ერთი მხრივ, მომხმარებელ ნინო მთვარელიშვილსა და მეორე მხრივ, შპს ”ჯეო-ცნობარს” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 462 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 17, 2012

მიღების თარიღი ივლისი 06, 2012

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2012 წლის 12 ივლისს მიმართა (სამსახურებრივი ბარათი N9/171-12) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველის სამსახური”), მომხმარებელ ნინო მთვარელიშვილის განცხადების განხილვისა და შპს „ჯეო-ცნობართან“ არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით.

            საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მომართვაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს განცხადებით მიმართა აბონენტმა ნინო მთვარელიშვილმა,  რომელშიც ის სადაოდ ხდის შპს „ჯეო-ცნობარის” მიერ (რომელიც ახორციელებს საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებას ნუმერაციის რესურსის - 11808 გამოყენებით) მისი პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემას. კერძოდ, ნინო მთვარელიშვილის განცხადებით, რომელიც წარმოადგენს სს „სილქნეტის“ აბონენტს, მისი პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი მისამართი და ტელეფონის ნომერი შპს „ჯეო ცნობარის“ მიერ ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი მესამე პირისთვისაც, თვით ამ აბონენტის თანხმობის გარეშე. გამომდინარე იქიდან, რომ აბონენტი ითხოვს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომისიის მიერ შესაბამის რეაგირებას, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა მიწანშეწონილად ჩათვალა, რეაგირების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების მასალების კომისიისთვის გადმოცემა.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2012 წლის 22 ივნისის N439/23 გადაწყვეტილებით დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მოქალაქე ნინო მთვარელიშვილსა და შპს „ჯეო-ცნობარს“ შორის დავის განხილვის მიზნით. საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ე.ჭახრაკია ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნა მხარედ - მომხმარებელ ნინო მთვარელიშვილის ინტერესების დასაცავად, ხოლო მოპასუხე მხარედ განისაზღვრა შპს „ჯეო-ცნობარი“; ფორმალურ ადმინისტრაციული წარმოებაში მოწმის სტატუსით ჩართულ იქნენ სს „სილქნეტი“ და სს „ინფოჯორჯია XXI”. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 6 ივლისის 16:00 საათი. ადმინისტრაციული წარმოების მხარეებს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები (03/1543-12; 03/1544-12; 03/1545-12 - 25.06.2012; 03/1588-12 - 29.06.2012) და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს „ჯეო-ცნობარს“ ასევე გაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალების სრულად.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა კომისიის 2012 წლის 6 ივლისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი - ეკატერინე ჭახრაკია, რომელიც ადმინისტრაციულ წარმოებაში წარმოადგენდა მომხმარებელ ნინო მთვარელიშვილის ინტერესებს, შპს „ჯეო-ცნობარის“ წარმომადგენელი მაკა ასათიანი, სს „ინფოჯორჯია XXI”-ს წარმომადგენელი ნინო ნადირაშვილი და სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი მარი ქოქიაშვილი;

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს განცხადებით მიმართა სს „სილქნეტის“ აბონენტმა ნინო მთვარელიშვილმა, რომელშიც ის სადაოდ ხდიდა სს „სილქნეტის“ მიერ მისი პერსონალური მონაცემების შპს „ჯეო ცნობარისა“ და სს „ინფოჯორჯია XXI”-სთვის გადაცემის ფაქტს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარში აბონენტმა პირადად გადაამოწმა საინფორმაციო ცენტრებში მისი პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ფაქტი, სადაც გაირკვა, რომ მისი სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი გარეშე პირებისთვისაც. აბონენტი ითხოვდა ზომების მიღებას ამ ფაქტთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, საკითხის შესწავლის მიზნით მიმართა სს „სილქნეტს“ და კომპანიისგან მიღებული წერილის (04.05.2012 N1549/05-8) შესაბამისად გამოარკვია, რომ აბონენტ ნინო მთვარელიშვილის პერსონალური მონაცემების გადაცემა შპს „ჯეო ცნობარისა“ და სს „ინფოჯორჯია XXI”-სთვის სს „სილქნეტის“ მიერ არ მომხდარა. სს „სილქნეტის“ მიერ საზოგადიებრივ დამცველის სამსახურში ასევე წარმოდგენილია სს „ინფოჯორჯია XXI”-ს და შპს „ჯეო-ცნობარის“ წერილები (12.04.2012-N161; 23.04.2012-N83/04);

სს „ინფოჯორჯია XXI”-ს წერილში აღნიშნულია, რომ სს „ინფოჯორჯია XXI” საინფორმაციო ცენტრ 118-09-ს მეშვეობით ახორციელებს საინფორმაციო მომსახურებას და მის მიერ დაცულია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის“ მოთხოვნები აბონენტის პერსონალური ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, კერძოდ აბონენტის პერსონალური ინფორმაციის გაცემა არ ხდება თვით ამ აბონენტის თანხმობის გარეშე. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ნინო მთვარელიშვილი, მისივე მოთხოვნით არ არის დარეგისტრირებული „საინფორმაციო ცენტრ 118-09“-ს მონაცემთა ბაზაში და შესაბამისად, მის შესახებ არ იძებნება არანაირი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.

შპს „ჯეო ცნობარის“ წერილში აღნიშნულია, რომ საინფორმაციო ცენტრი 11808 ფლობს სხვადასხვა სახის ინფორმაციას ნებისმიერ სფეროში, მათ შორის ინფორმაციას აბონენტების შესახებ რომელიც მოპოვებული აქვს სხვადასხვა წყაროებიდან. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ დაასახელებს იმ წყაროს, რა წყაროდანაც იქნა მოპოვებული პერსონალური მონაცემების აბონენტ ნინო მთვარელიშვილის შესახებ. ერთადერთი რაც კომპანიას დადასტურებით შეუძლია აღნიშნოს, არის ის, რომ ნინო მთვარელიშვილის პერსონალური ინფორმაცია შპს „ჯეო ცნობარისთვის“ სს „სილქნეტს“ არ მიუწოდებია.

საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა 2012 წლის 10 მაისს  მიმართა წერილობით შპს „ჯეო-ცნობარს“, და როგორც ადგილობრივ სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ავტორიზებულ პირს, მოსთხოვა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა, რომლის შესაბამისადაც, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია არ გასცეს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის გარეშე.

აღნიშნული წერილის პასუხად, შპს „ჯეო ცნობარმა“ 2012 წლის 11 მაისს N92/05 წერილით აცნობა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს, რომ კომპანიამ მიიღო შესაბამისი ზომები და აბონენტ ნინო მთვარელიშვილის საკონტაქტო ინფორმაცია მიუწვდომელი იყო მესამე პირებისათვის; აღნიშნულის თაობაზე საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა აცნობა ნინო მთვარელიშვილს 2012 წლის 16 მაისს.

2012 წლის 7 ივნისს მომხმარებელმა კვლავ შეიტანა განცხადება საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში, იგივე პრობლემასთან დაკავშირებით, კერძოდ იგი აცხადებდა, რომ კომპანიის მიერ არ ყოფილა მიღებული შესაბამისი ზომები და საინფორმაციო ცენტრი 11808 კვლავ განაგრძობდა მისი პერსონალური ინფორმაციის გაცემას მესამე პირებზე. აბონენტი საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისგან მოითხოვდა 2012 წლის 6 ივნისს ნინო მთვარელიშვილსა და შპს „ჯეო-ცნობარის“ ოპერატორის სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერის გამოთხოვას კომპანიისგან, სადაც მას ოპერატორი მისივე სატელეფონო ნომრის დასახელების შემდეგ მობილურ ტელეფონზე შეტყობინების სახით უგზავნის ტელეფონის მფლობელის სახელს და გვარს. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა 2012 წლის 7 ივნისს ხელმეორედ მიმართა შპს „ჯეო-ცნობარს“ შესაბამისი ზომების მიღების მიზნით და გამოითხოვა ნინო მთვარელიშვილისა და საინფორმაციო ცენტრის ოპერატორის საუბრის ჩანაწერი. 2012 წლის 8 ივნისის შპს „ჯეო ცნობარისგან“ მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ აბონენტის მონაცემები სრულყოფილად მიუწვდომელია მესამე პირებისთვის. ამავე დროს, შპს „ჯეო ცნობარის“ მიერ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის გაგზავნილ იქნა ნინო მთვარელიშვილსა და შპს „ჯეო ცნობარის“ ოპერატორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც, შპს „ჯეო ცნობარის“ ოპერატორი, ფიქსირებული სატელეფონო ნომრის გაგებისთანავე ასახელებს მფლობელის სახელსა და გვარს.

კომისიის სხდომაზე საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ჭახრაკიამ, რომელიც წარმოადგენდა მოქალაქე ნინო მთვარელიშვილის ინტერესებს, აღნიშნა, რომ 2012 წლის 21 ივნისიდან შპს „ჯეო-ცნობარის“ მიერ აბონენტ ნინო მთვარელიშვილის პერსონალური მონაცემები მიუწვდომელია მესამე პირებისთვის, ამავე დროს საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ აბონენტი ნინო მთვარელიშვილი მაინც ითხოვს შპს „ჯეო-ცნობარის“ მიმართ შესაბამისი ზომების მიღებას, რათა აღარ განმეორდეს მსგავსი ფაქტები მისი და სხვა მომხმარებლების მიმართაც.

2. კომისიის სხდომაზე შპს „ჯეო ცნობარის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფიქსირებული ქსელის აბონენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება ხდება სხვადასხვა გზებით, შემდგომში ხდება აღნიშნული ინფორმაციის უშუალოდ აბონენტებთან გადამოწმება საინფორმაციო ცენტრის ოპერატორების მიერ. აბონენტებთან საუბრისას ოპერატორი აბონენტს ატყობინებს რომ ზარი ხორციელდება საინფორმაციო ცენტრი 11808-დან და ხდება ბაზაში არსებული ინფორმაციის გადამოწმება, შესაბამისად, შპს „ჯეო ცნობარის“ წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ამ გზით აბონენტი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ საინფორმაციო ცენტირს ბაზაში არსებობს მისი პერსონალური მონაცემები და აღნიშნული მონაცემები შესაძლებელია მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომი გახდეს  მესამე პირებისთვის, თუმცა როგორც შპს „ჯეო-ცნობარის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, ოპერატორი აბონენტთან საუბრისას არ სთხოვს აბონენტს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების მესამე პირთათვის ხელმისაწვდომობის თაობაზე.

3. კომისიის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ არ ხდება აბონენტების პერსონალური ინფორმაციის გაცემა მესამე პირებზე თვით აბონენტების თანხმობის გარეშე და მათთვის უცნობია, როგორ მოხვდა სს „სილქნეტის“ აბონენტ ნინო მთვარელიშვილის პერსონალური მონაცემები შპს „ჯეო ცნობარის“ მონაცემთა ბაზაში.

4. კომისიის სხდომაზე სს „ინფოჯორჯია XXI”-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აბონენტ ნინო მთვარელიშვილის პერსონალური მონაცემები ამოღებულ იქნა საინფორმაციო ცენტრ 11809-ს მონაცემთა ბაზიდან თვით ამ აბონენტის მოთხოვნით. კომპანიის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ სს „ინფოჯორჯია XXI” ფლობს ფიქსირებული ქსელის აბონენტების შესახებ ინფორმაციას, მაგრამ კომპანიის მიერ აღნიშნული ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი თანხმობის აღება ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემაზე ხდება უშუალოდ აბონენტისგან და თუ აბონენტი უარს აცხადებს მისი პერსონალური ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში არსებობაზე, ან მესამე პირებზე გადაცემაზე, საინფორმაციო ცენტრ 11809-ი მიერ ხორციელდება აღნიშნული ინფორმაციის ამოღება მონაცემთა ბაზიდან. სს „ინფოჯორჯია XXI”-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა ამონაბეჭდი სს „ინფოჯორჯია XXI”-ს მონაცემთა ბაზიდან, სადაც მითითებულია მხოლოდ აბონენტის ფიქსირებული სააბონენტო ნომერი, მაგრამ აბონენტის პერსონალური მონაცემების (სახელი, გვარი, მისამართი) გრაფა ცარიელია და მითითებულია, რომ აბონენტს არ სურს მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირება.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 მუხლის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა  დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ა) პუნქტის შესაბამისად, პერსონალური მონაცემი განმარტებულია როგორც ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით;

3. „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ), ი) და უ) პუნქტები განმარტავს მონაცემთა სუბიექტის, მონაცემთა დამმუშავებლისა და პირდაპირი მარკეტინგის ცნებებს, კერძოდ:

- მონაცემთა სუბიექტი არის ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება;

- მონაცემთა დამმუშავებელი არის საჯარო დაწესებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;

- პირდაპირი მარკეტინგი არის ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების, დასაქმების ან დროებითი სამუშაოს შეთავაზება.

4. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად,

„1. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოპოვებული მონაცემები.

2. მონაცემთა შეგროვების მიზნის მიუხედავად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მონაცემები: სახელი (სახელები), მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი.

3. მონაცემთა სუბიექტის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით გაცემული თანხმობის საფუძველზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს ნებისმიერი მონაცემი.

4. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამმუშავებელს ნებისმიერ დროს წერილობითი ფორმით მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა.

5. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

6. მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავებისას მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შეატყობინოს მონაცემთა სუბიექტს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შესახებ.“

5.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად,

„1. ინფორმაცია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მომხმარებლის შესახებ, აგრეთვე აღნიშნული ქსელების მეშვეობით მომხმარებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია საიდუმლოა და მისი დაცვა გარანტირებულია  საქართველოს კანონმდებლობით.

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებული ყველა სუბიექტი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საიდუმლოება. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მუშაკები და სხვა პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ ინფორმაციის საიდუმლოებას, პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“

6. კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-8 მუხლის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია არ გასცეს მოხმარებლის  პერსონალური ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი საქართველოს კანონით. ამავე რეგლამენტის მე-3 მუხლის თ) პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი განმარტებულია, როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი  ან მისი  ქსელის  შესაბამის  ელემენტებთან  ან რესურსებთან დაშვებული  ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს  ან ახორციელებს  ქსელის  ამ  ელემენტებით  ან რესურსებით  ელექტრონული  საკომუნიკაციო  მომსახურების  მიწოდებას; ხოლო მ) პუნქტის შესაბამისად,   პერსონალური ინფორმაცია ეს არის ინფორმაცია მომხმარებლის ვინაობის, ტექნიკური საშუალების განთავსების მისამართის, ტელეფონის ნომრის, მიღებული მომსახურებისა და გადახდის შესახებ, ასევე მომხმარებლის სხვა მონაცემები, რომელიც ახდენს მომხმარებლის იდენტიფიცირებას.

7. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებულია „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“  მე-13 მუხლის შესაბამისად, საინფორმაციო-საცნობარო სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი - 118XX) გამოყენებით მომსახურების მიმწოდებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ენაზე;

ბ) მომსახურების მიმწოდებელი უნდა ფლობდეს შესაბამის საინფორმაციო ბაზას;

გ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული;

დ) მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ სატელეფონო-საცნობარო ინფორმაცია.

8. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯეო ცნობარი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეეზე:

ა) ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და სასუალებებით უზრუნველყოფა - არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ბ) ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების ხმოვანი კავშირით მომსახურება - ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

„შპს „ჯეო-ცნობარის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N4 ლიცენზიის გაუქმების, კომისიის 2006 წლის 19 მაისის №209/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს „ჯეო-ცნობარისთვის“ ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 29 ნოემბრის N680/22 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ჯეო-ცნობარს“ მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი 1-1-8-0-8 (ერთი-ერთი-რვა-ნული-რვა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 2012 წლის 29 ნოემბრამდე. ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს „ჯეო-ცნობარი“ ვალდებულია ნუმრაციის რესურსი 1-1-8-0-8 (ერთი-ერთი-რვა-ნული-რვა) გამოიყენოს ერთიანი საინფორმაციო საცნობარო ბაზის მეშვეობით საინფორმაციო-საცნობარო მომსახურებისთვის;

9. კომისია აღნიშნავს, რომ საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განხორციელება არ წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას, შესაბამისად, შპს „ჯეო-ცნობარზე“, როგორც ნუმერაციის რესურსის 1-1-8-0-8 (ევრონომერი) გამოყენებით, საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განმახორციელებელ პირზე ვერ გავრცელდება   კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით“ გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის მე-8 მუხლის მოთხოვნა, მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს „ჯეო-ცნობარის“, როგორც საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების მიმწოდებელი პირის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“  მე-13 მუხლის შესაბამისად, საინფორმაციო-საცნობარო სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი - 118XX) გამოყენებით მომსახურების მიმწოდებელი პირი, ამ შემთხვევაში შპს „ჯეო -ცნობარი“,  ვალდებულია ფლობდეს შესაბამის საინფორმაციო ბაზას, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების მიმწოდებელს აღნიშნული საინფორმაციო ბაზა მოპოვებული უნდა ჰქონდეს კანონიერ საფუძველზე. კანონიერ საფუძველზე ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების აბონენტების პერსონალური  მონაცემების (მომხმარებლის ვინაობა, მისამართი, ტელეფონის ნომერი) მოპოვება შესაძლებელია ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირისგან (რომელიც უფლებამოსილია გასცეს საკუთარი აბონენტის პერსონალური მონაცემები მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით) ან უშუალოდ აბონენტისგან.

ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „ჯეო- ცნობარს“ ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირის (სს „სილქნეტის“) აბონენტის - ნინო მთვარელიშვილის პერსონალური  მონაცემები (მომხმარებლის ვინაობა, მისამართი, ტელეფონის ნომერი) არ აქვს მოპოვებული არც მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის - სს „სილქნეტისგან“ და არც უშუალოდ აბონენტ - ნინო მთვარელიშვილისგან.

კომისიას მიაჩნია, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი  ითვალისწინებს, მონაცემთა შეგროვების მიზნის მიუხედავად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის ისეთი მონაცემების დამუშავების შესაძლებლობას, როგორიცაა სახელი (სახელები), მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოპოვებული მონაცემები, ხოლო ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირის აბონენტების პერსონალური ინფორმაცია, კერძოდ, მომხმარებლის ვინაობის, ტექნიკური საშუალების განთავსების მისამართი, ტელეფონის ნომერი ვერ ჩაითვლება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციად, ვინაიდან, აღნიშნული სახის ინფორმაციის გაცემა დაუშვებელია თვით აბონენტის თანხმობის გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ აბონენტ ნინო მთვარელიშვილის პერსონალური მონაცემები ამოღბულია შპს „ჯეო-ცნობარის“ მონაცემთა ბაზიდან, აბონენტის მოთხოვნის საფუძველზე და შესაბამისად, მიუწვდომელია მესამე პირებისათვის, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეო-ცნობარს“ უნდა დაეკისროს ქმედების განხორციელება, კერძოდ, შპს „ჯეო-ცნობარის“ მიერ ნუმერაციის რესურსის 1-1-8-0-8 (ევრონომერი) გამოყენებით საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განხორციელებისას, საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები  ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების აბონენტების თაობაზე შპს „ჯეო-ცნობარის“ მიერ მოპოვებული უნდა იქნას კანონიერ საფუძველზე, კერძოდ, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირებისგან (რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ საკუთარი აბონენტის პერსონალური მონაცემები მხოლოდ აბონენტების თანხმობით) ან უშუალოდ აბონენტისგან.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებულია „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“  მე-13 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის საფუძველზე ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. განემარტოს შპს „ჯეო-ცნობარს“, რომ კომპანიის მიერ ნუმერაციის რესურსის 1-1-8-0-8 (ევრონომერი) გამოყენებით საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განხორციელებისას, საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები  ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების აბონენტების თაობაზე (მათ შორის თანხმობა მესამე პირებზე გადაცემაზე), მოპოვებული უნდა იქნას კანონიერ საფუძველზე, კერძოდ, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირებისგან (რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ საკუთარი აბონენტის პერსონალური მონაცემები მხოლოდ აბონენტების თანხმობით) ან უშუალოდ აბონენტისგან.

2. დავალოს შპს „ჯეო-ცნობარს“,  1 თვის ვადაში უზრუნველყოს საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების მიწოდების მიზნით, კომპანიის მონაცემთა ბაზის მოდიფიცირება წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული განმარტების შესაბამისად;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საზოგადოებრივი დამცველის, ნინო მთვარელიშვილის, შპს „ჯეო-ცნობარის“, სს „ინფოჯორჯიას XXI”-ს და სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

კომისიის წევრები:                                      ს.ბრიტანჩუკი

                                                                                             კ.კვიტაიშვილი 

                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                           ი.მოსეშვილი