შპს „ოდრექს სოვთვეარ“-ის (ს/კ400182725) 2017 წლის 28 დეკემბრის განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 24 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 30, 2018 12:19

მიღების თარიღი იანვარი 25, 2018

შპს „ოდრექს სოვთვეარ“-ის (ს/კ400182725) 2017 წლის 28 დეკემბრის განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ოდრექს სოვთვეარ“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №6/9686-17 28.12.2017), შპს „ოდრექს სოვთვეარ“-ის წილის 100%-ის ფიზიკური პირის სულიკო ვარსემაშვილის მიერ შეძენაზე კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „ოდრექს სოვთვეარის“ განცხადების განხილვის მიზნით დანიშნულ კომისიის 2018 წლის 18 იანვრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ოდრექს სოვთვეარის“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება კომისიის სხდომის დღის, დროსა და ადგილის შესახებ, ასევე კომპანიის წარმომადგენლის სხდომაზე დასწრების აუცილებლობის თაობაზე ჩაბარდა კომპანიას.

ვინაიდან, კომისიის 2018 წლის 18 იანვრის სხდომაზე საკითხის განხილვისას კომისიის წევრებს რიგი საკითხების დაზუსტების მიზნით ჰქონდათ შეკითხვები კომპანიასთან, საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის 25 იანვარს, რის თაობაზეც, 2018 წლის 22 იანვარს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა შპს „ოდრექს სოვთვეარ“-ს. ამასთან, განემარტა კომპანიის წარმომადგენელს კომისიის სხდომაზე დასწრების აუცილებლობის თაობაზე. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას ეცნობა ასევე სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობითაც, რა დროსაც კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შპს „ოდრექს სოვთვეარ“-ის წილის 100%-ის მფლობელმა ნიკოლოზ ბიბილურიძემ, რომელიც ამავე დროს წარმოადგენდა კომპანიის დირექტორს, მოახდინა წილის გასხვისება ვაჟა შუშანაშვილზე.

კომისია აღნიშნავს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 2018 წლის 22 იანვრის მონაცემებით, შპს „ოდრექს სოვთვეარ“-ის წილის 100%-ის მფლობელი ნაცვლად ნიკოლოზ ბიბილურიძისა, არის ვაჟა შუშანაშვილი. შესაბამისად, შპს „ოდრექს სოვთვეარ“-ის წილის შეძენა მოხდა კომისიის წინასწარი თანხმობის მიღების გარეშე, რითაც დაირღვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 26-ე მუხლები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ოდრექს სოვთვეარ“-მა 2018 წლის 25 იანვარს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/395-18 25.01.2018) მიმართა კომისიას და მოითხოვა შპს „ოდრექს სოვთვეარ“-ის წილის 100%-ის ფიზიკური პირის სულიკო ვარსემაშვილის მიერ შეძენის თაობაზე 2017 წლის 28 დეკემბრის განცხადების განუხილველად დატოვება.

კომისია მიიჩნევს, რომ შპს „ოდრექს სოვთვეარ“-ის 2018 წლის 25 იანვრის წერილის საფუძველზე უნდა შეწყდეს შპს „ოდრექს სოვთვეარ“-ის 2017 წლის 28 დეკემბრის განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „ოდრექს სოვთვეარ“-ის წილის 100%-ის  ფიზიკური პირის სულიკო ვარსემაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ, შპს „ოდრექს სოვთვეარ“-ის 2017 წლის 28 დეკემბრის განცხადების განუხილველად დატოვების გამო. ამასთან, ვინაიდან შპს „ოდრექს სოვთვეარ“-ის წილის შეძენა მოხდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, რითაც დაირღვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 26-ე მუხლები, საკითხის განხილვა შემდგომი რეაგირებისათვის უნდა გადაეცეს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს.

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 55-ე, 56-ე და 76-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს შპს „ოდრექს სოვთვეარ“-ის (ს/კ400182725) 2017 წლის 28 დეკემბრის განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „ოდრექს სოვთვეარ“-ის (ს/კ400182725) წილის 100%-ის  ფიზიკური პირის სულიკო ვარსემაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ.

2. შპს „ოდრექს სოვთვეარ“-ის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 26-ე მუხლების დარღვევის გამო საკითხის განხილვა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცეს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ. ბერია).

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “ოდრექს სოვთვეარ“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ოდრექს სოვთვეარ“-ისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). 

კომისიის თავმჯდომარე                                            კახი ბექაური        

კომისიის წევრი                                                                  ვახტანგ აბაშიძე        

კომისიის წევრი                                                                  ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                           გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                           მერაბ ქათამაძე