შპს ,,ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 73 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2015 11:09

მიღების თარიღი თებერვალი 05, 2015

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია. ამავე კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ), ვ) და ი) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

 „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე; ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია. ამავე კანონის 21-ე მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი, ხოლო მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულებას წარმოშობს ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის ან ლიცენზიის პირობების დარღვევა.

2014 წლის 28 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 24 ნოემბრის  №10/1933-14 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან (CD) ერთად. აღნიშნული მასალებიდან ირკვევა, რომ მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 19-20 ნოემბერს ჩატარებული კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ტელეიმედის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსდა შპს ,,ჯეოსელის“ კომერციული რეკლამა, რომელშიც მონაწილეობდნენ შპს ,,ტელეიმედის“, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და შპს ,,სტუდია მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანები, რაც წარმოადგენს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას.

ზემოაღნიშნული მასალების საფუძველზე, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2015 წლის 23 იანვარს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ და ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №275/6 და 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის  28 იანვარს, რის თაობაზეც შპს ,,ტელეიმედს“  ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მათ ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2015 წლის 28 იანვარს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ტელეიმედის“ იურისტი ა.ლაშხი, რომელმაც განმარტა, რომ მაუწყებელის ეთერით გადაცემულ არასათანადო რეკლამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მაუწყებელს, თუმცა კომისიამ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ შპს ,,ტელეიმედმა“ სამართალდარღვევის აღმოჩენისთანავე შეწყვიტა არასათანადო რეკლამის გავრცელება და შესაბამისი პასუხისმგებლობა დააკისრა არასათანადო რეკლამაში მონაწილე შპს ,,ტელეიმედის“ ჟურნალისტს. შპს ,,ტელეიმედის“ იურისტის განმარტებით, კომისია არ არის ვალდებული სანქცია დააკისროს სამართალდამრღვევ მაუწყებელს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ტელეკომპანიების მონაწილეობა საკითხის განხილვაში და მოსაზრებების წარმდგენა აზრს კარგავს. კომისიამ უნდა გაითვალისწინოს კანონის მიზანი, რომელიც არ არის უსათუოდ სანქცირება, არამედ დარღვევის აღმოფხვრა და პრევენცია, რაც უკვე მიღწეულია.

2015 წლის 28 იანვრის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლეულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 24 ნოემბრის  №10/1933-14 მოხსენებითი ბარათი თანდართული ვიდეოჩანაწერით (CD);

2. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

3. კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №275/6 გადაწყვეტილება შპს ,,ტელეიმედისათვის“ კერძო მაუწყებლობის №B94 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე;

4. კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილება შპს ,,ტელეიმედის” №B16 კერძო საერთო სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ;

5. შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელის მიერ კომისიის 2015 წლის 28 იანვრის  სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №275/6 გადაწყვეტილებით შპს ,,ტელეიმედის“ კერძო მაუწყებლობის №B94 ლიცენზიას გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2023 წლის 22 აპრილამდე (ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე). ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტით, შპს ,,ტელეიმედს“ ერთ-ერთ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა მაუწყებლობის პროცესში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვა;

2. კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილებით შპს ,,ტელეიმედის“ კერძო მაუწყებლობის №B16 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; საეთერო მაუწყებლობა) გაუგრძელდა მოქმედების ვადა 2018 წლის 21 აპრილამდე. ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტით, შპს ,,ტელეიმედს“ ერთ-ერთ სალიცენზიო პირობად განესაზღვრა მაუწყებლობის პროცესში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვა;

3. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ,,ტელეიმედი“,  როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები.

 

4. შპს ,,ტელეიმედი“,  №B94 და №B16 კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების ფარგლებში ავრცელებს ერთი და იგივე სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებულ პროგრამებს;

5. მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 19-20 ნოემბერს ჩატარდა კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა მონიტორინგი, რის შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,ტელეიმედის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსდა შპს ,,ჯეოსელის“ კომერციული რეკლამა, რომელშიც მონაწილეობდნენ შპს ,,ტელეიმედის“, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და შპს ,,სტუდია მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანები;

6. შპს ,,ტელეიმედის“ მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევას და შესაბამისად, მის მიმართ სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა.

2015 წლის 28 იანვრის კომისიის სხდომაზე, საკითხის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, კომისიის წევრმა ს.ბრიტანჩუკმა  გადაწყვეტილების მიღების მიზნით ითხოვა დრო, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა და კომისიის სხდომა ჩაინიშნა 2015 წლის 5 თებერვალს, 16:00 საათზე. აღნიშნულის შესახებ 2015 წლის 28 იანვრის კომისიის სხდომაზე გაფრთხილდა შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელი, რომელიც გამოცხადდა 2015 წლის 5 თებერვლის კომისიის სხდომაზე.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

3. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება;

4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში;

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;

6. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო რეკლამისადმი ზოგადი მოთხოვნები, ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის, სექსუალური ხასიათის პროდუქციის, სამედიცინო ნაწარმის (მომსახურების), ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების, იარაღის, ფასიანი ქაღალდების რეკლამის, აგრეთვე რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები რეგულირდება ამ კანონის შესაბამისად;

7. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა არის მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

 

8. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არასათანადო რეკლამა  არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

9. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, აკრძალულია არასათანადო რეკლამის განთავსება და გავრცელება. იგი ჩადენილი ქმედების, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და ხასიათის შესაბამისად იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას;

10. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, რეკლამის გამავრცელებელი არის  ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განათავსებს და/ან ავრცელებს რეკლამას ქონების (მათ შორის, რადიო- და ტელემაუწყებლობის ტექნიკური საშუალებების, კავშირგაბმულობის არხების, საეთერო დროის და სხვა საშუალებების) გამოყენებით;

11. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (რეკლამის დამკვეთებს, მწარმოებლებსა და გამავრცელებლებს) ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

12. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171 მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე; ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია;

13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ტელეიმედი“ როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით დადგენილი მოთხოვნები. შპს ,,ტელეიმედის“ მიერ თავის სამაუწყებლო ბადეში არასათანადო რეკლამის, კერძოდ, შპს ,,ჯეოსელის“ კომერციული რეკლამის განთავსებით, რომელშიც მონაწილეობენ შპს ,,ტელეიმედის“, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და შპს ,,სტუდია მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანები, დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, 63-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი, კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №275/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტი და კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტი,  რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

 

კომისია განმარტავს, რომ მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი). მან არ უნდა დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება (,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი). კომისიას გათავისებული აქვს ის გარემოებაც, რომ რეკლამის დამკვეთის მიერ წარდგენილი სარეკლამო რგოლის შინაარსის არასათანადო რეკლამად შეფასებისას მაუწყებელი ყოველთვის არაა დაცული შეცდომისაგან, არასწორი შეფასებისაგან და სხვ., გამომდინარე თავად არასათანადო რეკლამის დეფინიციიდან (,,რეკლამის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი). თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შპს ,,ჯეოსელის“ მიერ წარდგენილი კომერციული რეკლამის შინაარსთან და ფორმატთან დაკავშირებით მაუწყებელს შეეძლო და უნდა შეეფასებინა იგი როგორც სამაუწყებლო რეკლამისადმი წარდგენილი მოთხოვნების დამრღვევი, არასათანადო რეკლამა, ვინაიდან მასში მონაწილეობას ღებულობენ ისეთი პირები, რომლებიც როგორც საზოგადოებისათვის, ისევე მედია საშუალებებისთვის საკმაოდ ცნობილები არიან და რომლებსაც სამაუწყებლო რეკლამაში მონაწილეობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკრძალებათ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2013 წლის 12 ივლისს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში განხორციელებული ცვლილებების (12.07.2013; №833)  შედეგად (სიტყვა ,,უფლებამოსილია“ შეიცვალა სიტყვით ,,ვალდებულია“), მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, მაუწყებლისთვის სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით კომისიის დისკრეციული უფლებამოსილება შეიცვალა  ვალდებულებით. შესაბამისად, კომისია, მისთვის დაკისრებული კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარე, არ არის უფლებამოსილი  მაუწყებლის სანქცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (სამართალდარღვევის სიმძიმე; მიყენებული ზიანი და ა.შ.) და გაათავისუფლოს პირი პასუხისმგებლობისაგან.

კომისიის თავმჯდომარის ბატონ ვ.აბაშიძის განმარტებით, სასურველია მოხდეს კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებების გატარება, რომელიც კომისიას მისცემს შესაძლებლობას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის ყველა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება მაუწყებლისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. 

კომისიის წევრის ქალბატონ ს.ბრიტანჩუკის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არასათანადო სამაუწყებლო რეკლამის განთავსების ფაქტი სახეზეა და კანონის თანახმად, კომისია ვალდებულია დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება სანქცირების წესით, კანონდამრღვევის ბრალეულობის საკითხის გარკვევის გარეშე შეუძლებელია კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. შპს „ტელეიმედი“ და შპს „რუსთავი 2“ ვალდებულნი იყვნენ გადაემოწმებინათ განსათავსებლად წარმოდგენილი სამაუწყებლო რეკლამის კანონიერება, კერძოდ, ხომ არ იყო წარმოდგენილი არასათანადო სამაუწყებლო რეკლამა.  თუმცა როგორ უნდა დაადგინოს მაუწყებელმა, როგორც რეკლამის გამავრცელებელმა, წარმოდგენილი სამაუწყებლო რეკლამა სათანადოა თუ არა? თუ მაუწყებლებს შეეძლოთ ევარაუდათ, რომ რეკლამა არასათანადო იყო, მაშინ ბრალეული დარღვევა სახეზეა და უნდა დასანქცირდნენ, მაგრამ თუ ჩავთვლით, რომ არ შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ, მაშინ არც სანქცია უნდა დავაკისროთ. ამავე დროს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები უნდა იქნეს გამოსწორებული, რათა არასათანადო რეკლამის დამამზადებლის, დამკვეთის და განმათავსებელის პასუხისმგებლობები მკვეთრად გაიმიჯნოს და განისაზღვროს  სანქცირებაზე უფლებამოსილი ორგანო. 

ვინაიდან, შპს ,,ტელეიმედის“ მიერ ადგილი არ აქვს ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას, შპს ,,ტელეიმედი“  წერილობით უნდა გაფრთხილდეს. კომისია აქვე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროისთვის, აღნიშნული რეკლამა მოყვანილია კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში და მისი გავრცელება არ არღვევს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 და 53-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე,  98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ), ვ) და ი) ქვეპუნქტების, 63-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-5 პუნქტების, 70-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და 71-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-171 მუხლისა და 21-ე მუხლის 1-ლი და 21 პუნქტების, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის,  კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №275/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტისა და კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით (სამი ორის წინააღმდეგ; გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს კომისიის წევრებმა ს.ბრიტანჩუკმა და ი.მოსეშვილმა)

გადაწყვიტა:

  1. შპს ,,ტელეიმედს“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 63-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის, კომისიის 2013 წლის 22 აპრილის №275/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის რ) ქვეპუნქტისა და და კომისიის 2008 წლის 21 აპრილის №202/6 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ტელეიმედისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) შპს ,,ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს ,,ტელეიმედისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე–2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

                კომისიის თავმჯდომარე                                                        ვახტანგ აბაშიძე

                კომისიის წევრი                                                                      კახი ბექაური

                კომისიის წევრი                                                                      აკაკი სიხარულიძე

                კომისიის წევრი                                                                      ირაკლი მოსეშვილი

                კომისიის წევრი                                                                       სოფიო ბრიტანჩუკი