სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 25 / 20

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2018 10:34

მიღების თარიღი იანვარი 25, 2018

სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2018 წლის 18 იანვარს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/283-18) მიმართა სს „სილქნეტმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. სს „სილქნეტმა“ მოითხოვა წარმოდგენილი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა, გარდა ხელშეკრულების საგნის , მხარეების, მოქმედების ვადის, გავრცელების ტექნოლოგიისა და ტერიტორიისა. ამასთან, კომისიის სხდომაზე კომპანიის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ პროგრამების და მატჩების გავრცელების პირობები და ექსკლუზიურობის პირობები ასევე უნდა დარჩეს ღიად.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

სს „სილქნეტის“ მიერ 2018 წლის 18 იანვრის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/283-18) მოთხოვნილია შემდეგი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:

ა) ევროპის საფეხბურთო ასოციაციების გაერთიანებასა (Union Des Associations Europeennes De Football) და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება უეფას ჩემპიონთა ლიგის და უეფას სუპერ თასის 2018/19, 2019/20 და 2020/21 სეზონების მატჩების მედია უფლებების შესახებ;

ბ) ევროპის საფეხბურთო ასოციაციების გაერთიანებასა (Union Des Associations Europeennes De Football) და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება უეფას ევროპის ლიგის 2018/19, 2019/20 და 2020/21 სეზონების მატჩების მედია უფლებების შესახებ;  

აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების  შესახებ. აგრეთვე სხვა პირობებს, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას. განმცხადებელმა თავად მოითხოვა ხელშეკრულების იმ პირობების ღიად დატოვება, რომლებზეც კომისია თვლის, რომ არ შეიძლება იყოს ცნობილი კომერციულ საიდუმლოებად, კერძოდ: ხელშეკრულების საგანი, ხელშეკრულების მხარეები, ხელშეკრულების ვადები, გავრცელების ტერიტორია და ტექნოლოგია.   

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“ 2018 წლის 18 იანვრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/283-18) უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მათ მიერ მოთხოვნილ ნაწილში ცნობილ უნდა იქნას კომერციულ საიდულმოებად. გასათვალისწინებელია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს სს „სილქნეტის“ 2018 წლის 18 იანვრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/283-18):  

ა) ცნობილ იქნას ევროპის საფეხბურთო ასოციაციების გაერთიანებასა (Union Des Associations Europeennes De Football) და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება უეფას ჩემპიონთა ლიგის და უეფას სუპერ თასის 2018/19, 2019/20 და 2020/21 სეზონების მატჩების მედია უფლებების შესახებ კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა (მათ შორის მატჩების და პროგრამების გავრცელების პირობებისა), ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;    

ბ) ცნობილ იქნას ევროპის საფეხბურთო ასოციაციების გაერთიანებასა (Union Des Associations Europeennes De Football) და სს „სილქნეტს“ შორის 2017 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება უეფას ევროპის ლიგის 2018/19, 2019/20 და 2020/21 სეზონების მატჩების მედია უფლებების შესახებ კომერციულ საიდუმლოებად, გარდა ხელშეკრულების საგნისა (მათ შორის მატჩების და პროგრამების გავრცელების პირობებისა), ხელშეკრულების მხარეებისა, ხელშეკრულების ვადებისა, გავრცელების ტერიტორიისა და ტექნოლოგიისა, რომლებიც ცნობილ იქნას ღიად;   

2. ინფორმაცია სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს სს „სილქნეტის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა (მ. ნინუა);

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან; 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) 1 თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                       კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                      ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                      ელისო ასანიძე    

კომისიის წევრი                                                                      გიორგი ფრუიძე    

კომისიის წევრი                                                                      მერაბ ქათამაძე