ერთი მხრივ, მომხმარებელ შპს ,,ბათუმის წყლისა“ და მეორე მხრივ, შპს ,,მაგთიკომს“ შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 289 / 16

გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2013

მიღების თარიღი აპრილი 26, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით მიმართა (11.03.2013; კომისიაში რეგისტრაციის №6/1260–13) შპს ,,ბათუმის წყალმა“ და ფიზიკურმა პირმა ირაკლი სოფრომაძემ, შპს ,,მაგთიკომის“ მიერ შპს ,,ბათუმის წყლისთვის“ დარიცხული 7837.50 ლარის  გაუქმებისა და 2012 წლის 2 ოქტომბრიდან 2012 წლის 30 ოქტომბრამდე  პერიოდში შპს ,,ბათუმის წყლის” სააბონენტო ნომერზე დარიცხული თანხის კორექტირების მოთხოვნით. კომისიაში წარმოდგენილი საჩივრის თანახმად, 2012 წლის 14 დეკემბერს შპს ,,ბათუმის წყალმა“ სადაო დავალიანებასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა შპს ,,მაგთიკომს“, თუმცა, შპს ,,მაგთიკომმა“ არ დააკმაყოფილა შპს ,,ბათუმის წყლის“ მოთხოვნა სადაო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე. განმცხადებლებს მიაჩნიათ, რომ შპს ,,მაგთიკომის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის გ) ქვეპუნქტითა და ე) ქვეპუნქტით დადგენილი წესები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ბათუმის წყლის“ და ფიზიკურ პირ ირაკლი სოფრომაძის საჩივრის განსახილველად მიღებისა და საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 10 აპრილს, რის თაობაზეც შეტყობინებებით ეცნობათ  შპს ,,ბათუმის წყალს“, ფიზიკურ პირ ირაკლი სოფრომაძეს და შპს ,,მაგთიკომს“ და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

2013 წლის 10 აპრილის კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ფიზიკური პირი ირაკლი სოფრომაძე, რომელიც სათანადოდ გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენდა შპს ,,ბათუმის წყლის“ ინტერესებს (№26 მინდობილობა  გაცემული შპს ,,ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორის ჯანსუღ ვარშალომიძის მიერ; მინდობილობა ძალაშია 2013 წლის 10 აპრილის მდგომარეობით) და შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელი დავით ძიძიგური.

2013 წლის 10 აპრილის კომისიის სხდომაზე განმცხადებელმა ირაკლი სოფრომაძემ დააზუსტა, რომ მოდავე მხარეს წარმოადგენდა შპს ,,ბათუმის წყალი“, ხოლო თავად ირაკლი სოფრომაძე სათანადოდ გაცემული მინდობილობის საფუძველზე წარმოებაში მონაწილეობდა, როგორც შპს ,,ბათუმის წყლის“ წარმომადგენელი.

შპს ,,ბათუმის წყლის“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე დააზუსტა, რომ შპს ,,ბათუმის წყალი“ სადაოდ ხდის იმას, რომ მისთვის გაწეული მომსახურებისთვის დარიცხული ტარიფი დარიცხულ იქნა არა იმ ოდენობით მიღებულ მომსახურებაზე, რა ოდენობით მომსახურებაც გაეწია მას, ხოლო მოპასუხე მხარედ დაასახელა შპს ,,მაგთიკომი“.

2013 წლის 10 აპრილის კომისიის სხდომაზე, შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დავით ძიძიგურმა აღნიშნა, რომ არ არის წინააღმდეგი კომისიამ განიხილოს ზემოაღნიშნული საჩივარი. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლის ახსნა–განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ბათუმის წყალს“ მომსახურება გაუწია შპს ,,ბი მობაილმა“, რომელთანაც შპს ,,მაგთიკომს“ გაფორმებული აქვს ვალდებულებით–სამართლებრივი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,მაგთიკომი“ ახდენს შპს ,,ბი მობაილთან“ ანგარიშსწორებას, როდესაც შპს ,,მაგთიკომის“ აბონენტები სარგებლობენ შპს ,,ბი მობაილის“ სერვისით. გამომდინარე აქედან, შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა საქმის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით, დავის განხილვაში კომისიამ ჩართოს შპს ,,ბი მობაილი“.

შპს ,,ბათუმის წყლის“ საჩივრის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტების, შპს ,,მაგთიკომის“ წერილობითი შეპასუხების და მასზე თანდართული დოკუმენტების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ  შპს ,,ბათუმის წყლის“ საჩივარი შპს ,,მაგთიკომის“ მიმართ წარმოებაში უნდა ყოფილიყო მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:

- ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით;

- ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებებსი დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება  კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად;

- შპს ,,მაგთიკომი“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) პუნქტის თანახმად, წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ძ) პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს;

-  შპს ,,მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა სააბონენტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, 2012 წლის 30 იანვარს შპს ,,მაგთიკომსა“ და შპს ,,ბათუმის წყალს“ შორის გაფორმდა შეთანხმება მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდების შესახებ, რის შედეგად შპს ,,ბათუმის წყალი“ გახდა შპს ,,მაგთიკომის“ მომხმარებელი. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, შპს ,,მაგთიკომი“ კისრულობს ვალდებულებას გაუწიოს შპს ,,ბათუმის წყალს“ მობილური სატელეფონო მომსახურება მომხმარებლისათვის გამოყოფილ სააბონენტო ნომრებზე შეთანხმების დანართში განსაზღვრული პირობებით;

- შპს ,,ბათუმის წყლის“ საჩივრის თანახმად, ირაკლი სოფრომაძე წარმოადგენს შპს ,,ბათუმის წყლის“ დირექტორის მოადგილეს. მას, როგორც კომპანიაში დასაქმებულ პირს სარგებლობაში გადაცემული აქვს შპს ,,მაგთიკომის“ კორპორატიული მობილური სატელეფონო ნომერი, რომელზეც დარიცხულია სადაო დავალიანება.

კომისიას ასევე, მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და აღნიშნულ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა დავის განხილვაში შპს ,,ბი მობაილის“ ჩართვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2013 წლის 10 აპრილის №243/23 გადაწყვეტილებით, შპს ,,ბათუმის წყლის“ საჩივარზე (11.03.2013; კომისიაში რეგისტრაციის №6/1260–13) შპს ,,მაგთიკომის“ წინააღმდეგ დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება და საკითხის განხილვის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2013 წლის 26 აპრილს. ამავე გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა შპს ,,მაგთიკომის“ შუამდგომლობა და ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის სტატუსით ჩართულ იქნა შპს ,,ბი მობაილი“.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 26 აპრილის სხდომასა და ზეპირ მოსმენაში მონაწილეობდნენ შპს ,,ბათუმის წყლის“ წარმომადგენელი ირაკლი სოფრომაძე, რომელიც სათანადოდ გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენდა შპს ,,ბათუმის წყლის“ ინტერესებს (2013 წლის 25 აპრილის №402 მინდობილობა  გაცემული შპს ,,ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორის ჯანსუღ ვარშალომიძის მიერ; მინდობილობა ძალაშია 2013 წლის 26 აპრილის მდგომარეობით), შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელი დავით ძიძიგური და შპს ,,ბი მობაილის“ დირექტორი ეკა არონია.

შპს ,,ბათუმის წყლის“ საჩივრის თანახმად, შპს ,,ბათუმის წყალი” არის შპს ,,მაგთიკომის“ აბონენტი; კორპორატიული მომსახურების ფარგლებში შპს ,,მაგთიკომის“ სიმ-ბარათები მფლობელობაში გადაცემული აქვთ შპს ,,ბათუმის წყლის“ დასაქმებულ პირებს; თითოეულ ნომერზე მომსახურების გადახდას უზრუნველყოფს შპს ,,ბათუმის წყალი“ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. თუმცა, ზოგიერთ ნომერზე განსაზღვრულია ე.წ. ულიმიტო მომსახურება. წარმოდგენილი საჩივრის თანახმად, შპს ,,ბათუმის წყლის“ დასაქმებულის ირაკლი სოფრომაძის უშუალო მფლობელობაში გადაცემულ ნომერზე (595009000) ჩართულია ულიმიტო მომსახურება და სატელეფონო ნომერი, როგორც წესი, გამოიყენება სატელეფონო საუბრებისთვის. შპს ,,ბათუმის წყლის“ საჩივრის თანახმად, 2012 წლის 2 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის შუალედში ხსენებულ სატელეფონო ნომერზე მოხდა 7837.50 ლარის დარიცხვა დავალიანების სახით. განმცხადებელი სადაოდ ხდის აღნიშნულ დავალიანებას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შპს ,,მაგთიკომის“ ამონაწერის მიხედვით, ხსენებული სააბონენტო ნომრიდან ერთიდაიგივე დროს წამის სიზუსტით დაფიქსირებულია რამდენიმე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა (ზოგიერთ შემთხვევაში 8-9 ჯერ) ისე, რომ გაგზავნის დრო წამებში ემთხვევა ერთმანეთს და ყოველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე დარიცხულია 9.44 ლარი. შპს ,,ბათუმის წყალს“ მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ ტექნიკურ ხარვეზს ან სხაგვარ უზუსტობას, რადგან მისი განმარტებით, წამში ერთზე მეტი მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა პრაქტიკულად შეუძლებელია. შპს ,,ბათუმის წყლის“ საჩივრის თანახმად, კომპანიამ 2012 წლის 14 დეკემბერს წერილობით მიმართა შპს ,,მაგთიკომს“ პრობლემის გარკვევის მიზნით, თუმცა, შპს ,,მაგთიკომმა“ შპს ,,ბათუმის წყლის“ მოთხოვნა უსაფუძვლოდ დარიცხული დავალიანების გასწორების თაობაზე არ დააკმაყოფილა და მოკლე ინტერვალებით მოკლე შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობა ახსნა იმით, რომ უწყვეტი და ხარისხიანი მომსახურების მისაღებად აუცილებელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია აბონენტის მოწყობილობა, რომელიც იძლევა ოპერატორის მიერ გამოყოფილი სიმ-ბარათის მეშვეობით ან მის გარეშე, განსაზღვრული მომსახურების მიღების შესაძლებლობას. შპს ,,ბათუმის წყალი“ აღნიშნულს არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეთავაზებული მომსახურების ადეკვატურობა მიღებულთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები შეუსაბამობის დროული, ჯეროვანი, სრული აღკვეთის მიზნით და ასევე, დარღვეულია ამავე რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელთა საჩივრების განხილვის გამჭვირვალე და ეფექტური მექანიზმი საჩივრის დროული და კანონიერი გადაწყვეტის მიზნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ბათუმის წყლის“ მოთხოვნაა, კომისიამ გააუქმოს შპს ,,მაგთიკომის“ მიერ განხორციელებული დარიცხვა 7837.50 ლარის ოდენობით და დაავალდებულოს შპს ,,მაგთიკომი“ მოახდინოს 2012 წლის 2 ოქტომბრიდან 2012 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდში დარიცხული თანხის კორექტირება. შპს ,,ბათუმის წყლის“ წარმომადგენელმა კომისიის 2013 წლის 26 აპრილის სხდომაზე დააზუსტა, რომ სადაოდ ხდის 4145 ნომრის მიმართულებით გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით მიღებული მომსახურებისთვის დარიცხულ თანხას. მისივე განცხადებით, ის ადასტურებს, რომ მისი შვილი სარგებლობდა აღნიშნული სერვისით, მაგრამ ამ მომსახურების მისაღებად გაგზავნილი აქვს არა უმეტეს 40-45 მოკლე ტექტური შეტყობინება.

შპს ,,მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი შეპასუხების თანახმად, შპს ,,ბათუმის წყალი“ სარგებლობდა შპს ,,მაგთიკომის“ მობილური სატელეფონო მომსახურებით 2012 წლის 30 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ბათუმის წყალს“ სარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდა სააბონენტო ნომრები, მათ შორის, ნომერი 595 009000. აღნიშნულ ნომერს მიეწოდებოდა ე.წ. ულიმიტო მომსახურება. შპს ,,მაგთიკომის” შეპასუხების თანახმად, შპს ,,მაგთიკომის“ მობილური საკომუნიკაციო მომსახურებით მოსარგებლე აბონენტს, გარდა უშუალოდ შპს ,,მაგთიკომის“ მიერ შეთავაზებული მომსახურებისა, საშუალება აქვს მიიღოს მესამე პირების (სხვა კომპანიების) მიერ შეთავაზებული სხვადასხვა სახის მომსახურებები. მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,მაგთიკომი“ არ ადგენს არც ტარიფს დ არც სხვა მომსახურების პირობებს; შპს ,,მაგთიკომის“ განმარტებით, სააბონენტო ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 10.5.2 პუნქტის თანახმად, ოპერატორს უფლება აქვს: მომსახურების ფარგლებში შესთავაზოს აბონენტს მესამე პირთა მომსახურებები და პროდუქტები, ამ შემთხვევაში მომსახურების პირობები და წესები, მათი მიღების საფასური, წესები და პირობები დგინდება მესამე პირების მიერ და შესაძლებელია შეიცვალოს ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე. ამ შემთხვევაში, შპს ,,მაგთიკომის“ განმარტებით, აბონენტი სარგებლობს არა შპს ,,მაგთიკომის“ არამედ უშუალოდ ამა თუ იმ მომსახურების გამწევი კომპანიის (მესამე პირის) მომსახურებით.

