გადაწყვეტილება N 278 “საქართველოს ელექტროკავშირსა” და მოქალაქე ეკა თოდუას შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 278 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2003

მიღების თარიღი ივნისი 13, 2003

„საქართველოს ელექტროკავშირსა” და მოქალაქე ეკა თოდუას შორის დავის განხილვის შესახებ

2002 წლის 9 დეკემბერს მოქალაქე ე. თოდუამ განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას, რომელშიც ითხოვდა 1995 წელს სატრანზიტო ხაზის გამოყენებით მის ბინაში დადგმული ტელეფონის ნომერზე (39 20 74), ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირის” მიერ მოთხოვნილი ტრანზიტული ხაზის მოწყობისათვის განსაზღვრული 100 (ასი) ლარის გადახდის და თანხის გადაუხდელობის გამო ტელეფონის გათიშვის კანონიერების საკითხის გარკვევას.

საკითხის შესწავლით დადგინდა, რომ 1998 წელს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ე. თოდუას, მისი თხოვნის გარეშე გაეწია შეღავათი და ბინის ტრანზიტული ტელეფონის დადგმისას არ დაეკისრა სატრანზიტო ხაზის მოწყობისა და მომსახურების ღირებულების გადახდა.

2002 წლის 23 დეკემბერის N 6/0411 წერილით ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირის” დირექტორმა ლ. ჭელიძემ ე. თოდუას და კომისიას ამცნო, რომ 1998 წელს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დადგენილ გამონაკლისს კომპანია ვეღარ დაუშვებდა და ე. თოდუა ვალდებული იყო გადაეხადა გადასახადი.

გაეცნო რა ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირიდან” მიღებულ განმარტებას, 2003 წლის 19 თებერვალს ე. თოდუამ მიმართა კომისიას მასა და კომპანიას შორის დავის დანიშვნის მოთხოვნით.

2003 წლის 2 მაისს შედგა ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და მოქალაქე ე. თოდუას შორის დავის განხილვა. კომპანიის წარმომადგენლებად დავაზე გამოცხადდნენ საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ლ. რობაქიძე და იურიდიული განყოფილების უფროსი უ. სეთური. დავის განხილვაზე გამოცხადდა ე. თოდუა, ხოლო მის ინტერესებს წარმოადგენდა კომისიის მომხმარებელთა უფლებების დამცველი ლ. მუხაშავრია.

ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირის” წარმომადგენლის ლ. რობაქიძის წინადადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სადავო საკითხს მოაგვარებდნენ მორიგებით და მორიგების შეთანხმებულ დოკუმენტს წარმოუდგენდნენ კომისიას.                        

ამა წლის 21 მაისს ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირმა” კომისიას აცნობა გატარებული ღონისძიებების შესახებ. კომპანიის დირექტორის 2003 წლის 20 მაისის N01/188 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სს „საქართველოს ელექტროკავშირის” საბურთალოს განყოფილებამ, ქ. თბილისის სატელეფონო ქსელის ხელმძღვანელობის სიტყვიერი განკარგულების საფუძველზე, 2002 წლის 3 დეკემბერს გამორთო ე. თოდუას ბინის ტელეფონი. განყოფილებამ უპასუხოდ დატოვა აბონენტ ე. თოდუას 2003 წლის 10 იანვრის განცხადება ტელეფონის გათიშვის მიზეზის განმარტების შესახებ. აბონენტმა ვერც სს „ელექტროკავშირში” მიიღო სათანადო განმარტება, რის გამოც მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

ე. თოდუამ ოთხი თვის განმავლობაში ვერ მიაღწია გათიშული ტელეფონის აღდგენას და იძულებით გადავიდა „ახალი ქსელების” მომსახურებაში. ამასთან, მას სააბონენტო გადასახადის

სახით, დაარიცხეს და გადაახდევინეს 9 ლარი იმ პერიოდის დავალიანებად, როცა მისი ტელეფონი არ მუშაობდა.

„საქართველოს ელექტროკავშირის” დირექტორის ბრძანებით, აბონენტის მიმართ გამოვლენილი დამოკიდებულება ჩაითვალა არასწორად და მიღებული იქნა შემდეგი ზომები:

  • საბურთალოს სატელეფონო განყოფილების უფროსს ვ. მარტიაშვილს, აბონენტ ე. თოდუას უფლებების დარღვევისათვის, გამოეცხადა საყვედური;
  • საბურთალოს სატელეფონო განყოფილების უფროსს ვ. მარტიაშვილს დაევალა დაუბრუნოს აბონენტ ე. თოდუას მასზე უკანონოდ დარიცხული 9 ლარი;
  • სს „ელექტროკავშირის” საქმეთა მმართველობას დაევალა აღნიშნული ბრძანება გაუგზავნოს ყველა დაქვემდებარებულ ფილიალს.

ამრიგად, ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და მოქალაქე ე. თოდუას შორის სადავო საკითხი ამოიწურა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიღებულ იქნას ცნობად ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და მოქალაქე ე. თოდუას შორის მორიგების თანდართული დოკუმენტი.

2. დავა ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და მოქალაქე ე. თოდუას შორის ჩაითვალოს ამოწურულად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურს (ლ. მუხაშავრია).

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვახტანგ აბაშიძე