შპს ,,მაგთიკომსა’’ და შპს ,,ახტელს’’ შორის სადავო საკითხების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 352 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2000

მიღების თარიღი ივნისი 03, 2005

 

2005 წლის 28 იანვარს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”)  მიიღო გადაწყვეტილება N49, რომლის თანახმად შპს “მაგთიკომსა” და შპს “ახტელს” შორის არსებული სადავო საკითხების განხილვის დღე დაინიშნებოდა შპს “მაგთიკომის” მიერ შპს „ახტელისათვის“ ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების წარდგენის შემდეგ.

            კომისიაში შემოვიდა შპს „მაგთიკომის“ N084, 13.05.2005 წ. წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიის გადაწყვეტილების მოთხოვნა შესრულებულია და კომპანია ითხოვს დავის განხილვის დღის დანიშვნას.

            კომისიამ  2005 წლის 3 ივნისს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 45-ე მუხლის შესაბამისად მოსამზადებელ სხდომაზე განიხილა შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ახტელს“ შორის სადავო საკითხებთან დაკავშირებული  მოთხოვნები.

            მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდნენ:

შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლები ა.ზოდელავა და გ.ყავლაშვილი;

შპს „ახტელის“  წარმომადგენლები ნ.ჟღენტი და მ.კაპანაძე.

        

            მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხები:

            შპს “მაგთიკომის” მოთხოვნას წარმოადგენს:

            ა) შპს “მაგთიკომსა” და შპს “ახტელს” შორის 2002 წლის 25 ივნისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შპს “ახტელის” მიერ შპს „მაგთიკომისთვის“ თანხების გადახდა როგორც ძირითადი თანხის, აგრეთვე  პირგასამტეხლოს ნაწილში;  

            ბ) შპს “ახტელსა” და შპს “მაგთიკომს” შორის ახალი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება.

            შპს „ახტელმა“ წარმოადგინა შეგებებული მოთხოვნა, რომლის თანახმადაც მიიჩნევს, რომ 2002 წლის 25 ივნისის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეწყვეტილია და შესაბამისად მოითხოვა:

ა) კომისიამ უარი უთხრას შპს “მაგთიკომს” შპს “ახტელისთვის” თანხის გადახდის დაკისრებაზე;

ბ) კომისიამ დანიშნოს ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის შპს „მაგთიკომის“ ურთიერთჩართვის ტარიფის გაანგარიშების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან, განსაზღვრავს ხარჯზე ორიენტირებულ ტარიფს, რომლის მიხედვით მოხდება ანგარიშსწორება შპს „ახტელსა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის 2004 წლის 1 აგვისტოდან იმ დღემდე, სანამ მხარეები გააფორმებენ ახალი ურთიერთჩართვის ხელშეკრულებას ან კომისია დაადგენს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებს;

გ) კომისიამ მიიღოს გადაწყვეტილება შპს “მაგთიკომსა” და შპს “ახტელს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის თაობაზე.

 

            კომისია მიიჩნევს, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს დავის განხილვა მხარეთა მოთხოვნების იმ ნაწილში, რომელიც შეეხება 2002 წლის 25 ივნისის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედებას და შესაბამისად ხელშეკრულების პირობების შესრულებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კომისიის მიერ დადგენილი იქნება, რომ აღნიშნული ხელშეკრულების პირობების მოქმედება შეწყვეტილია, შეიძლება განხილული იქნას სადავო საკითხი შპს „მაგთიკომის“ ტარიფის გადაანგარიშებაზე. რაც შეეხება მხარეთა მოთხოვნებს ურთიერთჩართვის ახალი ხელშეკრულების პირობების დადგენის შესახებ, კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენილია კომისიის დადგენილება „ურთიერთჩართვის მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“, შესაბამისად მიზანშეწონილია ამ დადგენილების გამოქვეყნების და ძალაში შესვლის შემდგომ მხარეთა შორის ახალი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების საკითხის განხილვა.

             ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, “კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების 53-ე და 54-ე მუხლების, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 45-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაინიშნოს შპს “მაგთიკომსა” და შპს “ახტელს” შორის 2002 წლის 25 ივნისის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მოქმედებასთან დაკავშირებით დავის განხილვის დღე 2005 წლის 17 ივნისს 1600 საათზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

 

          კომისიის თავმჯდომარე                                                  დ.ქიტოშვილი