საქართველოს მოქალაქეების ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვისა და აბილ ალიევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

ნომერი: 397 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2014 15:47

მიღების თარიღი ივლისი 28, 2014

 

საქართველოს მოქალაქეების ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვისა და აბილ ალიევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2014 წლის 21 ივლისს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000113, შედგენილი 2014 წლის 21 ივლისს ქ.რუსთავში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფიზიკური პირი ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვი, მცხოვრები ქ.რუსთავში VII მკ/რ მე-18 კორპუსი, ახორციელებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობას, კერძოდ შპს „კავკასუსი ონლაინისგან“ მიღებული ინტერნეტ მომსახურების მესამე პირებზე გადაცემას. სამართალდარღვევათა ოქმს ხელს აწერს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ციალა უჯმაჯურიძე, ფიზიკური პირი ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვი და მოწმე გიორგი დიდებაშვილი.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ფიზიკური პირი ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2014 წლის 21 ივლისს, რომელიც კომისიას წარედგინა იმავე დღეს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2014 წლის 28 ივლისის 16:00 საათი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება  დაიწყო 2014 წლის 23 ივლისს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა  ფიზიკურ პირ ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვს (23.07.2014 N03/1547-14). ფიზიკურ პირ ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვს გაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება, აგრეთვე ის, რომ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა  2014 წლის 28 ივლისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ფიზიკური პირი ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვი (პირადი ნომერი 12001087319) და აბილ ალიევი (პირადი ნომერი 12001034856).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 28 ივლისის სხდომაზე დაზუსტდა რომ ინტერნეტ კაფე, რომელსაც ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვისგან მიეწოდება ინტერნეტ მომსახურება მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კესალოში და არა სოფელ ნაზარლოში. 

კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის დაწყებამდე გამოირკვა, რომ საქართველოს მოქალაქე ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვს ესმის ქართული ენა, თუმცა ვერ საუბრობს კარგად, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს აზერბაიჯანულ ენას, ხოლო აბილ ალიევი მას თარგმნის რუსულ ენაზე. რუსულ ენაზე აბილ ალიევის ახსნა-განმარტებებსა და მოსაზრებებს, სამართალწარმოების ენად ქართული ენის შენარჩუნების მიზნით, ქართულ ენაზე თარგმნის კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი კახი ყურაშვილი.

კომისიის სხდომაზე აბილ ალიევმა აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს შპს „გეო ვლანის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს და ის ინტერნეტ კაფე, სადაც ხორციელდება ქ.რუსთავიდან (მისამართი ქ.რუსთავი VII მკ/რ მე-18 კორპუსი ბინა N38) ინტერნეტ მომსახურების მიწოდება ეკუთვნის მას. აბილ ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ სოფელ კესალოში ინტერნეტ მომსახურების მიწოდების მიზნით, ხელშეკრულება გაფორმდა  შპს „კავკასუს ონლაინსა“ და ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვს შორის (აღნიშნული ასევე დადასტურა ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვმა) და მისი განმარტებით ხელშეკრულების გაფორმება ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვზე განხორციელდა იმის გამო, რომ შემოწმებულიყო ინტერნეტ მომსახურების ხარისხი, რის შემდეგაც აბილ ალიევის განმარტებით ისინი აპრებდნენ ინტერნეტ მომსახურების თაობაზე  ხელშეკრულების გაფორმებას შპს „კავკასუს ონლაინთან“ იმგვარად, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კესალოში მდებარე ინტერნეტ კაფე გამხდარიყო შპს „კავკასუს ონლაინის“ აბონენტი. აბილ ალიევმა და ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვმა აღიარეს ის ფაქტი, რომ მათ მიერ ერთობლივად ხორციელდებოდა ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვსა და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ალლაზალი- აფანდი იბრაგიმოვის პირადი მომხმარებისთვის განკუთვნილი ინტერნეტ მომსახურების მიწოდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კესალოში მდებარე ინტერნეტ კაფეში.

კომისიის სხდომაზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000113 ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებების  შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. 2014 წლის 16 მაისს კომისიას განცხადებით N6/3059-14 მომართა შპს „დელტა ნეტმა“ ფიზიკურ პირ აბილ ალიევის მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტ სოფელ ნაზარლოში (როგორც კომისიის სხდომაზე გამოირკვა, სოფლის სახელწოდებაა კესალო და არა ნაზარლო) მდებარე ინტერნეტ კაფეში, ავტორიზაციის გარეშე ინტერნეტ მომსახურების განხორციელების თაობაზე. კერძოდ, განცახდებაში აღნიშნულია, რომ ფიზიკურ პირ აბილ ალიევს, რომელიც წარმოადგენს შპს „დელტა ნეტის“ აბონენეტს და რომელთანაც 2013 წლის 24 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ადგილად განსაზღვრულია გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ქ.გარდაბანი, მისამართი: აღმაშენებლის N3 ბინა N33, ხელშეკრულების შესაბამისად ეკრძალება მესამე პირებზე ინტერნეტ მომსახურების გადაყიდვა. მიუხედავად ხელშეკრულებით განსაზღვრული აკრძალვისა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფიზიკური პირი აბილ ალიევი ახორციელებს ინტერნეტ მომსახურების მესამე პირზე შპს „გეო ვლანზე“ (რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის თავად აბილ ალიევი) გადაყიდვას გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში (კესალოში).

2. 2014 წლის 13 ივნისს, შპს „დელტა ნეტმა“ კომისიას მომართა განცხადებით (N6/3851-14) რომლითაც კომისიისგან მოითხოვა კომისიაში 2014 წლის 16 მაისს გამოგზავნილ განცხადებაში მოყვანილი ფაქტების შესწავლის ვადის გაგრძელება ერთი თვით, იმის გამო, რომ მის მიერ განცხადებაში მითითებულ ინტერნეტ კაფეში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები;

3. შპს „დელტა ნეტის“ ზემოაღნიშნული განცხადებების საფუძველზე 2014 წლის 4 ივლისს გარდაბნის მუნიციპალიტეტ სოფელ კესალოში, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ციალა უჯმაჯურიძისა და წამყვანი სპეციალისტის ალექსი ყანჩაველის მიერ, შპს „დელტა ნეტის“ ინსტალატორის ალი სადიხოვისა და ფიზიკური პირი აბილ ალიევის მონაწილეობით ჩატარდა შემოწმება, ფიზიკური პირი აბილ ალიევის მიერ ელექტრონული კომუნუკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობის შემოწმების მიზნით და შედგენილ იქნა შემოწმების აქტი N1. შემოწმების შედეგად აბილ ალიევის ახსნა-განმარტების საფუძვეზე გამოირკვა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კესალოში მდებარე ინტერნეტ კაფეს ინტერნეტ მომსახურება მიეწოდება ქ.გარდაბნიდან (მისამართი დ.აღმაშენებლის N3). ინტერნეტ კაფეში ინერნეტის მიმწოდებელს წარმოადგენს შპს „გეო ვლანი“, რომელიც არის ინტერნეტ მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირი. შემოწმების შედეგად ინტერნეტ კაფეში დაფიქსირდა IP მისამართი: 5.178.217.88. როგორც შემოწმების აქტშია აღნიშნული, ფიზიკური პირი აბილ ალიევის განმარტებით, შპს „გეო ვლანი“ არის შპს „კავკასუს ონლაინის“ და შპს „ფასტ ნეტის“ აბონენტი.

4. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპატამენტის მიერ შპს „კავკასუს ონლაინში“ გადამოწმდა 2014 წლის 4 ივლისს შედგენილი შემოწმების აქტში N1 დაფიქსირებული IP მისამართის  5.178.217.88. მფლობელობის საკითხი, კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინს“გაეგზავნა წერილი (08.07.2014 N01/1459-14) და ეთხოვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიაში ზემოაღნიშნული IP მისამართის მფლობელის მონაცემების მოწოდება.

5. 2014 წლის 9 და 14 ივლისს, კომისაში შემოვიდა შპს „კავკასუს ონლაინის“ წერილები (N6/4441-14;  N6/4547-14) რომელთა საფუძველზეც გამოირკვა, რომ IP მისამართი  5.178.217.88. მინიჭებული აქვს ფიზიკურ პირს ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვს (პირადი N12001087319/ მისამართი ქ.რუსთავი VII მკ/რ 18, სად 2 სართ.5 ბინა N38), რომელიც წარმოადგენს შპს „კავკასუს ონლაინის“ აბოენენტს და შპს „კავკასუს ონლაინთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, იგი იღებს შემდეგ მომსახურებას:

პაკეტი: 100 MB (ულიმიტო) & WI-FI (რ), რომელიც მოიცავს:

ინტერნეტ სიჩქარე - ლოკალი=გლობალს - 100 მბ;

ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების რაოდენობა - 1;

ვებ სივრცის მოცულობა - 1500;

საფოსტო ყუთების რაოდენობა - 21;

შპს „კავკასუს ონლაინის“ 2014 წლის 14 ივლისის N6/4547-14 წერილში აღნიშნულია, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ თანამშრომეთა მიერ აბონენტის მისამართის შემოწმებისას საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე და აბონენტის აივანზე აღმოჩნდა ანტენა, რომელიც გადასცემს სიგნალს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში (კესალოში), დავით აღმაშენებლის ქ.N3-ში არსებულ ინტერნეტ კაფეს. აღნიშნული ინტერნეტ კაფეს შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ინტერნეტ კაფეში გამოყენებული IP მისამართი იდენტურია ქ.რუსთავში ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვის IP მისამართისა 5.178.217.88. შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადებას თანდართული აქვს თავად შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ჩატარებული შემოწმების ამსახველი ფოტო მასალა და 09.07.2014-დან 14.07.2014-მდე პერიოდში ინტერნეტის გამოყენების სტატისტიკა. როგორც შპს „კავკასუს ონლაინი“ წერილში აღნიშნავს, სტატისტიკის ამსახველი გრაფიკებიდან ჩანს, რომ აბონენტი სტაბილურად იყენებს 60 მგბტ/წმ-მდე ინტერნეტის სიჩქარეს, მაშინ როცა ჩვეულებრივი აბონენტს ამ მოცულობის ინტერნეტ ტრაფიკის გამოყენება არ ახასიათებს.

შპს „კავკასუს ონლაინი“ ითხოვს, კომისიამ, ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვის მიმართ, რომელიც ახორციელებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებად საქმიანობას შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

6. შპს „კავკასუს ონლაინის“ ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპატამენტის მიერ, 2014 წლის 21 ივლისს ჩატარდა შემოწმება ქ.რუსთავში VII მკ/რ მე-18 კორპ., ბინა N38 და შედგა შემოწმების აქტი N2, რომელშიც აღნიშნულია, რომ შემოწმდა ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვის საცხოვრებელი კორპუსიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კესალოში მდებარე ინტერნეტ კაფეში ინტერნეტის მიწოდების საშუალებები და შემომწების შედეგად დადგინდა, რომ სოფელ კესალოში მდებარე ინტერნეტ კაფეში ინტერნეტის მიწოდებას ახორციელებს არა შპს „გეო ვლანი“, არამედ შპს „კავკასუს ონლაინის“ აბონენტი ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვი, რომელსაც როგორც შპს „კავკასუს ონლანის“ აბონენტს მინიჭებული აქვს IP მისამართი 5.178.217.88. როგორც შემოწმების აქტშია აღნიშნული, ალლაზალი-აფანდი იბრგიმოვი არ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში და შესაბამისად, მისი საქმიანობა ექვემდებარება სანქცირებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ავტორიზაციის გარეშე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის გამო;

7. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმებისა და 2014 წლის 21 ივლისს შედგენილი შემოწმების N2 აქტის საფუძველზე, 2014 წლის 21 ივლისს კომისიის აპარტის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, ციალა უჯმაჯურიძის მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი №000113, ფიზიკური პირი ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვის (მცხოვრები ქ.რუსთავი, VII მკ/რ მე-18 კორპუსი) მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის, კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობის გამო.

8. კომისიის სხდომაზე, ადმინისტრაციული წარმოების მასალებისა და სხდომაზე დამსწე აბილ ალიევის მიერ კომისიისთვის მიცემული ახსნა-განმარტებების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, კერძოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიაობას ახორციელებდნენ ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვი და აბილ ალიევი ერთობლივად, ამ უკანასკნელის ინიციატივით, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, კერძოდ სამართალდარღვევის ჩადენას პირთა ჯგუფის მიერ.

9. საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლით.

კომისია, ადმინისტრაციული წარმოების პროცეში გამოკვლეული ფაქტობრივი გარმოებების შეფასების შედეგად აღნიშნავს შემდეგს:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობა ხორციელდება  ამ საქმიანობის ავტორიზაციის   საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ე) პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია არის კომისიის მიერ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო  მომსახურების მიწოდების  განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით, ხოლო ვ) პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი არის კომისიის მიერ რეგისტრირებული ნებისმიერი  სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი) ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი);

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ა) პუნქტის შესაბამისად, აბონენტი არის ბოლო მომხმარებელი, რომელსაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელთან წინასწარ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე  მიეწოდება საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;

4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარრვევის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას

                ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ფიზიკური პირები ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვი (არის რა შპს „კავკასუს ონლაინის“ აბონენტი) და აბილ ალიევი (რომლის უშუალო მონაწილეობითა და ხელშეწყობით განხორციელდა ქ.რუსთავიდან გარდანის მუნიციპალიტეტის სოფელ კესალოში მდებარე, მის საკუთრებაში არსებულ ინტერნეტ კაფესთვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდება),  ახორციელებენ ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე და აღნიშნული ხორციელდება იმ პირობებში, რომ ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვსა და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის გაფორმებულია სააბონენტო ხელშეკრულება ინტერნეტ მომსახურების მიწოდების თაობაზე და აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „კავკასუს ონლაინის“ მომსახურების მიმღებ ბოლო მომხმარებლად განსაზღვრულია ფიზიკური პირი ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვი, რომელიც ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე არ არის უფლებამოსილი განახორციელოს ინტერნეტ მომსახურების გადაყიდვა მესამე პირებზე. ზემოღნიშნულის გათვალისწინებით, ფიზიკური პირების ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვისა და აბილ ალიევის მიერ ჩადენილი ქმედება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და იწვევს პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით 5000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვისა და აბილ ალიევს ერთობლივად უნდა დაეკისროთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის - 5000 ლარის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა. ამავე დროს, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს მოქალაქეებს ალლაზალი აფანდი იბრაგიმოვსა და აბილ ალიევს უნდა აეკრძალოთ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე ინტერნეტ მომსახურების მიწოდება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლის, 228-ე მუხლის და 1441 მუხლის პირველი ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესები“ 36-ე მუხლის მე-16 და მე-18 პუნქტების და 38-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაეკისროთ ჯარიმა საქართველოს მოქალაქეებს ალლაზალი-აფანდი იმრაგიმოვს (პირადი ნომერი 12001087319) და აბილ ალიევს (პირადი ნომერი 12001034856) ერთობლივად 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის, კერძოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისთვის;

2. უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეებმა ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვმა (პირადი ნომერი 12001087319) და აბილ ალიევმა (პირადი ნომერი 12001034856) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300063251;

3. უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეებმა ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვმა (პირადი ნომერი 12001087319) და აბილ ალიევმა (პირადი ნომერი 12001034856) ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეებმა ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვმა (პირადი ნომერი 12001087319) და აბილ ალიევმა (პირადი ნომერი 12001034856) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

5.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს მოქალაქეების ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვისა (პირადი ნომერი 12001087319) და აბილ ალიევისთვის (პირადი ნომერი 12001034856) დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6.   გადაწყვეტილება ძალაში შედის ფიზიკური პირი ალლაზალი-აფანდი იბრაგიმოვისა (პირადი ნომერი 12001087319) და აბილ ალიევისთვის (პირადი ნომერი 12001034856)  ჩაბარების დღიდან;

7.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე)

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ  დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

10.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-9 და მე-9 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

               კომისიის თავმჯდომარე                                                                 ვახტანგ აბაშიძე

               კომისიის წევრები:                                                                             აკაკი სიხარულიძე

სოფიო ბრიტანჩუკი

ირაკლი მოსეშვილი

კახი ბექაური