ერთი მხრივ, მომხმარებელ ნინო მთვარელიშვილსა და მეორე მხრივ, შპს ”ჯეო-ცნობარს” შორის დავის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 439 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2012

მიღების თარიღი ივნისი 22, 2012

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2012 წლის 12 ივლისს მიმართა (სამსახურებრივი ბარათი N9/171-12) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველის სამსახური”), მომხმარებელ ნინო მთვარელიშვილის განცხადების განხილვისა და შპს „ჯეო-ცნობართან“ არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით.

    საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს განცხადებით მიმართა აბონენტმა ნინო მთვარელიშვილმა,  რომელშიც ის სადაოდ ხდის შპს „ჯეო-ცნობარის” მიერ (რომელიც ახორციელებს საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებას ნუმერაციის რესურსის - 11808 გამოყენებით) მისი პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემას. კერძოდ, აბონენტის განცხადებით, მისი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია შპს „ჯეო ცნობარის“ მიერ ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი მესამე პირისთვისაც თვით ამ აბონენტის თანხმობის გარეშე. გამომდინარე იქიდან, რომ აბონენტი ითხოვს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომისიის მიერ შესაბამის რეაგირებას, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა მიწანშეწონილად ჩათვალა, რეაგირების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების მასალების კომისიისთვის გადმოცემა.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მოქალაქე ნინო მთვარელიშვილსა და შპს „ჯეო-ცნობარს“ შორის დავის განხილვის მიზნით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40, 62-ე, 63-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32-ე მუხლის შესაბამისად  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მოქალაქე ნინო მთვარელიშვილსა და შპს „ჯეო-ცნობარს“ შორის დავის განხილვის მიზნით;

2.       საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს კომისიაში 2012 წლის 6 ივლისს 16:00 საათზე;

3.       საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ე.ჭახრაკია  ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას მხარედ  - მომხმარებელ ნინო მთვარელიშვილის ინტერესების დასაცავად, ხოლო მოპასუხე მხარედ განისაზღვროს შპს ”ჯეო-ცნობარი“;

4.       ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის სტატუსით ჩართულ იქნან -  სს „სილქნეტი“ და სს „ინფოჯორჯია XXI”;

5.       დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების მოქალაქე ნინო მთვარელიშვილის, შპს „ჯეო-ცნობარის“, სს „სილქნეტის“, სს „ინფოჯორჯია XXI”-ს და საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;

6.       გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის  შესაბამისად.;

7.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

კომისიის თავმჯდომარე                                           ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                 ს.ბრიტანჩუკი

                                                                        კ.კვიტაიშვილი                                      

                                                                        ა.სიხარულიძე

                                                                       ი.მოსეშვილი