ი/მ „აკაკი შველიძის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B195 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 22 ივნისის №431/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 120 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2018 17:44

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2018

ი/მ „აკაკი შველიძის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B195 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 22 ივნისის №431/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას მიმართა ი/მ „აკაკი შველიძემ“ (№შ-7/127-17, 10.01.2018), მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B195 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, როგორც წერილშია აღნიშნული მაუწყებლობის დაწყების შემდგომ აუდიტორიის მხრიდან გამოითქვა სურვილი მრავალფეროვანი გადაცემების, მათ შორის საინფორმაციო პროგრამების მომზადების. შესაბამისად იმისათვის, რომ განხორციელდეს მოსახლეობის თხოვნა საჭიროა ლიცენზიის მოდიფიცირება და სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ნაცვლად საერთო რადიომაუწყებლობის განსაზღვრა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ქ. მარტვილში, რომელიც მდებარეობს ზონა №253-ში, რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დადგენილია შემდეგი თანმიმდევრობით:

1. საერთო რადიომაუწყებლობა

2. სათემო რადიომაუწყებლობა;

3. სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა.

შესაბამისად ი/მ „აკაკი შველიძე“ ითხოვს  ლიცენზიის მოდიფიცირებას და ლიცენზიის ქვესახეობის რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ „აკაკი შველიძე“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B195 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;

დ)  მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2027 წლის 22 ივნისის ჩათვლით;

ვ) გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

ზ.ა) გადამცემის და ანტენის განლაგების ადგილი - ქ. მარტვილი, საქართველოს ტელერადიოცენტრის ანძა;

ზ.ბ) ანტენის განლაგების გეოგრაფიული კოორდინატები - 420 27 19’’ N;  420 21 58’’ E; 

ზ.გ) ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან   (მ) - 20 ± 5 მ;  

ზ.დ) ანტენის მაქსიმალური გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) - 6.5 დბ;

ზ.ე) პოლარიზაცის სიბრტყე V/H – V;

ზ.ვ) გასხივების დიაგრამა ჰორიზონტალურ სიბრტყეში - წრიული;

ზ.ზ) სიხშირე  (მჰც) - 93,5 მჰც;

ზ.თ) მოდულაციის სახეობა - FM  (სიხშირული);

ზ.ი) დაკავებული  ზოლის სიგანე  (კჰც) - 300 კჰც;

ზ.კ) გადამცემის სიმძლავრე ( ვტ) - 500 ვტ.     

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2018 წლის 25 იანვრის №29/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ი/მ „აკაკი შველიძის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B195 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 22 ივნისის №431/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 22 თებერვლის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენისგამართვიდან 10 სამუშაო დღე.

კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის სხდომას ესწრებოდა ი/მ „აკაკი შველიძე“.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან ქ. მარტვილში პრიორიტეტულია საერთო მაუწყებლობა, ამასთან ლიცენზიის მოდიფიცირება არ გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას ი/მ „აკაკი შველიძის“ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. აღსანიშნავია, ასევე ის გარემოებაც, რომ ქ. მარტვილში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ი/მ „აკაკი შველიძე“.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოდიფიცირდეს ი/მ „აკაკი შველიძის“ კერძო მაუწყებლობის №B195 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2017 წლის 22 ივნისის №431/1 გადაწყვეტილებაში და:

ა) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქცით:

„გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;“

ბ) გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ს) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქცით:

„ს) უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;“

 2. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ „აკაკი შველიძისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ი/მ „აკაკი შველიძისთვის“  ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) ი/მ „აკაკი შველიძისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე