შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 16 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2018 16:22

მიღების თარიღი იანვარი 18, 2018

შპსქეი ენდ ქეი თივი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის N10/8873-18 მოხსენებითი ბარათის   და 2017 წლის 18 დეკემბრის N10/9460-17 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ)  ქვეპუნქტების,  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების  დარღვევის  გამო.

 კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათის (N10/8873-18, 17.11.17) თანახმად, შპს „ქეი ენდ ქეი“-ს,  კომისიის 2017 წლის 5 ოქტომბრის N664/18 გადაწყვეტილებით - „შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“, დაევალა 10 სამუშაო დღის ვადაში 2017 წლის იანვრის თვიდან აგვისტოს თვის ჩათვლით რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადახდა, რაც კომპანიის მიერ არ შესრულებულა. ამასთან, შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი ნაწილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმებიდან დგინდება, რომ კომპანიას კომისიის წინაშე ერიცხება 147.81 ლარის ოდენობის დავალიანება.

კომისიის აპარატის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის 2017 წლის 18 დეკემბრის N10/9460-17 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-მ 2017 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით კომისიაში წარმოადგინა რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები, რომელთა შესაბამისად გამოვლინდა, რომ კომპანიას კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 226.46 ლარი.

კომისიის მიერ საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 11 იანვარი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. 

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2018  წლის 11 იანვარს. კომისიის  სხდომაზე  არ გამოცხადდა შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს  წარმომადგენელი და არც მისთვის სხდომის გამართვის თაობაზე წერილობითი შეტყობინების (N03/9-18, 04.01.2018)   ჩაბარების ფაქტი არ დადასტურდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე აქედან, კომისიამ გადადო საკითხის განხილვა 2018 წლის 18 იანვარს.

კომისიის 2018 წლის 18 იანვრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს  წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ  კომისიის შეტყობინება (№03/95; 11.01.2018) სხდომის გადადების თაობაზე გადაგზავნილ იქნა, როგორც კომპანიის იურიდიულ მისამართზე, ისე კომპანიის ფაქტობრივ მისამართზე ასევე, შეტყობინება  შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის განხილვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ  გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://gncc.ge/ge/news/shetyobinebebi/shetyobineba-shps-new-net-s.page ).

შეტყობინების კომპანიის იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართზე გაგზავნით, ასევე საჯაროდ  გამოქვეყნებით კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II.  ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/8873-17; 17.11.17);
  2. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი N10/9460-17; 18.12.2017);
  3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს  შესახებ მონაცემები;

III.  დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.შპს „ქეი ენდ ქეი თივი“ 2015 წლის 11 ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზურნველყოფა);

2.შპს „ქეი ენდ ქეი თივი“ როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის  კომისიაში წარმოდგენილი ჰქონდა, როგორც სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, ასევე რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები, რომელთა შესაბამისად, გამოვლინდა, რომ კომპანიას კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება, კერძოდ, 226.46 ლარი;

4.შპს  „ქეი ენდ ქეი თივი“-ს   მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მსგავსი დარღვევისთვის არ ყოფილა გამოყენებული,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების  წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც  ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს  მიერ  რეგულირების საფასურის დავალიანების, 226.46 ლარის, გადაუხდელობით დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტები და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტი, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს მიმართ  ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მსგავსი დარღვევისთვის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის,  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და  ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების, შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ)  ქვეპუნქტების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-მ 10 სამუშაო დღის ვადაში  რეგულირების საფასურის დავალიანების - 226.46 ლარის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის   დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის    ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი  დამოწმებული  ასლის შპს „ქეი ენდ ქეი თივი“-სთვის   ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი  გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი).

კომისიის თავმჯდომარე                                              კახა ბექაური

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე