მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების საფუძველზ

ნომერი: 657 / 9

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2011

მიღების თარიღი ნოემბერი 18, 2011

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 10 ოქტომბრის №522/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო  საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე კვლევისა და ანალიზის, შესაბამისად, „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9  გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით;

საკითხის  ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა 2011 წლის 11 ნოემბერს 16:00 საათზე.

ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ: დავით ძიძიგური – შპს „მაგთიკომი“, იურისტი; გია კოშორიძე – შპს „მაგთიკომი“, გენერალური დირექტორის მოადგილე; მარი ქოქიაშვილი – სს „სილქნეტი“, იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;  მარიამ გოგოსაშვილი – ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი, იურისტის თანაშემწე; ირაკლი ესართია – შპს „მობიტელი“, იურისტი; ალექსანდრე სადაღაშვილი – შპს „ჯეოსელი“, იურისტი; თამუნა დემეტრაშვილი – შპს „რუსთავი 2“, ჟურნალისტი; ირაკლი ფოცხიშვილი – შპს „რუსთავი 2“, ოპერატორი.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა (ე.ასანიძე) წარმოადგინა „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგები. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ:

საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს N5 დადგენილებით დამტკიცებული “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების” მე-7 მუხლის შესაბამისად, კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებით დადგენილი პირობები, რომლის საფუძველზეც კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას განისაზღვრა საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტი, ამ სეგმენტზე საქმიანობის განმახორციელებელი მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების ჯგუფი, აგრეთვე ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები, არ შეცვლილა. შესაბამისად, შპს ”მაგთიკომის”, შპს ”ჯეოსელის” და შპს ”მობიტელის” მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის  ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) მომსახურება განხილული იქნა ერთ სეგმენტად, ხოლო სეგმენტის გეოგრაფიულ ფარგლებად მიჩნეულ იქნა საქართვლოს მთელი ტერიტორია.

 ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად,  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმი არის ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის ამ სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი განისაზღვრება მის მიერ მიღებული შემოსავლების, ბოლო მომხმარებელთა ან აბონენტთა რაოდენობის ან გარკვეულ პერიოდში მიწოდებული მომსახურების ჯამური მოცულობის (ტრაფიკის) წილობრივი მაჩვენებლების, აგრეთვე მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთული და თავისუფალი სიმძლავრეების ან ფუნქციონალური რესურსების რეზერვების გათვალისწინებით. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის მახასიათებლების გათვალისწინებით, კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული წილის გაზომვისა და სათანადო ძირითადი კრიტერიუმის გამოყენების შესახებ.

მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის  ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის განსაზღვრისთვის ძირითად კრიტერიუმად შერჩეულ იქნა აბონენტების რაოდენობის მიხედვით ავტორიზებული პირის მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი. ამავე დროს განისაზღვრა და გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების  და ტრაფიკის მოცულობის მიხედვით დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილები.

კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 და 2011 წლის 25 იანვრის №25/9 გადაწყვეტილებებში გათვალისწინებული და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აბონენტების რაოდენობის შესაბამისად გამოანგარიშებული  ფარდობითი საბაზრო წილები კომპანიების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

ცხრილი №1

კომპანიის დასახელება

2010 წლის 31 მარტი

2010 წლის 30 ნოემბერი

2011 წლის 31 აგვისტო

აქტიური აბონენტების რაოდენობა

ფარდობითი წილი %

აქტიური აბონენტების რაოდენობა

ფარდობითი წილი %

აქტიური „ა“ ტიპის აბონენტების რაოდენობა

ფარდობითი წილი %

შპს ”მაგთიკომი”

1,347,254

43.81%

1,328,670

41.61%

1,473,926

40.19%

შპს ”ჯეოსელი”

1,370,385

44.56%

1,447,785

45.34%

1,526,108

41.61%

შპს”მობიტელი”

357,504

11.63%

415,032

13.00%

667,501

18.20%

სს ”სილქნეტი”

 

0.00%

1,525

0.05%

 

0.00%

ს უ ლ

3,075,143

100.00%

3,193,012

100.00%

3,667,535

100.00%

       

 

           

 

                       

 

შენიშვნა:

1. 2010 წლის 31 მარტის და 30 ნოემბრის მდგომარეობით მოცემულ ფარდობითი წილების გაანგარიშებაში აბონენტების რაოდენობდ აღებულია აქტიური აბონენტების რაოდენობა შემდეგი განმარტების მიხედვით: აქტიურია აბონენტი, თუ მას სააანგარიშო თვის განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს მიღებული მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, კერძოდ: ხმოვანი სატელეფონო, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ხმოვანი შეტყობინების, მობილური ინტერნეტის, მულტიმედიური და სხვა მომსახურებები.

2. აქტიური ”ა” ტიპის აბონენტში იგულისხმება,  აბონენტთა რაოდენობა  (SIM ბარათების ოდენობა), ვინც შესაბამისი პერიოდის (თვე) განმავლობაში ერთხელ მაინც ისარგებლა კომპანიის მომსახურებით (განახორციელა ან  მიიღო ზარი, გააგზავნა ან მიიღო SMS/MMS, ისარგებლა ინტერნეტით ან სხვა დამატებითი მომსახურებით, დაერიცხა სააბონეტო გადასახადი (კომპანიის თანამშრომლების ჩათვლით  და სატესტო ბარათების ჩაუთვლელად),  კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ელექტრონული საკომუნიკაციო და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების  დანართი №1-ის შესაბამისად.

3. აბონენტთა რაოდენობა შედგება ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომრების რაოდენობის ჯამისაგან.

 

კომისიისთვის წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით,   2011 წლის 31 აგვისტოს  მდგომარეობით საქართველოში მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის აქტიური „ა“ ტიპის აბონენტების  რაოდენობის მიხედვით ფარდობითი წილები გრაფიკულად შემდეგნაირად გამოიყურება:

 

გრაფიკი №1

 

 

 

2010-2011  წლების განმავლობაში მობილური კომპანიების აბონენტების რაოდენობის მიხედვით საბაზრო წილის დინამიკა შემდეგნაირია:

გრაფიკი №2

 

2011 წლის 8 თვის  ჯამური ტრაფიკის (ქსელიდან გამავალი ზარები, ქსელში დასრულებული ზარები და შიდა ქსელში განხორცილებული ზარები)  მიხედვით ფარდობითი წილები შემდეგნაირად ნაწილდება:

ცხრილი №2

კომპანიის დასახელება

ტრაფიკი, წუთი

ფარდობითი წილი %

1

შპს ”მაგთიკომი”

1,077,168,400

33.72%

2

შპს ”ჯეოსელი”

1,560,711,656

48.86%

3

შპს”მობიტელი”

556,492,745

17.42%

 

ს უ ლ

3,194,372,801

100.00%

 

გრაფიკი №3

 

 

 

2010-2011  წლების განმავლობაში ჯამური ტრაფიკის დინამიკა შემდეგი სახისაა:

გრაფიკი №4 

 

კომისიისთვის წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2011  წლის 8 თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით ფარდობითი წილები შემდეგნაირად ნაწილდება:

 

ცხრილი №3

კომპანიის დასახელება

მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის (2G/3G) მიღებული შემოსავლები, დღგ–ს და აქციზის გარეშე

ფარდობითი წილი

 
 

1

მაგთიკომი

144,367,174

39.24%

 

2

ჯეოსელი

162,983,325

44.30%

 

3

მობიტელი

60,573,897

16.46%

 

 

ს უ ლ:

367,924,397

100.00%

 

 

გრაფიკი №5

 

 

2010 წლის და 2011  წლის 8 თვის  განმავლობაში მოძრავი საკომუნიკაციო ქსელიდან (2G/3G) მიღებული შემოსავლების დინამიკა შემდეგნაირია:

გრაფიკი №6

 

 

 

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რამდენიმე ავტორიზებული პირი განიხილება ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე: სამი ავტორიზებული პირის საბაზრო წილი აღწევს სულ მცირე 80 პროცენტს, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი უნდა იყოს არანაკლებ 15 პროცენტისა.

ზემოაღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას ფლობენ ავტორიზებული პირები:

1.      შპს ”ჯეოსელი”;

2.      შპს ”მაგთიკომი”;

3.      შპს „მობიტელი“.

აბონენტების რაოდენობის მიხედვით თითოეული კომპანიის მიერ დაკავებული ფარდობითი წილი აღემატება 15%-ს, გარდა ამისა, 15%-ს აღემატება შემოსავლებისა და ტრაფიკის მოცულობის მიხედვით დაკავებული  ფარდობითი წილებიც.

კომისიას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს შპს ”მაგთიკომს” და შპს ”ჯეოსელს” უკვე განსაზღვრული აქვთ სპეციფიკური ვალდებულებები 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებით. შესაბამისად, შპს „მობიტელი“ ცნობილ უნდა იქნას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად და უნდა განესაზღვროს სპეციფიკური ვალდებულებები, რისთვისაც დამატებები უნდა იქნას შეტანილი ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში.

შპს ”მობიტელს” უნდა დაეკისროს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 31ე-35-ე მუხლებით გათვალისწინებული სპეციფიკური ვალდებულებები:

ა) ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება;

ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება;

დ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება;

ე) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელს“ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის,  დისკრიმინაციის აკრძალვის,  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის და სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულებების შესრულება უნდა დაეკისროს ისეთივე პირობებით, როგორი პირობებითაც აქვს დაკისრებული შპს „მაგთიკომს“ და შპს „ჯეოსელს“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის  №240/9 გადაწყვეტილების შესაბამისად.

რაც შეეხება სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების ფარგლებში ზღვრული ტარიფის ოდენობის დადგენის საკითხს, კომისია აღნიშნავს შემდეგ გარემოებებს:

”მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილების შესაბამისად, საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს  შპს ”ჯეოსელს” და  შპს ”მაგთიკომს” დაუდგინდათ სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 8 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს  ჩათვლით. 2011 წლის 25 იანვრის №26/9 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში და შპს ”ჯეოსელის” და  შპს ”მაგთიკომის” სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი აქციზის და დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა 8 თეთრის ოდენობით წუთზე.

2010 წლის 21 მაისის №240/9 კომისიის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისას, კომისიის მიერ შესწავლილი იქნა შპს ”მაგთიკომის” და შპს ”ჯეოსელის” მიერ წარმოდგენილი დანახარჯების განაწილების მოდელი და მისი  შესაბამისობა  კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N 5 დადგენილებით დამტკიცებულ „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებთან“. შპს ”მაგთიკომის” და შპს ”ჯეოსელის”  მიერ  წარმოდგენილ მოდელში, ასახული იყო დანახარჯები  2010 წლის 9 თვის ფაქტიური მონაცემების მიხედვით. ვინაიდან, აღნიშნული  კომპანიებისათვის დადგენილია ზედა ზღვრული ტარიფები  გასული წლის  მონაცემების გათვალისწინებით,  კომისია ითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებას და  ამ ეტაპზე  მიზანშეწონილად მიაჩნია დატოვოს  უცვლელად  შპს ”მაგთიკომის” და შპს ”ჯეოსელისათვის” დადგენილი,  ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 8 თეთრის ოდენობით წუთზე, აქციზის და დღგ-ს  ჩათვლით.

რაც შეეხება შპს „მობიტელს“, კომისია  აღნიშნავს, რომ სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების ფარგლებში უნდა განისაზღვროს ზღვრული ტარიფი ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარის წამოწყება/დასრულების) მომსახურებისათვის.  კომისიის 2011 წლის 10 ოქტომბრის №522/23  გადაწყვეტილების შესაბამისად შპს „მობიტელის“ 2011 წლის 10 ოქტომბრის № 653/11 და 11 ნოემბრის  N678/11 წერილებით წარმოდგენილ იქნა ურთიერთჩართვის მომსახურებაზე დანახარჯების განაწილების მოდელი, რომელიც მოიცავს 2010 წელს სრულად და 2011 წლის 6 თვის პერიოდს.

კომპანიის მიერ შერჩეული მოდელის თანახმად, ხმოვან სატელეფონო მომსახურებასა (ტრაფიკთან) და მონაცემთა გადაცემის მომსახურებებთან (ინტერნეტი, SMS, MMS)  დაკავშირებული დანახარჯების განაწილების მიზნით, პირველ ეტაპზე, განისაზღვრა ამ საქმიანობის სახეებიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილი კომპანიის საერთო შემოსავალში.

მეორე ეტაპზე ხმოვანი მომსახურებისა და სხვა დანარჩენი მომსახურებების (ინტერნეტი, SMS, MMS და ა.შ.) დანახარჯთა გამიჯვნის მიზნით განსაზღვრულ იქნა ხმოვანი სატელეფონო მომსახურების შემოსავლების ხვედრითი წილის პროპორციულად საოპერაციო ხარჯების შესაბამისი ხვედრითი წილი.

მესამე ეტაპზე, ურთიერთჩართვის ტარიფის  გაანგარიშების მოდელში ხმოვანი (საცალო და ურთიერთჩართვის) მომსახურების სახეზე მიკუთვნებული დანახარჯები გადანაწილებულ იქნა კომპანიის მთლიან ტრაფიკში საცალო და ურთიერთჩართვის (საბითუმო)  ტრაფიკების  ხვედრითი წილების პროპორციულად.

ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ვინაიდან მობილური ქსელის შიდა ზარი, განხორციელებისას საჭიროებს კომუტირებას საკომუტაციო სადგურში და რადიო დაშვების ქსელის ელემენტებს მოიხმარს როგორც ზარის წამომწყები აბონენტიდან საკომუტაციო სადგურამდე, ასევე საკომუტაციო სადგურიდან გამოძახებულ აბონენტთან სიგნალის მიწოდებისას, განხორციელებული შიდა ტრაფიკი დანახარჯების განაწილების მოდელში აისახება როგორც ზარის წამოწყების, ისე ზარის დასრულების ტრაფიკის ოდენობაში.

დანახარჯების განაწილების გამჭირვალობის მიზნით, მოდელში ხარჯები განაწილებულია მოძრავ საკომუნიკაციო ქსელში  ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვების (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) და მოძრავი სატელეფონო  (საცალო) მომსახურების სახეებზე.

დანახარჯთა განაწილების მოდელში ხარჯები დაჯგუფებულ იქნა შემდეგ კატეგორიებად:

–         ქსელის მომსახურების ხარჯები;

–         ბილინგის ხარჯები; საკომისიოები;

–         მარკეტინგის ხარჯები;

–         ამორტიზაცია;

–         ზედნადები და საწარმოო მმართველობითი ხარჯები;

–         კაპიტალის ღირებულება;

–         სხვა ხარჯები.

აღნიშნული ხარჯები საცალო და ურთიერთჩართვის (ზარის წამოწყება/ დასრულება) მომსახურებებზე გადანაწილებულ იქნა, როგორც შესაბამისი ტრაფიკების პროპორციულად, ასევე ამ მომსახურებებზე უშუალოდ გაწეული ხარჯების პროპორციულად.

კომისია ითვალისწინებს დანახარჯების განაწილების მოდელის შედეგებს, აგრეთვე იმ გარემოებებს, რომ: ა) შპს ”მობიტელის” საბაზრო წილი მნიშვნელოვნად ნაკლებია შპს ”ჯეოსელის” და შპს ”მაგთიკომის” საბაზრო წილზე; ბ) შპს “მობიტელი“ ოპერირებს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 4 წელია, როცა მისი კონკურენტი კომპანიები ფუნქციონირებენ 1997 წლიდან; გ) შპს “ჯეოსელისა“ და შპს “მაგთიკომისათვის“ მათი ფუნქციონირების ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, ურთიერთჩართვის ტარიფების შემცირება ხდებოდა ეტაპობრივად,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად მიაჩნია, რომ იგივე მიდგომა უნდა იქნას გამოყენებული შპს “მობიტელის“ მიმართაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  კომისიას მიაჩნია, რომ შპს “მობიტელისათვის“ სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების (ურთიერთჩართვა) მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი უნდა განისაზღვროს 11 თეთრის ოდენობით წუთზე, აქციზისა და დღგ-ს ჩათვლით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–4 მუხლის, IX თავის,  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-4 მუხლის მეორე პუნქტის, მე-11 მუხლის მეორე და მესამე პუნქტების, მე-20, 21-ე, 22-ე,  23-ე მუხლების, და 29-35-ე მუხლების, კომისიის 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების”, კომისიის მიერ 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 21 მაისის №240/9 კომისიის გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დადგინდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, შემდეგი ავტორიზებული პირები:

ა) შპს ”ჯეოსელი”;

ბ) შპს ”მაგთიკომი”.

გ) შპს ”მობიტელი”.

ბ) გადაწყვეტილების 4.5 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”გ) ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში,  შპს ”მაგთიკომს” და შპს ”ჯეოსელს” დაუდგინდეს სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ზედა ზღვრული ტარიფი - 8 თეთრის ოდენობით წუთზე, აქციზის და დღგ-ს ჩათვლით, ხოლო შპს ”მობიტელს” – 11 თეთრის ოდენობით წუთზე, აქციზის და დღგ-ს ჩათვლით.”

2. დაევალოს შპს ”მობიტელს” „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ 2010 წლის 21 მაისის №240/9 კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულება ამავე გადაწყვეტილებაში განსაზღვრული პირობებით, 2012 წლის 1 თებერვლიდან;

3. შპს „მობიტელმა“ 2012 წლის 1 თებერვლამდე საჯაროდ გამოაქვეყნოს საკუთარი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა);

4. შპს „მობიტელის“ ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების სახეებზე ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრული  ტარიფი ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან;

5. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.)  ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                       ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                      ს. ბრიტანჩუკი

 კომისიის წევრი                                                                     ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                      კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                      ი. მოსეშვილი