შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 59 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2018 10:56

მიღების თარიღი თებერვალი 08, 2018

შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების თაობაზე 

I.      საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (25.01.2018 შ-10/402-18) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში 2018 წლის 29 იანვარს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტელეიმედისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (25.01.2018 შ-10/402-18)  ირკვევა, რომ აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 14 -22 დეკემბრის პერიოდში განხორციელდა შპს ,,ტელეიმედის“  სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი - სპონსორობის წესების, პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა და ტელეშოპინგის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით.  

ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგად ირკვევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „ტელეიმედის“ ეთერში განთავსებულია გადაცემა „სხვა რაკურსი“. აღნიშნული გადაცემის ფარგლებში 2017 წლის 14 დეკემბერს (23:35 სთ.) ეთერში განთავსდა სიუჟეტი ავეჯის მასალების მაღაზიათა ქსელიდან „ელთიბი.“ გადაცემის წამყვანი სიუჟეტის დასაწყისში მაყურებელს აწვდის კომპანიის ზუსტ გეოგრაფიულ კოორდინატებს, ასახელებს თბილისის უბანს (ელიავას ბაზრობა), კომპანიის დასახელებას (ელთიბი) და კონკრეტული მაღაზიის რიგით ნომერს (ნომერი 55). ამის შემდეგ ის კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა დასახელების პროდუქტის (ანჯამები, სახელურები, გასაშლელი მექანიზმები და ა.შ.) ტექნიკურ მახასიათებლებს, ხაზს უსვამს თანამედროვე ტექნოლოგიების სრულყოფილებას, მომსახურების ხარისხს. საუბარი არის განვადების შესაძლებლობებზე და ხელმისაწვდომ ფასებზე. სიუჟეტში დეტალურად ჩანს მაღაზიის სხვადასხვა პროდუქტები და მიმდინარეობს მათი დეტალური განხილვა, ასევე ხაზი ესმება კომპანიის სხვადასხვა სერვისებს, რაზეც ხშირ შემთხვევაში წამყვანი გამოხატავს აღტაცებას.  
  2. ამავე გადაცემის ფარგლებში 2017 წლის 21 დეკემბერს (22:07:22 სთ.) იგივე წამყვანი მაყურებელს სთავაზობს შპს „ჯინო ფარადაისის“ სამომხმარებლო კონცეფციას. საქმე ეხება სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მომსახურებას, რომელშიც წამყვანი, როგორც ამას გადაცემის კონცეპტუალური ფორმატი ითვალისწინებს, პირადად მონაწილეობს. გადაცემის მიმდინარეობისას გამოყენებულია შემდეგი გამონათქვამები: „თუ გინდათ, რომ ბავშვები გაართოთ, გადაუხადეთ „ჯინო ფარადაისში“ დაბადების დღე...და არა მარტო დაბადების დღე...მოიყვანეთ, ავარჯიშეთ...“, „ეს არის მაკედონელის სკამი...სასწაული...“, „აქ არის 24-კარატიანი ოქრო, რომელიც შველის წელის ტკივილს, ჭრილობებს, განწყობას...სრული რელაქსაცია შეგიძლიათ მიიღოთ აქ და იყოთ ბედნიერები...“. მომსახურების სრული დემონსტრირებისთვის წამყვანი პირადად იღებს მომსახურების ყველა სახეობას, რასაც თან ახლავს შეფასებები და მოწოდებები.
  3. შპს „ტელეიმედის“ ეთერში განთავსებულია გადაცემა „იმედის დილა“, რომლის ფარგლებში 2017 წლის 22 დეკემბერს შემდეგი თანმიმდევრობით  -  08:32:18 სთ., 08:35:22 სთ., 08:38 სთ. და 08:43 სთ-ზე გავიდა მაღაზიათა ქსელების  -  „ელიტ ელექტრონიქსი“, „ტექნო ბუმი“, „მეგამოლ.ჯი“ და „სმაილი“  -  წინასაახლწლო აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ სიუჟეტი. თითოეული მაღაზიისთვის წამყვანი და კომპანიების წარმომადგენლები საუბრობენ განსაკუთრებული აქციების, ფასდაკლებების, გამორჩეული მომსახურებისა და საჩუქრების შესახებ. ეკრანზე ჩანს ფასები მათი საწყისი და ფასდაკლებისშემდგომი მოცემულობით. სიუჟეტში დეტალური განხილვა ხდება თუ რომელ პროდუქტებს ეხება აქციები, რა ტიპის აქციებია მაღაზიებში და სიუჟეტის ბოლოს ისმის მოწოდება წამყვანისგან, რომ გამოვიყენოთ შანსი და შევიძინოთ ტექნიკა ჩვენთვის სასურველ ფასად.
  4. სპონსორზე მითითება:

ა) „გადაცემის სპონსორია „ავერსის“ მტრედი ბარათი, რომელიც გაძლევთ შანსს, აიხდინოთ ნებისმიერი სურვილი, იქნება ეს მოგზაურობა, მანქანა, ახალი ავეჯი თუ სხვა მრავალი სურვილი.“

ბ) „ნიჭიერის“ სპონსორია დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“, პრემიუმ კლასის აპარტამენტები და საერთაშორისო მენეჯმენტი ბათუმის შემდეგ უკვე თბილისში.“

გ) „სერიალის სპონსორია „ველატონი“. „ველატონი“ ატენიანებს და ელფერს სძენს თქვენს თმას ბზინვარებისთვის. „ველატონი“  -  სიყვარულით „ველასგან.“

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ17)ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით;

აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე;  ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს. 

ზემოაღნიშნული სიუჟეტების შესწავლის საფუძველზე დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნულ სიუჟეტები არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტს, ვინაიდან სიუჟეტებში პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა და ისმის პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირი მოწოდებები.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.“ ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად „სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას“, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად „სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას.”  

დეპარტამენტს მიაჩნია, რომ წინამდებარე სამსახურებრივი ბარათის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ პროგრამებში სპონსორზე მითითება ხდებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციებით“ დადგენილი წესების დარღვევით.

შპს ,,ტელეიმედისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, რის თაობაზეც შეტყობინებით ეცნობა  შპს „ტელეიმედს“ და ეთხოვა საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. კომპანიას ასევე განემარტა მისი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე კომისიამ იმსჯელა  2018 წლის 8 თებერვლის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლები ა.ლაშხი და ნ.ფაშალიშვილი. ა.ლაშხის განცხადებით, საქონლის/მომსახურების განთავსებისას საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მისი განმარტებით, პროდუქტს არ ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა, გადაცემებში თემატურად არის განთავსებული სხვადასხვა პროდუქტი, მაგალითად გადაცემაში „სხვა რაკურსი“ წამყვანი ეწევა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და თემიდან გამომდინარე სტუმრობს  სპორტულ ცენტრს „ჯინო ფარადაისს“. ა.ლაშხმა ასევე განმარტა, რომ პროდუქტის განთავსებასთან დაკავშირებით მაუწყებელსა და პროდუქტის განთავსების დამკვეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება დაახლოებით მერყეობს  2500 ლარიდან  3000 ლარამდე.

II.        კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები: 

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი თანდართული CD-ით (25.01.2018 შ-10/402-18);

2. კომისიის 2017 წლის 30 მარტის N212/18 გადაწყვეტილება შპს „ტელეიმედისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

3.  შპს ,,ტელეიმედის“  შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;

4.  შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენლის ა.ლაშხის  მიერ კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III.     კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.  შპს ,,ტელეიმედი“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა, მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა, ავტორიზაციის თარიღი:15.07.2015; ავტორიზაციის ნომერი: BR-264);

2. ა) შპს „ტელეიმედის“ ეთერში განთავსებულია გადაცემა „სხვა რაკურსი“. აღნიშნული გადაცემის ფარგლებში 2017 წლის 14 დეკემბერს (23:35 სთ.) ეთერში განთავსდა სიუჟეტი ავეჯის მასალების მაღაზიათა ქსელიდან „ელთიბი.“ გადაცემის წამყვანი სიუჟეტის დასაწყისში მაყურებელს აწვდის კომპანიის ზუსტ გეოგრაფიულ კოორდინატებს, ასახელებს თბილისის უბანს (ელიავას ბაზრობა), კომპანიის დასახელებას (ელთიბი) და კონკრეტული მაღაზიის რიგით ნომერს (ნომერი 55). ამის შემდეგ ის კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა დასახელების პროდუქტის (ანჯამები, სახელურები, გასაშლელი მექანიზმები და ა.შ.) ტექნიკურ მახასიათებლებს, ხაზს უსვამს თანამედროვე ტექნოლოგიების სრულყოფილებას, მომსახურების ხარისხს. საუბარი არის განვადების შესაძლებლობებზე და ხელმისაწვდომ ფასებზე. სიუჟეტში დეტალურად ჩანს მაღაზიის სხვადასხვა პროდუქტები და მიმდინარეობს მათი დეტალური განხილვა, ასევე ხაზგასმულია კომპანიის სხვადასხვა სერვისები, რაზედაც ხშირ შემთხვევაში წამყვანი გამოხატავს აღტაცებას.  

ბ) ამავე გადაცემის ფარგლებში 2017 წლის 21 დეკემბერს (22:07:22 სთ.) იგივე წამყვანი მაყურებელს სთავაზობს შპს „ჯინო ფარადაისის“ სამომხმარებლო კონცეფციას. საქმე ეხება სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მომსახურებას, რომელშიც წამყვანი, როგორც ამას გადაცემის კონცეპტუალური ფორმატი ითვალისწინებს, პირადად მონაწილეობს. გადაცემის მიმდინარეობისას გამოყენებულია შემდეგი გამონათქვამები: „თუ გინდათ, რომ ბავშვები გაართოთ, გადაუხადეთ „ჯინო ფარადაისში“ დაბადების დღე...და არა მარტო დაბადების დღე...მოიყვანეთ, ავარჯიშეთ...“, „ეს არის მაკედონელის სკამი...სასწაული...“, „აქ არის 24-კარატიანი ოქრო, რომელიც შველის წელის ტკივილს, ჭრილობებს, განწყობას...სრული რელაქსაცია შეგიძლიათ მიიღოთ აქ და იყოთ ბედნიერები...“. მომსახურების სრული დემონსტრირებისთვის წამყვანი პირადად იღებს მომსახურების ყველა სახეობას, რასაც თან ახლავს შეფასებები და მოწოდებები.

გ) შპს „ტელეიმედის“ ეთერში განთავსებულია გადაცემა „იმედის დილა“, რომლის ფარგლებში 2017 წლის 22 დეკემბერს შემდეგი თანმიმდევრობით  -  08:32:18 სთ., 08:35:22 სთ., 08:38 სთ. და 08:43 სთ-ზე გავიდა მაღაზიათა ქსელების  - „ელიტ ელექტრონიქსი“, „ტექნო ბუმი“, „მეგამოლ.ჯი“ და „სმაილი“  -  წინასაახლწლო აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ სიუჟეტი. თითოეული მაღაზიისთვის წამყვანი და კომპანიების წარმომადგენლები საუბრობენ განსაკუთრებული აქციების, ფასდაკლებების, გამორჩეული მომსახურებისა და საჩუქრების შესახებ. ეკრანზე ჩანს ფასები მათი საწყისი და ფასდაკლების შემდგომი მოცემულობით. სიუჟეტში დეტალური განხილვა ხდება თუ რომელ პროდუქტებს ეხება აქციები, რა ტიპის აქციებია მაღაზიებში და სიუჟეტის ბოლოს ისმის მოწოდება წამყვანისგან, რომ გამოვიყენოთ შანსი და შევიძინოთ ტექნიკა ჩვენთვის სასურველ ფასად.

3. მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ შპს „ტელეიმედის“ 2017 წლის 17-18 დეკემბრის სამაუწყებლო ეთერში სპონსორობის განთავსებისას ადგილი ჰქონდა საქონლის/მომსახურების მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას, წაქეზებას ამ საქონელზე/მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, შეიცავს სარეკლამო შეტყობინებებს კერძოდ:

ა) „გადაცემის სპონსორია „ავერსის“ მტრედი ბარათი, რომელიც გაძლევთ შანსს, აიხდინოთ ნებისმიერი სურვილი, იქნება ეს მოგზაურობა, მანქანა, ახალი ავეჯი თუ სხვა მრავალი სურვილი.“

ბ) „ნიჭიერის“ სპონსორია დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“, პრემიუმ კლასის აპარტამენტები და საერთაშორისო მენეჯმენტი ბათუმის შემდეგ უკვე თბილისში.“

გ) „სერიალის სპონსორია „ველატონი“. „ველატონი“ ატენიანებს და ელფერს სძენს თქვენს თმას ბზინვარებისთვის. „ველატონი“  -  სიყვარულით „ველასგან.“

4. შპს „ტელეიმედს“ 2017 წლის 30 მარტს კომისიის N212/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა გაფრთხილება საქონლის/მომსახურების პროგრამაში განთავსების წესების დარღვევისთვის, კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.  

5. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2017 წლის 30 იანვრის Nშ-10/491-18 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, შპს „ტელეიმედის“ უკანასკნელი 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,1% შეადგენს 25 748.70 (ოცდახუთი ათას შვიდას ორმოცდარვა მთელი სამოცდაათი მეასედი) ლარს. 

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება 

1.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

2.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ17 ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით;

 4.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი  სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;

 5.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით;

6.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს;

7.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას;

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;

9.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს  ,,ტელეიმედი“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ:

1.  შპს  „ტელეიმედი“-ის სამაუწყებლო ბადეში 2017 წლის  14, 21, 22 დეკემბერს განთავსებული გადაცემების - „სხვა რაკურსი“  და „იმედის დილა“ სიუჟეტებში პროდუქტის განთავსება გავლენას ახდენს პროგრამის შინაარსზე, პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა და სიუჟეტი შეიცავს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას, რითაც შპს „ტელეიმედის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტები და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი.

2. შპს  „ტელეიმედის“ სამაუწყებლო ბადეში 2017 წლის 17-18 დეკემბერს განთავსებულ გადაცემებსა და  სერიალებში  სასპონსორო მითითებებისას ადგილი აქვს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებასა და პროდუქტის შეძენაზე წაქეზებას პროდუქტზე სპეციალური მითითებით, ამასთან, სასპონსორო მითითებები შეიცავენ სარეკლამო შეტყობინებებს, რითაც შპს „ტელეიმედის“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ტელეიმედს“ კომისიის 2017 წლის 30 მარტის N212/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა გაფრთხილება საქონლის/მომსახურების განთავსების წესების დარღვევისთვის და დაევალა დარღვევის აღმოფხვრა 5 დღის ვადაში, გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩადენილია ახალი ანალოგიური დარღვევა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, შპს „ტელეიმედს“  უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. კომისიას მიაჩნია, რომ ჯარიმის მინიმალური ოდენობა 2500 ლარი არ იქნება ქმედითი ახალი ანალოგიური სამართალდარღვევის ჩადენის აცილების მიზნით და კანონის დანაწესის მინიმალური 2500 ლარიდან და მაქსიმუმი წლიური შემოსავლის 0,5%-დან, შპს „ტელეიმედს“ უნდა დაეკისროს ჯარიმის სახით წლიური შემოსავლის  0,1%, რაც შეადგენს    25 748.70 (ოცდახუთი ათას შვიდას ორმოცდარვა მთელი სამოცდაათი მეასედი) ლარს, რითაც დაცული იქნება როგორც თანასწორობის, კანონიერების და პროპორციულობის პრინციპი, ასევე მიიღწევა ის მიზანი, რასაც ზოგადად ითვალისწინებს სანქციის გამოყენება. სპონსორობის წესების დარღვევისთვის შპს „ტელეიმედის“ მიმართ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ სპოსორობის წესების დარღვევისთვის შპს ,,ტელეიმედს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება, ხოლო დარღვევების აღმოსაფხვრელად მიეცეს გონივრული ვადა. 

V. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) და ჰ17) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტებისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ტელეიმედს“ მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის,  67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევის გამო;

2. შპს „ტელეიმედს“ დაეკისროს ჯარიმა 25 748.70 (ოცდახუთი ათას შვიდას ორმოცდარვა მთელი სამოცდაათი მეასედი) ლარის ოდენობით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  691 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტების, 451-ე მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

3. უზრუნველყოს შპს „ტელეიმედმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

      ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

      ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

      სახაზინო კოდი -  300773251;

4. უზრუნველყოს შპს „ტელეიმედმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 (სამი)  სამუშაო დღის ვადაში;

5. დაევალოს შპს ,,ტელეიმედს“  წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების შპს ,,ტელეიმედისთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

7. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების შპს ,,ტელეიმედისთვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

9. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს  ,,ტელეიმედისთვის“   ჩაბარების დღიდან;

10. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ.დევდარიანი).

11. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

 

 

 

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

 

 

 

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

 

 

 

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

 

 

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე