ფიზიკურ პირ რომან კუსიანის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 551 / 23

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2013

მიღების თარიღი სექტემბერი 06, 2013

 

ფიზიკურ პირ რომან კუსიანის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით. კომისია აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 18 ივლისს კომისიას საჩივრით მიმართა ფიზიკურმა პირმა რომან კუსიანმა (18.07.2013; №6/3747-13). აღნიშნული საჩივრის თანახმად, 2012 წლის 28 სექტემბერს მასობრივი საინფორმაციო-სატელევიზიო საშუალებებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შემდგარია საუბარი რომან კუსიანსა და სანდრო ბრეგაძეს შორის. განმცხადებლის განმარტებით, საუბრის ხანგრძლივობამ შეადგინა 3 წუთი და მიმდინარეობდა ჟარგონულ ენაზე, რა დროსაც საუბარში მონაწილე პირების მიერ გამოყენებულ იქნა უხეში ლექსიკონი. რ. კუსიანის განცხადებით, აღნიშნული ჩანაწერის გავრცელებით, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს ,,მაგთიკომის“ მიერ უხეშად დაირღვა რ. კუსიანის საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებული უფლებები მისი პირადი ჩანაწერებისა და სატელეფონო საუბრების ხელშეუხებლობის შესახებ. ამავე საჩივრის თანახმად, აღნიშნული საუბრის შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში გასვლით და შპს ,,მაგთიკომის“ უნებართვო ჩართვით დარღვეული იქნა ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის  25-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი მომხმარებლის კანონიერი ინტერსების გათვალისწინებით, უფლებამოსილია თავად განსაზღვროს მომსახურების კონკრეტული სახეობით მომხმარებლის წესები, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას და რომელიც, შეიძლება მოიცავდეს დამატებით უფლებებსა თუ ვალდებულებებს. ამასთან, განმცხადებელმა ამავე რეგლამენტის 26-ე-27-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა კომისიის მიერ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და შპს ,,მაგთიკომის“ მიერ ჩადენილი დარღვევების განხილვა და მათი მოქმედებების მიმართ კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. განმცხადებლის საჩივარში ასევე მითითებულია ბმულის მისამართი, რომელზედაც  საჩივრის თანახმად, ხელმისაწვდომია ბრეგაძე-კუსიანის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი (http://itv.ge/?m=16&CID=25158).

                კომისია აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირ რომან კუსიანის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საკითხის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 2 აგვისტოს, 16.00 საათზე.  აღნიშნულის თაობაზე განმცხადებელს, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს და შპს ,,მაგთიკომს“ ეცნობათ შეტყობინებით, რომელიც გაეგზავნათ დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

                კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელი დავით ძიძიგური და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი თამთა მურადაშვილი. რომან კუსიანის წარმომადგენლები გიორგი ნასყიდაშვილი და მიხეილ ელიკაშვილი (მოქმედნი რომან კუსიანის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დამოწმებული 2013 წლის 3 ივნისის მინდობილობის საფუძველზე; სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №130547163; მინდობილობა ძალაშია 2015 წლის 3 ივნისის ჩათვლით) აღნიშნულ სხდომას არ ესწრებოდნენ. კომისიაში 2013 წლის 2 აგვისტოს შემოვიდა გ. ნასყიდაშვილის და მ. ელიკაშვილის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/4225-13) რომლითაც მათ მოითხოვეს საკითხის განხილვის მიზნით სხდომის გადადება იმ საფუძვლით, რომ კომისიის სხდომა დროში დაემთხვა სასამართლო სხდომას. ამასთან, ამავე განცხადებაში მათ მიუთითეს, რომ იქნებოდნენ შვებულებაში 2013 წლის 5 აგვისტოდან 25 აგვისტომდე, რის გამოც აღნიშნულ პერიოდში ვერ შეძლებდნენ კომისიის სხომაზე გამოცხადებას. რ. კუსიანის წარმომადგენლებმა განცხადებაში ასევე წარმოადგინეს 2013 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეების სასამართლო სხდომათა განრიგი. ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება (02.08.2013; №479/17) საკითხის განხილვის მიზნით  სხდომის 2013 წლის 30 აგვისტოს, 16.00 საათზე გადადების შესახებ, რის თაობაზეც შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისა და შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლები კომისიის 2013 წლის 2 აგვისტოს სხდომაზე გაფრთხილდნენ, ხოლო ფიზიკურ პირ რომან კუსიანს ეცნობა შეტყობინებით.

                კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 14 აგვისტოს №03/1709-13 წერილით შპს ,,მაგთიკომს“ მოეთხოვა კომისიაში ფიზიკურ პირ რომან კუსიანთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულების წარმოდგენა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კომისიის 2013 წლის №1747-13 წერილით ფიზიკურ პირ რომან კუსიანს მოეთხოვა კომისიაში შპს ,,მაგთიკომთან“ გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულების წარმოდგენა, ასეთის არსებობის შემთხვევაში ან ეცნობებინა კომისიისთვის მის სარგებლობაში არსებული სატელეფონო ნომერი, რომლითაც ღებულობს შპს ,,მაგთიკომის“ მობილურ სატელეფონო მომსახურებას.

                კომისია აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირ რომან კუსიანის წარმომადგენლის მ. ელიკაშვილის კომისიაში 2013 წლის 26 აგვისტოს შემოსული განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №9/73-13) თანახმად, რომან კუსიანი სარგებლობდა და მიმდინარე წლის 26 აგვისტოს მდგომარეობითაც სარგებლობს შპს ,,მაგთიკომის“ სატელეფონო ნომრით - 5 99 56 83 XX, ხოლო შპს ,,მაგთიკომთან“ მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ რომან კუსიანს წერილობითი ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ განცხადებას თან ერთვის წერილობითი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ ზემოთ ხსენებული სატელეფონო ნომერი გაფორმებულია რომან კუსიანის სახელზე და არის მის პირად სარგებლობაში. მ. ელიკაშვილის 2013 წლის 26 აგვისტოს განცხადებას თან ერთვის შპს ,,მაგთიკომის“ რეალიზაციისა და აბონენტთა მომსახურების №3 ოფისის მენეჯერის მოადგილის ელენე შანიძის მიერ 2013 წლის 23 აგვისტოს გაცემული ცნობა, რომლის თანამად, ნომერი 5 99 56 83 XX გაფორმებული იყო რომან კუსიანის სახელზე 2002 წლის 23 აპრილიდან 2007 წლის 12 ივნისის პერიოდში, ასევე, ცხრილი ამონაბეჭდის სახით, სხვადასხვა პერიოდში სატელეფონო ნომრით - 5 99 56 83 XX მოსარგებლე აბონენტთა შესახებ, მპგ ,,თავისუფალი დემოკრატების“ მიერ 2013 წლის 23 აგვისტოს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, ფიზიკურმა პირმა რომან კუსიანმა თავისი პირადი საკონტაქტო ნომერი 5 99 5683XX გადააფორმა 2011 წლის 22 დეკემბრიდან მპგ ,,თავისუფალი დემოკრატების“ კორპორატიულ ნომერთა ნუსხაში და დღემდე (2013 წლის 23 აგვისტოს მდგომარეობით) ამ ნომერს იყენებს პირადი სარგებლობისთვის.

                კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში 2013 წლის 27 აგვისტოს შემოვიდა შპს ,,მაგთიკომის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/4770-13), რომლის თანახმად, 2011 წლის 22 დეკემბერს, ფიზიკურ პირ რომან კუსიანზე რეგისტრირებული სააბონენტო ნომერი 599 5683XX გადაფორმდა იურიდიულ პირზე, კერძოდ, როგორც ირკვევა საქმის მასალებიდან მპგ ,,თავისუფალ დემოკრატებზე“. შპს ,,მაგთიკომის“ 2013 წლის 27 აგვისტოს წერილს თან ერთვის შპს ,,მაგთიკომსა“ და ფიზიკურ პირ რომან კუსიანს შორის 1999 წლის 18 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების ასლი.

                კომისია აღნიშნავს, რომ რ. კუსიანის წარმომადგენელს მ. ელიკაშვილს კომისიის მიერ წერილობით მოეთხოვა (კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს №03/1816-13 წერილი) კომისიის მიმდინარე წლის 30 აგვისტოს სხდომაზე მგპ ,,თავისუფალი დემოკრატების“ მიერ რ. კუსიანისა და მისი წარმომადგენლების სახელზე გაცემული მიდნობილობის წარმოდგენა, რომლის საფუძველზეც აღნიშნული პირები უფლებამოსილნი იქნებოდნენ მონაწილეობა მიეღოთ ადმინისტრაციულ წარმოებაში მგპ ,,თავისუფალი დემოკრატების“, როგორც შპს ,,მაგთიკომის“ აბონენტის სახელით.

                კომისიის 2013 წლის 30 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელი დ. ძიძიგური, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი თ. მურადაშვილი და ფიზიკურ პირ რომან კუსიანის წარმომადგენელი მ. ელიკაშვილი.  კომისიის სხდომაზე მ. ელიკაშვილმა განაცხადა, რომ კომისიის 2013 წლის 29 აგვისტოს №03/1816-13 წერილი მას ჩაბარდა მიმდინარე წლის 29 აგვისტოს. ამასთან, მისი განცხადებით,  ვერ მოხერხდა წერილში აღნიშნული ინფორმაციის მპგ ,,თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მიწოდება და შესაბამისად, ის სხდომაზე ვერ წარმოადგენდა მპგ ,,თავისუფალი დემოკრატების“ მხრიდან რაიმე იურიდიულ დოკუმენტს, რომლითაც დაადასტურებდა აღნიშნული პარტიის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმის სურვილს. გამომდინარე აქედან, მან დააყენა შუამდგომლობა საკითხის განხილვის მიზნით  სხდომის გადადების თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება  (30.08.2013; №530/17) სხდომის 2013 წლის 6 სექტემბერს, 16.00 საათზე გადადების შესახებ, რის თაობაზეც დაინტერესებული მხარეები კომისიის 2013 წლის 30 აგვისტოს სხდომაზე გაფრთხილდნენ.

                კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 6 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელი დ. ძიძიგური, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი თ. მურადაშვილი და ფიზიკურ პირ რომან კუსიანის წარმომადგენლები მ. ელიკაშვილი და გ. ნასყიდაშვილი. რ. კუსიანის წარმომადგენლებმა კომისიის სხდომაზე წარმოადგინეს მპგ ,,თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის ი. ქადაგიშვილის მიერ 2013 წლის 5 სექტემბერს გაცემული №136-111 მინდობილობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რომან კუსიანს, მიხეილ ელიკაშვილს და გიორგი ნასყიდაშვილს მიენიჭათ აღნიშნული პარტიის კანონიერი ინტერესების წარმოდგენა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში. ამასთან, მათ დააზუსტეს, რომ მოდავე მხარეს წარმოადგენდა განმცხადებელი რომან კუსიანი და არა მპგ ,,თავისუფალი დემოკრატები“.

                კომისიის 2013 წლის 6 სექტემბრის სხდომაზე შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დ. ძიძიგურმა განაცხადა, რომ კომისიამ არ უნდა მიიღოს წარმოებაში რ. კუსიანის საჩივარი, ვინაიდან, აღნიშნული საჩივრის განხილვა არ შედის კომისიის კომპეტენციაში. მისი განმარტებით, საჩივარში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის დარღვევაზე, რომელიც არ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას და თუ დადგინდა აღნიშნული ფაქტი, ეს უფრო სისხლის სამართლის დანაშაულია, ვიდრე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონმდებლობის დარღვევა. დ. ძიძიგურის განცხადებით, მოდავე მხარე თავის საჩივარში უთითებს ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი მომხმარებლის კანონიერი ინტერსების გათვალისწინებით, უფლებამოსილია თავად განსაზღვროს მომსახურების კონკრეტული სახეობით მომხმარებლის წესები, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ კანონმდებლობას და რომელიც, შეიძლება მოიცავდეს დამატებით უფლებებსა თუ ვალდებულებებს. დ. ძიძიგურის განმარტებით, მოცემულ მუხლში არ არის საუბარი სატელეფონო, პირადი ჩანაწერების გაცემის აკრძალვა-არ აკრძალვაზე. მისი განცხადებით, ეს არის აღმჭურველი და არა მავალდებულებელი ნორმა მომსახურების მიმწოდებლისთვის. ამასთან, კომისიის სხდომაზე შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომისია არ არის ზოგადი იურისდიქციის ორგანო, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი დავა განიხილოს და მას აქვს კანონით განსაზღვრული კომპეტენცია, რომლის ფარგლებშიც შეუძლია განიხილოს დავა მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ასევე, აღნიშნა, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება  მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან  განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი  განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს. დ. ძიძიგურის განმარტებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით გადაცემული ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ვალდებულების დარღვევა არის საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაცული და საქართველოს კონსიტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევა. შესაბამისად, მისი განცხადებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს და კომისიამ არ უნდა მიიღოს საჩივარი წარმოებაში. ამასთან, შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ რომან კუსიანი წარმოადგენს შპს ,,მაგთიკომის“ აბონენტს.

შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა თამთა მურადაშვილმა კომისიის 2013 წლის 6 სექტემბრის სხდომაზე განაცხადა, რომ ფიზიკურ პირ რომან კუსიანს უარი უნდა ეთქვას წარმოებაში საჩივრის მიღებაზე. მისი განმარტებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-2 მუხლის თანახმად, რეგლამენტი ადგენს მომხმარებლისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების ზოგად წესებს, აგრეთვე ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების გაწევის წესებსა და პირობებს, რაც სავალდებულოა შესასრულებლად ამ ტიპის საკომუნიკაციო მომსახურების ნებისმიერი მიმწოდებლისა და მომხმარებლისათვის და მისი მიზანია უზრუნველყოს სათანადო მომსახურებისა და მომხმარებელთა უფლებებისა და კანონერი ინტერესების დაცვა. თ. მურადაშვილის განცხადებით, ამავე რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტი განსაზღვრავს, რომ თუ ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებელი საკუთარი ტექნიკური მიზეზით ვერ ახერხებს თავის საკუთრებაში არსებული ქსელის დაცვას, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია მესამე პირთა მიერ უნებართვო ჩართვის რისკის არსებობის თაობაზე და ტექნიკური შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში შესთავაზოს მას გაფართოებული მომსახურება უნებართვო ჩართვისგან დასაცავად. თ. მურადაშვილის განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმები ადგენენ ვალდებულებას ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებლის მიმართ. თ. მურადაშვილი შეპასუხებაში ასევე უთითებს, რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ბ), ზ) და თ) ქვეპუნქტებზე, რომლებიც მისი განცხადებით, განმარტავენ თუ რა არის ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურება და ვინ არის ასეთი მომსახურების მიმწოდებელი. თ. მურადაშვილის შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურება არის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის სასარგებლოდ გაწეული ადგილობრივი ელექტრონული საკომუნიკაციო (სატელეფონო) კავშირით მომსახურება; ამავე პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება არის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის ადგილობრივი, საერთაშორისო, საქალაქთაშორისო, მობილური საკომუნიკაციო კავშირით, ინტერნეტით, ასევე გაფართოებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, ხოლო თ) ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი  ან მისი  ქსელის  შესაბამის  ელემენტებთან  ან რესურსებთან დაშვებული  ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს  ან ახორციელებს  ქსელის  ამ  ელემენტებით  ან რესურსებით  ელექტრონული  საკომუნიკაციო  მომსახურების  მიწოდებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. მურადაშვილის განცხადებით, შპს ,,რუსთავი 2“, როგორც მაუწყებელი არ მოიაზრება იმ მომსახურების გამავრცელებლად, რომელიც დადგენილია ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტით და მაუწყებელი არ ექცევა მითითებული ნორმის რეგულირების ქვეშ. კომისია აღნიშნავს, რომ თ. მურადაშვილმა აღნიშნული ახსნა-განმარტება კომისიაში წარმოადგინა წერილობითი ფორმით (29.08.2013; კომისიაში რეგისტრაციის №6/4776-13).

                კომისიის 2013 წლის 6 სექტემბრის სხდომაზე თ. მურადაშვილმა დაადასტურა, რომ მოდავე მხარის მიერ განცხადებაში აღნიშნული საკითხის რეგულირება არ არის გათვალისწინებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. მან ასევე დაადასტურა, რომ ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის საკითხებში ვალდებულებებს აკისრებს მაუწყებლებს.

კომისია აღნიშნავს, რომ რომან კუსიანის საჩივრის, მხარეთა მიერ დამატებით წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომის“ მიმართ ფიზიკურ პირ რომან კუსიანის საჩივრის საფუძველზე კომისიის მიერ უნდა დაიწყოს  ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ფიზიკურ პირ რომან კუსიანსა და შპს ,,მაგთიკომს“ შორის დავის განხილვის მიზნით,  ხოლო შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ ამავე საჩივრის საფუძველზე ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე განმცხადებლს უნდა ეთქვას უარი შემდეგი გარემოებების გამო:

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებებსი დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება  კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ შესაბამისად.

შპს ,,მაგთიკომი“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) პუნქტის თანახმად, წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ძ) პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს.

ფიზიკური პირი რომან კუსიანი წარმოადგენს შპს ,,მაგთიკომის“ მობილური სატელეფონო მომსახურების მომხმარებელს შპს ,,მაგთიკომის“ მიერ მპგ ,,თავისუფალი დემოკრატებისთვის“ მიწოდებული კორპორატიული მომსახურების ფარგლებში და ღებულობს აღნიშნულ მომსახურებას სააბონენტო ნომერზე 5 99 5683XX.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინფორმაცია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მომხმარებლის შესახებ, აგრეთვე აღნიშნული ქსელების მეშვეობით მომხმარებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია საიდუმლოა და მისი დაცვა გარანტირებულია  საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებული ყველა სუბიექტი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საიდუმლოება. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მუშაკები და სხვა პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ ინფორმაციის საიდუმლოებას, პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების  დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს მომხმარებლებისთვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების წესებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წინამდებარე რეგლამენტი სავალდებულოა შესასრულებლად ნებისმიერი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლისათვის. ამავე რეგლამენტის მე-8 მუხლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია არ გასცეს მოხმარებლის  პერსონალური ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი საქართველოს კანონით, ხოლო აღნიშნული რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, პერსონალური ინფორმაცია არის ინფორმაცია მომხმარებლის ვინაობის, ტექნიკური საშუალების განთავსების მისამართის, ტელეფონის ნომრის, მიღებული მომსახურებისა და გადახდის შესახებ, ასევე მომხმარებლის სხვა მონაცემები, რომელიც ახდენს მომხმარებლის იდენტიფიცირებას.

            კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც ფლობს კერძო მაუწყებლობის №B9, №B101, №B103 და №B137 ლიცენზიებს. კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ  „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის კ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

კომისია  განმარტავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელთა ქცევის კოდექსი მიღებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად  და განსაზღვრავს მაუწყებლის მიერ პროგრამის მომზადებისა და გადაცემის პრინციპებს, წესებსა და სახელმძღვანელო რეკომენდაციებს. ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 35-ე მუხლი ადგენს მაუწყებლის მიერ  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისათვის წაყენებულ მოთხოვნებს (წესებს). ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. ამდენად, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ რ. კუსიანის საჩივრის განხილვა სცილდება კომისიის კომპეტენციის ფარგლებს და მისი განხილვა უნდა მოხდეს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, კომისიას მიაჩნია, რომ ფიზიკურ პირ რომან კუსიანს უარი ეთქვას საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ, ხოლო შპს ,,მაგთიკომის“ მიმართ რ. კუსიანის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება უნდა დაიწყოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) და ძ) პუნქტების, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის კ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, 591 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის, 53-ე მუხლის, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მ) ქვეპუნქტის,  მე-8 მუხლის, 32-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.                   დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ერთი მხრივ, ფიზიკურ პირ რომან კუსიანსა და მეორე მხრივ,  შპს ,,მაგთიკომს“ შორის დავის განხილვის მიზნით;

2.                    შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე ფიზიკურ პირ რომან კუსიანს ეთქვას უარი;

3.                   საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2013 წლის 27 სექტემბერს, 16.00 საათზე;

4.                    დაინტერესებული მხარეები კომისიის სხდომაზე გაფრთხილდნენ კომისიის მომდევნო სხდომის გამართვის ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ;

5.                   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6.                   გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის დაინტერესებული მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

7.                   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გარდა გადაწყვეტილების მე-2 პუნქტისა, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის დაინტერესებული მხარისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

8.                   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-5 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                            კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                           სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                           აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                           ირაკლი მოსეშვილი