მოქალაქეთა ჯგუფის: ნ. ჩორგოლიას, ე. კორგანოვას, ნ. გაჩეჩილაძის და სხვათა განცხადებისა და მოქალაქე ი. პუიდოკაიტეს განცხადებათა განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 776 / 23

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 03, 2013

მიღების თარიღი დეკემბერი 07, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.

2012 წლის 28 ნოემბერს კომისიას რეაგირებისათვის მიმართა, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლმა ნათია შოვნაძემ (მოხსენებითი ბარათი N10/126112), საიდანაც ირკვევა, რომ 2012 წლის 30 ოქტომბერს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს განსახილველად გადაეცა მოქალაქეთა ჯგუფის ნ. ჩორგოლიას, ე. კორგანოვას, ნ. გაჩეჩილაძის და სხვათა  განცხადება (29.10.12, N9/68-12), რომლებიც აცხადებენ, რომ 2012 წლის 20 ოქტომბერს შეწყდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მესამე რუსულენოვანი არხის შპს „ტელეკომპანია პიკის“ მიერ ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მაუწყებლობა, არხზე  გადის  მხოლოდ რუსულ ენაზე დუბლირებული ფილმები და მუსიკალური გადაცემები, ანუ არხმა გასართობი ფუნქცია შეითავსა და არ ასრულებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ასევე, მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ საერთო საეთერო ბადის გაჩერებით ირღვევა კანონით სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დაკისრებული ვალდებულებები, რითაც შეილახა თითოეული მათგანის უფლება;  მოქალაქეები მოითხოვენ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სანქცირებას მესამე არხზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი „გ“ და ,,დ“ პუნქტების დარღვევისთვის. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს 2012 წლის 30 ოქტომბერს განსახილველად ასევე გადაეცა, მოქალაქე ი. პუიდოკაიტეს განცხადება (29.10.2012, N8/188-12), რომელშიც იგი უკმაყოფილებას გამოთქვამს შპს ,,ტელეკომპანია პიკის“ მიერ რუსულენოვანი ახალი ამბების შეწყვეტის გამო. იგი აცხადებს რომ მისი უფლებები ინფორმაციის მიღებაზე იზღუდება და  ითხოვს რუსულენოვანი ინფორმაციის აღდგენას აღნიშნულ არხზე.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მომართვიდან ირკვევა, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა აღნიშნული საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით 2012 წლის 1 ნოემბერს წერილობით (N9/230-12) მიმართა შპს „ტელეკომპანია პიკს“. შპს „ტელეკომპანია პიკის“  2012 წლის 12 ნოემბრის საპასუხო წერილის (N9/307) თანახმად, შპს „ტელეკომპანია პიკმა“ გაიმარჯვა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რის საფუძველზეც მხარეთა შორის 2012 წლის 13 იანვარს გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მე-3 სატელევიზიო არხის რუსულენოვანი ტელეპროდუქციით უზრუნველყოფის თაობაზე. მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს მხარეთა შეთანხმებით შეჩერებულ იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება, რამაც გამოიწვია შპს „ტელეკომპანია პიკის“ სამაუწყებლო ბადეში საინფორმაციო გამოშვებების შეჩერება.  აღნიშნულ წერილში შპს ,,ტელეკომპანია პიკი“ იუწყებოდა, რომ შპს „ტელეკომპანია პიკის“ სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებით მაუწყებლობა განახლდებოდა 2012 წლის 20 ნოემბერს.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2012 წლის 28 ნოემბრის №10/1261-12 მომართვის საფუძველზე, 2012 წლის 7 დეკემბერს კომისიაში დაინიშნა საკითხის განხილვა  სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და შპს ,,ტელეკომპანია პიკის“ მიერ მომხმარებლების უფლებების დარღვევის თაობაზე მოქალაქეთა საჩივრების განხილვის მიზნით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. აღნიშნულის თაობაზე  განცხადებების ავტორებს, სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და შპს ,,ტელეკომპანია პიკს“ ეცნობათ შეტყობინებით, რომელიც მათ გაეგზავნათ დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2012 წლის 28 ნოემბრის მომართვის (მოხსენებითი ბარათი N10/126112) საფუძველზე, კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა შპს ,,ტელეკომპანია პიკის“ მიერ კანონდარღვევის ფაქტის დადასტურების ან უარყოფის მიზნით, ფაქტობრივ გარემოებათა გამოსარკვევად, დასკვნისათვის მიმართა ( სამსახურებრივი ბარათი 03.12.12. N10/1281-12) კომისიის აპარტის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს. კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის 2012 წლის 6 დეკემბრის N10/1304-12 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შემოწმდა შპს ,,ტელეკომპანია პიკის“, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის NB104 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა) 2012 წლის 5 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდის სამაუწყებლო პროგრამების არქივი, რის საფუძველზეც ირკვევა, რომ შპს ,,ტელეკომპანია პიკს“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრამდე არ ჰქონია განთავსებული ახალი ამბების პროგრამები. ახალი ამბების სამაუწყებლო ბადეში განთავსება კომპანიამ გაანახლა 2012 წლის 19 ნოემბერს; რაც შეეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებს, შპს „ტელეკომპანია პიკს“ 5 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში არ განუხორციელებია პოლიტიკური თემატიკის მქონე პროგრამების განთავსება.

2012 წლის 7 დეკემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ე. ჭახრაკია, როგორც განცხადებების ავტორთა უფლებების დამცველი, ასევე, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი - დ. ბერძენიშვილი, შპს ,,ტელეკომპანია პიკის“  გენერალური დირექტორი - ა. ფარულავა და შპს ,,ტელეკომპანია პიკის“ იურისტი - ა. ფეიქრიშვილი.

მოქალაქეთა ჯგუფის ნ. ჩორგოლიას, ე. კორგანოვას, ნ. გაჩეჩილაძის და სხვათა  განცხადებისა და მოქ. ი.პუიდოკაიტეს განცხადების საფუძველზე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ე. ჭახრაკიამ მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ კომისიაში 2012 წლის 28 ნოემბრის წარმოდგენილ მომართვას (№10/1261-12)  და დააფიქსირა მაუწყებელთა მხრიდან შემდეგი დარღვევები: სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“  მესამე არხზე ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების შეჩერების გამო, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი „გ“ და ,,დ“ პუნქტების დარღვევა და შპს ,,ტელეკომპანია პიკის“ მიერ ახალი ამბებისა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების შეჩერების გამო, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის „ჯ“ პუნქტის დარღვევა.

სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იურისტმა დ. ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჩივარი ეფუძნება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის ,,გ“ და ,,დ“ პუნქტების დარღვევას და მოქალაქეები ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ითხოვენ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სანქცირებას. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის ,,გ“ და ,,დ“ პუნქტების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია:

- უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ და

- საუკეთესო დროს გადასცეს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ხოლო საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – აგრეთვე  წინასაარჩევნო დებატები.

დ. ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლში ორივე მოთხოვნა გაერთიანებულია, კერძოდ, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის თანახმად,  საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრი ვი მაუწყებელი ვალდებულნი არიან საუკეთესო დროს განათავსონ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყონ აუდიტორიის დროული ინფორმირება მათი მომსახურების ზონაში, საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამასთან, ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რაზედაც მოქალაქეები აპელირებენ, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. ვინაიდან, ამავე კანონის 59-ე მუხლის, აგრეთვე ქცევის კოდექსის ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, საჩივარი უნდა განიხილოს მაუწყებელმა თავის თვითრეგულირების ორგანოს ფარგლებში, შესაბამისად, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლის დ. ბერძენიშვილის აზრით, საჩივარი განხილულ უნდა იქნას სწორედ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“  თვითრეგულირების ფარგლებში, ხოლო მხარეს უარი უნდა ეთქვას ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე.

სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“ აღნიშნულ საჩივარს განიხილავს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, დადგენილი წესით, 21 დღის ვადაში.

შპს ,,ტელეკომპანია პიკის“ გენერალური დირექტორის ა. ფარულავას განცხადებით, 2012 წლის 20 ოქტომბერს შეჩერდა  სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და შპს ,,ტელეკომპანია პიკს“ შორის არსებული ხელშეკრულება. შესაბამისად დაიწყო რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციის პროცესი, რაც გულისხმობდა კომპანიაში დასაქმებული პირების მიმართ გარკვეული ვალდებულებების შესრულებას, რამაც გამოიწვია ის, რომ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახური ვეღარ ახორციელებდა დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას; ტელეკომპანიას ერთბაშად მოუხდა ყველა თანამშრომლის გაფრთხილება გათავისუფლების თაობაზე და შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმ დროისთვის არსებული ყველა სახელფასო დავალიანების გასტუმრება. გარკვეული დროის შემდეგ მოხერხდა სიტუაციის დარეგულირება და აღდგა საინფორმაციო გამოშვებები 2012 წლის 19 ნოემბრიდან, რაც შეეხება საზოგადოებრივ–პოლიტიკურ გადაცემებს, ა.ფარულავას განცხადებით, ტელეკომპანიას საკმაოდ მრავალფეროვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები ჰქონდა, თუმცა ამჟამად ეთერშია ისეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, რომლებიც ერთხელ არის გაშვებული და ხდება  გამეორება, კერძოდ საუბარია შენდეროვიჩის გადაცემებზე.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.     მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მომართვა (28.11.2012; №10/12611-12);

2.     მოქალაქეთა ჯგუფის 2012 წლის 9 ოქტომბრის N9/68-12 საჩივრისა და მოქალაქე ი. პუიდოკაიტეს 29 ოქტომბრის N8/188-12 განცხადება;

3.     მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წერილი შპს ,,ტელეკომპანია  პიკს“ (01.11.12, N9/230-12);

4.     შპს ,,ტელეკომპანია პიკის“ წერილი კომისიას (12.11.12, N9/307);

5.     მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის სამსახურებრივი ბარათები (12.11.12 N9/239-12;  21.11.12 N9/246-12);

6.     კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (15.11.12 N10/1188-12; 22.11.12 N10/1223-12; 03.12.12. N10/1281-12);

7.     მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის წერილები მოქალაქეებს (13.11.2012, N9/240-12; 15.11.2012, N9/242-12);

8.     შპს ,,ტელეკომპანია პიკის“ წერილი კომისიას (20.11.2012 6/6739-12);

9.  სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იურისტის დ. ბერძენიშვილის ახსნა-განმარტება გაკეთებული 2012 წლის 7 დეკემბრის კომისიის სხდომაზე;

10. შპს ,,ტელეკომპანია პიკის“ გენერალური დირექტორის ა. ფარულავას ახსნა-განმარტება გაკეთებული 2012 წლის 7 დეკემბრის კომისიის სხდომაზე.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.     შპს ,,ტელეკომპანია პიკი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის NB104 ლიცენზიას, წარმოადგენს საერთო ტელემაუწყებელს და ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, მსგავსად საზოგადოებრივი მაუწყებლობისა, ვალდებულია საუკეთესო დროს განათავსოს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ასევე უზრუნველყოს აუდიტორიის დროული ინფორმირება თავისი მომსახურების ზონაში, საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ;

2.     სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის ეთერში გადაცემა ხორციელდება პირველი საზოგადოებრივი და მეორე საზოგადოებრივი არხების მეშვეობით;

3.     შპს ,,ტელეკომპანია პიკის“ სამაუწყებლო ეთერში 2012 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრამდე არ გადაიცემოდა ახალი ამბები, თუმცა 2012 წლის 19 ნოემბრიდან ახალი ამბები აღდგენილია;

4.     შპს ,,ტელეკომპანია პიკის“ სამაუწყებლო ეთერში 2012 წლის 5 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში  არ ხდებოდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების განთავსება, თუმცა ამჟამად ეთერშია ისეთი საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემები, რომლებიც ერთხელ არის გაშვებული და ხდება გამეორება, კერძოდ საუბარია შენდეროვიჩის გადაცემებზე;

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა ჯგუფის მოთხოვნის - სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“,  ისევე როგორც შპს „ტელეკომპანია პიკის“ სანქცირების სამართლებრივი საფუძვლები სახეზე არ არის, ვინაიდან მათზე დაკისრებული კანონისმიერი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე საკითხი თავად სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის და შპს „ტელეკომპანია პიკის“ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განხილვის საგანია, ვინაიდან მოქალაქეთა ჯგუფის და მოქალაქე ი. პუიდოკაიტეს განხადებებში საუბარია მაუწყებელთა მხრიდან კანონის ისეთ დარღვევაზე, რაც გათვალისწინებულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის თანახმად, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და შპს ,,ტელეკომპანია პიკი“  ვალდებულნი არიან საუკეთესო დროს განათავსონ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყონ აუდიტორიის დროული ინფორმირება მათი მომსახურების ზონაში, საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას; ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „დაუშვებელია ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება.“

გასათვალისწინებელია აგრეთვე ისიც, რომ მოქალაქე ი.პუიდოკაიტე თავის განცხადებაში ითხოვს, შპს ,,ტელეკომპანია პიკის“ ეთერში რუსულენოვანი საინფორმაციო გადაცემების აღდგენას, მის მოთხოვნას არ წარმოადგენს კომპანიის სანქცირება, ხოლო როგორც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა (03.12.12. N10/1281-12), 2012 წლის 19 ნოემბრიდან შპს ,,ტელეკომპანია პიკის“ ეთერში რუსულენოვანი საინფორმაციო გადაცემები აღდგენილია.

კომისია ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმაზეც, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის ,,გ“ და ,,დ“ პუნქტების მოთხოვნებს, კეთილსინდისიერად ასრულებს პირველი და მეორე საზოგადოებრივი არხების მეშვეობით.

ამდენად, მოქალაქეთა ჯგუფის: ნ. ჩორგოლიას, ე. კორგანოვას, ნ. გაჩეჩილაძის და სხვათა, ასევე მოქალაქე ი. პუიდოკაიტეს მიერ კომისიაში შემოტანილი განცხადებების განხილვა სცილდება კომისიის კომპეტენციის ფარგლებს და მათი განხილვა უნდა მოხდეს სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს ,,ტელეკომპანია პიკის“ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავის, 53-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 და 591 მუხლების საფუძველზე, კომისიამ,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა: 

1.     უარი ეთქვათ მოქალაქეთა ჯგუფს: ნ. ჩორგოლიას, ე. კორგანოვას, ნ. გაჩეჩილაძეს და სხვებს, ასევე მოქალაქე ი. პუიდოკაიტეს განცხადებების განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე;

2.     დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დაინტერესებული პირებისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3.     გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4.     გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

   კომისიის წევრი                                                                                                 კ. კვიტაიშვილი

   კომისიის წევრი                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი  

   კომისიის წევრი                                                                                                 ა. სიხარულიძე

   კომისიის წევრი                                                                                                  ი. მოსეშვილი