მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებადკომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 354 / 10

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2000

მიღების თარიღი ივნისი 03, 2005

  “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362–ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე ლიცენზიის გასაცემად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის გამოცხადების საფუძვლების -  თავისუფალი რესურსის არსებობის ან ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.

         კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ქართულმა სატელეფონო კომპანიამ” კომისიას მიმართა განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონში 1894,375-1899,375 მგჰც და 1974,375-1979,375 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ.

 “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362–ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2002 წლის 20 დეკემბრის “კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო  გადასახდელის საწყისი  ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ N2 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს კომერციული კონკურსი მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად;

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა;

ლიცენზიის სახეობა: მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობა;

ლიცენზიის საგანი: მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობა 1894,375-1899,375 მგჰც და 1974,375-1979,375 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში ქ. რუსთავში, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის და წალკის რაიონებში;

2. კომერციული კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2005 წლის 5 აგვისტოს 11:00 საათი;

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 346 578, 75 (სამას ორმოცდაექვსი ათას ხუთას სამოცდათვრამეტი ლარით და 75 თეთრით) ლარით;

4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2005 წლის 7 ივლისის 17:00 საათამდე;

5. კომერციულ კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში და გეოგრაფიული ზონა დაფაროს არაუმეტეს სამი წლის ვადაში ლიცენზიის გაცემიდან;

6. კომისიის მიერ კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის და ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო  კომისიის მიერ ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია მთლიანად გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი;

7. მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები;

ბ) იურიდიული პირისთვის – საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

გ) ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის  მაძიებელი;

8. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) სალიცენზიო მოსაკრებლის (3000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

         ბ) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე:

     -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

     -ა/ანგარიში: 609326;

     -კოდი: 220101830;

     -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

         გ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; ფიზიკური პირისათვის – აგრეთვე, პირადობის მოწმობის ასლი;

დ) განსახორციელებელი საქმიანობის სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელშიც ასახული უნდა იყოს:

დ.ა.) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური აღწერილობა, რაც მოიცავს: სავარაუდოდ გამოსაყენებელი ტექნოლოგიების ზოგად აღწერილობას, განსახორციელებელი საქმიანობის (მომსახურების) გეოგრაფიული ზონის დაფარვის მიზნით საბაზო სადგურების სავარაუდო რაოდენობას, საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვის  აღწერილობას (ფუნქციონალური სქემა);

დ.ბ.) განსახორციელებელი საქმიანობის (მომსახურების) გეოგრაფიული საზღვრები;

ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილმა სამშენებლო-ტექნიკურმა დოკუმენტაციამ  სამშენებლო, სანიტარიულ-ჰიგიენური, ეკოლოგიური ექსპერტიზის და სათანადო ნებართვების უზრუნველყოფის მიზნით ექსპერტიზა უნდა გაიაროს კომისიასთან შექმნილ მუდმივმოქმედ ქვეკომისიაში. ლიცენზიის მაძიებელი კონკურსზე დაიშვება ქვეკომისიის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში;

 9. კომერციულ კონკურსში მონაწილეობის უფლება არა აქვს პირს, რომელიც კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში 1900 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში რესურსის საერთო მოცულობის 50%-ის ან მეტის მფლობელი გახდება;

10. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილების მე-7 და მე-8 პუნქტებში  მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. კომისია უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 სამუშაო დღით, გააგრძელოს დოკუმენტის წარდგენის ვადა. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ;

11. კომერციული კონკურსი ითვლება არშემდგარად და ფორმდება სათანადო ოქმი, თუ:

ა) განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, დადგენილ ვადაში კომისიაში არ იქნა წარდგენილი არცერთი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

ბ) კომისიაში წარდგენილი განცხადებებიდან არცერთი  შეესაბამება კომერციული კონკურსის მოთხოვნებს;

12. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია მაქსიმალური სალიცენზიო გადასახდელის გადახდა;

13. საკონკურსო სხდომაზე ლიცენზიის მაძიებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა;

14. კომერციული  კონკურსი ტარდება შემდეგი პროცედურით:

ა) სხდომის თავმჯდომარე ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას. თუ ერთი ლიცენზიის მაძიებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ერთზე მეტ პირს, სხდომის თავმჯდომარე მიმართავს მათ, რომ დაასახელონ ერთი პირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კომერციულ კონკურსში;

ბ) კომერციული კონკურსის დასაწყისად ითვლება სხდომის თავმჯდომარის მიერ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის და საკონკურსო ბიჯის გამოცხადება. საკონკურსო ბიჯი უცვლელია და შეადგენს სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე, რაც შეადგენს 17 330 (ჩვიდმეტი ათას სამას ოცდაათი) ლარს;

გ) სხდომის თავმჯდომარე იმ პირებს შორის, რომლებიც გამოცხადდნენ კომერციულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ატარებს წილისყრას. თითოეული მონაწილე ყუთიდან იღებს კონვერტს, რომელშიც მოთავსებულია რიგითი ნომერი. კონვერტი და მასში მოთავსებული რიგითი ნომერი არის იმდენივე, რამდენი მონაწილეცაა. ყუთიდან კონვერტის ამოღების რიგითობა განისაზღვრება კომისიაში საკონკურსო განაცხადების შემოტანის თარიღის და დროის მიხედვით – პირველი კონვერტს ამოიღებს იმ ლიცენზიის მაძიებლის წარმომადგენელი, რომელმაც პირველმა შემოიტანა განაცხადი და ა.შ.;

დ) მონაწილის მიერ ამოღებული რიგითი ნომერი განსაზღვრავს კომერციული კონკურსის მიმდინარეობისას მონაწილის მიერ თანხის დაფიქსირების რიგითობას;

ე) კომერციული კონკურსის თითოეული მონაწილე მისთვის მინიჭებული რიგითი ნომრის მიხედვით აცხადებს მის მიერ შეთავაზებული თანხის ოდენობას. კონკურსის მონაწილის მიერ პირველად დაფიქსირებული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს ნაკლები სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და საკონკურსო ბიჯის ჯამისა.  კომერციული კონკურსის მონაწილის მიერ ყოველი მომდევნო თანხის დაფიქსირება ხდება უკანასკნელ დაფიქსირებულ თანხაზე საკონკურსო ბიჯის დამატებით. კომერციული კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს დააფიქსიროს საკონკურსო ბიჯზე ჯერადად მეტი თანხა;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ კომერციული კონკურსი არ შედგა იმ მიზეზით, რომ კომერციულ კონკურსში მონაწილეობა არ მიიღეს გამოცხადებულმა პირებმა, კომერციული კონკურსი ცხადდება ჩაშლილად და მონაწილეებს გადახდილი ბე არ უბრუნდებათ;

ზ) კომერციული კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს თავისი შეთავაზება გააკეთოს  წინა მონაწილის მიერ თანხის დასახელებიდან 10 წთ-ის განმავლობაში. კომერციული კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს მოითხოვოს ერთი ნახევარსაათიანი შესვენება. ორივე შემთხვევაში მონაწილეს უფლება აქვს გავიდეს კომერციული კონკურსის დარბაზიდან. თუ მითითებული დროის გასვლის შემდეგ  მონაწილე არ დააფიქსირებს თანხას, ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა თანხის დასახელებაზე;

თ) კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც კომერციული კონკურსის მსვლელობისას დააფიქსირებს გადასახდელი თანხის მაქსიმალურ ოდენობას;

         ი) სხდომის თავმჯდომარე განუმარტავს კონკურსის მონაწილეებს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის “ო” და “პ” ქვეპუნქტებში მოცემულ დებულებებს;

კ) თუ კომერციულ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში;

ლ) კომერციული კონკურსის მიმდინარეობა აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც კონკურსის დამთავრების შემდეგ ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. სხდომის ოქმი იკინძება და მოწმდება კომისიის ბეჭდით;

მ) კომერციულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ მიიღება კომისიის გადაწყვეტილება;

ნ) კომისიის გადაწყვეტილების ასლი კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ეგზავნება კომერციული კონკურსის ყველა მონაწილეს;

         ო) კომერციულ კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში გადაიხადოს კომერციულ კონკურსზე დაფიქსირებული სალიცენზიო გადასახდელის 30%. ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში კონკურსში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბეს სახით გადახდილი თანხა (სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%). კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის ანგარიშზე, ხოლო 10%-ის კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ანგარიშზე თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის გასვლიდან მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში თანაბარწილად ლიცენზიის მოქმედების ვადის ყოველი მომდევნო წლის პირველივე თვის განმავლობაში მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციულ კონკურსში გამარჯვებული კომპანიისთვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ანგარიშზე;

პ) თუ კომისიამ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის “ო” ქვეპუნქტის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, აგრეთვე  თუ კომერციულ კონკურსში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა, კომისია იღებს გადაწყვეტილებას იმ პირის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ, რომელმაც კომერციული კონკურსის მიმდინარეობისას დააფიქსირა კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულთან შედარებით ნაკლები, მაგრამ სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტი თანხა, ამავე დროს კომისიის ანგარიშიდან გატანილი არ აქვს ბეს სახით გადახდილი თანხა (სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%). ამ პირის მიერ კონკურსის მიმდინარეობისას შეთავაზებული მაქსიმალური თანხა განისაზღვრება, როგორც სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის გაცემის წესი განისაზღვრება წინამდებარე გადაწყვეტილების  მე-14 პუნქტის “ო” ქვეპუნქტის შესაბამისად;

         ჟ) თუ არ არსებობს კონკურსის ისეთი მონაწილე, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე გადაწყვეტილების  მე-14 მუხლის „პ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კომისია კონკურსს აცხადებს ჩაშლილად;

         რ) ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%  კომისიისათვის განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით. განცხადებაში მითითებული უნდა იქნას საბანკო რეკვიზიტები, სადაც კომისიის მიერ გადაირიცხება აღნიშნული თანხა;

         15. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელების პროცესში დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები და ლიცენზიით განსაზღვრული პირობები;

16. საკონკურსო სხდომა საჯაროა;

17. კონკურსის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება:

ა) ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

ბ) ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge);

         18. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

         19. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (ს.ბრიტანჩუკი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

         20. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

  კომისიის თავმჯდომარე                                                            დ.ქიტოშვილი