ფიზიკურ პირ უჩა ნებიერიძის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 587 / 23

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2014 17:16

მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2014

ფიზიკურ პირ უჩა ნებიერიძის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 3 ოქტომბერს კომისიას რეაგირებისთვის მომართა კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა  (შემდგომში ,,საზოგადოებრივი დამცველი”) თამთა ტეფნაძემ (2014 წლის 3 ოქტომბრის №10/1628-14 მომართვა). აღნიშნული მომართვიდან ირკვევა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს საჩივრით მიმართა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ აბონენტმა უჩა ნებიერიძემ (საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში რეგისტრაციის №260/6; 08.07.2014). მომხმარებლის განცხადებით, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ   მისთვის მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურების საფასური შეადგენდა თვეში 30 ლარს, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების ღირებულება - 15 ლარს. მომხმარებელი თავის საჩივარში აღნიშნავს, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ აბონენტის გაფრთხილებისა და თანხმობის გარეშე გაზარდა ინტერნეტ-მომსახურების ტარიფი. განმცხადებელი ასევე სადაოდ ხდის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ მისთვის ინტერნეტ- მომსახურების მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნაზე უარს, ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების შეჩერებას მხოლოდ 3 თვის ვადით, აღნიშნული მომსახურების შეჩერების პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების ტარიფის გაზრდას 24 ლარამდე და ამავე მომსახურების დაბალ ხარისხს, მათ შორის, გადახვევის ფუნქციის მოშლას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომხმარებელს აქვს შემდეგი მოთხოვნები:

1.                  შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ აბონენტის ბალანსზე მომსახურებისთვის მომატებული ტარიფით გადახდილი თანხის დაბრუნება;

2.                  მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების ხარისხის გამოსწორება, მათ შორის, გადახვევის ფუნქციის აღდგენა;

3.                  შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება;

4.                  სააბონენტო ხელშეკრულების თანახმად ძველი ტარიფის აღდგენა.

            საზოგადოებრივი დამცველის მომართვიდან ირკვევა, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა სამჯერ მიმართა (№9/244; 25.07.2014; №9/265; 22.08.2014; №9/270; 05.09.2014 წერილები) შპს ,,კავკასუს ონლაინს“ და მომხმარებლის საჩივარში აღნიშნული საკითხების სრულყოფილად შესწავლის მიზნით არაერთგზის მოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2014 წლის 12 აგვისტოს საპასუხო წერილის თანახმად, უჩა ნებიერიძე აღნიშნული კომპანიის აბონენტად ფიქსირდება 2012 წლის 13 ივლისიდან და ის სარგებლობდა ორმაგი შეთავაზების ფასდაკლებული მომსახურებით: ინტერნეტი + ტელევიზია (ინტერნეტი 30 ლარი +ტელევიზია 20 ლარი, ჯამში - 50 ლარი, ფასდაკლებით - 42 ლარი). შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ამავე წერილის თანახმად, აბონენტს 2013 წლის 15 თებერვალს ეცნობა, რომ ტელევიზიის ტარიფი იზრდებოდა 4 ლარით და მისი სააბონენტო გადასახადი 42 ლარის ნაცვლად გახდებოდა 46 ლარი. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განცხადებით,  2014 წლის 6 თებერვალს აბონენტს საკონტაქტო ნომერზე ეცნობა ახალი ინტერნეტ პაკეტებისა და ტარიფების შესახებ, ასევე, არსებული პაკეტის ინტერნეტ სიჩქარის ცვლილებისა და ჯამური სააბონენტო გადასახადის თაობაზე (ჯამური თანხა 51 ლარი, ინტერნეტი 35 ლარი + ტელევიზია 24 ლარი, ჯამში 59 ლარი, ფასდაკლებით 51 ლარი). კომპანიის ინფორმაციით, აბონენტს მომსახურების შეწყვეტის შესახებ წერილობით არ მოუმართავს და შესაბამისად, არც კომპანიისგან მიუღია უარი აღნიშნულზე. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განცხადებით, აბონენტის მხრიდან კომპანიაში დაფიქსირებული სატელეფონო ზარებიდან ირკვევა, რომ მან დროებით შეაჩერა ინტერნეტ-მომსახურება 2014 წლის პირველ სექტემბრამდე. კომპანიის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ აბონენტი სარგებლობდა ორმაგ შეთავაზებაზე ფასდაკლებით, ერთ-ერთი სერვისის შეჩერების შემთხვევაში, მეორე სერვისი გადავიდა სრულ ღირებულებაზე, შესაბამისად, მისი სააბონენტო გადასახადი ტელევიზიის მომსახურებისათვის შეადგენს 24 ლარს. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2014 წლის 2 სექტემბრის საპასუხო წერილის თანახმად, კომპანიამ ტექნიკური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყო მომხმარებელთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულების ასლის მოძიება და საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისათვის წარდგენა. ამავე წერილის თანახმად, აბონენტს საანგარიშო თვის განმავლობაში მიეწოდებოდა ხარისხიანი მომსახურება, IPTV მომსახურებაზე დროის სხვადასხვა მონაკვეთში დაფიქსირდა ხარვეზი (2014-03-02 არხის გადახვევის პრობლემა; 2014-05-14 არხის გადახვევა არ ხორციელდებოდა ზუსტი დროით; 2014-06-20 არ აჩვენებდა ერთ-ერთ არხს), რაც კომპანიის განმარტებით, შეესაბამებოდა საანგარიშო თვეში გასაწევი მომსახურების მიწოდების ხარისხს და შესაბამისად, არ ამოქმედებულა საკომპენსაციო მექანიზმი. შპს ,,კავკასუს ონლაინის” 2014 წლის 24 სექტემბრის (საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში რეგისტრაციის №9/316; 24.09.2014) საპასუხო წერილის თანახმად, 2014 წლის 20 ივნისს (20.06.2014, 22:50 – 20.06.2014, 23:16) აბონენტს არ მიეწოდებოდა სატელევიზიო არხი ,,იმედი“. ამასთან, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ამავე წერილთან ერთად წარმოდგენილი სატელევიზიო პროგრამის ამონაწერის თანახმად, 2014 წლის 2 მარტიდან 6 მარტის ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა სატელევიზიო არხის მიწოდებისას დადგინდა შემდეგი სახის ხარვეზები: შავი ეკრანი, გამოსახულება ხარვეზებით, გათიშვა, გადახვევის პრობლემა, გადახვევისას აცდენილი დრო. საზოგადოებრივი დამცველის მომართვიდან ირკვევა, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინმა” 2014 წლის 24 სექტემბერს აცნობა საზოგადოებრივ დამცველს, რომ მომსახურების მიწოდების ხარისხის შესაბამისობის მაჩვენებელი და საკომპენსაციო მექანიზმის საკითხი რეგულირდება შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ძირითადი ხელშეკრულების მესამე მუხლით განსაზღვრული წესით.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ დამცველს მიაჩნია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ დარღვეულია:

1.                     ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-101 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ინტერნეტით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე (გარდა მობილური და dial up ინტერნეტისა);

2.                     ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე;

3.                     ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი კომისიას ან კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს მათივე მოთხოვნით წარუდგენს მომხმარებლის საჩივართან დაკავშირებულ სრულ ინფრომაციას, რაც ასევე მოიცავს რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების ფორმის წარდგენის ვალდებულებას;

4.                     ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-6 პუნქტის ლ) ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც კომპანიას აღნიშნულ მომხმარებელთან უნდა გამოეყენებინა მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლის დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებული საკომპენსაციო მექანიზმი;

5.                     ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, მომხმარებელს აქვს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეობის თავისუფლად არჩევის უფლება.

              ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ დამცველს მიაჩნია, რომ კომისიამ უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მომხმარებლის საჩივრის განხილვის მიზნით. ამასთან, საზოგადოებრივი დამცველი ითხოვს, რომ კომისიამ დაავალოს შპს ,,კავკასუს ონლაინს“, კომპანიის მიერ უჩა ნებიერიძის სატელეფონო ნომერზე განხორციელებული სატელეფონო ზარების ჩანაწერების წარმოდგენის უზრუნველყოფა, რათა უტყუარად დადგინდეს, კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა თუ არა ადგილი კომპანიის მიერ მომხმარებლის უფლების დარღვევას მომსახურების სახეობის თავისუფლად არჩევასთან დაკავშირებით.

              მომხმარებელ უჩა ნებიერიძის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 23 ოქტომბერს, რის თაობაზეც შეტყობინებებით ეცნობათ უ. ნებიერიძეს, საზოგადოებრივ დამცველს, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 23 ივნისს, კომისის სხდომაზე გამოცხადდნენ  უჩა ნებიერიძე, საზოგადოებრივი დამცველი და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები სალომე ბერიშვილი და თამარ ხარაზიშვილი (მოქმედნი შპს ,,კავკასუს ონლაინის“ დირექტორ ნიკოლოზ ჭიაურელის მიერ 2014 წლის 23 ოქტომბერს გაცემული №01-10/220 და №01-10/221 მინდობილობების საფუძველზე; მინდობილობების მოქმედების ვადა:  2014 წლის 23 ოქტომბრიდან 2014  წლის 31 დეკემბრის ჩათვლით).

უჩა ნებიერიძის განცხადებით, მისი მოთხოვნა კომპანიის მიმართ არის იმ მომსახურების აღდგენა, რომლის საფასურს მოხმარებელი იხდის და ზედმეტად გადახდილი თანხის მისთვის დაბრუნება. უ. ნებიერიძის განმარტებით, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ შესთავაზა სამი თვის განმავლობაში მომსახურების უფასოდ მიწოდება, რაზეც მომხმარებელმა უარი განაცხადა და კომპანიას შესთავაზა სააბონენტო ხელშეკრულების თავიდან გაფორმება იმ პირობით, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინი“ გამოყოფდა პასუხისმგებელ პირს, რომელსაც მომხმარებელი უშუალოდ დაუკავშირდებოდა მომსახურების მიწოდებისას წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ხოლო აღნიშნული პირის მიერ პრობლემის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კომპანია ვალდებული იქნებოდა მომხმარებლისთვის გადაეხადა ჯარიმა. უ. ნებიერიძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, მან საჩივრით მიმართა კომისიას. მომხმარებლის განცხადებით, შპს ,,კავკასუს ონლაინისგან“ 2014 წლის 29 სექტემბერს მიიღო წერილი თანდართული სააბონენტო ხელშეკრულების ფორმით, რომლის თანახმად, კომპანია შეუწყვეტდა უ. ნებიერიძეს მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდებას, თუკი მომხმარებელი არ მოაწერდა ხელს ხელშეკრულებას, რაზეც მომხმარებელმა უარი განაცხადა. ამასთან, უ. ნებიერიძემ დაადასტურა, რომ მას არ სურდა შპს ,,კავკასუს ონლაინთან“ მორიგება.  უ. ნებიერიძის განმარტებით, კომპანიას მასთან არ გაუფორმებია წერილობითი ხელშეკრულება, რის გამოც შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიმართ მოთხოვნების დაყენებისას, მომხმარებელი ხელმძღვანელობდა კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სააბონენტო ხელშეკრულების პირობებით.

საზოგადოებრივმა დამცველმა დაადასტურა მის 2014 წლის 3 ოქტომბრის მომართვაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მისი მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, საზოგადოებრივმა დამცველმა დააზუსტა, რომ ის სთხოვდა კომისიას დაევალებინა შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ კომპანიასა და მომხმარებელს შორის განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის აუდიო-ჩანაწერების წარმოდგენა, რათა დადასტურებულიყო მომხმარებლის მიერ მომსახურების შეწყვეტის მოთხოვნისა და კომპანიის მიერ უჩა ნებიერიძის მომსახურების სახის არჩევის უფლების დარღვევის ფაქტი ან პირიქით, უჩა ნებიერიძის მიერ მომსახურების მხოლოდ შეჩერების მოთხოვნის ფაქტი.

შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელის განმარტებით, კომპანიამ შესთავაზა აბონენტს მორიგება, რაზეც მან უარი განაცხადა. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ უჩა ნებიერიძის საჩივარში აღნიშნული საკითხის განხილვა განეკუთნება კომისიის კომპეტენციას და არ არის წინააღმდეგი კომისიამ მოცემულ საჩივარზე დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება. ამასთან, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია მზად არის  საქმე მორიგებით დაასრულოს. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის განმარტებით, მომხმარებელ უჩა ნებიერიძისთვის მომსახურების მიწოდების საფუძველს წარმოადგენდა მასსა და შპს ,,კავკასუს ონლაინს“ შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კომპანიის მიერ ვერ იქნა მოძიებული. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის განცხადებით, მომხმარებელი სარგებლობდა ორმაგი შეთავაზების პირობით, კერძოდ, ინტერნეტ და IPTV მომსახურებით, რომლის ტარიფიც ზოგადად ყველა მომხმარებლისთვის, მათ შორის, მომხმარებელ უჩა ნებიერიძისთვისაც გაიზარდა. ამასთან, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ, უჩა ნებიერიძეს მომსახურების შეწყვეტა არ მოუთხოვია კომპანიისგან და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ განემარტა, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო შეეწყვიტა სააბონენტო ხელშეკრულება ისევე, როგორც შეეჩერებინა მომსახურების მისთვის მიწოდება.

კომისია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი დამცველის მომართვისა და თანდართული დოკუმენტაციის, მომხმარებელ უ. ნებიერიძის საჩივრისა და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ საზოგადოებრივი დამცველისთვის გაგზავნილი წერილების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიმართ მომხმარებელ უჩა ნებიერიძის საჩივრის განხილვის მიზნით უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება  კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.

საჩივრის ავტორი წარმოადგენს შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ინტერნეტ-მომსახურებისა და მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მომხმარებელს, რაც დასტურდება მხარეთა ახსნა-განმარტებებით.

შპს ,,კავკასუს ონლაინი“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ძ) პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მომხმარებელ უჩა ნებიერიძის საჩივრის განხილვის მიზნით, ხოლო საზოგადოებრივი დამცველი უნდა ჩართულ იქნას მხარედ ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში მომხმარებლის ინტერესების დასაცავად. კომისიას ასევე, მიაჩნია, რომ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, უნდა დაკმაყოფილდეს საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ კომისიაში კომპანიასა და მომხმარებელს შორის განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის აუდიო-ჩანაწერების წარმოდგენის თაობაზე და  შპს ,,კავკასუს ონლაინს“  უნდა დაევალოს დავის გადასაწყვეტად საჭირო ყველა დოკუმენტაციის, მათ შორის, მომხმარებლის მიერ მომსახურების შეწყვეტის ან შეჩერების მოთხოვნისა და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ მომხმარებლის არჩევანის უფლების უზრუნველყოფის ფაქტის დადგენის მიზნით, შპს ,,კავკასუს ონლაინსა“ და მომხმარებელს შორის განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის აუდიო-ჩანაწერების  კომისიაში წარმოდგენა, ზეპირ მოსმენამდე 4 სამუშაო დღით ადრე.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ზეპირი მოსმენის ძირითადი მიზანია დავის  მორიგებით გადაწყვეტა. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა სადავო საკითხი გადაწყვიტონ  მორიგებით, რისთვისაც უნდა განესაზღვროთ ვადა 2014 წლის 6 ნოემბრამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) პუნქტის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 და მე-10 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.            დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მომხმარებელ უჩა ნებიერიძის საჩივრის განხილვის მიზნით;

2.            საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2014 წლის 6 ნოემბერს, 16.00 საათზე;

3.            საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას მხარედ მომხმარებელ უჩა ნებიერიძის ინტერესების დასაცავად;

4.            დაინტერესებული მხარეები კომისიის სხდომაზე გაფრთხილდნენ კომისიის მომდევნო სხდომის გამართვის ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ;

5.            განესაზღვროთ მხარეებს მოსარიგებლად ვადა 2014 წლის 6 ნოემბრამდე;

6.            დაევალოს შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დავის გადასაწყვეტად საჭირო ყველა დოკუმენტაციის, მათ შორის, მომხმარებლის მიერ მომსახურების შეწყვეტის ან შეჩერების მოთხოვნისა და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ მომხმარებლის არჩევანის უფლების უზრუნველყოფის ფაქტის დადგენის მიზნით, შპს ,,კავკასუს ონლაინსა“ და მომხმარებელს შორის განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის აუდიო-ჩანაწერების წარმოდგენა კომისიაში, ზეპირ მოსმენამდე 4 სამუშაო დღით ადრე;

7.            დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების მომხმარებელ უჩა ნებიერიძისთვის, საზოგადოებრივი დამცველისა და შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

8.            გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

9.            გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე, ხოლო გადაწყვეტილების პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

10.        კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  მე-7 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

11.        კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-7 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                          ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                         აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                         სოფიო ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                        კახი ბექაური