ერთი მხრივ, მომხმარებელ ნოე ქობესაშვილსა და მეორე მხრივ, შპს ”ჯეოსელს” შორის დავის განხილვისა და შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 05 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2013

მიღების თარიღი იანვარი 04, 2013

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა  კომისიასთან მოქმედი  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველის სამსახური”) სამსახურებრივი ბარათი, მომხმარებელ ნოე ქობესაშვილსა და შპს „ჯეოსელს“ შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით.

    სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 18 აპრილს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს, განცხადებით მიმართა აბონენტმა ნოე ქობესაშვილმა; განცხადებაში მომხმარებელი აღნიშნავს, რომ 2005 წლის 10 ნოემბერს შპს „საბმა“ შეიძინა შპს „ჯეოსელისგან“ სიმ-ბარათი ნომრით 855-55-55-55 შპს „ჯეოსელის“ მიერ გამოცხადებულ საქველმოქმედო აუქციონზე, რომელშიც გადაიხადა 41000 ლარი და ეს თანხა გადაეცა სათნოების სახლ „კათარზისს“. დაახლოებით სამი წლის წინ აღნიშნული ნომერი გადაფორმდა ნოე ქობესაშვილის სახელზე. 2011 წლის სექტემბერში სიმ-ბარათის დაზიანების გამო აბონენტი მივიდა შპს „ჯეოსელის“ სერვისცენტრში, სადაც ოპერატორმა განუმარტა, რომ მისი ნომერი იყო პორტირებული შპს „მაგთიკომის“ ქსელში, შპს „ჯეოსელის“ ოპერატორის შეცდომით, შემდგომში სატელეფონო ნომერი იქნა გასხვისებული და მისი მოთხოვნა დაებრუნებინათ სატელეფონო ნომერი ვერ დაკმაყოფილდებოდა. აბონენტი ითხოვს ნომრის დაბრუნებას რადგან  ნომრის გასხვისება შპს „ჯეოსელის“ მხრიდან მოხდა მისი ნების გარეშე.

   სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, წერილობით მიმართა შპს „ჯეოსელს“ (N9/142-12 19.04.2012; N9/147-12 04.05.2012) და შპს „მაგთიკომს“ (N9/154-12 14.05.12). შპს ,,ჯეოსელის“ 2012 წლის 2 მაისის N9/177 საპასუხო წერილის თანახმად, შპს ,,ჯეოსელი“ მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა, ვინაიდან სააბონენტო ნომრის 5 55 555555 პორტირების დროს ჩადენილ იქნა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოვლენილ და დაკავებულ იქნა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი დავით პაპიაშვილი. შპს ,,ჯეოსელის“ ინფორმაციით, დავით პაპიაშვილმა, პორტირების შემდეგ, ნოე ქობესაშვილის კუთვნილი ნომერი გადაუფორმა სხვა პირს. შპს ,,ჯეოსელის“ განცხადებით, შპს ,,მაგთიკომი“ მოკლებულია შესაძლებლობას ჩამოართვას ეს ნომერი დღევანდელ მფლობელს, რადგან სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს დადგენილია, რომ ის არის კეთილსინდისიერი მფლობელი. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს, შპს „ჯეოსელმა“, 2012 წლის 8 მაისის N9/187 წერილით აცნობა, რომ შპს „მაგთიკომისგან“ მიღებული ელექტრონული განაცხადი პორტირების მოთხოვნის თაობაზე არ შეიცავდა ნოე ქობესაშვილის სახელს, გვარს და პირად ნომერს. შპს „მაგთიკომმა“ 2012 წლის 18 მაისის N9/196 წერილით აცნობა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს, რომ 2011 წლის 14 სექტემბერს შპს „მაგთიკომში“ მოქალაქე დავით პაპიაშვილმა წარადგინა პორტირების განაცხადი, სააბონენტო ნომრის 555-55-55-55 შპს „ჯეოსელიდან“ პორტირების თაობაზე. აღნიშნული განაცხადის საფუძველზე, შპს „მაგთიკომის“ მიერ განხორციელდა მოთხოვნის დამუშავება და სააბონენტო ნომრების პორტაბელობის ადმინისტრატორის (შემდგომში „ადმინისტრატორი“) მეშვეობით მისი შპს „ჯეოსელისთვის“ გადაგზავნა. შპს „ჯეოსელიდან“ მიღებული დასტურის შედეგად, განხორციელდა სააბონენტო ნომრის პორტირება და 2011 წლის 19 სექტემბერს აღნიშნული ნომერი ჩაერთო შპს „მაგთიკომის“ ქსელში. 2011 წლის 14 ნოემბერს ასევე განხორციელდა ნომრის გადაფორმება ნანა გიუნაშვილზე, ხოლო ამავე წლის 12 დეკემბერს ნომერი გადაფორმდა ხაიამ ახვერდიევის სახელზე.

    ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აღნიშნავს, რომ „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირი, ვალდებულია უზრუნველყოს ბოლო მომხმარებელის (აბონენტის) უფლება და შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი, მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და  მომსახურების მიწოდებაზე ერთი ავტორიზებული პირის მეორეთი შეცვლისას, განურჩევლად გამოყენებული ტექნოლოგიისა. ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) მიერ მიმღებ ოპერატორთან წარდგენილი  განცხადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

ა.ა) პორტირების მსურველი პირის სახელს და გვარს;

ა.ბ) პორტირების მსურველი პირის  პირად ნომერს;

ა.გ) პორტირების მსურველი პირის იმ სააბონენტო  სატელეფონო ნომერს/ნომრებს, რომლის პორტირებასაც ითხოვს აბონენტი;

ა.დ) დონორი ოპერატორის სახელწოდებას;

ა.ე) პორტირების მსურველი პირის საკონტაქტო ინფორმაციას;

ა.ვ) სააბონენტო სატელეფონო ნომრის/ნომრების პორტირების სასურველ დროს;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

ბ.ა) პორტირების მსურველი იურიდიული პირის სახელწოდებას და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელს და გვარს;

ბ.ბ)იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდს;

ბ.გ) პორტირების მსურველი იურიდიული პირის იმ სააბონენტო  სატელეფონო ნომერს/ნომრებს, რომლის პორტირებასაც ითხოვს პირი;

ბ.დ)დონორი ოპერატორის სახელწოდებას;

ბ.ე) პორტირების მსურველი იურიდიული პირის საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ.ვ) სააბონენტო ნომრის/ნომრების პორტირების სასურველი დროს;

ხოლო მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნომრის პორტირება იზღუდება თუ სააბონენტო ნომერი, რომლის პორტირებასაც ითხოვს პირი ეკუთვნის სხვა პირს ან  სააბონენტო ნომრის მფლობელი დაუდგენელია;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ითხოვს ამავე დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე კომისიის მხრიდან შესაბამისი რეაგირების განხორციელებას.

კომისია აღნიშნავს, რომ „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პორტირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, ბოლო მომხმარებელს (აბონენტსა) და მიმღებ ან დონორ ოპერატორს შორის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან დაკავშირებით უნდა გადაწყდეს მხარეთა მოლაპარაკებების გზით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მოდავე მხარეთა მოურიგებლობის შემთხვევაში, დავა  განიხილება კომისიის მიერ ან სასამართლო წესით; ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია, პორტირებასთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-11 მუხლისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე და 63-ე მუხლის საფუძველზე საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფერში და 2012 წლის 14 დეკემბრის N791/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, ერთი მხრივ, მომხმარებელ ნოე ქობესაშვილსა, და მეორე მხრივ შპს „ჯეოსელს“ შორის დავის განხილვის მიზნით. საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2012 წლის 28 დეკემბერს 16:00 საათზე, ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვის თაობაზე შპს „ჯეოსელის“ და მოქალაქე ნოე ქობესაშვილის წარმომადგენლები გაფრთხილებულ იქნენ კომისიის 2012 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ  საკითხის განხილვა გიამართა კომისიის 2012 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლევან გიორგაძე და მომხმარებელ ნოე ქობესაშვილის წარმომადგენლები ნანი ფრიდონაშვილი და ოლღა გიორგაძე (რწმუნებულება N121145498 22.10.2012 გაცემული ერთი წლის ვადით, მოქალაქე ნოე ქობესაშვილის მიერ და დამოწმებული ნოტარიუს ნანა ბაკურაძის მიერ), კომისიის სხდომას ასევე ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ წარმომადგელი დავით ძიძიგური.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 14 დეკემბერის სხდომაზე, მხარეებს მიეცათ წინადადება მორიგებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის კითხვაზე, ხომ არ მორიგდნენ მხარეები სადაო საკითხთან დაკავშირებით, ნოე ქობესაშვილის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შპს „ჯეოსელის“ მხრიდან მათ მარწმუნებელს არავინ დაკავშირებია და შესაბამისად, არც მორიგების პირობეთან დაკავშირებით ყოფილა შეთავაზება. შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისიაში დავის განხილვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე მათ ჰქონდათ რამდენიმე შეხვედრა ნოე ქობესაშვილის წარმომადგენლებთან, რომლებიც სრულიად სამართლიანად ითხოვდნენ სააბონენეტო ნომრის დაბრუნებას. აღნიშნულ შეხვედრებზე საუბარი იყო მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზეც, თუმცა ძირითად მოთხოვდან ყოველთვის რჩებოდა სააბონენტო ნომრის უკან დაბრუნება; შესაბამისად, შპს „ჯეოსელისთვის“ არ იყო ცნობილი, რომ მხარემ შეიცვალა პოზიცია და ითხოვს მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მხარე თანახმაა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე, შპს „ჯეოსელი“ მზადაა მოისმინოს და განიხილოს მათი წინადადება. ნოე ქობესაშვილის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სხდომას არ ესწრება მათი მარწმუნებელი, და მარწმუნებლის თანხმობის გარეშე ისინი ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას კომისიის სხდომაზე შპს „ჯეოსელთან“ მორიგებასთან დაკავშირებით, ამავე დროს, ოლღა გიორგაძემ აღნიშნა, რომ თავად შპს „ჯეოსელი“ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული, რომ მორიგებით დაესრულებინა ეს საქმე, სულ ცოტა ბოდიში მაინც უნდა მოეხადა ნოე ქობესაშვილისთვის, მაგრამ ნაცვლად ამისა, შპს „ჯეოსელის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საკითხის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას და შპს „ჯეოსელმა“ ნოე ქობესაშვილს 5000 (ხუთი ათასი) ლარი შესთავაზა კომპენსაციის მიზნით, ვინაიდან მათი განმარტებით ეს იყო ნომრის საწყისი ღირებულება, ამავე დროს, შპს „ჯეოსელმა“ ნოე ქობესაშვილს შესთავაზა წარმომადგენლობა სასამართლოში სააბონენტო ნომრის დაბრუნებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო დავაზე; აღნიშნული შეთავაზება კი, ნოე ქობესაშვილის წარმომადგენლის განმარტებით, ნოე ქობესაშვილისთვის მიყენებულ ზარალთან შედარებით არაადეკვატური იყო.

კომისიის სხდომაზე ოლღა გიორგაძემ დააზუსტა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ მათთვის ცნობილია, რომ კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო ვერ იმსჯელებს ნოე ქობესაშვილისთვის სააბონენტო ნომრის უკან დაბრუნების საკითხზე, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სცილდება კომისიის უფლებამოსილების სფეროს და შესაბამისად, ნოე ქობესაშვილის წარმომადგენლები ითხოვენ:

1. კომისიამ შეაფასოს შპს „ჯეოსელის“ ქმედება სააბონენტო ნომრის არასწორ პორტირებასთან დაკავშირებით რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას;

2. შპს „ჯეოსელის“ ქმედებაში კანონდარღვევის არსებობის შემთხვევაში, კომისიამ შპს „ჯეოსელის“ მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები;

   ოლღა გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომისია დაადგენს შპს „ჯეოსელის“ მიერ ნოე ქობესაშვილის სააბონენტო ნომრის პორტირებისას კანონდარღვევას, მათ უკვე ექნებათ საფუძველი მიმართონ სასამართლოს და სასამართლო წესით მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება შპს „ჯეოსელისგან“.

   შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათთვის ცნობილია, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შესაძლოა დადგეს შპს „ჯეოსელის“ სანქცირების საკითხი და ისინი მზად არიან ამისთვის, თუმცა გაუგებარია რა სარგებელს მოუტანს შპს „ჯეოსელის“ სანქცირება ნოე ქობესაშვილს. ამავე დროს, შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სანქცირება წარმოადგენს კომისიის უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას და შესაბამისად, კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ კომისიამ არ გამოიყენოს სანქცია შპს „ჯეოსელის“ წინააღმდეგ.

  კომისიის სხდომაზე საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწემ, ე.ჭახრაკიამ აღნიშნა, რომ იგი ეთანხმება ნოე ქობესაშვილის წარმომადგენლების პოზიციას, შპს „ჯეოსელის“ სანქცირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ პორტირება განხორციელდა „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევით, რაც შეეხება ნოე ქობესაშვილისთვის ნომრის დაბრუნებას, ე.ჭახრაკიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ ნომრის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის მიერ გამოკვლეულ და ურთიერთშეჯერებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის ნათია შოვნაძის სამსახურებრივი ბარათი (18.05.2012 N10/368-12) თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალებით;

2. კომისიის მიერ მოქალაქე ნოე ქობესაშვილისთვის გაგზავნილი შეტყობინება (05.12.2012 N03/2839-12);

3. კომისიის მიერ შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნილი წერილები (05.12.2012 N03/2836-12 26.12.2012 N2996-12);

4. კომისიის მიერ შპს „ჯეოსელისთვის“ გაგზავნილი წერილი (05.12.2012 N03/2838-12);

5. კომისიის მიერ შპს „მედიაპრო ჯორჯიასთვის“ გაგზავნილი წერილი (05.12.2012 N03/2877-12);

6. შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია (11.12.2012 N6/7089-12);

7. შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის, ლევან გიორგაძის მიერ კომისიაში წარმოდგენილი განმარტება თანდართული დოკუმენტაციით (14.12.2012 N6/7175-12);

8. მომხმარებელ ნოე ქობესაშვილის წარმომადგენლების ნანი ფრიდონაშვილისა და ოლღა გიორგაძეს მიერ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი რწმუნებულება N121145498 22.10.2012 გაცემული ერთი წლის ვადით, მოქალაქე ნოე ქობესაშვილის მიერ და დამოწმებული ნოტარიუს ნანა ბაკურაძის მიერ;

9. კომისიის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სააბონენტო ნომრის 995 55 55 55 55 პორტირებასთან დაკავშირებით;

10. კომისიის სხდომაზე შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის, მომხმარებელ ნოე ქობესაშვილის წარმომადგენლებისა და საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის, ე.ჭახრაკიას მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები;

11. შპს „ჯეოსელსა“ და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის, 2011 წლის 14 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის მომსახურების შესახებ“; 

12. კომისიის აპარატის საფინანასო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (25.12.2012 N10/1506-12);

13. შპს „ჯეოსელის“ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

14. კომისიის 2012 წლის 29 მარტის N243/18 გადაწყვეტილება „შპს „ჯეოსელისთვის“ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალებისა და  მხარეთა მიერ კომისიის 2012 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებების საფუძველზე კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. 2005 წლის 11 ნოემბერს სათნოების სახლ „კათარზისში“ გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე შპს „საბმა“ შეიძინა შპს „ჯეოსელისგან“ სიმ ბარათი ნომრით 855-55-55-55 და 2005 წლის 14 ნოემბერს შპს „საბსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის გაფორმდა სააბონენტო ხელშეკრულება;

2. 2006 წლის 24 მაისს შპს „საბსა“ და შპს „ბასს“ შორის გაფორმდა შეთანხმება ნომრის მფლობელის შეცვლაზე და აღნიშნული შეთანხმებისა და 2006 წლის 24 მაისის სააბონენტო ხელშეკრულების საფუძველზე, სააბონენტო ნომრის 855 55-55-55 მფლობელად განისაზღვრა შპს „ბასი“;

3. 2009 წლის 12 ივნისს შპს „ბასსა“ და ფიზიკურ პირ ნოე ქობესაშვილს შორის გაფორმდა შეთანხმება ნომრის მფლობელის შეცვლაზე და აღნიშნული შეთანხმებისა და 2009 წლის 12 ივნისის სააბონენტო ხელშეკრულების საფუძველზე, სააბონენტო ნომრის 855 55-55-55 მფლობელად განისაზღვრა ფიზიკური პირი ნოე ქობესაშვილი;

4. 2011 წლის 5 სექტემბერს შპს „მაგთიკომს“ სააბონენტო ნომრის 995 55 55-55-55 პორტირების თაობაზე განცხადებით მიმართა მოქალაქე დავით პაპიაშვილმა (პირადი ნომერი:16001030590) და მოითხოვა სააბონენტო ნომრის 995 55 55-55-55 შპს „მაგთიკომის“ ქსელში პორტირება. შპს „მაგთიკომისგან“ შპს „ჯეოსელში“ გადაიგზავნა,  პორტირების განაცხადი. შპს „ჯეოსელის“ მხრიდან უარი ეთქვა დავით პაპიაშვილს აღნიშნული სააბონენტო ნომრის პორტირებაზე, ვინაიდან ნომერი არ ეკუთვნოდა დავით პაპიაშვილს.

5. 2011 წლის 14 სექტემბერს, შპს „მაგთიკომს“ სააბონენტო ნომრის პორტირების განაცხადით კვლავ მიმართა მოქალაქე დავით პაპიაშვილმა (პირადი ნომერი:16001030590) და მოითხოვა სააბონენტო ნომრის 995 55 55-55-55 შპს „მაგთიკომის“ ქსელში პორტირება;

6. შპს „მაგთიკომის“, როგორც დონორი ოპერატორის მიერ 2011 წლის 14 სექტემბერს 10:05:38 საათზე ადმინისტრატორის ბაზაში გადაგზავნილ იქნა პორტირების განაცხადი (NP Request), (შეტყობინება:10000004071971);

7. 2011 წლის 14 სექტემბერს 10:05:38 საათზე ადმინისტრატორმა დაუდასტურა შპს „მაგთიკომს“ განაცხადის მიღება (NP Request Confirmation) და დაგააგზავნა განაცხადი შპს „ჯეოსელთან“, როგორც დონორ ოპერატორთან (შეტყობინება:10000004071972);

8. 2011 წლის 15 სექტემბერს 10:05:03 საათზე, დონორი ოპერატორის მიერ პორტირებაზე თანხმობის, ან უარყოფისთვის განკუთვნილი 1 სამუშაო დღის გასვლის გამო,  ადმინისტრატორის მიერ განხორციელდა ავტომატური თანხმობა პორტირებაზე (NP Donor Accept) და შესაბამისი შეტყობინება:10000004099119 გადაიგზავნა შპს „მაგთიკომთან“; დონორი ოპერატორის მიერ პორტირებაზე თანხმობის, ან უარყოფისთვის განკუთვნილი 1 სამუშაო დღის გასვლის გამო,  ადმინისტრატორის მიერ მიმღებ ოპერატორთან ავტომატური დასტურის გადაგზავნის უფლებამოსილება გათვალისწინებულია შპს „ჯეოსელსა“ და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 14 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი N1-თ;

9. 2011 წლის 15 სექტემბერს 11:15:06 საათზე შპს „ჯეოსელმა“ ადმინისტრატორს გადაუგზავნა დაგვიანებული დასტური პორტირებაზე (Accept porting request), (შეტყობინება:10000004100708);

10. 2011 წლის 14 სექტემბერს შპს „მაგთიკომსა“ და მოქალაქე დავით პაპიაშვილს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ;

11. 2011 წლის 14 ნოემბერს მოქალაქე დავით პაპიაშვილსა და მოქალაქე ნანა გიუნაშვილს (პირადი ნომერი 59001096047) შორის გაფორმდა ტელეფონის ნომრის გადაფორმების შეთანხმება და სააბონენტო ნომრის 995 55 55-55-55 მფლობელი გახდა ნანა გიუნაშვილი;

12. 2011 წლის 12 დეკემბერს,  მოქალაქე ნანა გიუნაშვილსა (პირადი ნომერი 59001096047) და აზერბაიჯანის მოქალაქე ხაიამ ახვერდიევს (დროებითი ბინადრობის მოწმობა, პირადი N01092002020) შორის გაფორმდა ტელეფონის ნომრის გადაფორმების შეთანხმება და სააბონენტო ნომრის 995 55 55-55-55 მფლობელი გახდა ხაიამ ახვერდიევი;

13. 2012 წლის 10 ოქტომბერს აზერბაიჯანის მოქალაქე ხაიამ ახვერდიევსა (დროებითი ბინადრობის მოწმობა, პირადი N01092002020) და აზერბაიჯანის მოქალაქე აზდარ აზდაროვს (პასპორტის NP3717677) შორის გაფორმდა ტელეფონის ნომრის გადაფორმების შეთანხმება და სააბონენტო ნომრის 995 55 55-55-55 მფლობელი გახდა აზდარ აზდაროვი;

14. 2011 წლის 28 ნოემბერს, ნოე ქობესაშვილმა განცხადებით მიმართა შპს „ჯეოსელს“, რომ მის მფლობელობაში არსებული სააბონენტო ნომერი 5 55 55-55-55 სავარაუდოდ თაღლითური გზით პორტირებულ იქნა შპს „მაგთიკომის“ ქსელში და შპს „ჯეოსელისგან“ მოითხოვა ნომრის უკან დაბრუნება;

15. 2011 წლის 30 ნოემბერს, შპს „ჯეოსელის“ გენერალურმა დირექტორმა ოსმან თურანმა, განცხადებით მიმართა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსს ი.პაპიაშვილს, რომ მოქალაქე დავით პაპიაშვილმა, სააბონენტო ნომრის 995 55 55-55-55 პორტირება განახორციელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შედეგად. განცხადებაში, შპს „ჯეოსელის“ გენერალური დირექტორი ითხოვდა საკითხის შესწავლას და შესაბამისი რეაგირების მოხდებას.

16. 2011 წლის 13 დეკემბერს, ნოე ქობესაშვილმა განმეორებით მიმართა განცხადებით შპს „ჯეოსელს“, სადაც აღნიშნულია, რომ ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე ნოე ქობესაშვილის სააბონენტო ნომრის 995 55 55-55-55 შპს „მაგთიკომის“ ქსელში პორტირებასთან დაკავშირებით; აღნიშნულ საკითხზე ნოე ქობესაშვილმა განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოს და მოითხოვა მისი კუთვნილი ნომრის დაბრუნება და არა ზიანის სხვა სახით ანაზღაურება. ნოე ქობესაშვილმა 2011 წლის 13 დეკემბრის განცხადებით კიდევ ერთხელ მოითხოვა შპს „ჯეოსელისგან“ სააბონენტო ნომრის მისთვის დაბრუნება.

17. 2012 წლის 19 აპრილს მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა წერილობით (N9/142-12) მიმართა შპს „ჯეოსელს“ და მოითხოვა ნოე ქობესაშვილისთვის მისი კუთვნილი ნომრის უკან დაბრუნება.  შპს ,,ჯეოსელის“ 2012 წლის 2 მაისის N9/177 საპასუხო წერილის თანახმად, შპს ,,ჯეოსელი“ მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა, ვინაიდან სააბონენტო ნომრის 5 55 555555 პორტირების დროს ჩადენილ იქნა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოვლენილ და დაკავებულ იქნა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი დავით პაპიაშვილი. შპს ,,ჯეოსელის“ ინფორმაციით, დავით პაპიაშვილმა, პორტირების შემდეგ, ნოე ქობესაშვილის კუთვნილი ნომერი გადაუფორმა სხვა პირს. შპს ,,ჯეოსელის“ განცხადებით, შპს ,,მაგთიკომი“ მოკლებულია შესაძლებლობას ჩამოართვას ეს ნომერი დღევანდელ მფლობელს, რადგან სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს დადგენილია, რომ ის არის კეთილსინდისიერი მფლობელი.

18. შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა ცნობა 14.12.2012 N2/1335-12 სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ჯეოსელის“ აბონენტთა მონაცემების ადმინისტრირების ქვე-განყოფილების თანამშრომელთან ქ-ნ ნანა გელენავასთან 2011 წლის 1 დეკემბრიდან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია, მობილური ნომრის 555 55 55 55 მაგთიკომის ქველში შეცდომით პორტირების გამო. აღნიშნულ გაქტთან დაკავშირებით აბონენტთა მონაცემების ადმინისტრირების ქვე განყოფილების ყველა თანამშრომელს ასევე გამოეცხადა საყვედური.

19. კომისიის 2012 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე ნოე ქობესაშვილის წარმომადგენელმა - ოლღა გიორგაძემ დააზუსტა მოთხოვნა კერძოდ:

1. კომისიამ შეაფასოს, შპს „ჯეოსელის“ ქმედება სააბონენტო ნომრის არასწორ პორტირებასთან დაკავშირებით, რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას;

2. შპს „ჯეოსელის“ ქმედებაში კანონდარღვევის არსებობის შემთხვევაში, კომისიამ შპს „ჯეოსელის“ მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები;

20. შპს „ჯეოსელის“ მიმართ კომისიის 2012 წლის 29 მარტის N243/18 გადაწყვეტილების შესაბამისად სანქციის სახით გამოყენებულ იქნა გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62–ე მუხლის მე–4 პუნქტის ბ), ე) და ვ) ქვეპუნქტების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის  მე–4 მუხლის მე–6 პუნქტის, 21–ე მუხლის მე–7 პუნქტის,  22–ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის” დებულების მე–6 მუხლის მე–2 პუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის  დარღვევის გამო;

 ადმინისტრაციული წარმოების მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირი, ვალდებულია უზრუნველყოს ბოლო მომხმარებელის (აბონენტის) უფლება და შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი, მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და  მომსახურების მიწოდებაზე ერთი ავტორიზებული პირის მეორეთი შეცვლისას, განურჩევლად გამოყენებული ტექნოლოგიისა.

2. ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) მიერ მიმღებ ოპერატორთან წარდგენილი  განცხადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

ა.ა) პორტირების მსურველი პირის სახელს და გვარს;

ა.ბ) პორტირების მსურველი პირის  პირად ნომერს;

ა.გ) პორტირების მსურველი პირის იმ სააბონენტო  სატელეფონო ნომერს/ნომრებს, რომლის პორტირებასაც ითხოვს აბონენტი;

ა.დ) დონორი ოპერატორის სახელწოდებას;

ა.ე) პორტირების მსურველი პირის საკონტაქტო ინფორმაციას;

ა.ვ) სააბონენტო სატელეფონო ნომრის/ნომრების პორტირების სასურველ დროს;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

ბ.ა) პორტირების მსურველი იურიდიული პირის სახელწოდებას და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელს და გვარს;

ბ.ბ)იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდს;

ბ.გ) პორტირების მსურველი იურიდიული პირის იმ სააბონენტო  სატელეფონო ნომერს/ნომრებს, რომლის პორტირებასაც ითხოვს პირი;

ბ.დ)დონორი ოპერატორის სახელწოდებას;

ბ.ე) პორტირების მსურველი იურიდიული პირის საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ.ვ) სააბონენტო ნომრის/ნომრების პორტირების სასურველი დროს;

3.  დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დონორი ოპერატორი ვალდებულია  სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზიდან  ნომრის პორტირების შესახებ ელექტრონული მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 1 სამუშაო დღისა  შეავსოს და  სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში გადააგზავნოს ამავე ბაზის ადმინისტრატორის მიერ შემუშვებული ნომრის პორტირების მოთხოვნის ელექტრონულ ფორმაში, დონორი ოპერატორისთვის განკუთვნილი  სრულყოფილად შევსებული ნაწილი, მომხმარებლის (აბონენტის) მიერ მიმღებ ოპერატორთან წარდგენილი მონაცემების დადასტურების ან უარყოფის შესახებ.

4. დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნომრის პორტირება იზღუდება თუ სააბონენტო ნომერი, რომლის პორტირებასაც ითხოვს პირი ეკუთვნის სხვა პირს ან  სააბონენტო ნომრის მფლობელი დაუდგენელია;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ სააბონენტო ნომრის 995 55 55 55 55 პორტირებისას დარღვეულ იქნა:

1.  „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, შპს „ჯეოსელის“, როგორც დონორი ოპერატორის მიერ პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში  არ იქნა შევსებული და გადაგზავნილი ნომრის პორტირების მოთხოვნის ელექტრონულ ფორმაში, დონორი ოპერატორისთვის განკუთვნილი  სრულყოფილად შევსებული ნაწილი, მომხმარებლის (აბონენტის) მიერ მიმღებ ოპერატორთან წარდგენილი მონაცემების დადასტურების ან უარყოფის შესახებ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზიდან  ნომრის პორტირების შესახებ ელექტრონული მოთხოვნის მიღებიდან 1 დღის ვადაში. (შპს „ჯეოსელს“ მონაცემთა ცენტრალურ ბაზიდან განაცხადი გადაეგზავნა 2011 წლის 14 სექტემბერს 10:05:38 საათზე, ხოლო შპს „ჯეოსელმა“  მონაცემთა ცენტრალური ბაზას დასტური გადაუგზავნა 2011 წლის 15 სექტემბერს 11:15:06 საათზე);

2. „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც, სააბონენტო ნომრის პორტირება იზღუდება თუ სააბონენტო ნომერი, რომლის პორტირებასაც ითხოვს პირი ეკუთვნის სხვა პირს ან  სააბონენტო ნომრის მფლობელი დაუდგენელია; კერძოდ შპს „ჯეოსელმა“ პორტირებაზე დასტური განახორციელა ისე, რომ მის მიერ არ იქნა გადამოწმებული სააბონენტო ნომერი 995 55 55 55 55 ეკუთვნობა თუ არა დავით პაპიაშვილს, რომლის მიერაც იყო შევსებული პორტირების განაცხადი.  

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ჯეოსელის“ მიმართ კომისიის 2012 წლის 29 მარტის N243/18 გადაწყვეტილების შესაბამისად სანქციის სახით გამოყენებულ იქნა გაფრთხილება და აღნიშნული გაფრთხილების გამოყენების დღიდან არ გასულა ერთი წელი, ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (25.12.2012 N10/1506-12) შესაბამისად, შპს „ჯეოსელის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი აღემატება 30,000.00 (ოცდაათი ათასი) ლარს, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელს“ ჯარიმის სახით უნდა დაეკისროს 30,000.00 (ოცდაათი ათასი) ლარი.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  63-ე მუხლის, „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის,  მე-11 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  დაკმაყოფილდეს აბონენტ ნოე ქობესაშვილის მოთხოვნა შპს „ჯეოსელის“ სანქცირების თაობაზე;

2. შპს ,,ჯეოსელს” დაეკისროს ჯარიმა 30,000.00 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

3. უზრუნველყოს შპს ,,ჯეოსელმა” წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300773251;

4. უზრუნველყოს შპს „ჯეოსელმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯეოსელის“, მომხმარებელ ნოე ქობესაშვილისა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის გაგზავნა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

7. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

11. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეთათვის ჩაბარების დღიდან;

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი:                                                   კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრები:                                                                          ა.სიხარულიძე

                                                                                                                ი.მოსეშვილი