მომხმარებელ არჩილ კაიკაციშვილის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 343 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 07, 2014 11:16

მიღების თარიღი ივნისი 27, 2014

 

მომხმარებელ არჩილ კაიკაციშვილის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 2 ივნისს კომისიას მიმართა კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა (შემდგომში ,,საზოგადოებრივი დამცველი“) თამთა ტეფნაძემ (2014 წლის 2 ივნისის №10/825-14 მიმართვა). აღნიშნული მიმართვიდან ირკვევა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს განსახილველად გადაეცა  სს ,,სილქნეტის“ აბონენტის არჩილ კაიკაციშვილის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის №9/33-14; 14.04.2014). მომხმარებლის განცხადებით, მას 2013 წლის ივნისიდან დეკემბრამდე ინტერნეტ-მომსახურება არ მიეწოდებოდა, კერძოდ, ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებას ჰქონდა ფრაგმენტული ხასიათი და მიუხედავად სს ,,სილქნეტისადმი“ ცხელი ხაზის მეშვეობით არაერთგზის მიმართვისა, არსებული შეფერხებების აღმოფხვრის მცდელობები კომპანიის მხრიდან უშედეგოდ სრულდებოდა. მომხმარებელი თავის საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ 2013 წლის 13 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით,  წერილობით მიმართა სს ,,სილქნეტს“, რის შემდეგ კომპანიამ უზრუნველყო ინტერნეტ-კავშირის დაზიანების აღმოფხვრა, კერძოდ, როგორც ირკვევა სს ,,სილქნეტის“ 2014 წლის 26 თებერვლის №249/05-9 წერილიდან, კომპანიის მიერ 2013 წლის დეკემბერში ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები: 2013 წლის 10 დეკემბერს შეიცვალა წყვილი გამანაწილებელ კაბელში, ხოლო 2013 წლის 18 და 19 დეკემბერს შეიცვალა მოდემი. მომხმარებლის განცხადებით, მან არაერთგზის მოითხოვა სს ,,სილქნეტისგან“ ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა გამოც სს ,,სილქნეტმა“ 2013 წლის დეკემბერში ვაზისუბნის ქუჩა №7-ში განახორციელა სამუშაოები, მაგრამ, მომხმარებლის განმარტებით, სს ,,სილქნეტმა“ 2014 წლის 14 აპრილს №504/05-9 წერილით არასრულად მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია. შესაბამისად, მომხმარებელი სადაოდ ხდის სს ,,სილქნეტის“ მიერ მისთვის ინტერნეტ-მომსახურების შეფერხებით მიწოდებას 2013 წლის ივნისიდან დეკემბრამდე და ხარისხიანი ინტერნეტის მიუწოდებლობის მიზეზებისა შესახებ მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად წარმოდგენას. მომხმარებლის განცხადებით,  უხარისხო ინტერნეტის მიწოდებით სს ,,სილქნეტსა“ და მომხმარებელს შორის 2013 წლის 26 ივნისის ხელშეკრულება დაირღვა და მას მიადგა ზიანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომხმარებელს კომისიის მიმართ აქვს შემდეგი მოთხოვნები:

1.  კომისიამ შეისწავლოს აბონენტ არჩილ კაიკაციშვილსა და სს ,,სილქნეტს“ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლები. კერძოდ, მხარეთა კეთილსინდისიერების საკითხის დადგენის დროს, რამდენად ვალდებული იყო სს ,,სილქნეტი“ აბონენტისთვის ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების დროს არსებული პრობლემები აღმოეფხვრა 2013 წლის დეკემბრამდე;

2.   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეისწავლოს სს ,,სილქნეტის“ მოქმედების მართლზომიერება აბონენტთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით. კერძოდ, თუკი სს ,,სილქნეტის“ 2014 წლის 11 აპრილის №504/05-9 წერილის თანახმად, ,,გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციაში მყოფ სპილენძის კაბელში, ყველა წყვილს არ უნარჩუნდება თანაბარი გამტარობა და მაჩვენებელი“ და აღნიშნული ფაქტი ,,თავის მხრივ შეიძლება განპირობებულ იყოს სხვადასხვა გარე ფაქტორებით“, რა სხვადასხვა გარე ფაქტორებზეა საუბარი ვაზისუბნის ქუჩა №7-ში რეგისტრირებულ აბონენტთან მიმართებით;

3.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეისწავლოს, რამდენად დასაბუთებულია სს ,,სილქნეტის“ 2014 წლის 14 აპრილის წერილით აღწერილი გარემოებები, რომელთა თანახმად, 2013 წლის 10 დეკემბერს შეიცვალა წყვილი გამანაწილებელ კაბელში, ხოლო 2013 წლის 18 და 19 დეკემბერს მოდემი;

4.   შეფასდეს, სს ,,სილქნეტის“ მხრიდან მომხმარებელ არჩილ კაიკაციშვილის მიმართ კომუნიკაციის ხარისხი იყო ჯეროვანი და პასუხობდა მომხმარებლის ინტერესების/უფლებების დაცვას თუ დასმულ საკითხზე კომპანიის გამოხმაურებები განეკუთვნება არაჯეროვანი და არასრულფასოვანი კომუნიკაციის ფორმებს;

5.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ იმსჯელოს, მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებულებების მიხედვით, სს ,,სილქნეტის“ მოქმედებებმა მიაყენა თუ არა ზიანი აბონენტ არჩილ კაიკაციშვილს;

6.    კომისიამ მოამზადოს თავისი გადაწყვეტილება პუნქტობრივად;

7.      განმცხადებელს ეცნობოს კომისიის გადაწყვეტილება წერილობით.

საზოგადოებრივი დამცველის მიმართვიდან ირკვევა, რომ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა მიმდინარე წლის 23 აპრილს (წერილი №9/195; 23.04.2014) წერილობით მიმართა სს ,,სილქნეტს. სს ,,სილქნეტის“ 2014 წლის პირველი მაისის №1634/05-8 საპასუხო წერილის თანახმად, სატელეფონო ნომერზე 3223745XX მიბმულ ინტერნეტ-პაკეტით მიწოდებულ მომსახურებაზე შეფერხებები 2013 წლის ივნისიდან დეკემბრამდე გამოწვეული იყო აბონენტის ერთ-ერთ კომპიუტერულ მოწყობილობაზე მაღალი პინგით, რისი აღმოფხვრაც ხდებოდა იმავე დღეს, მოდემის გადატვირთვის შედეგად. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ  2013 წლის დეკემბერში დაფიქსირებული დაზიანება გამოწვეული იყო მაგისტრალურ კაბელში წყვილის დაბალი გამტარუნარიანობით, ხოლო 18 და 19 დეკემებრს დაფისქირდა პრეტენზია შეფერხებაზე, რის გამოც შეფერხების მიზეზების გამორიცხვის მიზნით, მოხდა მოდემების შეცვლა. სს ,,სილქნეტის’’ განმარტებით, აბონენტს შეფერხების პერიოდებზე (18.11.13-20.11.13; 09.12.13-10.12.13; 18.12.13-20.12.13) გადაუანგარიშდა 16.97 ლარი. საზოგადოებრივი დამცველის განმარტებით, არჩილ კაიკაციშვილის მიერ სს ,,სილქნეტისთვის“ 2014 წლის 9 იანვარს მიწერილ წერილში ერთ-ერთი მოთხოვნა იყო კომპანიას წერილობით მიეწოდებინა ინფორმაცია ვაზისბუნის ქუჩა №7-ში 2013 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში განხორციელებული მოქმედებების, არსებული ტექნიკური ხარვეზების, ტექნიკური ხარვეზების მიზეზებისა და ინტერნეტ-მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაწეული ტექნიკური სამუშაოების შესახებ. საზოგადოებრივი დამცველის განცხადებით, სს ,,სილქნეტის“ 2014 წლის 6 თებერვლის №386/01-8 საპასუხო წერილში ზემოაღნიშნულ მოთხოვნებზე პასუხი წერილობით არ იქნა წარმოდგენილი, ხოლო აბონენტის 2014 წლის 6 თებერვლის მორიგი წერილის პასუხად, სს ,,სილქნეტმა“ აბონენტს მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდა არასრულად, კერძოდ, სს ,,სილქნეტმა“ მხოლოდ განმარტა, თუ რა სახის სამუშაოები ჩატარდა 2013 წლის 10, 18 და 19 დეკემბერს.

მომხმარებლის საჩივრისა და სს ,,სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, საზოგადოებრივი დამცველს მიაჩნია, რომ სს ,,სილქნეტის“ მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მომსახურების მიმწოდებლისაგან შეუფერხებლად და უფასოდ მიიღოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამ შეიძლება  მოახდინოს ზეგავლენა მომსახურების ხარისხსა ან/და მის პირობებზე და ასევე, ამავე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის შესაბამისად, მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი დამცველი კომისიისგან ითხოვს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მომხმარებლის საჩივრის განხილვის მიზნით.

მომხმარებელ არჩილ კაიკაციშვილის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 27 ივნისს, რის თაობაზეც შეტყობინებებით (20.06.2014; №1347-14; №03/1348-14; 20.06.2014; №03/1349-14; 20.06.2014) ეცნობათ ა. კაიკაციშვილს, საზოგადოებრივ დამცველს, სს ,,სილქნეტს“ და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 25 ივნისს, კომისიაში შემოვიდა სს ,,სილქნეტის“ წერილობითი შეპასუხება (კომისიაში რეგისტრაციის №6/4242-14; 25.06.2014) თანდართული სააბონენტო ხელშეკრულებებით, არჩილ კაიკაციშვილის, სს ,,სილქნეტის“ და საზოგადოებრივი დამცველის წერილებით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირთა რეესტრიდან ამონაწერით სს ,,სილქნეტის“ შესახებ და მ. გონაშვილსა და მ. ქოქიაშვილზე გაცემული მინდობილობით. აღნიშნული წერილობითი შეპასუხების თანახმად, მომხმარებელ არჩილ კაიკაციშვილის პრეტენზია მომსახურების ხარისხთან, დაზიანების აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული ქმედებების არადროულობასა და არასრულ ინფორმირებასთან დაკავშირებით, ასევე, საზოგადოებრივი დამცველის შენიშვნები აბონენტის არადროულ და არასრულ ინფორმირების თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს და აბონენტის მიერ წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი არ არსებობს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 27 ივნისს, კომისის სხდომაზე გამოცხადდნენ მომხმარებელი არჩილ კაიკაციშვილი, საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მშვილდაძე  და სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენლები მაია გონაშვილი და მარი ქოქიაშვილი.

2014 წლის 27 ივნისის კომისიის სხდომაზე მოხმარებელმა არჩილ კაიკაციშვილმა  დაადასტურა მის საჩივარში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები და კომისიის წინაშე დაყენებული მოთხოვნები. ამასთან, მომხმარებლის განცხადებით, ის იზიარებს მოხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის პოზიციას მის საჩივართან დაკავშირებით. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ინტერნეტ-მომსახურების მიუწოდებლობის პერიოდზე სს ,,სილქნეტს“ მისთვის მომსახურების საფასური არ დაუკორექტირებია. არჩილ კაიკაციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სს ,,სილქნეტის“ ქმედებებით ზიანი მიადგა მას და ინტერნეტ-მომსახურებით მოსარგებლე ვაზისუბნის ქ. №7-ში განლაგებულ სამ არასამთავრობო ორგანიზაციას. მომხმარებლის განმარტებით, წინამდებარე საკითხის განხილვა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება და კომისიამ უნდა განიხილოს მისი საჩივარი. ამასთან, მომხმარებელმა დაადასტურა, რომ 2014 წლის 27 ივნისის მდგომარეობით მას შეუფერხებლად მიეწოდებოდა სს ,,სილქნეტის“ ინტერნეტ-მომსახურება.

2014 წლის 27 ივნისის კომისიის სხდომაზე სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა მაია გონაშვილმა აღნიშნა, რომ კომისია არ არის ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია იმსჯელოს ხელშეკრულების მხარეებს შორის არსებულ სამოქალაქო-სამართლებრივ დავაზე, კერძოდ, იმსჯელოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის ზიანის მიყენების საკითხზე და განსაზღვროს ეს ზიანი. მაია გონაშვილის განცხადებით, სს ,,სილქნეტის“ მიერ არჩილ კაიკაციშვილის თითოეულ წერილზე პასუხის გაცემის, თითოეულ მომართვაზე დროული რეაგირების, გაუწეველი მომსახურების პერიოდში მომხმარებლისთვის თანხის დაკორექტირების, 2014 წლის 27 ივნისის მდგომარეობით ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენზიის არარსებობის და ასევე, ვაზისუბნის ქ. №7-ში განლაგებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობის და შესაბამისად, მათთვის მომსახურების მიწოდების, ინფორმაციის მიწოდებისა და კავშირის დაზიანების აღმოფხვრის ვალდებულებების არარსებობის გათვალისწინებით, კომისიამ არ უნდა განიხილოს მომხმარებლის საჩივარი. ამასთან, მომხმარებლისთვის გაუწეველი მომსახურებისთვის საფასურის დარიცხვის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით სს ,,სილქნეტის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ თემატურად ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით განსაზღვრული დებულებების დაცვის საკითხი კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.

2014 წლის 27 ივნისის კომისიის სხდომაზე საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მშვილდაძემ დაადასტურა საზოგადოებრივი დამცველის 2014 წლის 2 ივნისის მიმართვაში ასახული პოზიცია და აღნიშნა, რომ მომხმარებლის საჩივარი კომისიის მიერ უნდა იქნეს განხილული, ვინაიდან, სს ,,სილქნეტის“ მიერ არჩილ კაიკაციშვილის მიმართ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულება მომხმარებლის ინფორმაციით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მომხმარებელ არჩილ კაიკაციშვილის საჩივრის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტების, სს ,,სილქნეტის“ წერილობითი შეპასუხების და მასზე თანდართული დოკუმენტების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, კომისიას მიაჩნია, რომ სს ,,სილქნეტის“ მიმართ მომხმარებელ არჩილ კაიკაციშვილის საჩივრის განხილვის მიზნით უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება  კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.

საჩივრის ავტორი არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს სს ,,სილქნეტის“ სატელეფონო და ინტერნეტ-მომსახურების მომხმარებელს და სარგებლობს  ორი სააბონენტო ინტერნეტ-პაკეტით (,,ADSL ვიპ 2“ ინტერნეტ პაკეტი), რაც დასტურდება სს ,,სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი სააბონენტო ხელშეკრულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.

სს ,,სილქნეტი“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ძ) პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს.

კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების  დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს მომხმარებლებისთვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების წესებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წინამდებარე რეგლამენტი სავალდებულოა შესასრულებლად ნებისმიერი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლისათვის.

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების  დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლი განსაზღვრავს მომხმარებლის საინფორმაციო და საანგარიშსწორებო უზრუნველყოფის წესს, ხოლო ამავე რეგლამენტის 29-ე მუხლი ადგენს მომსახურების მიმწოდებლის მიერ საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის წესს. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების  დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-18 და მე-181 მუხლები განსაზღვრავენ კავშირის დაზიანების აღმოფხვრის პირობებსა და ვადებს, ხოლო ამავე რეგლამენტის 21-ე მუხლი ადგენს ანგარიშსწორების წესებს და კრძალავს გაუწეველ და მიუღებელ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვას.

კომისიას მიაჩნია, რომ მომხმარებლის მოთხოვნა კომისიამ დაადგინოს სს ,,სილქნეტის“ ქმედებებით  მიადგა თუ არა ზიანი არჩილ კაიკაციშვილს, კომისიის მიერ შესაძლებელია განხილულ იქნეს მხოლოდ ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების  დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში,  რომლის თანახმად, დაუშვებელია გაუწეველ და მიუღებელ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მომხმარებელ არჩილ კაიკაციშვილის საჩივრის განხილვის მიზნით, ხოლო საზოგადოებრივი დამცველი უნდა ჩართულ იქნას მხარედ ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში მომხმარებლის ინტერესების დასაცავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) პუნქტის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-4, მე-18 და მე-181 მუხლების , 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 29-ე მუხლისა და 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.             დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მომხმარებელ არჩილ კაიკაციშვილის საჩივრის განხილვის მიზნით;

2.             საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 15 ივლისს, 16.00 საათზე;

3.             დაინტერესებული მხარეები კომისიის სხდომაზე გაფრთხილდნენ კომისიის მომდევნო სხდომის გამართვის ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ;

4.             საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას მხარედ მომხმარებელ არჩილ კაიკაციშვილის ინტერესების დასაცავად;

5.             დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების მომხმარებელ არჩილ კაიკაციშვილის, საზოგადოებრივი დამცველისა და სს ,,სილქნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

6.             გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

7.             გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

8.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

9.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-5 და მე-8 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                      ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                      კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                     ირაკლი მოსეშვილი