ფიზიკურ პირ მალხაზ გობოსაშვილსა და შპს ,,მობიტელს“ შორის დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 274 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2014 18:37

მიღების თარიღი მაისი 29, 2014

 

ფიზიკურ პირ მალხაზ გობოსაშვილსა და შპს ,,მობიტელს“ შორის დავაზე ადმინისტრაციული წარმოების  შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“)  აღნიშნავს, რომ 2014 წლის 23 აპრილს კომისიას მიმართა კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა (შემდგომში ,,საზოგადოებრივი დამცველი“) თამთა ტეფნაძემ (2014 წლის 23 აპრილის №10/636-14 სამსახურებრივი ბარათი). აღნიშნული სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს განსახილველად გადაეცა  ფიზიკურ პირ მალხაზ გობოსაშვილის 2014 წლის 20 თებერვლის (კომისიაში რეგისტრაციის №6/1013-14) საჩივარი. საჩივრის ავტორის განცხადებით, 2013 წლის დეკემბერს, შპს ,,მობიტელმა“ გაფრთხილების გარეშე ჩამოართვა აქტიური სატელეფონო ნომერი და გაასხვისა სხვა პირზე, რის გამოც ის ითხოვს შპს ,,მობიტელის“ მიერ მისთვის ჩამორთმეული სატელეფონო ნომრის - 571 718XXX დაბრუნებას და კომისიის მიერ შპს ,,მობიტელის“ მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებას.

   საზოგადოებრივი დამცველის მომართვიდან ირკვევა, რომ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, საზოგადოებრივმა დამცველმა 2014 წლის 26 თებერვალს წერილობით (წერილი №9/164-13) მიმართა შპს ,,მობიტელს“. შპს ,,მობიტელის“ 2014 წლის 6 მარტის №90/14 საპასუხო წერილის თანახმად, მალხაზ გობოსაშვილის კუთვნილი ნომრის 571 718XXX გასხვისება მოხდა აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულების 2.3.2 პუნქტის საფუძველზე. აღნიშნულ ნომერზე დადებითი ბალანსი ირიცხებოდა 2013 წლის 7 იანვარს, როდესაც განხორციელდა ბოლო ფასიანი მომსახურება, რის შემდეგაც აბონენტს არანაირი ფასიანი მომსახურება არ მიუღია, ხოლო ხელშეკრულების 2.3.2 პუნქტის საფუძველზე თუ აბონენტს აქვს დადებითი, ნულოვანი ან უარყოფითი ბალანსი და 90 დღის განმავლობაში მას არანაირი ფასიანი მომსახურება არ მიუღია, კომპანიას შეუძლია შეუწყვიტოს აბონენტს მომსახურება. ამავე წერილის თანახმად, აბონენტმა საჩივარი შეიტანა კომპანიაში 2014 წლის 16 იანვარს და ამავე დღეს სიტყვიერად განემარტა სატელეფონო ნომრის ხელშეკრულების 2.3.2 პუნქტის საფუძველზე გასხვისების თაობაზე. შპს ,,მობიტელის“ საპასუხო  წერილის თანახმად, აბონენტის საჩივარი გადაეგზავნა კომპანიის საჩივრების განმხილველ სამსახურს, საიდანაც მას დაუკავშირდნენ და განუმარტეს სატელეფონო ნომრის გასხვისების საფუძველი და შესთავაზეს იგივე ღირებულების სხვა ნომერი, რაზეც მან უარი განაცხადა.

საზოგადოებრივი დამცველის მომართვიდან ირკვევა, რომ მან ხელმეორედ მიმართა წერილობით შპს ,,მობიტელს“ იმ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის მოთხოვნით, რომელიც შპს ,,მობიტელმა“ საზოგადოებრივი დამცველის 2014 წლის 26 თებერვლის წერილის პასუხად სრულყოფილად არ წარმოადგინა; კერძოდ, მოთხოვნილ იქნა: მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულება; ინფორმაცია, უზრუნველყო თუ არა შპს ,,მობიტელმა“ სააბონენტო ნომრის გასხვისებამდე აბონენტის ინფორმირება მომსახურების შეზღუდვის საფუძვლების არსებობის თაობაზე; ინფორმაცია საჩივრების განმხილველი სამსახურისთვის საჩივრის გადაგზავნის, განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და მიღებული გადაწყვეტილების მომხმარებლისთვის  გაცნობის ვადების შესახებ. შპს ,,მობიტელის“ 2014 წლის 17 მარტის №104/14 საპასუხო წერილის თანახმად, შპს ,,მობიტელმა“ ვერ მოიძია მალხაზ გობოსაშვილთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულება, რადგან კომპანია მილიონობით აბონენტთან აფორმებს ხელშეკრულებას. ამავე წერილით, შპს ,,მობიტელმა“ დააზუსტა, რომ კომპანიაში 2014 წლის 16 იანვარს შემოსული საჩივარი გადაგზავნილ იქნა საჩივრების განმხილველ სამსახურში 2014 წლის 17 თებერვალს, ხოლო აღნიშნულ საჩივარზე გადაწყვეტილება მომხმარებელს ეცნობა 2014 წლის 18 თებერვალს, სატელეფონო საუბრის დროს, ნომერზე - 597 290611, რის დასადარტურებლადაც შპს ,,მობიტელმა“ წარმოადგინა განხორციელებული სატელეფონო ზარების ამსახველი დეტალური ამონაბეჭდი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ დამცველს მიაჩნია, რომ შპს ,,მობიტელის“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს ამავე პუნქტით განსაზღვრულ პირობებს და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლი, რომლის შესაბამისად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. საზოგადოებრივი დამცველი ასევე უთითებს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 29-ე მუხლის დარღვევაზე, რადგან მიაჩნია, რომ შპს ,,მობიტელის“ მიერ დარღვეულია  საჩივრების განმხილველი ეფექტიანი შიდა მექანიზმის შექმნის, საჩივრის 15 დღის ვადაში განხილვის,  მომსახურების მიმწოდებლის მიერ საჩივრის განხილვის თაობაზე ყოველმხრივ, სრული, ობიექტური და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და მიღებულ გადაწყვეტილებაში პრეტენზიის შესწავლისა და მითითებული გარემოებების გამოკვლევის დროს გამოყენებული მეთოდოლოგიისა და პროცედურების აღწერილობის ასახვის ვალდებულებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი დამცველი ითხოვს კომისიის მხრიდან შესაბამისი რეაგირების განხორციელებას.

კომისია აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირ მ. გობოსაშვილის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 8 მაისს, რის თაობაზეც შეტყობინებებით (№03/864-14; 29.04.2014; №03/865-14; 29.04.2014; №03/864-14; 29.04.2014) ეცნობათ მ. გობოსაშვილს, საზოგადოებრივ დამცველს, შპს ,,მობიტელს“ და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შპს ,,მობიტელს“ ასევე, გაეგზავნა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურებრივი ბარათი დანართებითურთ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 8 მაისს,  კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე და შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენელი ირაკლი ესართია. განმცხადებელი მ. გობოსაშვილი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა.

კომისია აღნიშნავს, რომ მ. გობოსაშვილს შეტყობინება (№03/864-14; 29.04.2014) საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების  საკითხის კომისიაში განხილვისა და მისი წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვევის თაობაზე, საჩივარში მითითებულ მისამართზე ჩაბარდა 2014 წლის 29 აპრილს, რაც დასტურდება შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით (გზავნილის კოდი: 0400104164510). 2014 წლის 5 მაისს, მ. გობოსაშვილს სატელეფონო ნომერზე 579 979XXX გაეგზავნა ტელეფონოგრამა კომისიაში განსახილველი საკითხისა და კომისიის სხდომის გამართვის თარიღის, ადგილის და დროის შესახებ, რომლის მიღებისას სატელეფონო საუბარში მ. გობოსაშვილმა დაადასტურა კომისიის 2014 წლის 29 აპრილის №03/864-14 შეტყობინების მიღების ფაქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 108-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილი იყო განეხილა საკითხი  მ. გობოსაშვილის დაუსწრებლად.

კომისიის 2014 წლის 8 მაისის სხდომაზე, შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მ. გობოსაშვილის საჩივარში აღნიშნული საკითხის განხილვა განეკუთვნება კომისიის კომპეტენციას და არ არის წინააღმდეგი კომისიამ მოცემულ საჩივარზე დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება. ამასთან, შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მზად არის საქმე მორიგებით დაასრულოს.

           თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

     კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება  კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.

   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე უნდა დაწყებულიყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ფიზიკურ პირ მალხაზ გობოსაშვილის საჩივრის განხილვის მიზნით, ხოლო საზოგადოებრივი დამცველი უნდა ჩართულიყო მხარედ ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში მ. გობოსაშვილის ინტერესების დასაცავად. შესაბამისად, კომისიის 2014 წლის 8 მაისის №254/23 გადაწყვეტილებით, დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ფიზიკურ პირ მალხაზ გობოსაშვილის საჩივრის განხილვის მიზნით და საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2014 წლის 29 მაისს, 16.00 საათზე. კომისიის ამავე გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნა მხარედ ფიზიკურ პირ მალხაზ გობოსაშვილის ინტერესების დასაცავად; მხარეებს მოსარიგებლად განესაზღვრათ 10 სამუშაო დღის ვადა აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან, ხოლო შპს ,,მობიტელს“ დაევალა დავის გადასაწყვეტად საჭირო ყველა დოკუმენტაციის, მათ შორის, მ. გობოსაშვილისთვის მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე გაფრთხილების გაგზავნისა და სააბონენტო ნომრის 571 718XXX სხვა პირზე გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა ზეპირ მოსმენამდე ერთი სამუშაო დღით ადრე.

            კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 19 მაისს, კომისიაში შემოვიდა შპს ,,მობიტელის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №6/3012-14; 19.05.2014), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,მობიტელსა“ და მალხაზ გობოსაშვილს შორის დავა შპს ,,მობიტელის“ მიერ მისი სატელეფონო ნომრის გასხვისების თაობაზე დასრულდა მორიგებით; კერძოდ, შპს ,,მობიტელმა“ ნომრის ახალ მფლობელს შესთავაზა სხვა ნომერი, რომლის სანაცვლოდაც დაიბრუნა სატელეფონო ნომერი - 571 718XXX. ამავე წერილში, შპს  ,,მობიტელი“ აღნიშნავს, რომ მალხაზ გობოსაშვილს გადაეცა მისთვის სასურველი სატელეფონო ნომერი 571 718XXX, ასევე საჩუქარი - მობილური ტელეფონი IDOL ALFA 6032 XCHAMPAGNE GOLD CU.

            კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 29 მაისს, კომისიის სხდომასა და ზეპირ მოსმენაში მონაწილეობას ღებულობდნენ საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე და შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენელი ირაკლი ესართია. განმცხადებელი მალხაზ გობოსაშვილი არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე. კომისიის 2014 წლის 8 მაისის №254/23 გადაწყვეტილება მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და ჩაბარდა 2014 წლის 23 მაისს (კომისიის წერილი №03/1086-14; 21.05.2014; გზავნილის კოდი: 040010847002). შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო ზეპირი მოსმენის გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ.

    კომისიის 2014 წლის 29 მაისის სხდომაზე საზოგადოებრივმა დამცველმა დაადასტურა, რომ მ. გობოსაშვილსა და შპს ,,მობიტელს“ შორის შედგა მორიგება და მ. გობოსაშვილს არ აქვს პრეტენზია შპს ,,მობიტელის“ მიმართ, რის საფუძველზეც საზოგადოებრივმა დამცველმა უარი განაცხადა მოთხოვნაზე და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

        კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 29 მაისს კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შემოვიდა მალხაზ გობოსაშვილის განცხადება (მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში რეგისტრაციის №9/226), რომელშიც აღნიშნულია, რომ დავა შპს ,,მობიტელთან“ დასრულდა მალხაზ გობოსაშვილის სასარგებლოდ და მხარეთა შორის გაფორმდა მორიგება. კერძოდ, შპს მობიტელმა“ მ. გობოსაშვილს დაუბრუნა სატელეფონო ნომერი და საჩუქრად გადასცა მობილური ტელეფონი. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მ. გობოსაშვილს შპს ,,მობიტელის“ მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის  საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ფიზიკურ პირ მალხაზ გობოსაშვილის საჩივარზე ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 63-ე მუხლისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.             შეწყდეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ფიზიკურ პირ მალხაზ გობოსაშვილსა და შპს ,,მობიტელს“ შორის დავაზე;

2.             დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების მხარეებისთვის და საზოგადოებრივი დამცველისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3.             გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

5.             გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                             ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                            აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                            სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                            კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                            ირაკლი მოსეშვილი