შპს „მაგთიკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს „ჯეოსელის“ განცხადების განხილვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალებისა და განცხადების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 122 / 16

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 26, 2018 17:28

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2018

შპს „მაგთიკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს „ჯეოსელის“ განცხადების განხილვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალებისა და განცხადების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა შპს „ჯეოსელის“ განცხადება (Nშ-6/824-18; 15.02.2018), რომლის თანახმად, შპს „ჯეოსელსა“ და „მაგთიკომს“ შორის გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების მიხედვით, შპს ,,მაგთიკომი“ ვალდებულია გაწეულ/მიღებულ მომსახურებაზე შპს „ჯეოსელთან“ ანგარიშსწორება აწარმოოს საოქმო გადაწყვეტილების ხელმოწერიდან 15 დღის ვადაში. შპს „ჯეოსელის“ განცხადებით, ვინაიდან, შპს „მაგთიკომი“ სისტემატიურად არღვევს ხელშეკრულების პირობებს, მისი დავალიანება შპს „ჯეოსელის“ მიმართ 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 621 607 ლარს, ხოლო დარიცხული ჯარიმის ოდენობა - 2018 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით 42 275 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ჯეოსელი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ითხოვს კომისიის თანხმობას შპს „ჯეოსელის“ მიერ შპს „მაგთიკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე მანამ, სანამ შპს „მაგთიკომის“ მიერ სრულად არ იქნება დაფარული მასზე რიცხული დავალიანება და დარიცხული ჯარიმა.

შპს „ჯეოსელის“ განცხადებას თან ერთვის შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის 2005 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და 2017 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებები.

შპს „მაგთიკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს „ჯეოსელის“ განცხადების განხილვის მიზნით კომისიაში 2018 წლის 22 თებერვალს დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა, რის თაობაზეც შეტყობინებებით ეცნობათ მხარეებს და ეთხოვათ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,ჯეოსელისა“ და შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლები. შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლ. გიორგაძემ აღნიშნა, რომ შპს ,,მაგთიკომმა“ გადაიხადა 2017 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში მიღებული მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანება და გადასახდელი რჩება დარიცხული პირგასამტეხლო 42 275 ლარის ოდენობით. შესაბამისად, შპს ,,ჯეოსელი“ ითხოვს კომისიის თანხმობას შპს ,,მაგთიკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, შპს ,,მაგთიკომის“ მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში. შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დ. ძიძიგურმა განაცხადა, რომ არ იყო წინააღმდეგი კომისიაში დანიშნულიყო სხდომა შპს ,,ჯეოსელის“ განცხადების განხილვის მიზნით, იმ შემთხვევისთვის, თუ მხარეები ვერ მორიგდებოდნენ.

კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი განცხადებისა და კომისიის სხდომაზე მხარეთა წარმომადგენლების მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;

3.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „ჯეოსელი“ და შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და შპს ,,ჯეოსელი“ ითხოვს კომისიის თანხმობას შპს ,,მაგთიკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში და შესაბამისად, კომისიაში უნდა დაიწყოს შპს „მაგთიკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს „ჯეოსელის“ განცხადების განხილვა. კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის დღედ და დროდ უნდა განისაზღვროს 2018 წლის 15 მარტი, 15:00 საათი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, 36-ე მუხლის, 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.შპს „მაგთიკომთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს „ჯეოსელის“ განცხადების განხილვა დაინიშნოს 2018 წლის 15 მარტს, 15:00 საათზე;

2.საკითხის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ შპს ,,ჯეოსელი“ და შპს ,,მაგთიკომი“ გაფრთხილდნენ 2018 წლის 22 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

3.გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;

5.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის  გაგზავნის უზრუნველყოფა;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-5 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ. ბერია).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე