ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებისათვის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფის დადგენის თაობაზე

ნომერი: 432 / 9

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2007

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2007

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2007 წლის 15 ივნისს მიღებულ იქნა N318/23 გადაწყვეტილება ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტებზე კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.  2007 წლის 20 ივლისს კომისიამ მიიღო №400/9 გადაწყვეტილება ”ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის შესაბამისად, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად დადგინდა:

. თბილისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

შპს ”ახალი ქსელები”

შპს ”ახტელი”

. ქუთაისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

შპს ”ახალი ქსელები”

. რუსთავის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”

. ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

შპს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

. ზუგდიდის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

შპს ”ივერია ქსელი”

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია

შპს ”აჭარის ელექტროკავშირი”

საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორია

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”

კომისია აღნიშნავს, რომ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, სხვა სპეციფიკურ ვალდებულებებთან ერთად, დაეკისრათ სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გამოვლენილ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში დაუდგინოს  ზედა ზღვრული ტარიფი.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ დაწესებული ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს მომსახურებისათვის გამოყენებული ქსელის შესაბამის ელემენტებზე, რესურსების და სიმძლავრეების უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას,  ავტორიზებული პირის  უფლებას, მიიღოს გაწეულ ინვესტიციებზე გონივრული უკუგება და ოპერატორის საკომუნიკაციო ქსელების  შემდგომი განვითარებისა და გაფართოების გრძელვადიან ტენდენციას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების დაკისრებისას, კომისია უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით დაადგინოს: ავტორიზებული პირის მიერ დაწესებული ტარიფის დანახარჯებზე ორიენტირებულობის და კომისიის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიური წესების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასაბუთება, აგრეთვე, ავტორიზებული პირის მიერ დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული მონაცემების კომისიისთვის წარმოდგენა.

ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, 2007 წლის 15 ივნისის N318/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიამ 2007 წლის  27 ივლისს მიიღო №429/9 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მოეთხოვა წარმოდგენილ გაანგარიშებებში განაწილებული დანახარჯების ცალკეულ მუხლებში მოცემული ოდენობების, აგრეთვე  საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებისა და სააბონენტო სახაზო-საკაბელო მეურნეობის აქტივების მიმდინარე ღირებულების დასაბუთებული მონაცემების თაობაზე აუდიტორული დასკვნის წარმოდგენა. კომისიის ამავე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ ”ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებისათვის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფის დადგენის თაობაზე კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  მიერ  საკანალიზაციო არხებისა და  სახაზო-საკაბელო მეურნეობის აქტივის მიმდინარე ღირებულებების დასაბუთებული მონაცემების ან  ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებისათვის სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ტარიფის გაანგარიშების სხვა დასაბუთების კომისიაში წარმოდგენის შემდგომ”.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” წარმოადგინა საკანალიზაციო საკომუნიკაციო არხის და სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილის რესურსებით სარგებლობაზე დანახარჯების განაწილების და ტარიფების გაანგარიშების დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს საკანალიზაციო არხებთან დაშვების              (1 არხ/კმ-ზე) და სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების ტარიფების გაანგარიშებებს. აღნიშნულ გაანგარიშებებს თან ერთვის შპს ”კავკასბიზნესაუდიტის” მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნა.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის და მასში ასახული ფინანსურ-ეკონომიკური ხასიათის მონაცემების ანალიზის საფუძველზე შესწავლილ იქნა წარმოდგენილ გაანგარიშებებში დანახარჯების განაწილების შერჩეული წესის შესაბამისობა კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით“ განსაზღვრულ პრინციპებთან.    

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დანახარჯების განაწილების თაობაზე წარმოდგენილი გაანგარიშებების ანალიზისას დადგინდა, რომ ოპერატორის მიერ შერჩეულია მომავალ პერიოდზე ორიენტირების პრინციპი და დანახარჯების ცალკეულ მუხლებში ასახული დანახარჯების ოდენობები უზრუნველყოფს ოპერატორისათვის საქმიანობის ამ სახის ეფექტურად წარმართვას და მისი შიდა საწარმოო-საოპერაციო საქმიანობების ეფექტიანად დაფინანსებას; აგრეთვე მის მიერ, მომავალ პერიოდში  გამოყენებული ქსელის შესაბამის ელემენტებზე, რესურსების და სიმძლავრეების უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას,  გაწეულ ინვესტიციებზე გონივრული უკუგების მიღებას, ასევე საკომუნიკაციო ქსელის  შემდგომი განვითარებისა და გაფართოების გრძელვადიან ტენდენციას. დანახარჯების განაწილების წარმოდგენილ მოდელში გათვალისწინებულია ხარჯების ცალკეული მუხლების წარმოშობის საფუძვლები და საოპერაციო შიდასაქმიანობის სახეებთან მიზეზობრივი კავშირები, „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-5 და მე-15 მუხლების შესაბამისად.

            კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დანახარჯების განაწილების ურთიერთშეჯერებული მოდელი და შესაბამისი გაანგარიშებები გამოყენებულ უნდა იქნეს ავტორიზებული პირების მიერ თავიანთი საქმიანობის ეფექტურად წარმართვისა და სახაზო-საკაბელო წყვილებთან დაკავშირებით შიდასაწარმოო საოპერაციო საქმიანობის სახეების ეფექტიანად დაფინანსების უზრუნველსაყოფად.

            კომისია აღნიშნავს, რომ დანახარჯების განაწილების წარმოდგენილი მოდელის ურთიერთშეჯერების შემდგომ, კორექტირებული მონაცემების საფუძველზე გაანგარიშებულმა     სააბონენტო საკაბელო-სახაზო წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვების ყოველთვიურმა ტარიფმა ერთ წყვილზე დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე 9 ლარი და 90 თეთრი შეადგინა.

კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია,  სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კომისიის 2007 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ცნობილ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს შესაბამის გეოგრაფიულ საზღვრებში დაუდგინდეთ სააბონენტო საკაბელო-სახაზო წყვილების ფართოზოლოვან რესურსებთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფი ერთ წყვილზე  9 ლარისა და 90 თეთრის ოდენობით დღგ-ს გარეშე (11,68 ლარი დღგ-ს ჩათვლით).

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში, სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფის დადგენამ, არ უნდა გამოიწვიოს ბოლო მომხმარებლისათვის ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტით მომსახურების ტარიფების ზრდა ან/და ინტერნეტით მომსახურების ხარისხის გაუარესება. კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბოლო მომხმარებლის ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე, ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრულმა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებმა  არ უნდა მოახდინონ ბოლო მომხმარებლებისათვის ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე მათ მიერ დადგენილი ტარიფების მომატება.

 კომისიას მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის, ვინაიდან მისი აღსრულების შეყოვნებამ  შეიძლება გამოიწვიოს ADSL და DSL ტექნოლოგიით ინტერნეტის მიწოდებისათვის სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების თაობაზე, ლოკალური ქსელის ოპერატორებსა და ინტერნეტ-პროვაიდერებს შორის სათანადო ხელშეკრულებების ხელმოწერის დაყოვნება, შესაბამისად, ინტერნეტის მიწოდების შეფერხება, რაც უარყოფითად აისახება მომხარებელთა ფართო  წრეების ინტერერსებზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის, „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების შესახებ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილების, კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 და 2007 წლის 27 ივლისის  №429/9 გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე სატარიფო რეგულირებისა და დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში, სახაზო-საკაბელო წყვილების ფართოზოლოვან რესურსთან დაშვების ზედა ზღვრული ტარიფი განისაზღვროს 11 ლარისა და 68  თეთრის  ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით:

. თბილისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის”

შპს ”ახალი ქსელებისათვის”

შპს ”ახტელისათვის”

. ქუთაისის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

შპს ”ახალი ქსელებისათვის”

. რუსთავის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის”

. ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

შპს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის”

. ზუგდიდის ადგილობრივი მომსახურების ზონაში

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის”

შპს ”ივერია ქსელებისათვის”

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია

შპს ”აჭარის ელექტროკავშირისათვის”

საქართველოს სხვა დანარჩენი ტერიტორია

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის”

2. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვეგ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

3. ეს გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).         

კომისიის თავმჯდომარე                                                                                     . ნონიკაშვილი

წევრი                                                                                                              . პატარაია