შპს „იბერია- TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 60 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2018 17:33

მიღების თარიღი თებერვალი 08, 2018

შპს  „იბერია- TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე 

I.   საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების (Nშ-10/441-18; 26.01.2018 და Nშ-10/457-18, 29.01.2018) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2018 წლის 29 იანვარს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „იბერია-TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათებიდან (Nშ-10/441-18; 26.01.2018 და Nშ-10/457-18, 29.01.2018) ირკვევა, რომ აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „იბერია-TV“-ს  სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი 2017 წლის 17-22 დეკემბრის პერიოდზე, სპონსორობის წესებისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით. კერძოდ, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათებში (Nშ-10/441-18; 26.01.2018 და Nშ-10/457-18, 29.01.2018) აღნიშნულია შემდეგი:

1. 2017 წლის 17 დეკემბერს (11:16:26 სთ.) გადაცემა „პიკნიკის“ ეთერში გადაცემის წამყვანი შემდეგი ტექსტით ასახელებს გადაცემის სპონსორებს:

„ჩემი სპონსორი „ქალაქური“...ალბათ, ყველას, ვისაც უყვარს სუსნაობა და გემრიელობები, მათთვის ძალიან ნაცნობია „ქალაქურის“ პროდუქტები. ძალიან ბევრი სახეობაა. გარდა აი, ამ გემრიელობებისა, ასევე არის უამრავი ბურღულეული, რომელიც თანდათანობით ჩემთან შემოვა მუშაობის პროცესში. ჩემი უსაყვარლესი „ბებოს ლავაში“, სხვათა შორის, სანამ გადაცემას დავიწყებდით, თქვა (იგულისხმება გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი), ჩემთან ოჯახში ძალიან ბევრი მოიპოვებაო „ბებოს ლავაში“...აი, ასეთი სპონსორები მყავს და, საქმე, იცი, რაშია? „ბებოს ლავაშმა“ ცოტა ხანს შეისვენა ჩემი გადაცემისგან და რატომ? იმიტომ, რომ დიდი სიურპრიზით მოდიოდა: „ბებოს ლავაშმა“ წინასაახალწლოდ შემოგვთავაზა (ეკრანზე ჩანს შეფუთული ტკბილეული წარწერით) იცით, რა ქვია ამას? „მონალიზა“...აი, ასეთი ტკბილეული არის, რომელიც „ბებოს ლავაშმა“ მოგვიტანა ჩვენ და უკვე ქსელშიც არის, თითქმის ყველგან. ახლა აქეთ გადმოდით. გემრიელად როცა რაღაცას აკეთებთ ოჯახურ გარემოში, „ოჯახური“ არ უნდა გქონდეს? აი, ჩემი სპონსორი ეს არის: სუნელები, სხვადასხვა გემრიელი წნილი, თან ახლა მარხვაა და შეიძლება უამრავი გემრიელობის გაკეთება ამ წნილისგან. აქ ყველაზე ძალიან მე რა მომწონს? სუნელი არსებობს ბევრნაირი, მაგრამ, შეხედე აქ როგორ არის? სპეციალურად არის ბორშჩისთვის, ანუ აღარ დაგჭირდება ზედმეტი რაღაცეები. ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს მექსიკური კარტოფილი, აგერ, გვაქვს სპეციალურად მექსიკური კარტოფილისთვის სუნელი, და, სხვათა შორის, საჩუქრები აქვს ძალიან ბევრი თქვენთვის...ფარშის საკმაზიც კია, ანუ ყველა კერძისთვის არის ცალკე ეს სუნელები. და ყველაზე მთავარი რაც არის, რაღაცა ჭორები რომ დადიოდა, რომ ის არისო, ეს არისო, შეხედეთ, შემოწმებულია ეს ყველაფერი. აი, ეს „მაიორანი“...აი, ეს ყველა პროდუქტი ჩემმა პარტნიორმა კომპანია „მადაგონმა“ მომაწოდა და მე იქიდან მომაქვს ყველაფერი გემრიელობები...“;

2. 2017 წლის 21 დეკემბერი (14:28:16 სთ):

„გადაცემის სპონსორია „ეგომედიქალი“  - უმტკივნეულო დიოდური ეპილაცია სოპრანო აისის აპარატით, გამოცდილი ტექნოლოგია და პროფესიონალები - თქვენი სილამაზისთვის“.

ზემოაღნიშნული სიუჟეტების შესწავლის საფუძველზე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ პირველ პუნქტში მითითებული სიუჟეტი არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე–2 პუნქტს, ვინაიდან სიუჟეტში განთავსებულ პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა. ხოლო, ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში პირველ და მე-2 პუნქტებში ჩამოთვლილ პროგრამებში სპონსორზე მითითება ხდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტისა  და კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევით.

შპს  „იბერია-TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის პირველ თებერვალს, რის თაობაზეც შეტყობინებით ეცნობა  შპს  „იბერია-TV“-ს და ეთხოვა საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. კომპანიას ასევე განემარტა მისი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

კომისიის 2018 წლის პირველი თებერვლის სხდომა გადაიდო და დაინიშნა 2018 წლის 8 თებერვალს, რის თაობაზეც შპს „იბერია-TV“-ს ეცნობა კომისიის 2018 წლის 2 თებერვლის N03/368-18 შეტყობინებით, რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2018 წლის 3 თებერვალს.

კომისიის 2018 წლის 8 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდა შპს „იბერია-TV“-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი ანა მეტრეველი, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვიტა თავად მიეღო მონაწილეობა საკითხის განხილვაში, ვინაიდან ყველა პროდუქტს თავად სთავაზობს პოტენციურ დამკვეთს. საკმაოდ რთული სარეკლამო ბაზარია და დამკვეთებიც რთულად თანხმდებიან რეკლამის განთავსებას. ა.მეტრეველმა აღნიშნა, რომ გადაცემა „პიკნიკი“ არის კულინარიული გადაცემა და, რომ არცერთ პროდუქტზე, რომელიც განთავსებულია გადაცემაში, შეძენისკენ მოწოდება არ ყოფილა. ამასთან, ა.მეტრეველმა განმარტა, რომ  წამყვანი წლების განმავლობაში მუშაობს პირდაპირ ეთერში, მათ შორის კანონის შემოღებამდე პერიოდშიც მუშაობდა და კარგად აქვს აღქმული, რა არის დაშვებული და რა არა. მან დაამატა, რომ თავადაც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ამ თემაზე, არხი პატარაა და მისთვის სპონსორებიდან შემოსული ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია და თუ არხს ჯარიმა დაეკისრება, ეს იქნება ძალიან საგრძნობი. მან განმარტა, რომ ასეთი გადაცემები მხოლოდ წამყვანს არ აქვს მინდობილი, მუშაობაში არის ჩართული მთელი ჯგუფი და ყოველი პროდუქტი იხილება. თუ რაიმე მაინც გაიპარა ჩანაწერში, მონტაჟის დროს იჭრება. ა.მეტრეველმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილ სიუჟეტში არ არის მოწოდება პროდუქტის შეძენაზე, ვინაიდან გადაცემა არის კულინარიული, მასში განთავსებული ყველა პროდუქტი კავშირშია კულინარიასთან და წამყავნი ამ პროდუქტებისგან ამზადებს კერძს. თუ წამყვანმა არ თქვა რას იყენებს, დამკვეთი ასეთ რეკლამაში თანხას არ გადაიხდის. ა. მეტრეველმა ასევე  გამოთქვა მოსაზრება სპონსორობის საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ  ადრე, როდესაც სასპონსორო მითითებაზე იყო მოთხოვნა და კარგადაც იყიდებოდა, ამ აკრძალვების შემდეგ ფაქტიურად განახევრდა შემოსავალი, ვინაიდან მაუწყებელს შეუძლია დაასახელოს მხოლოდ ბრენდი და არა აქცია, მოწოდება და ა.შ. ა.მეტრეველმა გამოაქვეყნა სპონსორზე მითითების სარეკლამო რგოლი - „გადაცემის სპონსორია „ეგომედიქალი“  - უმტკივნეულო დიოდური ეპილაცია სოპრანო აისის აპარატით, გამოცდილი ტექნოლოგია და პროფესიონალები - თქვენი სილამაზისთვის“ და აღნიშნა, რომ ამ მითითებაში გავრცობილი ნიშნები აბსოლუტურად ყველა ეპილაციის მეთოდზე ვრცელდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს „ეგომედიქალი“ იქნება, თუ სხვა მსგავსი დაწესებულება.

II.        კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები: 

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი თანდართული CD-ით (Nშ-10/441-18; 26.01.2018);
  2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/457-18, 29.01.2018);
  3. შპს „იბერია-TV“-ს შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  4. „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016  წლის 14 იანვრის N1 დადგენილება;
  5. კომისიის 2017 წლის 30 მარტის N213/18 გადაწყვეტილება „შპს „იბერია-TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“, რომლითაც მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების და მე-3 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
  6. შპს „იბერია-TV“-ს მარკეტინგის ხელმძღვანელის ანა მეტრეველის მიერ კომისიის 2018 წლის 8 თებერვლის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

 II.           ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „იბერია-TV“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა, ავტორიზაციის თარიღი: 14.07.2015);

2. შპს „იბერია-TV“-ს სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია:

ა) 2017 წლის 17 დეკემბერს (11:16:26 სთ.)  გადაცემა „პიკნიკის“ მიმდინარეობისას, სადაც განთავსებულია სპონსორების მიერ წარმოდგენილი პროდუქტები, გადაცემის წამყვანი ასახელებს გადაცემის სპონსორებს და აცხადებს: 

„ჩემი სპონსორი „ქალაქური“...ალბათ, ყველას, ვისაც უყვარს სუსნაობა და გემრიელობები, მათთვის ძალიან ნაცნობია „ქალაქურის“ პროდუქტები. ძალიან ბევრი სახეობაა. გარდა აი, ამ გემრიელობებისა, ასევე არის უამრავი ბურღულეული, რომელიც თანდათანობით ჩემთან შემოვა მუშაობის პროცესში. ჩემი უსაყვარლესი „ბებოს ლავაში“, სხვათა შორის, სანამ გადაცემას დავიწყებდით, თქვა (იგულისხმება გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი), ჩემთან ოჯახში ძალიან ბევრი მოიპოვება „ბებოს ლავაში“...აი, ასეთი სპონსორები მყავს და, საქმე, იცი, რაშია? „ბებოს ლავაშმა“ ცოტა ხანს შეისვენა ჩემი გადაცემისგან და რატომ? იმიტომ, რომ დიდი სიურპრიზით მოდიოდა: „ბებოს ლავაშმა“ წინასაახალწლოდ შემოგვთავაზა (ეკრანზე ჩანს შეფუთული ტკბილეული წარწერით) იცით, რა ქვია ამას? „მონალიზა“...აი, ასეთი ტკბილეული არის, რომელიც „ბებოს ლავაშმა“ მოგვიტანა ჩვენ და უკვე ქსელშიც არის, თითქმის ყველგან. ახლა აქეთ გადმოდით. გემრიელად როცა რაღაცას აკეთებთ ოჯახურ გარემოში, „ოჯახური“ არ უნდა გქონდეს? აი, ჩემი სპონსორი ეს არის: სუნელები, სხვადასხვა გემრიელი წნილი, თან ახლა მარხვაა და შეიძლება უამრავი გემრიელობის გაკეთება ამ წნილისგან. აქ ყველაზე ძალიან მე რა მომწონს? სუნელი არსებობს ბევრნაირი, მაგრამ, შეხედე აქ როგორ არის? სპეციალურად არის ბორშჩისთვის, ანუ აღარ დაგჭირდება ზედმეტი რაღაცეები. ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს მექსიკური კარტოფილი, აგერ, გვაქვს სპეციალურად მექსიკური კარტოფილისთვის სუნელი, და, სხვათა შორის, საჩუქრები აქვს ძალიან ბევრი თქვენთვის...ფარშის საკმაზიც კია, ანუ ყველა კერძისთვის არის ცალკე ეს სუნელები. და ყველაზე მთავარი რაც არის, რაღაცა ჭორები რომ დადიოდა, რომ ის არისო, ეს არისო, შეხედეთ, შემოწმებულია ეს ყველაფერი. აი, ეს „მაიორანი“...აი, ეს ყველა პროდუქტი ჩემმა პარტნიორმა კომპანია „მადაგონმა“ მომაწოდა და მე იქიდან მომაქვს ყველაფერი გემრიელობები...“; 

ბ) 2017 წლის 21 დეკემბერს (14:28:16 სთ) გადაცემა „Hello თბილისის“ სპონსორის დასახელებისას გავიდა შემდეგი სახის ვიდეო რგოლი: 

