ერთი მხრივ, მომხმარებელ ნოე ქობესაშვილსა და მეორე მხრივ, შპს ”ჯეოსელს” შორის დავის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

ნომერი: 791 / 23

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 04, 2013

მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2012

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველის სამსახური”) სამსახურებრივი ბარათი, მომხმარებელ ნოე ქობესაშვილსა და შპს „ჯეოსელს“ შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით.

   სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 18 აპრილს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს, განცხადებით მიმართა აბონენტმა ნოე ქობესაშვილმა; განცხადებაში მომხმარებელი აღნიშნავს, რომ 2005 წლის 10 ნოემბერს შპს „საბმა“ შეიძინა შპს „ჯეოსელისგან“ სიმ-ბარათი ნომრით 855-55-55-55 შპს „ჯეოსელის“ მიერ გამოცხადებულ საქველმოქმედო აუქციონზე, რომელშიც გადაიხადა 41000 ლარი და ეს თანხა გადაეცა სათნოების სახლ „კათარზისს“. დაახლოებით სამი წლის წინ აღნიშნული ნომერი გადაფორმდა ნოე ქობესაშვილის სახელზე. 2011 წლის სექტემბერში სიმ-ბარათის დაზიანების გამო აბონენტი მივიდა შპს „ჯეოსელის“ სერვისცენტრში, სადაც ოპერატორმა განუმარტა, რომ მისი ნომერი იყო პორტირებული შპს „მაგთიკომის“ ქსელში, შპს „ჯეოსელის“ ოპერატორის შეცდომით, შემდგომში სატელეფონო ნომერი იქნა გასხვისებული და მისი მოთხოვნა დაებრუნებინათ სატელეფონო ნომერი ვერ დაკმაყოფილდებოდა. აბონენტი ითხოვს ნომრის დაბრუნებას რადგან  ნომრის გასხვისება შპს „ჯეოსელის“ მხრიდან მოხდა მისი ნების გარეშე.

    სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, წერილობით მიმართა შპს „ჯეოსელს“ (N9/142-12 19.04.2012; N9/147-12 04.05.2012) და შპს „მაგთიკომს“ (N9/154-12 14.05.12). შპს ,,ჯეოსელის“ 2012 წლის 2 მაისის N9/177 საპასუხო წერილის თანახმად, შპს ,,ჯეოსელი“ მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა, ვინაიდან სააბონენტო ნომრის 5 55 555555 პორტირების დროს ჩადენილ იქნა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოვლენილ და დაკავებულ იქნა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი დავით პაპიაშვილი. შპს ,,ჯეოსელის“ ინფორმაციით, დავით პაპიაშვილმა, პორტირების შემდეგ, ნოე ქობესაშვილის კუთვნილი ნომერი გადაუფორმა სხვა პირს. შპს ,,ჯეოსელის“ განცხადებით, შპს ,,მაგთიკომი“ მოკლებულია შესაძლებლობას ჩამოართვას ეს ნომერი დღევანდელ მფლობელს, რადგან სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს დადგენილია, რომ ის არის კეთილსინდისიერი მფლობელი. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს, შპს „ჯეოსელმა“, 2012 წლის 8 მაისის N9/187 წერილით აცნობა, რომ შპს „მაგთიკომისგან“ მიღებული ელექტრონული განაცხადი პორტირების მოთხოვნის თაობაზე არ შეიცავდა ნოე ქობესაშვილის სახელს, გვარს და პირად ნომერს. შპს „მაგთიკომმა“ 2012 წლის 18 მაისის N9/196 წერილით აცნობა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს, რომ 2011 წლის 14 სექტემბერს შპს „მაგთიკომში“ მოქალაქე დავით პაპიაშვილმა წარადგინა პორტირების განაცხადი, სააბონენტო ნომრის 555-55-55-55 შპს „ჯეოსელიდან“ პორტირების თაობაზე. აღნიშნული განაცხადის საფუძველზე, შპს „მაგთიკომის“ მიერ განხორციელდა მოთხოვნის დამუშავება და სააბონენტო ნომრების პორტაბელობის ადმინისტრატორის (შემდგომში „ადმინისტრატორი“) მეშვეობით მისი შპს „ჯეოსელისთვის“ გადაგზავნა. შპს „ჯეოსელიდან“ მიღებული დასტურის შედეგად, განხორციელდა სააბონენტო ნომრის პორტირება და 2011 წლის 19 სექტემბერს აღნიშნული ნომერი ჩაერთო შპს „მაგთიკომის“ ქსელში. 2011 წლის 14 ნოემბერს ასევე განხორციელდა ნომრის გადაფორმება ნანა გიუნაშვილზე, ხოლო ამავე წლის 12 დეკემბერს ნომერი გადაფორმდა ხაიამ ახვერდიევის სახელზე.

    ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აღნიშნავს, რომ „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირი, ვალდებულია უზრუნველყოს ბოლო მომხმარებელის (აბონენტის) უფლება და შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი, მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და  მომსახურების მიწოდებაზე ერთი ავტორიზებული პირის მეორეთი შეცვლისას, განურჩევლად გამოყენებული ტექნოლოგიისა. ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) მიერ მიმღებ ოპერატორთან წარდგენილი  განცხადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

ა.ა) პორტირების მსურველი პირის სახელს და გვარს;

ა.ბ) პორტირების მსურველი პირის  პირად ნომერს;

ა.გ) პორტირების მსურველი პირის იმ სააბონენტო  სატელეფონო ნომერს/ნომრებს, რომლის პორტირებასაც ითხოვს აბონენტი;

ა.დ) დონორი ოპერატორის სახელწოდებას;

ა.ე) პორტირების მსურველი პირის საკონტაქტო ინფორმაციას;

ა.ვ) სააბონენტო სატელეფონო ნომრის/ნომრების პორტირების სასურველ დროს;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

ბ.ა) პორტირების მსურველი იურიდიული პირის სახელწოდებას და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელს და გვარს;

ბ.ბ)იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდს;

ბ.გ) პორტირების მსურველი იურიდიული პირის იმ სააბონენტო  სატელეფონო ნომერს/ნომრებს, რომლის პორტირებასაც ითხოვს პირი;

ბ.დ)დონორი ოპერატორის სახელწოდებას;

ბ.ე) პორტირების მსურველი იურიდიული პირის საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ.ვ) სააბონენტო ნომრის/ნომრების პორტირების სასურველი დროს;

ხოლო მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპქნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნომრის პორტირება იზღუდება თუ სააბონენტო ნომერი, რომლის პორტირებასაც ითხოვს პირი ეკუთვნის სხვა პირს ან  სააბონენტო ნომრის მფლობელი დაუდგენელია;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ითხოვს ამავე დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე კომისიის მხრიდან შესაბამისი რეაგირების განხორციელებას.

კომისია აღნიშნავს, რომ „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პორტირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, ბოლო მომხმარებელს (აბონენტსა) და მიმღებ ან დონორ ოპერატორს შორის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან დაკავშირებით უნდა გადაწყდეს მხარეთა მოლაპარაკებების გზით; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოდავე მხარეთა მოურიგებლობის შემთხვევაში, დავა  განიხილება კომისიის მიერ ან სასამართლო წესით; ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია, პორტირებასთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქე ნოე ქობესაშვილსა და შპს „ჯეოსელს“ შორის დავის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა 2012 წლის 14 დეკემებრს 16:00 საათზე. საკითხის განხილვის თაობაზე ეცნობა შპს „ჯეოსელს“ (05.12.2012 N03/2838-12), და მომხმარებელ ნოე ქობესაშვილს (05.12.2012 N03/2839-12); ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად ასევე მოწვეულ იქნა შპს „მაგთიკომი“ (05.12.2012 N03/2836-12).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 14 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლევან გიორგაძე, რომელმაც კომისიის სხდომაზე წარმოადგინა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიის 2012 წლის 05.12.2012 N03/2838-12 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. სხდომას ასევე ესწრებოდნენ მომხმარებელ ნოე ქობესაშვილის წარმომადგენლები ნანი ფრიდონაშვილი და ოლღა გიორგაძე (რწმუნებულება N121145498 22.10.2012 გაცემული ერთი წლის ვადით, მოქალაქე ნოე ქობესაშვილის მიერ და დამოწმებული ნოტარიუს ნანა ბაკურაძის მიერ), კომისიის სხდომას ასევე ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლებიც.

კომისიის სხდომაზე, საკითხის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების სტადიაზე კომისიამ წინადადებით მიმართა მოდავე მხარეებს, ხომ არ სურდათ სადავო საკითხის გადაწყვეტა მოლაპარაკების გზით, რასთან დაკავშირებითაც მოქალაქე ნოე ქობესაშვილის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი წინააღმდეგნი არ არიან საკითხის მორიგებით გადაწყვეტის, იმ შემთხვევაში, თუ შპს „ჯეოსელის“ მხრიდან მათთვის შეთავაზებული იქნება მორიგების მისაღები პირობები. შესაბამისად, მოქალაქე ნოე ქობესაშვილის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება დავის განხილვასთან დაკავშირებით და თუ მხარეები შეთანხმდებიან დავის საგანზე, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას აცნობებენ კომისიას.

შპს „ჯეოსელის“  წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია ასევე მზად არის საქმე მორიგებით დაასრულოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისიას მიაჩნია, რომ „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-11 მუხლისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე და 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მომხმარებელ ნოე ქობესაშვილსა და შპს „ჯეოსელს“ შორის დავის განხილვის მიზნით.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე და 63-ე მუხლების, „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-11 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, ერთი მხრივ, მომხმარებელ ნოე ქობესაშვილსა და, მეორე მხრივ, შპს „ჯეოსელს“ შორის დავის განხილვის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს კომისიაში, 2012 წლის 28  დეკემბერს, 16:00 საათზე;

3. საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ე.ჭახრაკია  ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას მხარედ  - მომხმარებელ ნოე ქობესაშვილის ინტერესების დასაცავად;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ.ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯეოსელისა” და მომხმარებელ ნოე ქობესაშვილისთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-4 პუნქტის გარდა) დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი:                                                   კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრები:                                                                          ს.ბრიტანჩუკი 

                                                                                                                  ა.სიხარულიძე

                                                                                                                ი.მოსეშვილი