შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმე

ნომერი: 508 / 22

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 06, 2014

მიღების თარიღი სექტემბერი 09, 2014

 

შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელების და „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9  გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდეგში „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2013 წლის 17 ივლისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N450/18 „შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“. აღნიშნული  გადაწყვეტილებით შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელს“ და შპს „მობიტელს“  დაევალათ აუდიტორის მიერ დამოწმებული  2012 წლის და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდისათვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიისთვის 2013 წლის 16 ოქტომბრამდე წარმოდგენა. კომისიის 2013 წლის 1 ნოემბრის  N658/22 გადაწყვეტილებით შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელს“ და შპს „მობიტელს“ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოდგენის ვადა გაუგრძელდათ 2014 წლის 1 მაისამდე.

            კომისია აღნიშნავს, რომ 2012 წლის და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიაში წარმოადგინეს მხოლოდ შპს „მაგთიკომმა“ და შპს „ჯეოსელმა“; რაც შეეხება შპს „მობიტელს“, კომპანიას აუდიტორის მიერ დამოწმებული  2012 წლის და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში  არ წარმოუდგენია. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიამ 2014 წლის 5 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება N 302/18, რომლის მიხედვით შპს „მობიტელს“ დაეკისრა ჯარიმა 30,000.00 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტების, ასევე კომისიის 2013 წლის 1 ნოემბრის N658/22 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დარღვევის გამო; ამავე გადაწყვეტილებით შპს „მობიტელს“ დაევალა  კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის 2014 წლის 5 აგვისტომდე კომისიაში წარმოდგენა, კომისიის 2013 წლის 1 ნოემბრის N658/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად კომისიის მიერ გაკეთებული განმარტებების გათვალისწინებით; ამავე გადაწყვეტილებით შპს „მობიტელს“ დაეკისრა ვალდებულება  კომისიაში წარმოსადგენი განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში დაემოწმებინა ე.წ. „დიდ ოთხეულში“ შემავალი ერთ-ერთი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის  (Deloitte, KPMG, PWC, Ernst&Young) მიერ.                                            

            კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ სარჩელის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ივლისის (საქმე N3/2691-14)  განჩინებით მხარეთა შორის არსებული დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერებული იქნა კომისიის 2014 წლის 5 ივნისის №302/18 გადაწყვეტილების მოქმედება შპს „მობიტელის“ მიერ კომისიისთვის ინფორმაციის წარმოდგენის ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს 2013 წლის 17 ივლისის №450/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრას.

            კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი 2012 წლის და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის განხილვა გაიმართა კომისიის 2014 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ

შპს „მაგთიკომის, შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელის“ და შპს „კავკასიის ციფრული ქსელების“ წარმომადგენლები.

         შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ 2012 წლის და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშების თაობაზე კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა (ე.ასანიძე, დ.გოგიჩაიშვილი)  კომისიის სხდომაზე წარმოადგინა შემდეგი ინფორმაცია:

            კომისიის  2013 წლის 17  ივლისის  N450/18 გადაწყვეტილების თანახმად,  შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელს“ და შპს „მობიტელს“ დაევალათ საკუთარი შიდაორგანიზაციული სტრუქტურის საბითუმო ფუნქციური ქვედანაყოფის მიერ, ამავე შიდაორგანიზაციული სტრუქტურის საცალო ფუნქციური ქვედანაყოფისთვის მიწოდებული სატელეფონო ხმოვანი ზარის წამოწყება/დასრულების მომსახურების ზუსტი ღირებულების დადგენის მიზნით, 2012 წლის და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდისათვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის (მათ შორის, ტრანსფერული ტარიფების ანალიზის უწყისის, მოგება-ზარალის უწყისის და დატვირთული კაპიტალის განაწილების ანგარიშის, საქმიანობის სახეების მიხედვით) კომისიისთვის წარმოდგენა; განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებულ „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების  მეთოდოლოგიური წესებთან“ და დამოწმებული უნდა ყოფილიყო იმ აუდიტორის მიერ, რომელიც ამოწმებს კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებას საერთაშორისო აუდიტორული სტანდარტების მიხედვით.

 შპს „მაგთიკომის“ აუდიტორმა „KPMG Georgia“-მ  შპს „მაგთიკომის’’ მიერ მომზადებულ განცალკავებული აღრიცხვის ანგარიშზე შეადგინა/წარმოადგინა  პირობითი მოსაზრება  (დასკვნა); დასკვნის პირობითობის საფუძველს წარმოადგენს შპს „მაგთიკომის“ მიერ განცალკევებული აღრიცხვის  ისტორიული და არა მიმდინარე ღირებულებით მომზადება. კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების  მეთოდოლოგიური წესები“  ითვალისწინებს განცალკავებული აღრიცხვის ანგარიშის მხოლოდ მიმდინარე ღირებულებით მომზადებას.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიამ 2013 წლის 1 ნოემბერს მიიღო N 658/22 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც კომისიამ  შესაძლებლად მიიჩნია  შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 2012 წლის და 2013 წლის 6 თვის პერიოდისთვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული ანგარიშის ისტორიული ღირებულებით  მომზადება. შპს „KPMG Georgia“ კომისიაში წარმოდგენილ დასკვნაში აღნიშნავს, რომ გარდა ზემოაღნიშნული შენიშვნისა, რაც წარმოადგენს დასკვნის პირობითობის საფუძველს, შპს „მაგთიკომის“’ მიერ მომზადებული განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში წარმოდგენილია სამართლიანად ყველა ასპექტის გათვალისწინებით,  კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი 2012 წლის და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების საფუძვლები, დანახარჯების მომსახურების სახეებზე  გადანაწილების მეთოდოლოგია, ანგარიშის მომზადების პროცესები, ტრანსფერული ტარიფების ანალიზის უწყისი, მომსახურების სახეების მიხედვით მოგება-ზარალის უწყისები და დატვირთული კაპიტალის საქმიანობის სახეების მიხედვით განაწილების უწყისი მოცემულია  შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშში (წერილი N 14/081-2, 2/05/2014).

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი 2012 წლის და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მიხედვით, მობილურ საბითუმო ხმოვან მომსახურებაზე გადანაწილების შედეგად მიკუთვნებული საოპერაციო დანახარჯები 2012 წლისთვის შეადგენს 59,400 ათას ლარს, ხოლო 2013 წლის ექვსი თვის პერიოდისთვის - 27,011 ათას ლარს. კომპანიის მობილურ ქსელში განხორციელებული ტრაფიკი აღნიშნულ პერიოდებში შეადგენდა 2012 წელს – 5,345,431,125 წუთს,  ხოლო 2013 წლის ექვსი თვის პერიოდში - 3,586,809,916 წუთს; შესაბამისად კომპანიის მობილურ ქსელში განხორცილებულ ხმოვანი მომსახურების ერთ წუთზე  დანახარჯები 2012 წლის მონაცემებით შეადგენს 1,11 თეთრს, ხოლო 2013 წლის 6 თვის მონაცემებით -0,75 თეთრს. 

შპს „მაგთიკომი“ წარმოდგენილ შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშში განმარტავს, რომ მობილური ხმოვნი საცალო მომსახურების ტრანსფერული ხარჯები წარმოიშობა მობილურ ხმოვანი საცალო  მომსახურების მიერ შესაბამისი მობილური ხმოვანი საბითუმო მომსახურების მოხმარებიდან. ამ ანგარიშში  მობილურ საბითუმო ხმოვან და მობილურ საცალო ხმოვან მომსახურებებს შორის ერთ წუთ საბითუმო ხმოვან მომსახურებაზე ტრანსფერული ხარჯი შეადგენს კომისიის მიერ დადგენილ შპს „მაგთიკომის“ ქსელში ურთიერთჩართვის ზარის წამოწყება/დასრულების  ზედა ზღვრული ტარიფის ექვივალენტს - 6.16 თეთრს (8 თეთრი დღგ-ს და აქციზის გარეშე).

კომპანიის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მიდგომის მიხედვით შპს „მაგთიკომის“ მობილური საბითუმო ხმოვანი  მომსახურება   ფინანსური შედეგებით ზემომგებიანია მაშინ, როდესაც მობილური საცალო ხმოვანი  მომსახურება   უკიდურესად ზარალიანია.  ცხრილი N 1.1-ში და ცხრილი N 1.2-ში მოცემულია ამ მიმართულებების მიხედვით კომპანიის ფინანსური შედეგების მაჩვენებლები.

შპს „მაგთიკომის“ მობილური საბითუმო ხმოვანი მომსახურების მოგება-ზარალის უწყისი:

ცხრილი N 1.1

 

შპს „მაგთიკომის“ მობილური საცალო  მომსახურების მოგება-ზარალის უწყისი:

ცხრილი N 1.2

 

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მიხედვით, მობილური მომსახურებიდან  (საცალო და საბითუმო) კომპანიის  უკუგება (მოგება/შემოსავლებზე) 2012 წლის მონაცემით შეადგენს 34%-ს, ხოლო 2013 წლის ექვსი თვის პერიოდის მონაცემებით - 28%-ს.  ცხრილი N 1.3 -ში  მოცემულია აღნიშნული პერიოდების მიხედვით კომპანიის მობილური მომსახურებიდან მიღებული ფინანსური შედეგები:

ცხრილი N 1.3

 

            შპს „ჯეოსელის“  აუდიტორმა  „PricewaterhouseCoopers“ -მა შპს „ჯეოსელის“’ მიერ მომზადებულ განცალკავებული აღრიცხვის ანგარიშზე შეადგინა/წარმოადგინა  პირობითი მოსაზრება  (დასკვნა); დასკვნის პირობითობის საფუძველს წარმოადგენს შპს „ჯეოსელის“ მიერ განცალკევებული აღრიცხვის   ისტორიული და არა მიმდინარე ღირებულებით მომზადება. კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების  მეთოდოლოგიური წესები“ ითვალისწინებს განცალკავებული აღრიცხვის ანგარიშის მხოლოდ მიმდინარე ღირებულებით მომზადებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიამ 2013 წლის 1 ნოემბერს მიიღო N 658/22 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც კომისიამ  შესაძლებლად მიიჩნია შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიის 2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 2012 წლის და 2013 წლის 6 თვის პერიოდისთვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული ანგარიშის ისტორიული ღირებულებით  მომზადება. შპს „PricewaterhouseCoopers“ აღნიშნულ დასკვნაში აღნიშნავს, რომ გარდა ზემოაღნიშნული შენიშვნისა, რაც წარმოადგენს  დასკვნის პირობითობის საფუძველს, შპს „ჯეოსელის’’ მიერ მომზადებული განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში წარმოდგენილია სამართლიანად ყველა ასპექტის გათვალისწინებით, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.

შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი 2012 წლის და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადების საფუძვლები, დანახარჯების მომსახურების სახეებზე  გადანაწილების მეთოდოლოგია, ტრანსფერული ტარიფების ანალიზის უწყისი, მომსახურების სახეების მიხედვით მოგება-ზარალის უწყისები და დატვირთული კაპიტალის საქმიანობის სახეების მიხედვით განაწილების უწყისი მოცემულია  შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშში (წერილიN 2/131-14, 21/05/2014).

შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი 2012 წლის და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მიხედვით, მობილურ საბითუმო ხმოვან მომსახურებაზე გადანაწილების შედეგად მიკუთვნებული საოპერაციო და არასაოპერაციო დანახარჯები 2012 წლისთვის შეადგენს 17,242,096 ლარს, ხოლო 2013 წლის ექვსი თვის პერიოდისთვის - 9,633,989  ლარს.  კომპანიის მობილურ ქსელში შემომავალი საბითუმო ტრაფიკი აღნიშნულ პერიოდებში შეადგენდა 2012 წელს – 591,679,857 წუთს,  ხოლო 2013 წლის ექვსი თვის პერიოდში - 371,729,302 წუთს; შესაბამისად, კომპანიის მობილურ ქსელში განხორცილებულ ხმოვანი საბითუმო მომსახურების თვითღირებულება 2012 წლის მონაცემებით შეადგენს  2,9 თეთრს/წუთზე, ხოლო 2013 წლის 6 თვის მონაცემებით -2,6 თეთრი/წუთი. 

ცხრილი N 2.1 -ში მოცემულია  მობილური ხმოვანი საბითუმო მომსახურების ერთ წუთზე დანახარჯები, თვითღირებულება:

ცხრილი N 2.1

 

შენიშვნა:  ცხრილი N 2.1-ში მოცემული მობილური ხმოვანი საბითუმო მომსახურების ერთ წუთზე დანახარჯების გაანგარიშებისას ქსელის შიგნით განხორციელებული ტრაფიკი გათვალისწინებულია ორჯერ, როგორც ზარის წამოწყებაზე, ასევე ზარის დასრულებაზე.

შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი ტრანსფერული ხარჯების შესახებ ცხრილში მოცემული კომპანიის მობილურ  ქსელში განხორციელებულ ზარის ერთ წუთზე  ტრანსფერული დანახარჯის  გაანგარიშებისას ქსელის შიგნით განხორცილებული ტრაფიკი (შიდა ტრაფიკი) გათვალისწინებულია ერთხელ. 

ცხრილი N 2.2 -ში მოცემულია შპს „ჯოსელის“ 2012 წლის და 2013 წლის 6 თვის პერიოდის ტრანსფერული დანახარჯების შესახებ ინფორმაცია:

ცხრილი N 2.2

 

შენიშვნა:  ცხრილი N 2.2 -ში ტრანსფერული დანახარჯის  გაანგარიშებისას ქსელის შიგნით განხორცილებული ტრაფიკი (შიდა ტრაფიკი) გათვალისწინებულია ერთხელ.

კომპანიის მიერ წარმოდგენილი, აუდიტორის მიერ დამოწმებული შპს „ჯეოსელის“  შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის თანახმად, შპს „ჯეოსელის“ მიერ 2012 წელს  მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებიდან  მიღებული ზარალი შეადგენდა  11 040 949 ლარს, ხოლო 2013 წლის 6 თვის მონაცამებით  მიხედვით  შპს „ჯეოსელის“ მიერ მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებიდან  მიღებული   ზარალი  შეადგენდა  6 246 493 ლარს. აღნიშნული მონაცემები  ასახულია ცხრილ №2.3-ში:

ცხრილი N 2.3

 

ცხრილი  N2.3-ში მოცემული მონაცემების განხილვისას მნიშვნელოვანია იმის  გათვალისწინება, რომ   შპს „ჯეოსელის“ აუდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით 2012 და 2013 წელს კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან  მიღებული შედეგები მომგებიანია. 

შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“  მიერ წარმოდგენილი აუდიტორის მიერ დამოწმებული შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მიხედვით დასტურდება, რომ  როგორც შპს „მაგთიკომის“, ასევე  შპს „ჯეოსელის“ მიერ  ადგილი აქვს საბითუმო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებით საცალო მომსახურებიდან მიღებული ზარალის სუბსიდირებას.

შპს „მაგთიკომს“ და შპს „ჯეოსელს“,  კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული აქვთ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, რომელიც  ითვალისწინებს შემდეგ პირობას  - „მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი  ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე.“

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მოთხოვნების და კომპანიების მიერ წარმოდგენილი შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ მხრიდან ხდება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების  ბოროტად გამოყენება ნიშნავს ავტორიზებული პირის მიერ ამავე კანონის V თავით განსაზღვრული და კომისიის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას.

            „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ კომისია დაადგენს ავტორიზებული პირის საქმიანობის შეუსაბამობას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველმყოფ პირობებთან, რომლებიც განსაზღვრულია კანონით, ან მისთვის, როგორც მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისთვის, დაკისრებული ერთი ან მეტი ვალდებულების შეუსრულებლობას, კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონის VII თავით დადგენილი სანქციები.

            მეორე მხრივ, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საშუალება შექმნა იმ  გარემოებამ, რომ საბითუმო მომსახურების ფასი მნიშვნელოვნად აღემატება ამ მომსახურებაზე გაწეულ დანახარჯებს, რაც თავის მხრივ კომპანიებს სუბსიდირების საშუალებას აძლევს.

            კომისიამ 2013 წლის 13 დეკემბერს მიიღო №744/19  გადაწყვეტილება, რომლითაც ცვლილება შევიდა კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში და რომლის მიხედვითაც ეტაპობრივად მიმდინარეობს კომისიის მიერ დადგენილი მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფების შემცირების პროცესი. 2014 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა ზედა ზღვრული ტარიფი  5 თეთრის ოდენობით, 2015 წლის 1 მარტს ამოქმედდება ზედა ზღვრული ტარიფი 4 თეთრის, ხოლო 2015 წლის 1 სექტემბერს 3.5 თეთრის ოდენობით. თუმცა, ამავე დროს, არსებული გრაფიკის პირობებში, კომპანიების მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებების, აგრეთვე ზედა ზღვრული ტარიფების ფარგლებში მათ მიერ დადგენილი ურთიერთჩართვის ტარიფის ოდენობის გათვალისწინებით შპს „მაგთიკომს“ და შპს „ჯეოსელს“ მაინც უნარჩუნდებათ  მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სუბსიდირებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ 2013 წლის  13  დეკემბერის  N 744/19  გადაწყვეტილებით კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად დადგენილი  გრაფიკის ზედა ზღვრული ტარიფის შემცირების ბოლო ეტაპი - 3.5 თეთრიანი ზედა ზღვრული ტარიფი, კომისიამ დაუყონებლივ უნდა შეიყვანოს ძალაში და შესაბამისად, უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9  გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ  მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ზედა ზღვრული ტარიფების ამოქმედების გრაფიკით გათვალისწინებული ბოლო - 3.5 თეთრიანი ზედა ზღვრული ტარიფი წარმოადგენს დროებით რეგულირაციას და იმოქმედებს მანამ, სანამ კომისიის მიერ არ მოხდება LRIC -ის მეთოდით გაანგარიშებული ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფების დადგენა.

რაც შეეხება შპს „მობიტელს“, კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიამ კომისიაში არ წარმოადგინა შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში, შესაბამისად მსჯელობა იმის შესახებ, კომპანიამ ბოროტად გამოიყენა თუ არა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, ამ ეტაპზე ვერ მოხდება. აგრეთვე ვერ იქნება განხილული მის მიმართ სანქციის გამოყენების საკითხი.

            კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ შპს „მობიტელს“ ჰქონდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში კომისიისთვის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში წარმოედგინა. თავიდანვე შპს „მობიტელს“  კომისიის 2013 წლის 17  ივლისის  N450/18  გადაწყვეტილებით აღნიშნული ანგარიშის კომისიაში წარმოსადგენად  განესაზღვრა 3 თვიანი ვადა, ხოლო შემდეგ  კომისიის 2013 წლის 1 ნოემბრის  N658/22 გადაწყვეტილებით აღნიშნული ვადა გაუგრძელდა 2014 წლის 1 მაისამდე. შპს „მობიტელს“ 2014 წლის 1 მაისს კომისიისთვის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში არ წარმოუდგინია, რის გამოც  შპს „მობიტელს“ დაეკისრა ჯარიმა 30,000 ლარის ოდენობით. ამასთან, შპს „მობიტელს“ აღნიშნული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენის ვადად განესაზღვრა 2014 წლის 5 აგვისტო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  შპს „მობიტელს“ 2013 წლის 17  ივლისიდან 2014 წლის 5 აგვისტომდე განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიისთვის წარმოსადგენად ჰქონდა ერთ წელზე უფრო მეტი დრო; მობილურ ქსელში საცალო და საბითუმო ტარიფებს შორის ურთიერთკავშირის დასადგენად კომისია არ დაეყრდნო მხოლოდ კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნას და კომპანიებს დაავალა აუდიტორის მიერ დამოწმებული 2012 წლის და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდისთვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიისთვის  წარმოდგენა. შპს „მობიტელის“ ინტერესში შედიოდა, წარმოედგინა მის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების უარყოფა, დადასტურებული აუდიტორული დასკვით, რაც კომპანიის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „მობიტელს“, ისევე როგორც შპს „მაგთიკომს“ და შპს „ჯეოსელს“, ამ ეტაპზე გააჩნია საბითუმო მომსახურებიდან საცალო მომსახურების სუბსიდირების შესაძლებლობა, გამომდინარე იმ თანაფარდობიდან, რაც არსებობს გრაფიკის მიხედვით დადგენილ ურთიერთჩართვის ზედა ზღვრულ ტარიფსა და შპს „მობიტელის“ გაანგარიშებით წარმოდგენილ დანახარჯებს შორის. შესაბამისად, 3,5 თეთრიანი ზედა ზღვრული ტარიფის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე ამოქმედების  საკითხზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება ასევე უნდა გავრცელდეს შპს „მობიტელზეც”.

კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ ზემოაღნიშნული ინფორმაციის და დასკვნის წარმოდგენის შემდეგ კომისიის წევრების და კომპანიების წარმომადგენლების მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული იქნა შემდეგი მოსაზრებები:

კომისიის თავმჯდომარემ ვ.აბაშიძემ აღნიშნა, რომ საკითხის განხილვის საჭიროება წარმოშვა დავამ შპს „კავკასიის ციფრული ქსელებსა“ და  შპს „მაგთიკომის“ შორის, კერძოდ, მომხმარებელ  „ტაო პრივატ ბანკის“ შპს ”მაგთიკომის” მიერ შეთავაზებული იმ საცალო მომსახურების ტარიფებით გადაბირების გამო, რომელსაც შპს ”კავკასიის ციფრული ქსელი” ვერასდროს შესთავაზებს მომხმარებელს საბითუმო მომსახურებაზე დადგენილი ურთიერთჩართვის ტარიფების გამო.    აღნიშნული დავა ზუსტად აღწერს ამ საქმის მთელ არსს და შინაარსს. შპს „მაგთიკომმა“  „ტაო პრივატ ბანკს“, რომელიც იყო შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ აბონენტი შესთავაზა  ”მაგთიფიქსზე” და შპს „მაგთიკომის“ მობილურ ქსელში ზარის განხორციელების ტარიფი  5 თეთრი, იმ დროს, როდესაც შპს „კავკასიის ციფრული ქსელები“ შპს „მაგთიკომის“ ქსელში ზარის დასრულების საფასურს იხდიდა 8 თეთრის ოდენობით. მხარეებს შორის დაიწყო  დავა იმის შესახებ, რომ შპს „კავკასიის ციფრულმა ქსელებმა“ შპს „მაგთიკომის“ მიერ შეთავაზებული ტარიფების გამო დაკარგა მომხმარებელი „ტაო პრივატ ბანკი“. ასევე საინტერესო მაგალითია სამთავრობო ტენდერის საკითხი, სადაც აბონენტთა ერთი ჯგუფის ხარჯზე ხდება სხვა ჯგუფის სუბსიდირება. შესაძლებელია, საკითხის განხილვის პროცესში კომისია წავიდეს კონკრეტული მაგალითების დაკონკრეტებისკენ, ასევე შესაძლოა, რომ ეს საკითხი იქნას განხილული ამ კონკრეტული მაგალითების განხილვის გარეშე იმ წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, რომელიც ეყრდნობა თავად კომპანიების მიერ დაქირავებული ისეთი აუდიტორების დასკვნებს, როგორიცაა „KPMG“ და „Price water house Cooper“, სადაც სუბსიდირების საკითხი დასტურდება. უფრო ნათელი ხდება სუბსიდირების საკითხი აღნიშნული კონკრეტული მაგალითების განხილვისას. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვ.აბაშიძე დაეთანხმა წარმოდგენილ პროექტს სუბსიდირების ფაქტის დადასტურებასთან დაკავშირებით.  მან ასევე აღნიშნა, რომ  აუცილებლად მიაჩნია ურთიერთჩართვის ზედა ზღვრული ტარიფის დადგენის გრაფიკის შეცვლა და ამ კუთხით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, რათა მომავალი წლის პირველი იანვრისთვის ძალაში შევიდეს 3,5 თეთრი ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული  ტარიფის სახით. როგორც ვ.აბაშიძემ აღნიშნა, მას მიზანშეწონილად მიაჩნია, ურთიერთჩართვის ტარიფების და ხარჯების გამოთვლისთვის ეფექტური მართვის მოდელების შემოღება. თუმცა, აღნიშნული ცვლილებისთვის აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რასაც თავის მხრივ სჭირდება გარკვეული ვადა.

კომისიის წევრმა კ.ბექაურმა აღნიშნა, რომ  ვერც ერთი მობილური კომპანია ვერ უარყოფს, რომ სამთავრობო ტენდერის კონტრაქტი აბსოლუტურად წამგებიანი იქნება, თუ გაანგარიშებაში გავითვალისწინებთ ტრანსფერულ დანახარჯებს. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული კონკრეტული სამთავრობო ტენდერის კონტრაქტი სუბსიდირდება  ან სხვა მომხმარებლებიდან ან საბითუმო ბაზრიდან. საიდანაც არ უნდა მოხდეს სუბსიდირება, აღნიშნული წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას;

შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლ.გიორგაძემ აღნიშნა, რომ არ ეთანხმება იმ პოტენციურ გადაწყვეტილებას, რომელიც წარმოდგენილია პროექტის სახით და  რომელზეც უნდა იმსჯელოს კომისიამ. მან აღნიშნა, რომ სურს ყურადღება გაამახვილოს რამდენიმე ძირითად ასპექტზე. მისი აზრით,  არასწორია კომისიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ორ ოპერატორთან მიმართებაში. შპს „ჯეოსელი“ და შპს „მაგთიკომი“, რომლებმაც კეთილსინდისიერად შეასრულეს დაკისრებული ვალდებულება, გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ის კომპანია, რომელმაც ეს ვალდებულება არ შეასრულა. კომისია სუბსიდირების ნაწილში ეყრდნობა კომპანიების მიერ წარმოდგენილი აუდიტორულ დასკვნას, რაც მიაჩნია არასწორად. აუდიტორული დასკვნის საფუძველზე კომისია მიდის იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შპს „ჯეოსელის“ შემთხვევაში ადგილი აქვს  ბოლო მომხმარებლების სუბსიდირებას სხვა ავტორიზებული პირების ხარჯზე, სხვა კონკრეტული შემთხვევები განხილული და შესწავლილი კომისიის მხრიდან არ არის. აუდიტორულ დასკვნაში განხილულია მხოლოდ ზოგადი ნაწილი, რომელიც გულისხმობს საცალო და საბითუმო მომსახურებების მიმართებას. სხვა კონკრეტული ფაქტები, როგორიცაა კონკრეტული ავტორიზებული პირი ან კონკრეტული სატარიფო გეგმა, რომლითაც ხდება სუბსიდირება, კომისიას არ შეუსწავლია; კომისიის მიერ მიღებული წინა გადაწყვეტილებებით, კომისიამ ურთიერთჩართვის ტარიფების გაანგარიშებისას  დაადგინა  ზედა ზღვარი; რა აზრი ჰქონდა კომისიის მიერ ზედა ზღვრის დადგენას, თუ ეს ციფრები ნებისმიერი ტარიფის დადგენის საშუალებას არ მისცემდა კომპანიას. კომისიის გადაწყვეტილებაში მაქსიმალურად მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს, კომპანიებმა რა დაარღვიეს და მომავალში როგორ უნდა იმოქმედონ, რომ მსგავსი ქმედებები არ განმეორდეს მათი მხრიდან;

შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა გ.კოშორიძემ განიხილა  „ტაო პრივატ ბანკის“ შემთხვევა და დასვა კონკრეტული შეკითხვა:  რა შემთხვევაში ჩაითვლებოდა შპს „მაგთიკომისგან“, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორისგან, თამაშის წესების დარღვევა, თუ შპს „მაგთიკომმა“ „ტაოპრივატ ბანკს“ შესთავაზა ისეთი პირობები, რისი შეთავაზებაც არ შეეძლო შპს „კავკასიის ციფრულ ქსელებს“. მის მიერვე დასმული შეკითხვის პასუხად, გ.კოშორიძემ აღნიშნა, რომ თუ შპს „მაგთიკომმა“ შესთავაზა ქსელში დასრულების უფრო დაბალი ტარიფი, ვიდრე შპს „კავკასიის ციფრულ ქსელებმა“ და ამასთანავე შპს „მაგთიკომმა“ ამ ზარალის კომპენსირება მოახდინა სხვა წყაროების ხარჯზე, ასეთ შემთხვევაში, მისი აზრით,  მოხდებოდა სუბსიდირება; მაგრამ, თუ  აბონენტიდან მიღებული შემოსავალი აღემატება ამ აბონენტზე გაწეულ ხარჯებს, ამ შემთხვევაში სუბსიდირებას არ აქვს ადგილი. თუ შპს „მაგთიკომი“ შპს „კავკასიის ციფრული ქსელების“ მეშვეობით „ტაო პრივატ ბანკიდან“ იღებდა შპს „მაგთიკომის“ ქსელში დასრულებულ ზარებში პირობითად X თანხას და ეს თანხა წარმოადგენდა შპს „მაგთიკომის“ მოგებას, ხოლო ამ ტრანზაქციის შემდეგ, როდესაც „ტაო პრივატ ბანკი“ გადმოვიდა შპს „მაგთიკომში“ და შპს „მაგთიკომმა“ მიიღო პირობითად Y თანხა, რომელიც აღემატება X თანხას, აქ რაიმე ვალდებულების ან კონკურენციის დარღვევის ფაქტს ადგილი არ აქვს. გ.კოშორიძემ აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს  კონკრეტულად ამ საკითხის შესწავლა და თუ აღმოჩნდება, რომ შპს „მაგთიკომმა“ დაარღვია რაიმე ვალდებულება, ნებისმიერ სანქციაზე თანახმაა; მან აგრეთვე აღნიშნა, რომ განცხადება იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნას კომპანიები არ ეწინააღმდეგებიან და ყველამ ჩათვალა, რომ ეს დასკვნა არის სწორი, მას მიუღებლად მიაჩნია.

გ.კოშორიძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მეთოდიკა თავიდანვე იწვევდა კრიტიკას 2008 წლამდეც და მას შემდეგაც, სწორად ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება წინა კვლევისას, რომ მომხდარიყო გადასვლა აპრობირებულ  LRIC-ის მოდელზე და ამით დაგვერეგულირებინა ბაზარი და ურთიერთჩართვის ტარიფები. აღნიშნული მოდელი არ გულისხმობს საცალო და საბითუმო ფასების შედარებას. გ.კოშორიძემ აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, თვითონ ეს კვლევაც თავიდან ბოლომდე არის აბსურდული და მოითხოვა, რომ ამ კვლევის საფუძველზე კომისიამ გადაწყვეტილება არ მიიღოს.

შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ წარმომადგენელმა დ.თუთბერიძემ აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომმა“ „ტაო პრივატ ბანკთან“ კონკრეტული დავის განხილვაზე უარი განაცხადა ერთი წლის უკან. როდესაც აღნიშნული საკითხი მიმდინარეობდა დავის რეჟიმში, შპს „მაგთიკომმა“ დააყენა შუამდგომლობა და დავის განხილვის საქმის წარმოებიდან  გადაიყვანა ეს საკითხი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული საქმის წარმოებაში. ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში იქნა მიღებული კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც მობილურ კომპანიებს მოეთხოვათ გარკვეული დოკუმენტაციის წარმოდგენა. ეს გადაწყვეტილება კომპანიების მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა და მათ მიერ მასალები იქნა წარმოდგენილი. აღნიშნულ მასალებზე დაყრდნობით კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ მობილური კომპანიები არ დაეთანხმებიან გადაწყვეტილებას, შეუძლიათ გაასაჩივრონ. დ.თუთბერიძემ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია რა არის სადაო -  აუდიტორის მიერ იქნა არასწორად დათვლილი მონაცემები თუ აუდიტორული დასკვნის ინტერპრეტაცია კეთდება არასწორად? დ.თუთბერიძემ აღნიშნა, რომ ასეთი საფუძველი არ არსებობს, რადგან წარმოდგენილია მხოლოდ კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის პოზიცია ამ აუდიტორულ დასკვნებზე დაყრდნობით. დ.თუთბერიძემ აღნიშნა, რომ მობილური კომპანიები ცდილობენ საკითხის განხილვის გაჭიანურებას და მისი აზრით, კომისიამ ეს არ უნდა დაუშვას. დ.თუთბერიძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ 2008 წელს კომისიამ კომპანიებს დააკისრა დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკური ვალდებულება დაზუსტებული პირობებით. დ.თუთბერიძის აზრით, ამ ვალდებულების მიზანი სავსებით ნათელია: როდესაც ურთიერთჩართული ოპერატორი საბითუმო ბაზარზე იყიდის მომსახურებას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორისგან, მას უნდა ჰქონდეს საშუალება საცალო ბაზარზე ეს მომსახურება გაყიდოს და გაუძლოს თავისი მომწოდებელი ოპერატორის კონკურენციასაც კი. ამ მიზნით იქნა ეს სპეციფიკური ვალდებულება დაკისრებული კომპანიებზე. გ.თუთბერიძეს მიაჩნია, რომ 2008 წლის შემდგომ ეს ვალდებულება არ სრულდება. მისი აზრით, ფაქტობრივი გარემოება ისეთია, რომ სატელეფონო ურთიერთჩართვის მომსახურების ბაზარზე ნაყიდი მომსახურება შპს „კავკასიის ციფრულ ქსელს“ რომ გააქვს საცალო ბაზარზე, იგი და მისი მსგავსი კომპანიები ვერ უწევენ კონკურენციას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიებს.  2008 წლიდან დღემდე ეს საკითხი მოითხოვს რეგულირებას. 2008 წლამდე არ იყო კონკურენციის ისეთი მკაცრი პირობები, რომ ეს საკითხი ყოფილიყო აქტუალური. დ.თუთბერიძის აზრით, დღეს წარმოდგენილი მასალებიდან იკვეთება სუბსიდირების ფაქტი; ასევე ბაზარზე გვაქვს უდავო სურათი, რომ დღემდე ხდება კონკურენციის შეზღუდვა. დ.თუთბერიძემ მიმართა კომისიას წინადადებით, ვინაიდან დასტურდება კომპანიების მხრიდან დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები, სანქცირების სახით. დ.თითბერიძის აზრით, სანქცირება ამ ეტაპზე არ მოგვცემს იმის უტყუარ და ეფექტურ გარანტიას, რომ ბაზარზე კონკურენციის უთანაბრობა დაუყონებლივ გასწორდება, სანქცირება ამ პროცესის  დასაწყისი იქნება. იმისათვის, რომ სატარიფო  დონეზე რეგულირება ეფექტური და სწრაფი იყოს, იგი დაეთანხმა კომისიის თავმჯდომარეს, რომ შესაბამის გადაწყვეტილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული საქმის წარმოება, არა მხოლოდ ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფის - 3.5 თეთრის, გრაფიკით განსაზღვრულ ვადაზე ადრე ამოქმედებაზე, არამედ ტარიფიც უნდა შეიცვალოს და მისი აზრით, ეს შესაძლოა 1.5 თეთრიც იყოს; შესაძლოა, რომ ეს ტარიფი ამ წლის ნოემბრის თვეში დადგინდეს, რათა რეგულირება იყოს ეფექტური.

         კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი ახსნა-განმარტებებისა და შესაბისი ადმინისტრაციული წარმოების მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს შემდეგს:

            1. კომისიის  2013 წლის 17 ივლისის N450/18 გადაწყვეტილებით შპს „ჯეოსელის“, შპს „მაგთიკომისა“ და შპს „მობიტელის“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“,  შპს „მაგთიკომს“, შპს „ჯეოსელს“ და შპს „მობიტელს“  დაევალათ აუდიტორის მიერ დამოწმებული  2012 წლის და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდისათვის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიისთვის წარმოდგენა;

            2. 2012 წლის და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშები წარმოადგინეს შპს „მაგთიკომმა“ და შპს „ჯეოსელმა“;

3. შპს „მაგთიკომის“, ასევე შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი აუდიტორის მიერ დამოწმებული  2012 წლის და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის  ანგარიშებიდან დასტურდება, რომ კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს საბითუმო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებით საცალო მომსახურებიდან მიღებული ზარალის სუბსიდირება, რაც თავის მხრივ წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ მხრიდან  კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებით დაკისრებული დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების დარღვევას;

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ კომისია დაადგენს ავტორიზებული პირის საქმიანობის შეუსაბამობას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველმყოფ პირობებთან, რომლებიც განსაზღვრულია კანონით, ან მისთვის, როგორც მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისთვის დაკისრებული ერთი ან მეტი ვალდებულების შეუსრულებლობას, კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონის VII თავით დადგენილი სანქციები;

5. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის მიერ შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 28-ე მუხლების საფუძველზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო, სანქცია არ ყოფილა გამოყენებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 დეკემბრის განჩინების (საქმე №ბს-177-170 (კ-13) შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების გავალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ მიმართ სანქციის სახის გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება;

6. შპს „მობიტელის“ სარჩელის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ივლისის (საქმე N3/2691-14)  განჩინებით მხარეთა შორის არსებული დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერებული იქნა  2014 წლის 5 ივნისის №302/18 გადაწყვეტილების მოქმედება შპს „მობიტელის“ მიერ კომისიისთვის ინფორმაციის წარმოდგენის ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს 2013 წლის 17 ივლისის №450/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრას. შპს „მობიტელის“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირის მიერ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების დარღვევის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დინება შეჩერდეს და გაგრძელდეს სასამართლოს მიერ შეჩერებული 2014 წლის 5 ივნისის №302/18 გადაწყვეტილების შეჩერებული ნაწილის ამოქმედებისთანავე;

            7.  კომისიამ, 2013 წლის  13  დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება N744/19,  რომლითაც ცვლილება შევიდა კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში, რომლის შესაბამისადაც ეტაპობრივად მიმდინარეობდა მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის ზედა ზღვრული ტარიფების შემცირების პროცესი. კერძოდ, 2014 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა 5 თეთრიანი ზედა ზღვრული ტარიფი, 2015 წლის  1 მარტს უნდა ამოქმედდეს ზედა ზღვრული ტარიფი 4 თეთრის ოდენობით, ხოლო 1 სექტემბერს - 3.5 თეთრი. კომისიაში შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი 2012 წლის და 2013 წლის ექვსი თვის პერიოდის შემოსავლების და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშების საფუძველზე, აგრეთვე კომისიის 2013 წლის  13  დეკემბერის N744/19 გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული მობილური კომპანიების მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებების გათვალისწინებით, ნათლად გამოიკვეთა, რომ არსებული გრაფიკის პირობებში, მათ მიერ დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების საბითუმო მომსახურების ფასი მნიშვნელოვნად აღემატება ამ მომსახურებაზე გაწეულ დანახარჯებს, რაც მათ საცალო მომსახურების სუბსიდირების შესაძლებლობას აძლევს, და ამ გზით მობილური კომპანიების მხრიდან მათზე ურთიერთჩართვის საბითუმო ბაზრის სეგმენტზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულების პირობების დარღვევას განაპირობებს; შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით 2013 წლის  13  დეკემბერის  №744/19  გადაწყვეტილებით კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად დადგენილი  გრაფიკის ზედა ზღვრული ტარიფის შემცირების ბოლო ეტაპზე - 2015 წლის 1 სექტემბერიდან გათვალისწინებული ზედა ზღვრული ტარიფი  - 3,5 თეთრის ოდენობით, რომელიც სრულად ფარავს ზემოაღნიშნული სამივე კომპანიის მიერ ამავე მომსახურების მისაწოდებლად გაწეულ ხარჯებს, აუცილებელია ამოქმედდეს უფრო ადრე, კერძოდ, 2015 წლის 1 იანვრიდან, რისთვისაც საჭიროა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 28-ე მუხლისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის

 შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს „მაგთიკომს“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს მიეცეს გაფრთხილება, კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების 4.4. პუნქტით დაკისრებული დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულების დარღვევით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების  გამო;

2. შპს „ჯეოსელს“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს მიეცეს გაფრთხილება, კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების 4.4. პუნქტით დაკისრებული დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულების დარღვევით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების  გამო;

3. შპს „მობიტელის“, როგორც მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირის მიერ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილებებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულების დარღვევის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერდეს და გაგრძელდეს სასამართლოს მიერ შეჩერებული 2014 წლის 5 ივნისის №302/18 გადაწყვეტილების ამოქმედებისთანავე;

4. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9  გადაწყვეტილებში ცვლილების შეტანის თაობაზე;

5.  საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის  9 ოქტომბერს 16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18), ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას, ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

8. გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტები ცალკე გასაჩივრებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

9. გადაწყვეტილება (მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6) გადაწყვეტილების  შპს ”მაგთიკომისთვის” და შპს ”ჯეოსელისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

10. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში;

11. გადაწყვეტილება ძალაში  შევიდეს მისი გადაწყვეტილებითი ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე, ხოლო სრულად - კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-6 და მე-7 პუნქტებისა) შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე); კონტროლი გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა), ხოლო მე-7 პუნქტის შესრულებაზე კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                         ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                         ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                         კ. ბექაური

 

თანდართული დოკუმენტები: