუნიკაციების დარგის ფინანსური მაჩვენებლების გათვალისწინებით ბიზნესმოდელირების მეთოდოლოგიას.

3. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთისათვის 1 მჰც რესურსის სავარაუდო ღირებულების შეფასება არ არის განხორციელებული ბენჩმარკინგის ან ბიზნეს მოდელირების მეთოდოლოგიით, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრება ამ დებულების მე–7 მუხლის შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 472 მუხლით განსაზღვრული ლიცენზიების 15 წლიანი მოქმედების ვადის პირდაპირპროპორციულად გადაანგარიშებით, შემდეგი ფორმულით:

N=P/10*15, სადაც:

N – რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობაა ლარებში,

P – ამ დებულების მე–7 მუხლის შესაბამისად დაანგარიშებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  საფასურის საწყისი ოდენობაა ლარებში.“

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრი                                                                 კახი ბექაური

თავმჯდომარე                                                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                 აკაკი სიხარულიძე