შპს ,,მაგთიკომის“ შეპასუხების თანახმად, მოცემულ შემთხვევაში სააბონენტო ნომრიდან 595 009000 განხორციელდა შპს ,,ბი მობაილის“ მიერ შეთავაზებული მომსახურებით სარგებლობა. შპს ,,მაგთიკომის“ შეპასუხების თანახმად, შპს ,,ბი მობაილის“ მომსახურება მოიცავს სხვადასხვა კონტენტის გამოწერას მობილურის საშუალებით (მელოდიები, თამაშები, და ა. შ.) და სწორედ აღნიშნული კონტენტის გამოწერის შედეგად დაგენერირდა დავალიანება. შპს ,,მაგთიკომის“ განცხადებით, შპს ,,ბათუმის წყლის“ მხრიდან აღნიშნულ დავალიანებაზე პრეტენზიის გამოთქმის შემდეგ, შპს ,,მაგთიკომი“ დაუკავშირდა შპს ,,ბი მობაილს“, რათა გადამოწმებულიყო დარიცხული დავალიანების კანონზომიერება. შპს ,,ბი მობაილისგან” მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ სააბონენტო ნომერმა 595 009000 ნამდვილად მიიღო მომსახურება და მის მიერ გამოწერილი კონტენტი სრულად იქნა გამოყენებული. ამასთან, შპს ,,მაგთიკომის“ განმარტებით, წამის მეასედში SMS–ის გაგზავნას, როგორც ამას შპს ,,ბათუმის წყალი“ უთითებს საჩივარში,  ადგილი არ ჰქონია. კონტენტის გამოწერისას ადგილი აქვს შემდეგ ქმედებებს: აბონენტი აგზავნის SMS–ს სპეც. ნომერზე, SMS–ის მიღების შემდგომ კონტენტ პროვაიდერი ადასტურებს შეკვეთის მიღებას. ამის შემდგომ, კონტენტ პროვაიდერი უგზავნის პასუხს აბონენტს SMS–ით, რაც თავის მხრივ წარმოადგენს აბონენტის მხრიდან მოთხოვნილი სერვისის მიღების დადასტურებას; წარმოდგენილ დეტალურ ანგარიშში, Usage date-ის ველში მოხვედრილია, როგორც აბონენტის მიერ გაგზავნილი SMS–ი (რომლის სტანდარტული საფასურია 6 თეთრი), ასევე, შეკვეთის მიღების დასტური (კონტენტის გამოწერა) კონტენტ პროვაიდერისგან  (რომლის საფასური არის კონტენტის ღირებულება). გამომდინარე აქედან, შპს ,,მაგთიკომის“ შეპასუხების თანახმად, დეტალურ ანგარიშში, Usage Date–ის ველში SMS–ის გაგზავნის დროის თანხვედრა არ ნიშნავს ერთი წამის განმავლობაში 2 SMS–ის გაგზავნას, არამედ ერთი ოპერაციის ფარგლებში განხორციელებულ ორ ქმედებას, ერთი მხრივ, აბონენტის მხრიდან SMS–ის გაგზავნას და მეორე მხრივ, კონტენტის გამოწერის დასტურს.  

შპს ,,მაგთიკომის“ წერილობითი შეპასუხებისა და შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლის დავით ძიძიგურის ახსნა-განმარტების თანახმად, მოცემულ შემთხვევაში აბონენტი სარგებლობდა არა შპს ,,მაგთიკომის“, არამედ შპს ,,ბი მობაილის“ მიერ შეთავაზებული მომსახურებით. ამდენად, შპს ,,მაგთიკომი“ ვერ უზრუნველყოფს სხვა კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურების ადეკვატურობას მიღებულთან ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიმწოდებლის (კონტენტ პროვაიდერის) მხრიდან ადგილი აქვს მომხმარებელთა უფლებების დარღვევას, შპს ,,მაგთიკომს“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შეუძლია მიიღოს შემდეგი ზომები: დააჯარიმოს ან შეწყვიტოს ხელშეკრულება მესამე პირთან. შპს ,,მაგთიკომის“ მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის დარღვევის თაობაზე  შპს ,,ბათუმის წყლის“ განცხადებასთან დაკავშირებით, შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ შპს ,,მაგთიკომში“ შექმნილია სპეციალური განყოფილება, რომელიც განიხილავს აბონენტთა პრეტენზიებს. მისივე განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში საპრეტენზიო განყოფილებამ მიმართა მომსახურების მიმწოდებელს შპს ,,ბი მობაილს“ და მისგან მიღებული პასუხის საფუძველზე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წერილობითი პასუხი გაუგზავნა შპს ,,ბათუმის წყალს“. ამდენად, დ. ძიძიგურის განმარტებით, შპს ,,მაგთიკომის“ მხრიდან შესრულებულ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

შპს ,,ბი მობაილის“ დირექტორის ეკა არონიას განმარტებით, მომსახურება, რომელიც მიეწოდა შპს ,,ბი მობაილს“ არის ინტერნეტ თამაში და აღნიშნული მომსახურების მისაღებად აუცილებელია ე.წ. კრისტალების შეძენა მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით განსაზღვრულ ნომერზე განსაზღვრული ტექსტით. მისივე განმარტებით, მომსახურების ნომრები განსხვავდება მისაღები კრისტალების რაოდენობისა და ღირებულების მიხედვით. მაგალითად, 2 ლარის ღირებულების  ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნისას მომხმარებელი ღებულობს 50 კრისტალს, ხოლო 9.50 ლარის ღირებულების ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში - 246 კრისტალს. შპს ,,ბი მობაილის“ დირექტორმა ეკა არონიამ აღნიშნა, რომ ინტერნეტ თამაშის მომსახურების მისაღებად, მომხმარებელი მომსახურების ფასიან ნომერზე აგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, თამაშის სახელწოდებით (პრეფიქსით), რის შემდეგ მომხმარებელს ანგარიშზე მოსდის კრისტალები. მისივე განცხადებით, შპს ,,ბი მობაილმა“ კომისიაში წარმოადგინა დეტალური ანგარიში, რომელშიც ასახულია, რომ შპს ,,ბი მობაილთან“ შემოვიდა შპს ,,ბათუმის წყლის“ კუთვნილი მობილური სატელეფონო ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შეტყობინებების ტექსტისა და ასევე, შპს ,,ბი მობაილისგან“ მომხმარებელთან გაგზავნილი მომსახურების გაწევის დასტურის მითითებით. ამასთან, ე. არონიას განცხადებით, შპს ,,ბი მობაილთან“ შემოსული მოკლე ტექტური შეტყობინებების რაოდენობა შეესაბამება იმ მოკლე ტექსტური შეტყობინებების რაოდენობას, რომელთათვისაც  შპს ,,მაგთიკომმა“ დაარიცხა სადაო თანხა შპს ,,ბათუმის წყალს“.

შპს ,,ბი მობაილის“ დირექტორის განმარტებით, ნუმერაციის რესურსი 4145 (ასევე, 4144 და 4143), რომლითაც  მომჩივან მხარეს გაეწია მომსახურება, მიენიჭა შპს ,,მაგთიკომის“ მიერ 2010 წელს და ის ადასტურებს, რომ აღნიშნულ ნომრებზე მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ღებულობდა 2012 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, თუმცა, ამჟამად, არ სარგებლობს ამ ნომრებით.

შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა კომისიის 2013 წლის 26 აპრილის სხდომაზე დაადასტურა, რომ  ნუმერაციის რესურსი 4145 საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით“ და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესებით“ გათვალისწინებული არ არის სატელეკომუნიკაციო ან არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად და მისი გამოყენებით მომსახურების მიწოდება კანონდარღვევაა. ამასთან, მან დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილია, რომ ის მომსახურება, რომელსაც შპს ,,ბი მობაილი“ უწევს მსურველ პირს,  ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად, განეკუთვნება  ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით დამატებითი ღირებულებით მიწოდებულ არასატელეკომუნიკაციო მომსახურებას. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ასევე, დაადასტურა, რომ მოქმედი  კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია ასეთი ნომერაციის რესურსის გაცემა და მისი გამოყენება, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით დამატებითი ღირებულებით მომსახურების გასაწევად.  თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ შპს ,,მაგთიკომი“ არ იყო აღნიშნული ნომრებით მოსარგებლე. მისივე განმარტებით, შპს ,,მაგთიკომმა“ შპს ,,ბი მობაილს“ ხელშეკრულების საფუძველზე მიანიჭა ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსი, მაშინ, როცა მისი გამოყოფა ზემოაღნიშნული დანიშნულებით აკრძალული არ იყო. ამასთან, მისი განცხადებით, შპს ,,ბი მობაილს“ სულ ცოტა 2012 წლის  27 ივნისიდან უნდა სცოდნოდა, რომ ამ ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევის უფლება არ ჰქონდა და მომსახურების გაწევა უნდა შეეწყვიტა.

შპს ,,ბი მობაილის“ დირექტორმა განაცხადა, რომ შპს ,,მაგთიკომმა“ გააფრთხილა შპს ,,ბი მობაილი“ 4145 (4143, 4144 და სხვ.) ნუმერაციის რესურსის ფორმატის შეცვლის თაობაზე. მისი განმარტებით, ოპერატორს ერთი თვე სჭირდება, რომ ტექნიკურად ქსელში ჩართოს ახალი ნომრები, ასევე, დრო სჭირდება კლიენტებთან შეთანხმებასთვის. შპს ,,ბი მობაილის” დირექტორის განცხადებით, სწორედ ზემოაღნიშნულის გამო, ვერ მოახერხა მომსახურებისთვის გამოყენებული ნომრების დროული შეცვლა, თუმცა, თავად ამ ნომრებს წლის ბოლოსთვის აღარ იყენებდა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 8 აპრილის №10/259–13 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საჩივარში აღნიშნული ნომრები 4143, 4144 და 4145 არ შეიძლება გაიცეს ავტორიზებული პირებისთვის, ვინაიდან, ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილების №3 დანართის მე–14 პუნქტის შესაბამისად, არასატელეკომუნიკაციო სერვისის მისაწოდებლად ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრების ფორმატი განისაზღვრა 9XXXX-თ. ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,ბი მობაილის“ მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურება წარმოადგენს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდებას დამატებული ღირებულებით. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 8 აპრილის №10/259–13 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №355 დადგენილებაში 2012 წლის 24 მაისს შევიდა ცვლილება, რის შედეგადაც განისაზღვრა ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრები. 2012 წლის 22 ივნისს მთავრობის დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანილ იქნა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“. კომისიის აღნიშნული დადგენილების ძალაში შესვლიდან მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს გონივრულ ვადაში უნდა ჩაენაცვლებინათ ოთხნიშნა ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრები 9XXXX ფორმატის ნომრებით. ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 8 აპრილს კომისიის სარგებლობაში არსებულ შპს ,,მაგთიკომის“ ნომრიდან 599 859052 განხორციელებულ იქნა სატესტო მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მომხმარებლის საჩივარში აღნიშნულ ნომრებზე, რა დროსაც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა არ შესრულდა, რაც კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დასკვნით, იმის მაჩვენებელია, რომ შპს ,,მაგთიკომს“ გათიშული აქვს აღნიშნული ნომრები. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 24 აპრილის №10/344-13 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,ბი მობაილი“ შპს ,,მაგთიკომის“ აბონენტი 4145 SMS ნომრით გახდა 2010 წლის პირველ ნოემბერს, რაც დასტურდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების №1 დანართით  და შპს ,,მაგთიკომმა” 4145 ნუმერაციის რესურსი შპს ,,ბი მობაილს“ გადასცა  ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრით დამატებული ღირებულებით არასატელეკომუნიკაციო სერვისის გასაწევად.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა შპს ,,ბათუმის წყლის“ მიერ წარმოდგენილი შპს ,,მაგთიკომის“ დეტალური ამონაბეჭდი სააბონენტო ნომერზე 595 009000 მიღებული მომსახურებების შესახებ და გამოარკვია, რომ 2012 წლის 2 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში არ ფიქსირდება 4145 SMS ნომრის მიმართულებით წამში ერთზე მეტი მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა და აღნიშნულ პერიოდში ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრით დამატებული ღირებულებით მიღებული არასატელეკომუნიკაციო მომსახურებისთვის 7837.50 ლარი სწორად არის დარიცხული (2013 წლის 24 აპრილის №10/344-13 სამსახურებრივი ბარათი). კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტმა შპს ,,მაგთიკომისა“ და შპს ,,ბი მობაილის“ ბილინგების დეტალური ამონაბეჭდების ურთიერთშედარების საფუძველზე გამოარკვია, რომ აღნიშნულ ამონაბეჭდებში სააბონენტო ნომრიდან  – 595 009000 ნომერზე 4145 დაფიქსირებულია 825 მოკლე ტექსტური შეტყობინება (2013 წლის 25 აპრილის №10/351–13 სამსახურებრივი ბარათი).

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.         შპს ,,ბათუმის წყლის“ 2013 წლის 11 მარტის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის №6/1260–13);

2.         შპს ,,ბათუმის წყლის“ 2012 წლის 14 დეკემბრის წერილი შპს ,,მაგთიკომს“;

3.         შპს ,,მაგთიკომის“ 2012 წლის 28 დეკემბრის წერილი შპს ,,ბათუმის წყალს“;

4.         შპს ,,მაგთიკომის“ დეტალური ამონაბეჭდი სააბონენტო ნომერზე 595 009000 მიღებული მომსახურებების შესახებ (საანგარიშო პერიოდი 01.10.2012–30.10.2012);

5.         შპს ,,მაგთიკომის“ 2013 წლის 5 აპრილის წერილობითი შეპასუხება (კომისიაში რეგისტრაციის №6/1821–13);

6.         შპს ,,მაგთიკომსა“ და შპს ,,ბი მობაილს“ შორის 2010 წლის პირველ ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება №1 დანართით;

7.         შპს ,,მაგთიკომის“ მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი სამსახურის უფროსის 2012 წლის 12 დეკემბრის ელექტრონული წერილი შპს ,,ბი მობაილის“ დირექტორს;

8.         შპს ,,ბი მობაილის“ 2012 წლის 24 დეკემბრის საპასუხო ელექტრონული წერილი შპს ,,მაგთიკომის“ მომხმარებელთა საჩივრების განმხილველ სამსახურს;

9.         შპს ,,ბი მობაილის“ დეტალური ამონაბეჭდი სააბონენტო ნომერზე 595 009000 ნომრიდან – 4145 გაწეული მომსახურების შესახებ (საანგარიშო პერიოდი 01.10.2012–30.10.2012);

10.      კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 8 აპრილის №10/259–13 სამსახურებრივი ბარათი;

11.      კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 24 აპრილის №10/344–13 სამსახურებრივი ბარათი;

12.      კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2013 წლის 25 აპრილის №10/351–13 სამსახურებრივი ბარათი;

13.      შპს ,,ბათუმის წყლის“ წარმომადგენლის ირაკლი სოფრომაძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა–განმარტება;

14.      შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლის დავით ძიძიგურის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა–განმარტება;

15.      შპს ,,ბი მობაილის“ დირექტორის ეკა არონიას მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა–განმარტება;

16.      მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერი შპს ,,მაგთიკომის“ შესახებ.

 ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.  შპს ,,მაგთიკომი“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) პუნქტის თანახმად, წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას;

2.   2012 წლის 30 იანვარს შპს ,,მაგთიკომსა“ და შპს ,,ბათუმის წყალს“ შორის გაფორმდა შეთანხმება მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდების შესახებ, რის შედეგად შპს ,,ბათუმის წყალი“ გახდა შპს ,,მაგთიკომის“ მომხმარებელი;

3.  2010 წლის პირველ ნოემბერს შპს ,,მაგთიკომსა“ და შპს ,,ბი მობაილს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს ,,მაგთიკომმა“ შპს ,,ბი მობაილს“ გადასცა ოთხნიშნა ნუმერაციის რესურსები (მათ შორის, 4145, 4144, 4143) ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით დამატებული ღირებულებით არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად;

4. შპს ,,ბათუმის წყლის“ სააბონენტო ნომრიდან – 595 009000 შპს ,,ბი მობაილის“ სარგებლობაში არსებულ 4145 ნომერზე  2012 წლის 2 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში განხორციელდა 825 მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა, რაც დასტურდება როგორც შპს ,,მაგთიკომის“, ისე შპს ,,ბი მობაილის“ დეტალური ამონაბეჭდებით 4145 ნომრიდან სააბონენტო ნომერზე – 595 009000 გაწეული მომსახურებების შესახებ, ასევე, დასტურდება, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დასკვნით (2013 წლის 25 აპრილის №10/351–13 სამსახურებრივი ბარათი);

5.  შპს ,,მაგთიკომის“ დეტალურ ამონაბეჭდში (საანგარიშო პერიოდი: 02.10.2012–30.10.2012) 4145 ნომრიდან სააბონენტო ნომერზე – 595 009000 გაწეული მომსახურებების შესახებ, არ ფიქსირდება 4145 ნომრის მიმართულებით წამში ერთზე მეტი მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა;

6.  შპს ,,ბათუმის წყლის“ სააბონენტო ნომერზე  – 595 009000 შპს ,,ბი მობაილის“ მიერ მომსახურების გასაწევად გამოყენებულ იქნა 4145 ნუმერაციის რესურსი, როგორც ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომერი;

7.  შპს ,,მაგთიკომმა“ შპს ,,ბათუმის წყლისთვის“ შპს ,,ბი მობაილის“ მიერ 2012 წლის ოქტომბრის თვეში გაწეული მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანების სისწორის დადგენის მიზნით, მიმართა შპს ,,ბი მობაილს“, რაც დასტურდება  შპს ,,მაგთიკომის“ მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი სამსახურის უფროსისა და შპს ,,ბი მობაილის“ დირექტორის ელექტრონული მიმოწერით;

8.   შპს ,,მაგთიკომის“ მიერ შპს ,,ბათუმის წყლის“ 2012 წლის 14 დეკემბრის საჩივარი განხილულ იქნა და აღნიშნულ საჩივარზე გადაწყვეტილება მომხმარებელს ეცნობა 2012 წლის 28 დეკემბერს წერილობით ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით დადგენილი ვადის დაცვით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ბათუმის წყლის“, შპს ,,მაგთიკომის“, შპს ,,ბი მობაილის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ახსნა–განმარტებების, ასევე, კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტისა და კომისიის აპარატის  ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების მასალების საფუძველზე არ დასტურდება, რომ შპს ,,ბათუმის წყალმა“ არ მიიღო შპს ,,ბი მობაილისგან“ ნომრით 4145 მომსახურება სააბონენტო ნომერზე 595 009000 და მას არამართლზომიერად ზედმეტად დაერიცხა აღნიშნული მომსახურების ღირებულება. შპს ,,ბათუმის წყალმა“ ასევე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება შპს ,,მაგთიკომის“ მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის გ) ქვეპუნქტითა და ე) ქვეპუნქტით დადგენილი წესების დარღვევის თაობაზე. გამომდინარე აქედან, შპს ,,ბათუმის წყლის“ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 კომისია დამატებით აღნიშნავს,  ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 18 ნოემბრის საქართველოს მთავრობის №355 დადგენილებაში 2012 წლის 24 მაისს შესული ცვლილების შედეგად განისაზღვრა მოკლე ტექტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრების განმარტება, კერძოდ, ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის ჰ)23 ქვეპუნქტის შესაბამისად, მოკლე ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრები წარმოადგენენ ციფრების კომბინაციას, რომელზეც ხდება მომხმარებლის მიერ ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების გაგზავნა სხვადასხვა სახის მომსახურებების მიღების მიზნით. ამავე ცვლილების შედეგად, აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული დებულების  №3 დანართის მე-14 პუნქტის შესაბამისად, სხვადასხვა სახის მომსახურების მისაწოდებლად ტექსტური/ მულტიმედიური შეტყობინების ნომრები განსაზღვრულია 9XXXX  ფორმატით. 2012 წლის 22 ივნისს აღნიშნულ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანილ იქნა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის დადგენილება ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“. ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უფასო, სტანდარტული ტარიფით, დამატებული ღირებულებით, დამატებული ღირებულების (საქველმოქმედო), დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული), დამატებული ღირებულების (მოზრდილთათვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისების მისაწოდებლად განკუთვნილი  ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრების ფორმატი 5 ციფრიანია (9XXXX). კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ ცალკე შესწავლის საგანი უნდა გახდეს შპს ,,მაგთიკომის“ და შპს ,,ბი მობაილის“ მიერ ოთხნიშნა ნუმერაციის რესურსის (მათ შორის, 4145, 4144, 4143) გამოყენებით მომსახურების განხორციელებით ადგილი აქვს თუ არა კანონდარღვევას, ხოლო კანონდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს აღნიშნული კანონდარღვევის ჩამდენი სუბიექტი და გამოყენებულ უნდა იქნას მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63–ე მუხლის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     არ დაკმაყოფილდეს შპს ,,ბათუმის წყლის“ მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო;

2.         დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ბათუმის წყლისთვის“ და შპს ,,მაგთიკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3.         დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტაციულ დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე) შპს ,,ბი მობაილისა“ და შპს ,,მაგთიკომის“ მიერ ოთხნიშნა ნუმერაციის რესურსის (მათ შორის, 4145, 4144, 4143) გამოყენების მართლზომიერების  დადგენის მიზნით მონიტორინგის ჩატარება და შემოწმების აქტის შედგენა;

4.         გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

5.         გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ.,№6) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარე                                                      კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                    სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                    აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                    ირაკლი მოსეშვილი