შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 21 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 09, 2018 15:15

მიღების თარიღი იანვარი 25, 2018

შპსვიონი საქართველოსთვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების  დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/9504-17; 20.12.2017) შესაბამისად, ირკვევა, რომ ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ, მონიტორინგის ჩატარების მიზნით, 2017 წლის 19 დეკემბერს, შპს „ვიონი საქართველოს“ დილერებისგან - ინდ.მეწარმეებისგან ნ.ნ.-სგან, ლ.გ.-სგან და დაუდგენელი პირისგან, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე, შემმოწმებელი პირის მიერ ნაკარნახევი ფიზიკური პირის მცდარი პერსონალური მონაცემებით, შეძენილი იქნა შპს „ვიონი საქართველოს” სიმბარათები სააბონენტო ნომრით 5689398XX, 5689494XX, 5717573XX. შესაბამისად, შპს ,,ვიონი საქართველოს“ სააბონენტო ნომრის გაცემა განხორციელდა მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების დადების გარეშე, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და  „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა  დაინიშნა 2018 წლის 18 იანვარს, 15:00 სთ-ზე, რის შესახებ შპს ,,ვიონი საქართველოს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2018 წლის 18 იანვრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელი ი. აფრიდონიძე, რომელმაც დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით, კომისიის წინაშე იშუამდგომლა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე. კომისიამ შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საკითხის განხილვა გადაიდო 2018 წლის 25 იანვრისთვის.

კომისიის 2017 წლის 25 იანვრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ვიონი საქართველოს წარმომადგენელი ი.აფრიდონიძე, რომელმაც განაცხადა, რომ კომისიის მონიტორინგის ფარგლებში შესყიდული სამი  სატელეფონო ნომრიდან ერთ-ერთი სატელეფონო ნომერი - 5689398XX  გაცემულია კორპორატიულ კლიენტზე, ინდ.მეწარმე ა.ს.-ზე. აღნიშნული სატელეფონო ნომერი შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ გაცემული იყო კანონის დაცვით, წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე წარადგინა ხელშეკრულება #108541789 „ბილაინის“ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის  შესახებ, გაფორმებული ინდ.მეწარმე ა.ს.-თან. ამასთან, ი.აფრიდონიძემ დაადასტურა, რომ საკონტროლო შესყიდვის დროს კომისიის წარმომადგენლის მიერ შეძენილ სააბონენტო ნომერთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების დაბრენდილი, ბლანკიანი ფორმა შპს „ვიონი საქართველოს“ ეკუთვნის, თუმცა ის გარემოება, თუ აღნიშნული ხელშეკრულების ფორმა როგორ მოხვდა ი/მ ნ.ნ.-სთან შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენელის განმარტებით, მისთვის უცნობია. ი.აფრიდონიძის განმარტებით, კომისიის მონიტორინგის ფარგლებში შესყიდული დანარჩენი ორი სატელეფონო ნომერი სავარაუდოდ სუბ დილერების მიერაა გაყიდული. შპს „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადებით, პასუხისმგებლობა არა შპს „ვიონი საქართველოს“ არამედ დილერებს უნდა დაეკისროთ. ი.აფრიდონიძემ ასევე განაცხადა, რომ შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ შეიქმნა აპლიკაცია, რომელიც სატესტო რეჟიმშია გაშვებული. აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით მოხდება გადამოწმება, რამდენად ემთხვევა პირადი მონაცემები ხელშეკრულებაში მითითებულ მონაცემებს. ეს მონაცემები გადაეცემა კომპანიის ბექოფისს, სადაც თანამშრომლები 15 წუთის განმავლობაში გადაამოწმებენ ამ მონაცემის სისწორეს. მან ასევე აღნიშნა, რომ შპს „ვიონი საქართველოში“ 2018 წლის პირველ თებერვალს მთლიანად განხორციელდება  ბილინგის სისტემის ცვლილება. კომპანია ვარაუდობს, რომ 2018 წლის პირველი მარტიდან მოხდება გაუაქტიურებელი ნომრების გაყიდვა და მხოლოდ მონაცემების გადამოწმების შემდეგ იქნება შესაძლებელი ნომრების გააქტიურება.

II. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებები

1.კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების  დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (Nშ-10/9504-17; 20.12.2017);

2.შპს „ვიონი საქართველოს“ სიმ ბარათები  სააბონენტო ნომრებით  5689398XX, 5689494XX, 5717573XX;

3.ინდ.მეწარმეების ნ.ნ.-ს და ლ.გ.-ს მიერ გაცემული გადახდის ქვითრები;

4.შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ, გაფორმებული მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები სააბონენტო ნომრებზე: 5717573XX, 5689398XX;

5.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ;

6.კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 16.01.17 Nშ-10/250-18  სამსახურებრივი ბარათი;

7. კომისიის 2017 წლის 5 ოქტომბრის N662/18 და კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N752/18 გადაწყვეტილებები შპს "მობიტელისთვის" ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე";

 

8.კომისიის 2018 წლის 18 და 25 იანვრის სხდომებზე შპს ,,ვიონი საქართველოს” წარმომადგენლის ი. აფრიდონიძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება. 

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.შპს  ,,ვიონი საქართველო“  წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 26.08.2005. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 12.02.2012. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება; თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება); 

მტკიცებულება: კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ; 

2.კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების  დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ, მონიტორინგის ჩატარების მიზნით, 2017 წლის 19 დეკემბერს, შპს „მობიტელის“ (ამჟამად შპს „ვიონი საქართველო“) დილერისგან - ინდ.მეწარმე ნ.ნ.-სგან, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე, კომისიის თანამშრომლის მიერ ნაკარნახევი ფიზიკური პირის მცდარი პერსონალური მონაცემებით, შეძენილი იქნა შპს „მობიტელის“ სიმბარათი, სააბონენტო ნომრით - 5689398XX. შპს „მობიტელის“ დილერმა კომისიის თანამშრომელთან შპს „მობიტელის“ სახელით გააფორმა წერილობითი ხელშეკრულება „ბილაინის“ (შპს „ვიონი საქართველოს“ ბრენდული სახელწოდება) მობილური საკომუნიკაციო ხელშეკრულების გაწევის შესახებ.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების  დეპარტამენტის მოხსენებით ბარათზე (Nშ-10/9504-17; 20.12.2017) თანდართული ხელშეკრულება და სალაროს ქვითარი;

3.კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების  დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ, მონიტორინგის ჩატარების მიზნით, 2017 წლის 19 დეკემბერს, შპს „მობიტელის“ (ამჟამად შპს „ვიონი საქართველო“) დილერისგან - ინდ.მეწარმე ლ.გ.-სგან, კომისიის თანამშრომლის მიერ შეძენილი იქნა შპს „მობიტელის“ სიმბარათი, სააბონენტო ნომრით - 5689494XX. შპს „მობიტელის“ დილერს კომისიის თანამშრომელთან წერილობითი ხელშეკრულება არ გაუფორმებია და მხოლოდ სიმბარათი და 10 ლარის გადახდის დამადასტურებელი სალაროს ქვითარი გადასცა.  

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების  დეპარტამენტის მოხსენებით ბარათზე (Nშ-10/9504-17; 20.12.2017) დართული სიმბარათი და სალაროს ქვითარი;

4.დაუდგენელი პირისგან, კომისიის თანამშრომლის მიერ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე, ზეპირსიტყვიერად ნაკარნახევი ფიზიკური პირის მცდარი პერსონალური მონაცემებით, შეძენილი იქნა შპს „ვიონი საქართველოს” სიმბარათი სააბონენტო ნომრით - 5717573XX. პირს, რომელიც ახდენდა შპს „ვიონი საქართველოს“ სიმბარათის რეალიზაციას არ ჰქონდა სალაროს აპარატი და თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი არ გადაუცია კომისიის თანამშრომლისთვის, თუმცა გადასცა „ბილაინის“ ლოგოთი დაბრენდილი ე.წ. სააბონენტო ხელშეკრულება, რომელზედაც დაიტანება ხელშეკრულების მხარეთა რეკვიზიტები და სიმბარათის ნომერი, რაც შეეხება ხელშეკრულების პირობების შემცველ დოკუმენტს, აღნიშნული არ გადასცემია კომისიის თანამშრომელს.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების  დეპარტამენტის მოხსენებით ბარათზე (Nშ-10/9504-17; 20.12.2017) თანდართული სიმბარათი და „ბილაინის“ ლოგოთი დაბრენდილი ე.წ. სააბონენტო ხელშეკრულება;

5.შპს „ვიონი საქართველოსა“ და ინდ.მეწარმე ა.ს.-ს შორის 2017 წლის 14 ნოემბერს გაფორმებულია „ბილაინის“ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის შესახებ  ხელშეკრულება 278 სააბონენტო ნომერზე და მათგან ერთ-ერთი სააბონენტო ნომერი არის კომისიის მიერ საკონტროლო შესყიდვის დროს ინდ.მეწარმე ნ.ნ.-სგან შეძენილი სააბონენტო ნომერი 5689398XX .

მტკიცებულებები:

1.კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების  დეპარტამენტის მოხსენებით ბარათზე (Nშ-10/9504-17; 20.12.2017) თანდართული სიმბარათი და გადახდის ქვითარი; 2. შპს „ვიონი საქართველოსა“ და ინდ.მეწარმე ა.ს.-ს შორის 2017 წლის 14 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება „ბილაინის“ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის შესახებ;

6.შპს „მობიტელს“, რომელმაც შეიცვალა სახელწოდება და გახდა შპს „ვიონი საქართველო“ კომისიის 2017 წლის 5 ოქტომბრის N662/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა გაფრთხილება, ხოლო კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N752/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით, ანალოგიური დარღვევისთვის, კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო. 

მტკიცებულებები:

1საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  გადაწყვეტილება NB17133077/3; 2. კომისიის 2017 წლის 5 ოქტომბრის N662/18 და 2017 წლის 16 ნოემბრის N752/18 გადაწყვეტილებები შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

7.შპს „ვიონი საქართველოს“ ბოლო 1 წლის შემოსავლის 1% აღემატება 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარს.

მტკიცებულება:კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 16.01.17  Nშ-10/250-18  სამსახურებრივი ბარათი.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას; 

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად; 

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; 

4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს; ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის,  ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ; გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს; დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს; ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს; ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს; თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას; 

5. კომისიის 2016 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით (ელექტრონულად) დადებული ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების საფუძველზე, ხოლო დამატებითი მომსახურების მიწოდების პირობები შეიძლება განისაზღვროს სხვა (ელექტრონული ან სხვა ტიპის ოფერტა) ფორმითაც. 

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ როგორც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით“ ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურების გაწევის თაობაზე მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება ეკისრება მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევ ავტორიზებულ პირს. კანონმდებლობა სწორედ ავტორიზებულ პირს აკისრებს აბონენტებთან, როგორც ხელშეკრულების გაფორმების, ასევე აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული მონაცემების სისწორის შემოწმების ვალდებულებას, მიუხედავად იმისა, თუ ვისი მეშვეობით აფორმებს აბონენტთან ხელშეკრულებას კომპანია - საკუთარ ოფისში დასაქმებული პირის, თუ დილერის მეშვეობით, ვინაიდან, ორივე შემთხვევაში მომსახურების გამწევ პირს ავტორიზებული პირი წარმოადგენს, ხოლო მას, როგორც იურიდიულ პირს, შესაძლოა სხვადასხვა გარემოებაში სხვადასხვა პირები წარმოადგენდნენ, კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლებთან საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ წერილობითი ხელშეკრულებების დადების გარეშე მომხმარებლებისათვის გადაცემული სააბონენტო ნომრები ხშირ შემთხვევებში გამოიყენება ტექნიკურ მოწყობილობებში (ე.წ. „სიმ ბოქსები“), რომელთა მეშვეობით ხდება საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად წარმოჩენა, ვინაიდან ასეთ დროს რთულია სააბონენტო ნომრების მფლობელი მომხმარებლების იდენტიფიცირება, რითაც ზიანი ადგება როგორც მომსახურების მიმწოდებელს, ისე სახელმწიფო ბიუჯეტს. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების დადება, არა მხოლოდ მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაა, არამედ ხელს უწყობს ასეთი სახის კანონდარღვევის პრევენციას. შესაბამისად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელმა ყველა კომპანიამ, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყონ სააბონენტო ნომრების რეალიზაცია და შესაბამისად, მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  შპს „ვიონი საქართველოს“ მხრიდან ადგილი აქვს წერილობით დადებული ხელშეკრულების გარეშე მომხმარებლისთვის მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდებას, რითაც შპს „ვიონი საქართველოს“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ვინაიდან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ვიონი საქართველოს“ მიმართ გამოყენებული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, როგორც გაფრთხილება ისე ჯარიმა, სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების დარღვევის გამო, ხოლო მისი ბოლო 12 თვის შემოსავლის 1 პროცენტი აღემატება 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარს, მას უნდა დაეკისროს ჯარიმა 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად. 

V. სარეზოლუციო ნაწილი 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა  და მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე და 45-ე მუხლების, 62-ე მუხლის მე-2 და მე–4 პუნქტების,  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-17 პუნქტებისა და კომისიის 2016 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების  დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ვიონი საქართველოს“ დაეკისროს ჯარიმა 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-105 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „ვიონი საქართველომ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

სახაზინო კოდი -  300773251;

3. უზრუნველყოს შპს „ვიონი საქართველომ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 (სამი)  სამუშაო დღის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ვიონი საქართველოსთვის“ მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ვიონი საქართველოსთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ.ნინუა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის დაუყოვნებლივ გაგზავნა შპს „ვიონი საქართველოსთვის“;

7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

8. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ.დევდარიანი) გადაწყვეტილების (გარდა მე-6 და მე-7 პუნქტებისა) შესრულებაზე კონტროლი.

კომისიის თავმჯდომარე                                                                             კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                             ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                             ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                            გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                            მერაბ ქათამაძე