ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების დამტკიცების თაობაზე დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 117 / 23

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 26, 2018 17:26

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2018

ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის  განსაზღვრისა და შემოწმების  წესების დამტკიცების თაობაზე დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის  ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა. ამავე კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და ზედამხედველობს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების მიერ ამ ხარისხის დაცვას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შემოსული საჩივრების მნიშვნელოვანი წილი ეხებოდა ინტერნეტ-მომსახურების ხარისხს, კერძოდ, ინტერნეტ-მომსახურების მიუწოდებლობას ან შეფერხებით, წყვეტით, დაბალი სიჩქარით მიწოდებას (2014 წელი - საჩივრების 29 პროცენტი; 2015 წელი – საჩივრების 68 პროცენტი; 2016 წელი – საჩივრების 61 პროცენტი და 2017 წელი - საჩივრების 69 პროცენტი).

მოქმედი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის მაჩვენებლები, რომელთა მიხედვით შესაძლებელია მომხმარებლისთვის მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის სათანადო წესით შეთანხმებული მომსახურების მიწოდების პირობებით განსაზღვრულ ინტერნეტ-მომსახურების ხარისხთან შესაბამისობის დადგენა. მოქმედი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ამ შესაბამისობის შემოწმების მეთოდოლოგიური წესები, ასევე,  საბითუმო და საცალო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელთა უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც უზრუნველყოფს ბოლო მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ეფექტიანი მექანიზმის არსებობას.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კანონით განსაზღვრული კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანის, როგორიცაა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა, შესრულების ხელშეწყობის მიზნით, იგეგმება ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის შემოწმების სისტემის შესყიდვა, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლების მიერ მომხმარებლებისთვის მიწოდებული ხარისხის მონიტორინგის განხორციელება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ბოლო მომხმარებლებისათვის ხარისხიანი ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით უნდა დადგინდეს წესები, რომლებითაც განისაზღვრება ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის მაჩვენებლები, მათი შემოწმების მეთოდოლოგიური წესები და ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საბითუმო და საცალო ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელთა უფლებები და ვალდებულებები. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის  განსაზღვრისა და  შემოწმების  წესების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების მიღების მიზნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე დ 1061-ე მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების და ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის  განსაზღვრისა და  შემოწმების  წესების დამტკიცების თაობაზე” დადგენილების მიღების მიზნით;

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის 29 მარტს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და მომზადებული დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;

6.კონტროლი გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა);

7.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარატამენტს (ე. ჭახრაკია).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე