საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 15 იანვრის 40/23 გადაწყვეტილებით დაწყებული რიგი საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 223 / 9

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2010

მიღების თარიღი მაისი 14, 2010

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 15 იანვრის №40/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების საბითუმო ბაზრის ქვემოთჩამოთვლილ სეგმენტებზე:

1. მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი; 

2. ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი; 

3. სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი; საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა  2010 წლის 19 მარტს 16:00 საათზე;

4. საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი;

5. მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საბითუმო  ბაზრის შესაბამისი სეგმენტი; 

6. მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საბითუმო  ბაზრის შესაბამისი სეგმენტი; 

            კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ავტორიზებული პირებისგან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია, დოკუმენტაცია და დანახარჯების განაწილების მოდელები მომსახურების სახეების მიხედვით.

            ინფორმაცია სრული სახით არ იქნა წარმოდგენილი სს ”გაერთიანებული ტელეკომის” მიერ, რომელსაც კომისიის 2010 წლის 12 მარტის № 124/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა  სანქცია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტებისა და კომისიის 2010 წლის 15 იანვრის N40/23 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის დარღვევის გამო.

            ვინაიდან სს ”გაერთიანებული ტელეკომი” საქმიანობდა კომისიის 2010 წლის 15 იანვრის №40/23 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ყველა სეგმენტზე, სს ”გაერთიანებული ტელეკომისგან” ინფორმაციის სრული სახით მიღებამდე კომისიამ შეუძლებლად მიიჩნია კვლევისა და ანალიზის ჩატარება ამ სეგმენტებზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა და  მათთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება.

            გარდა ამისა, კომისიაში არსებული მასალების თანახმად, სს ”გაერთიანებული ტელეკომის”, შპს ”აჭარის ელექტროკავშირის” და შპს ”ვანექსის” ყველა ის საშუალება როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური აქტივები და ამოწურვადი რესურსები, რითაც სს ”გაერთიანებული ტელეკომი”, შპს ”აჭარის ელექტროკავშირი” და შპს ”ვანექსი” ახორციელებდნენ ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, გადაეცა მათთან აფილირებულ პირს - შპს ”სილქნეტს”, რომელმაც თავის მხრივ გაიარა ავტორიზაცია კომისიაში ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და/ან მომსახურების  მთელ რიგ სახეებზე.

            აღნიშნული გარემოებების გამო, კომისიის 2010 წლის 12 მარტის №117/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიის  2010 წლის 15 იანვრის 40/23 გადაწყვეტილების 1-ლი, მე-3, მე-5, მე-7, მე-9 და მე-11  პუნქტების შესაბამისად  დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების ფარგლებში დანიშნული ზეპირი მოსმენების თარიღად განისაზღვა 2010 წლის 14 მაისის 12:00 საათი, დინება შეჩერებულად ჩაითვალა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2010 წლის 15 იანვრის 40/23 გადაწყვეტილების 1-ლი, მე-3, მე-5, მე-7, მე-9 და მე-11 პუნქტების შესაბამისად დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები 2010 წლის 26 აპრილამდე; ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, შპს ”სილქნეტს” დაევალა კომისიის მიერ 2010 წლის 15 იანვარის №40/23 გადაწყვეტილების საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა 2010 წლის 15 აპრილამდე;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22, 2007 წლის 17 აპრილის №191/9, 2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9, 2008 წლის 15 აგვისტოს №475/9, 2007 წლის 31 აგვისტოს №498/9, 2008 წლის 4 აპრილის №189/9, 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9, 2009 წლის 31 ივლისის №359/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილებებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ” კომისისიის 2010 წლის 30 აპრილის N 215/19 გადაწყვეტილებით, შპს ”სილქნეტს” დაეკისრა ყველა ის ვალდებულება, რომელიც კომისიის მიერ დაკისრებული ჰქონდა სს ”გაერთიანებულ ტელეკომს”, შპს ”აჭარის ელექტროკავშირს” და შპს ”ვანექსს”, როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტულ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს.

            კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სილქნეტის” მიერ არ იქნა წარმოდგენელი კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის გამოც კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”სილქნეტი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

კომისიამ ზემოაღნიშნული 6 საკითხიდან კვლევა და ანალიზი ჩაატარა მხოლოდ  მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე, შემდეგი გარემოების გამო: შპს ”სილქნეტს” მობილური ქსელის აქტივები და აბონენტები გადაეცა სს ”გაერთიანებული ტელეკომისგან”, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მისი მობილური აბონენტების რაოდენობა შეადგენდა 386-ს. ვინაიდან ეს ოდენობა რაიმე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს ბაზრის ამ სეგმენტის მოცულობის განსაზღვრისა და საბაზრო წილების დადგენისათვის, მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევა და ანალიზი შესაძლოა განახორციელდეს შპს ”სილქნეტის” მონაცემების გარეშე.

            რაც შეეხება დანარჩენ 5 საკითხს, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”სილქნეტი” ფლობს მნიშვნელოვან აქტივებს ბაზრის ამ სეგმენტებზე, გარდა ამისა, დასაკისრებელი ვალდებულებების განსაზღვრისას აქტივების შესახებ მონაცემებთან ერთად აუცილებელია შპს ”სილქნეტის” დანახარჯების განაწილების მოდელის შესწავლა, რაც ასევე არ არის წარმოდგენილი.

            კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სილქნეტის” მიერ ინფორმაციის და დოკუმენტაციის სრული სახით წარმოდგენის შემდეგ აუცილებელია მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, რაც თავის მხრივ დამატებით ვადას საჭიროებს.

            ამდენად, კომისიამ დამატებით გონივრული ვადა უნდა განუსაზღვროს შპს ”სილქნეტს” კომისიის 2010 წლის 12 მარტის №117/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოსადგენად, ამავე გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის გამო სანქცირებასთან ერთად, ხოლო ადმინისტრაციული წარმოებები ზემოაღნიშნულ სეგმენტებზე უნდა დაინიშნოს ისე, რომ კომისიას საშუალება მიეცეს წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავებისა და შემდგომი ანალიზისათვის.

            საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, აგრეთვე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის გათვალისწინებული ვადების დაცვის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კომისიის  2010 წლის 15 იანვრის 40/23 გადაწყვეტილების მე-3, მე-5, მე-7, მე-9 და მე-11  პუნქტების შესაბამისად დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების შეწყვეტა და  შპს ”სილქნეტის” მიერ მონაცემების წარმოდგენის შემდგომ სათანადო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყება გონივრულ ვადაში.

            საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

          გადაწყვიტა:

1. შეწყდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2010 წლის 15 იანვრის 40/23 გადაწყვეტილების მე-3, მე-5, მე-7, მე-9 და მე-11  პუნქტების შესაბამისად დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები. 

2. გადაწყვეტილება ძალაშია მისი მიღებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).

კომისიის წევრი                                                                     ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                     ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                     ი. მოსეშვილი