„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 3 /

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 30, 2014

მიღების თარიღი აპრილი 30, 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №3

2014 წლის 30 აპრილი ქ. თბილისი

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 27 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად (ვებგვერდი, 09/10/2013,  სარეგისტრაციო კოდი:  450140000.05.001.017165) შეიცვალა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე განწესების წესი და ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის მიერ კომისიის ერთ-ერთი წევრის კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნისა, განისაზღვრა, რომ კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლით (მე-9 მუხლის მე-15 პუნქტი).

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურულ საკითხებს,  კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა შემუშავდეს კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და აღნიშნულის მიზნით  განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 14 მარტის №140/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით. ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 14 აპრილი 18:00 საათი, ხოლო დადგენილების მიღების ვადად - ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის დადგენილების პროექტი გამოქვეყნებული იყო საჯარო გაცნობისთვის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge).

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენის სხდომაში, რომელიც გაიმართა 2014 წლის 14 აპრილს 18:00 საათზე, მონაწილეობას იღებდნენ კომისიის წევრები ირაკლი მოსეშვილი, სოფიო ბრიტანჩუკი და აკაკი სიხარულიძე (კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი). ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიის მიერ დადგენილების მიღების თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 30 აპრილის 16:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 30 აპრილის სხდომაზე, კომისიის წევრებმა ირაკლი მოსეშვილმა და აკაკი სიხარულიძემ (კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი) მხარი დაუჭირეს დადგენილების წარმოდგენილ პროექტს. კომისიის წევრმა სოფიო ბრიტანჩუკმა ასევე მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი აზრით მიზანშეწონილია კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდეს არა ფარული კენჭისყრით, არამედ ღია სახელობითი კენჭისყრით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 1061 მუხლების, VII და IX თავების, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს ცვლილება და მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლით.

2. კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ინიშნება კომისიის გადაწყვეტილებით, ისე, რომ კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდეს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15 კალენდარულ დღეში.

3. არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს:

ა) ხმის დამთვლელი კომისიის შემადგენლობა;

ბ) თავმჯდომარეობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა;

გ) არჩევნების ჩატარების თარიღი და ადგილი;

დ) არჩევნებში გამარჯვებულის გამოუვლინებლობის შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტურის ჩატარების წესი და პირობები;

ე) საარჩევნო ბიულეტენების ტიპური ფორმები.

4. ხმის დამთვლელი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 პირის შემადგენლობით, რომელთაგან ერთი ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარეა, ხოლო მეორე – მდივანი; ხმის დამთვლელი კომისია უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატების რეგისტრაციას, კენჭისყრის ჩატარებას, ხმების დათვლას, არჩევნების ყველა ეტაპისა და შედეგების საჯაროობას. ხმის დამთვლელი კომისია ადგენს კენჭისყრის ოქმს.

5. კომისიის თავმჯდომარედ რეგისტრაციის უფლება აქვს კომისიის ნებისმიერ წევრს, მიუხედავად იმისა კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რა ვადაა დარჩენილი; ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარედ 1-ზე მეტი ვადით; კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის მსურველი კომისიის წევრი განცხადებით  მიმართავს ხმის დამთვლელ კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ არეგისტრირებს კანდიდატს სარეგისტრაციო ჟურნალში; იმ შემთხვევაში, თუ კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს ასახელებს კომისიის სხვა წევრი/წევრები, საჭიროა დასახელებული კანდიდატის თანხმობის წერილის წარმოდგენაც.

6. კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაცია წარმოებს არჩევნების დანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების მეორე სამუშაო დღიდან 3 სამუშაო დღის ვადაში; კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაცია წყდება მესამე სამუშაო დღის სამუშაო საათების დასრულებისთანავე; კომისიის თავმჯდომარეობის რეგისტრირებულ კანდიდატთა სია ქვეყნდება დაუყოვნებლივ.

7. კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ტარდება კომისიის თავმჯდომარეობის რეგისტრირებულ კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შემდეგ, მესამე  სამუშაო დღეს, არჩევნების დანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ დღეს, ადგილზე და საათზე;

8. არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით; არჩევნების დაწყებამდე, ხმის დამთვლელი კომისია ღიად ამოწმებს საარჩევნო ყუთს და ლუქავს მას.  კომისიის სიითი შემადგენლობის ოდენობით წინასწარ დამზადებული საარჩევნო ბიულეტენების კომისიის წევრებზე გაცემა წარმოებს მათი კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით ფიზიკურად გამოცხადების შემთხვევაში; კომისიის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, თუ ის გამოცხადდა სამსახურში არჩევნების დღეს. კომისიის წევრი ხმას აძლევს კომისიის თავმჯდომარეობის რეგისტრირებულ და საარჩევნო ბიულეტენში შეტანილ კანდიდატს, ფარულად (საამისოდ მოწყობილ კაბინაში ან ოთახში); კომისიის თოთოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის წევრი უფლებამოსილია ხმა მისცეს საკუთარ თავსაც, თუ ის რეგისტრირებულია კანდიდატად. ხმის მიცემა უნდა დაფიქსირდეს კომისიის  თავმჯდომარეობის სასურველი კანდიდატის რიგითი ნომრის შემოხაზვის გზით; სხვა ფორმით შევსებული საარჩევნო ბიულეტენი ჩაითვლება გაფუჭებულად.

9. შევსებული ბიულეტენი თავსდება საარჩევნო ყუთში; კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ხმის დამთვლელი კომისია საჯაროდ ხსნის საარჩევნო ყუთს, ღიად, კომისიის წევრების თანდასწრებით თვლის მასში მოთავსებულ საარჩევნო ბიულეტენებს, ადარებს გამოყენებული ბიულეტენების ოდენობას გაცემული ბიულეტენების ოდენობას და საჯაროდ აქვეყნებს თითოეულ ბიულეტენს და ითვლის რეგისტრირებული კანდიდატების მიერ მოპოვებულ ხმებს.

10. არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობისა.

11. თუ კომისიის თავმჯდომარეობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების ის ოდენობა, რაც გამარჯვებისთვისაა საჭირო, არჩევნების მეორე ტური იმართება ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის.

12. თუ არჩევნებისას, ხმები ისე გადანაწილდა, რომ საუკეთესო შედეგის მქონეა მხოლოდ ერთი კანდიდატი, დანარჩენ კანდიდატებს შორის იმავე დღეს იმართება რეიტინგული კენჭისყრა, საუკეთესო შედეგის მქონე მეორე კანდიდატის გამოსავლენად;

13. თუ არჩევნებისას, ხმები ისე გადანაწილდა, რომ საუკეთესო შედეგის მქონე ვერც ერთი კანდიდატი ვერ გამოვლინდა, იმავე დღეს იმართება რეიტინგული კენჭისყრა, საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატის გამოსავლენად.

14. რეიტინგული კენჭისყრა ფარულია; რეიტინგული კენჭისყრის ბიულეტენების დამზადებასა და სათანადო გამოყენებას უზრუნველყოფს ხმის დამთვლელი კომისია.

15. რეიტინგულ კენჭისყრამდე ხმის დამთვლელი კომისია ღიად ამოწმებს კენჭისყრის ყუთს და ლუქავს მას.  წინასწარ დამზადებული რეიტინგული კენჭისყრის ბიულეტენების კომისიის წევრებზე გაცემა წარმოებს ღიად; რეიტინგული კენჭისყრის ბიულეტენში კომისიის წევრები კანდიდატებს უწერენ უპირატესობის მიხედვით, შესაბამის პრეფერენციულ ციფრს (პირველ რიგში – 1-ს, მეორე რიგში – 2-ს და ა.შ.).

16.  საუკეთესო შედეგის მქონეა კანდიდატი, რომელიც პრეფერენციული ციფრების დაჯამებით უფრო ნაკლებ ქულას იღებს.

17. რეიტინგული კენჭისყრები ტარდება იმდენჯენ, რამდენიც საჭიროა ორი საუკეთესო რეიტინგული მაჩვენელის მქონე კანდიდატის გამოსავლენად. რეიტინგული კენჭისყრისას კენჭი აღარ ეყრება იმ კანდიდატს, რომელმაც წინა რეიტინგული კენჭისყრისას სხვებზე უკეთესი (ნაკლები) ქულა მოიპოვა (ამ შემთხვევაში რეიტინგული კენჭისყრა ტარდება იმდენჯერ, რამდენიც საჭიროა 1 (მეორე) საუკეთესო რეიტინგული მაჩვენებლის მქონე კანდიდატის გამოსავლენად).

18. არჩევნების მეორე ტური იმართება ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის ამ მუხლის მე-8 – მე-10 პუნქტების შესაბამისად, ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენიდან მეორე სამუშაო დღეს.

19. ახალარჩეული კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღეს, ხოლო თუ კომისიის თავმჯდომარე არჩეულ იქნა წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი არჩევის მომენტიდან. კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი არჩევიდან 3 წლის თავზე, იმ რიცხვის წინა დღეს, რომელშიც დაიწყო იგი.

20. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად.

21. არჩევნების მეორე ტურში კომისიის თავმჯდომარის ვერარჩევის შემთხვევაში, არჩევნები ითვლება ჩაშლილად და კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე, კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის უხუცესი წევრი.

22. კომისიის თავმჯდომარის განმეორებითი არჩევნები იმართება კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ჩაშლიდან 15 დღის განმავლობაში.

23. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის ან არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.

24. კომისიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ენიჭება კომისიის თავმჯდომარეს.

25. კომისიის თავმჯდომარე:

ა) წარმართავს კომისიის სხდომებს, პასუხისმგებელია კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საპროცედურო წესების დაცვისათვის და მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისათვის;

ბ) კომისიის წევრებს შორის, მათი თანხმობით, ანაწილებს საკურაციო სფეროებს;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის აპარატში დასაქმებულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აფორმებს მათთან შრომის ხელშეკრულებას;

დ) ახორციელებს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ მართვას და აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას; ანაწილებს დავალებებს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს შორის; აპარატში დასაქმებულთა შრომითი მოტივაციის მიზნით იყენებს წახალისების ზომებს, ხოლო დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში უფლებამოსილია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

ე) ამტკიცებს აპარატის საქმისწარმოების რეგლამენტსა და აპარატის შინაგანაწესს;

ვ) შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს;

ზ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას, უკავშირდება კომისიის უფლებამოსილების განხორ­ციელებას და არ საჭიროებს კოლეგიურ გადაწყვეტას.

26. კომისია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე.

27. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება აქვს კომისიის სულ ცოტა 2 წევრს, ერთობლივი წერილობითი მოთხოვნით.

28. კომისია კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხს განიხილავს საჯაროდ, კომისიის წევრთა მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 10 კალენდარულ დღეში; კომისიის 2 წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნა ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე ინტერნეტში;

29. კომისია უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი ორი გადაწყვეტილებიდან ერთ–ერთი:

ა) კომისიის წევრთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ამ შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია;

ბ) კომისიის წევრთა მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და კომისიის თავმჯდომარის ვადამდე თანამდებობიდან გადაყენების შესახებ; ამ შემთხვევაში ამ მუხლის შესაბამისად, ინიშნება კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევნები;

30. ამ მუხლის 29-ე პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების მიზნით გამართულ კენჭისყრაში კომისიის თავმჯდომარე არ მონაწილეობს, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის უმრავლესობისა.".

მუხლი 2

1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან მე-3 სამუშაო დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია იღებს გადაწყვეტილებას კომისიის თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნის შესახებ.

კომისიის წევრი                                                                            ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                            სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                     აკაკი სიხარულიძე