„გადაცემის სპონსორია „ეგომედიქალი“ - უმტკივნეულო დიოდური ეპილაცია სოპრანო აისის აპარატით, გამოცდილი ტექნოლოგია და პროფესიონალები - თქვენი სილამაზისთვის“. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაცემა „პიკნიკის“ ეთერში განთავსებულ პროდუქტებს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა, ხოლო სპონსორის მითითებისას ადგილი აქვს პროდუქტის მოხმარებისკენ მოწოდებას და წაქეზებას პროდუქტზე სპეციალური მითითებით; 2017 წლის 21 დეკემბერის ეთერში განთავსებული  სასპონსორო რგოლი შეიცავს სარეკლამო შეტყობინებას და მოხმარებისაკენ წაქეზებას მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, ასევე მომსახურების დეტალურ აღწერას; 

 3. „შპს „იბერია-TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 30 მარტის N213/18 გადაწყვეტილებით, კომპანიას მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების და მე-3 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ17) ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით;
  4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი  სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;
  5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით;
  6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს;  
  7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას;
  8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;
  9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იბერია-TV“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

შპს „იბერია-TV“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული (17 და 21 დეკემბერი) პროგრამების სასპონსორო მითითებებისას ადგილი აქვს პროდუქტის მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას და წაქეზებას პროდუქტზე/მომსახურებაზე სპეციალური მითითებით და ამასთან, სასპონსორო მითითებები შეიცავენ სარეკლამო შეტყობინებებს, საქონლის/მომსახურების დეტალურ აღწერას, რითაც კომპანიის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, კომისიის 2015 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები. ასევე, შპს „იბერია-TV“-ის სამაუწყებლო ბადეში 2017 წლის 17 დეკემბერს განთავსებულ გადაცემაში „პიკნიკი“ პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისას პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა, რითაც კომპანიის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691  მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს „იბერია-TV“ კომისიის 2017 წლის 30 მარტის N213/18 გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება საქონლის/მომსახურების განთავსების წესების დარღვევისთვის და აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ანალოგიური სამართალდარღვევა, „შპს „იბერია-TV“-ს უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. კომისიას მიაჩნია, რომ ჯარიმის მინიმალური ოდენობა 2500 ლარი არ იქნება ქმედითი ახალი ანალოგიური სამართალდარღვევის ჩადენის აცილების მიზნით და კანონის დანაწესის მინიმალური 2500 ლარიდან და მაქსიმუმი წლიური შემოსავლის 0,5%-დან, შპს „იბერია-TV“-ს უნდა დაეკისროს ჯარიმის სახით წლიური შემოსავლის 0,1%, რაც შეადგენს 3 394.47 (სამი ათას სამასოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცდაშვიდი თეთრი) ლარს, რითაც დაცული იქნება როგორც თანასწორობის, კანონიერების და პროპორციულობის პრინციპი, ასევე მიიღწევა ის მიზანი, რასაც ზოგადად ითვალისწინებს სანქციის გამოყენება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „შპს „იბერია-TV“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  67-ე მუხლის მე-3 პუნქტის და კომისიის 2015 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების  დარღვევისთვის. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული დარღევისთვის „შპს „იბერია-TV“-ს უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება, ხოლო დარღვევების აღმოსაფხვრელად მიეცეს გონივრული ვადა 5 დღის ოდენობით. 

V. სარეზოლუციო ნაწილი 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) და ჰ17) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 691 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტებისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

  1. „შპს „იბერია-TV“-ს დაეკისროს ჯარიმა 3 394.47 ლარის ოდენობით ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის  დარღვევის გამო;
  2. უზრუნველყოს „შპს „იბერია-TV“-მ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

           ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;

           ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

           სახაზინო კოდი -  300773251;

  1. უზრუნველყოს „შპს „იბერია-TV“-მ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა,  გადახდიდან 3 (სამი)  სამუშაო დღის ვადაში;
  2. „შპს „იბერია-TV“-ს მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის,  70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევის გამო;
  3. „შპს „იბერია-TV“-ს დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5  დღის ვადაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) ამ გადაწყვეტილების „შპს „იბერია-TV“-სთვის  დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.გოშუა) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების „შპს „იბერია-TV“-სთვის   ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის  „შპს „იბერია-TV“-სთვის   ჩაბარების დღიდან;
  8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ.დევდარიანი);
  9. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-6, მე-7 და მე-10 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე