,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის № 1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 19 / 23

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2018 14:40

მიღების თარიღი იანვარი 23, 2018

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ 2017 წლის 23 დეკემბერს, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში და ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, კომისიას განესაზღვრა  საზოგადოებაში მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ფუნქცია. ამ დამატებითი ფუნქციის შესრულების  ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით განისაზღვრა კომისიის ბიუჯეტის დაფინანსების დამატებითი წყაროს შექმნის შესაძლებლობა, კერძოდ, ნუმერაციის რესურსითა და არასალიცენზიო რადიოსიხშირეების რესურსით სარგებლობის საფასურის კომისიის ანგარიშზე მიმართვა. ასევე, ამ რესურსებით სარგებლობის უფლების გაცემა ნებართვის ნაცვლად განხორციელდება კომისიის გადაწყვეტილებით, მინიჭებით. ამასთან, განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისათვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოსაყენებლად  ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, რადიოსიხშირე/რადიოსიხშირეები ენიჭებათ მათ მიერ მოთხოვნილი ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 წელს. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, კომისიას დაევალა კომისიის შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა 2018 წლის 1 მარტამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, VII და IX თავებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2018 წლის 21 თებერვალს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) დადგენილების პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას  (ი. ხარებავა) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და დადგენილების პროექტის  კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-4 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ. ბერია).

 

 

 

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე