საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 31 აგვისტოს N420/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის და ცალკეული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიმართ ამავე გადაწყვეტილები

ნომერი: 506 / 9

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 08, 2010

მიღების თარიღი ოქტომბერი 16, 2009

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 31 აგვისტოს N420/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტებისა და ამავე გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით.

 

ზემოაღნიშნულ საკითხზე ზეპირი მოსმენა, კომისიის 2009 წლის 31 აგვისტოს N420/23 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩანიშნული იყო მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, 16 საათზე.

კომისიის 2009 წლის 16 ოქტომბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსის მიერ წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა კომისიის 2009 წლის 31 აგვისტოს N420/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციულ წარმოების შეწყვეტის შესახებ. შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ 2009 წლის მდგომარეობით, საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარი, რომელიც შესაბამისი სეგმენტებისაგან შედგება, საკმაოდ განვითარდა. თუმცა, ბაზრის ამა თუ იმ სეგმენტზე კომისიის მიერ განხორციელებული რეგულირების მიუხედავად, აშკარად იკვეთება არადროებითი ხასიათის მაღალი შესვლის დაბრკოლებები, რაც განპირობებულია კონკრეტული ავტორიზებული პირის ან ერთობლივად, პირთა ჯგუფის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის ფლობით და მოცემულ ეტაპზე კომისიის მხრიდან მარეგულირებელი ჩარევის გარეშე, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების დაძლევა ბაზარზე შესვლის მსურველი პირებისათვის შეუძლებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევა და ანალიზი უნდა განხორციელდეს კომპლექსურად და ერთიანად, ბაზრის სეგმენტების მჭიდროდ დაკავშირებულობის და ბაზრის ყველა სეგმენტის ერთიანობაში დარეგულირების მიზნით, ხოლო, კომისიის 2009 წლის  31 აგვისტოს N420/23 გადაწყვეტილებით დაწყებულ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოება, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსის მოსაზრებით,  ამ ეტაპზე უნდა შეწყდეს.

კომისიამ, განიხილა რა კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის შუამდგომლობა, მიიჩნია, რომ ის საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო კომისიის 2009 წლის 07 აგვისტოს N420/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო სატელეკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტები გამოკვლეული უნდა იქნას ერთიანად, საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის უფროსის მიერ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის შესრულების მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დადგინდა ზედა ზღვრული ტარიფი საკუთარ აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურებისა და სხვა ფიქსირებული ქსელის მფლობელი ოპერატორების აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების სახეებზე, ფიქსირებულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების ფარგლებში. კომისია, 2008 წლის მაისიდან ახორციელებდა კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების შესრულების კონტროლს. აღსანიშნავია, რომ კომისიაში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2009 წლის 08 სექტმებრის №8694/4-6 წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №2-22/09), ასევე  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2009 წლის 11 სექტემბრის მომართვა და ბოლო მომხმარებლების განცხადებები ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელში სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე ტარიფების ხარჯებზე ორიენტირებულობის შესახებ. კომისიაში ასევე წარმოდგენილია სს ”გაერთიანებული ტელეკომის”  2009 წლის 16 ივლისის №6/1724  წერილი კომისიის გადაწყვეტილების შესრულების მდგომარეობისა და დადგენილი ზედა ზღვრული ტარიფის გაუქმების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ მისი 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის შესაბამისად, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  ავტორიზებულ პირებად განისაზღვრნენ ქალაქებში: თბილისში  - სს ”გაერთიანებული ტელეკომი”, შპს ”ახალი ქსელები”, შპს ”ახტელი”; ქუთაისში - შპს ”ახალი ქსელები”; რუსთავში - შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”; ფოთი - სს ”გაერთიანებული ტელეკომი”; ზუგდიდში - სს ”გაერთიანებული ტელეკომი”, შპს ”ივერია ქსელი”, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” და დანარჩენ საქართველოში - სს ”გაერთიანებული ტელეკომი”.

კომისია აღნიშნავს, რომ ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე  ავტორიზებულ პირებს,  2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის შესაბამისად დაეკისრათ სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება,  შემდეგი პირობებით:

- მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს  უნდა უზრუნველეყო  აბონენტებისათვის ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით და არ უნდა დაეშვა საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა.

- მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს დაუდგინდა  ზღვრული ტარიფი - 4 თეთრის ოდენობით წუთზე დღგ-ს ჩათვლით: საკუთარ აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურებისა და სხვა ფიქსირებული ქსელის მფლობელი ოპერატორების აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების სახეებზე.

კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ შეფასდა კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით განსაზღვრული ავტორიზებული პირების მიერ განხორციელებული ქმედებები, კომისიის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სატარიფო გეგმებში ცვლილებების შეტანის კუთხით. 2008 წელს, კომისიის მიერ ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფის დადგენის მიზანს წარმოდგენდა ბაზრის ამ სეგმენტზე სატარიფო რეგულირება, როდესაც ავტორიზებული პირების მიერ დანერგილი იყო არასწორი სატარიფო სტრატეგია - შიდა ზარებზე ნულოვანი ტარიფების დადგენა, ამავდროულად სხვა ოპერატორების აბონენტებთან დაკავშირებისათვის არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მომსახურების  (ქსელის შიდა სატელეფონო ზარებზე და სხვა ოპერატორის მიმართულებით სატელეფონო ზარებზე) ტარიფი ორიენტირებული  უნდა ყოფილიყო დანახარჯებზე.

კომისიამ, 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილებით დაადგინა ზედა ზღვრული ტარიფი საკუთარ აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების, ასევე სხვა ფიქსირებული ქსელის მფლობელი ოპერატორების აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების სახეებზე. ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზარზე შიდა ზარების ტარიფებში ცვლილებები განახორციელეს სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა”, შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ახტელმა”. ცვლილებები დადგენილ სატარიფო გეგმებში არ მოუხდენიათ შპს ”აჭარის ელექტროკავშირს”, შპს ”ივერია ქსელს” და შპს ”საქართველოს ცენტრალურ კავშირგაბმულობის კორპორაციას”. ამ  ავტორიზებული პირების მიერ უცვლელი დარჩა საკუთარ აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფი, ასევე სხვა ფიქსირებული ქსელის მფლობელი ოპერატორების აბონენტებთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფის არსებული გეგმები და სატარიფო ტენდენციები. კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შესაბამის ბაზარზე განვითარებული ტენდენციების და განხორციელებული სატარიფო სტრატეგიათა ცვლილებების გათვალისწინებით, კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ კომისიის  2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილები მე-14 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულმა ვალდებულებამ შეასრულა მარეგულირებელი ფუნქცია სს ”გაერთიანებული ტელეკომის”, შპს ”ახალი ქსელების” და შპს ”ახტელის” მიმართ, რის გამოც აღნიშნული პუნქტის მოქმედება მათ მიმართ ძალადაკარგულად უნდა იქნას ცნობილი კომისის 2007 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 27-ე მუხლის შესაბამისად; რაც შეეხება კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით განსაზღვრული სხვა ავტორიზებული პირებს, მათ მიმართ ამავე გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის ბ) პუნქტით დადგენილი სატარიფო შეზღუდვა ძალაში უნდა დარჩეს მდგომარეობის ცვლილებამდე. 

კომისიამ განიხილა შუამდგომლობა, გაანალიზა ბაზარზე არსებული მდგომარეობა და სრულიად გაიზიარა დეპარტამენტის მოსაზრება კომისიის  2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილები მე-14 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის რიგი ავტორიზებული პირების მიმართ ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, 103-ე და 105-ე მუხლების, ასევე  ”მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” 27-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკონკრეტდეს კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტით, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუნიკაციო ტერმინალურ ელემენტებთან  დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარის წამოწყება-დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტთან მჭიდროდ დაკავშირებულ სატელეფონო მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის, ამავე გადაწყვეტიელბით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში დაკისრებული სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის ”ბ” პუნქტი 2009 წლის 01 ნოემბრიდან, შემდეგი ავტორიზებული პირების მიმართ:

- სს ”გაერთიანებული ტელეკომი”;

- შპს ”ახალი ქსელები”;

- შპს ”ახტელი”.

2. განემარტოთ ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, რომ მათ მიერ, ამ გადაწყვეტიელბის პირველ პუნქტში აღნიშნული ბაზრის სეგმენტზე დადგენილი ტარიფები, აბონენტებისათვის (ბოლო მომხმარებლებისათვის)  ეკონომიკურად ხელმისაწვდომი, დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული უნდა იყოს და რომ დაუშვებელია არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლის განხორციელება, რაც გამომდინარეობს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომისიის  2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შინაარსიდან.

3. კომისიის 2009 წლის 31 აგვისტოს N420/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმობა ყველა სხვა ნაწილში შეწყდეს;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახაძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დაინტერესებული პირებისათვის გადაგზავნა;

5.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნების თანავე.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი გადაწყვეტიელბის შესრუელბაზე დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარეისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).

კომისიის თავმჯდომარე                                                                       ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                      ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                      ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                      კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                      ი. მოსეშვილი