შპს „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 50 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2018 10:48

მიღების თარიღი თებერვალი 01, 2018

შპს „ჯორჯიან მანგანეზისთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ  შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ (რეგისტრირებულიქუთაისის  საგადასახადო ინსპექციის მიერ 2006 წლის 7 სექტემბერს, ს.კ. №230085797) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/198-18, 15.01.18) ზესტაფონის, ჭიათურისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში მეტრულ (ერთი) და დეციმეტრულ (ოთხი) ტალღათა დიაპაზონებში ხუთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია  აღნიშნავს, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (2500 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს  შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1718 ნებართვა და მიენიჭოს 407.425 მჰც, 407.575 მჰც, 411.525 მჰც, 411.575 მჰც და 151.550 მჰც  სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ზესტაფონის, ჭიათურისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, ერთი წლის ვადით - 2018 წლის პირველი თებერვლიდან 2019 წლის პირველ თებერვლამდე, თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

4. დაევალოს შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი)  შპს „ჯორჯიან მანგანეზისთვის“  ნებართვით მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ჯორჯიან მანგანეზისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                 ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                                 ე. ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                                                 გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                                 მ. ქათამაძე