შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 61 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 27, 2018 17:29

მიღების თარიღი თებერვალი 08, 2018

შპს  სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

 I.    საქმის აღწერა 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/388-18; 24.01.2018) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში 2018 წლის 29 იანვარს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (Nშ-10/388-18; 24.01.2018) ირკვევა, რომ აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის  სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი 2017 წლის 15-22 დეკემბრის პერიოდზე, სპონსორობის წესებისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (Nშ-10/388-18; 24.01.2018) აღნიშნულია შემდეგი:

1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებულია გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო.“

აღნიშნული გადაცემის ფარგლებში 2017 წლის 15 დეკემბერს ეთერში განთავსდა სიუჟეტი მაღაზიათა ქსელიდან „სმაილი“. ჟურნალისტმა მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია წინასაახალწლო ფასდაკლებების, აქციებისა და სხვადასხვა საჩუქრების შესახებ, ხოლო კომპანიის დირექტორმა დაწვრილებით განმარტა, რას მოიცავს წინასაახალწლო აქცია „მიიღე ერთ ლარად, რაც შენ გინდა“. აქციის ფარგლებში მაღაზიათა ქსელი მომხმარებელს სთავაზობს წვრილ და მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას დაუჯერებელ და  სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, თუ ის შეიძენს 100 ლარის ღირებულების საქონელს („ვაძლევთ საშუალებას მიიღონ ის რაც უნდათ, მხოლოდ ერთ ლარად და მხოლოდ „სმაილში“). ჟურნალისტი ხაზს უსვამს აქციის პოპულარობასა და აღნიშნავს, რომ აქციამ გამოცხადებისთანავე დიდი გამოხმაურება გამოიწვია სოციალურ ქსელებში. ამასთანავე, კომპანიის დირექტორი ტექნიკურ დახასიათებას აწვდის მოსახლეობას ცალკეული, კონკრეტული პროდუქტების შესახებ. ძირითადად, საუბარი შეეხო მაცივარს, სარეცხ მანქანას და ტელევიზორებს, რომელთა დემონსტრირება უშუალოდ მიმდინარეობდა სიუჟეტის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ გადაცემაში „დილა მშვიდობისა, საქართველო“ აღნიშნული სიუჟეტი გავიდა სამჯერ (07:48:00, 08:46:46, 09:56:30 სთ.) სამივე შემთხვევაში სიუჟეტის ავტორი და კომპანიის დირექტორი საუბრობდნენ აქციის, ასევე მასში მონაწილეობის ხელსაყრელობაზე. დასახელებული იქნა ქალაქები, სადაც მაღაზიათა ქსელი „სმაილი“ არის წარმოდგენილი და აღინიშნა, რომ აქცია ყველა მათგანში ვრცელდება.  ამასთან, კომპანიის დირექტრომა ვრცლად ილაპარაკა განვადების თაობაზე, რომელსაც მომხმარებლებს მაღაზიათა ქსელი „სმაილი“ სთავაზობს, კერძოდ სამი ნულის ტიპის განვადებაზე, რომლის დროსაც წინასწარი შენატანის, დამტკიცების საკომისიოს და თავად განვადების პროცენტი ნული იქნება.

სიუჟეტის განმავლობაში ეკრანზე რამოდენიმეჯერ ამონათდა კომპანიის სახელი, მისამართები, ტელეფონები და ვებ–გვერდის მისამართი. ხაზი გაესვა მაღაზიათა მუშაობის საგანგებო რეჟიმს (დილის ათი საათიდან, საღამოს ათ საათამდე) და განსაკუთრებულ შემოთავაზებებს, ასევე, სიუჟეტის დასაწყისში და დასრულებისას ამონათდა წარწერა „რეკლამა“.

2.  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში ასევე განთავსებულია გადაცემა „სხვა შუადღე“.

აღნიშნული გადაცემის ფარგლებში 2017 წლის 21 დეკემბერს (12:39 სთ.) გადაცემის სტუდიაში განხორციელდა შოკოლადი „ლინდტის“ და შუშხუნა ღვინო „ბადაგონი-მაესტროს“ დემონსტრირება. გადაცემის წამყვანებმა გადაცემის მსვლელობისას აღნიშნეს ამ პროდუქტების  სასარგებლო და უნიკალური თვისებების შესახებ და განსაკუთრებულად ხაზი გაუსვეს მათ მაღალხარისხოვან შემადგენლობას, მომხმარებელს მიაწოდეს მოკლე ინფორმაცია ბრენდ „ლინდტის“ წარმოების ისტორიის თაობაზე. ასევე, ჩამოთვალეს საქართველოში „ლინდტის“ შოკოლადის სახეობები. რაც შეეხება „ბადაგონი-მაესტროს“, წამყვანებმა გამოიყენეს გამოთქმები „მოგიყვანთ კარგ ხასიათზე, კარგია როგორც შოკოლადთან, ისე მონო“ და ა.შ. მათვე დააზუსტეს პროდუქტის მდიდარი წარმომავლობისა და თვისებების თაობაზე. სტუდიაში განხორციელდა აღნიშნული ცქრიალა ღვინის გახსნა და დაგემოვნება.

3. ასევე, გადაცემა „სხვა შუადღის“ ფარგლებში 2017 წლის 21 დეკემბერს (13:35:59 სთ.) გადაცემის წამყვანების მიერ მოწვეულ იყვნენ დასუფთავების კომპანია „ქარიზმას“ წარმომადგენლები, რომლებმაც პირდაპირ ეთერში განახორციელეს რბილი ავეჯის ქიმიური დამუშავება-წმენდა. გადაცემის წამყვანები პირდაპირი ეთერის დროს გამოხატავდნენ აღტაცებას კომპანიის მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიმართ. გამოყენებულ იქნა გამონათქვამები: „ისე იწმინდება, რომ სუნი არ აქვს“, „გამოიყენება არა ტოქსიური, სპეციალური ხსნარი“, „შესანიშნავია დიასახლისებითვის“. „სისუფთავე არის სიზუსტის და პროფესიონალიზმის შედეგი“ და ა.შ. გადაცემაში საუბარია კომპანიის მომსახურების მრავალფეროვნებაზე (ეზოების მოვლა, ბალახის გაკრეჭა, მაღლივი შემინული შენობების წმენდა, აუზების მომსახურება და ა.შ.). მოწვეული იყო სტუდიაში კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა კომპანიის სერვისებზე და სიახლეებზე. აქვე სახელდება ფასდაკლებების შესახებ, რაც წამყვანების ერთგვარი ხაზგასმის საგანია.

4.  2017 წლის 18 დეკემბერს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსდა სუპერმარკეტების ქსელი „სპარის“, „ჯინო პერედაიზის“ და „ემ კვადრატის“ სასპონსორო მითითებები:

ა) „გადაცემის სპონსორია „ჯინო“  -  სითბოსთვის, სიამოვნებისთვის, სიხარულისთვის, ჯანმრთელობისთვის, დასვენებისთვის. „ჯინო“  - თქვენთვის“ (22:04:21; 22:56:29; 23:13:16; 22:54:49)

ბ) „გადაცემის სპონსორია სუპერმარკეტების ქსელი „სპარი“. „სპარში“ ყოველთვის საუკეთესო ფასებია. „სპარი“ - თქვენზე მორგებული.“ (22:04:31; 22:56:39; 22:54:59; 23:13:26)

გ) „საახალწლო ეთერის გასართობი გადაცემებს წარმოგიდგენთ „ემ კვადრატის“ ენერგოეფექტური პროექტები დასრულებული რემონტით თბილისის ცენტრში. „ემ კვადრატი“  - იცხოვრე უკეთესად.“

ზემოაღნიშნული სიუჟეტების შესწავლის საფუძველზე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული სიუჟეტები არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე–2 პუნქტს, ვინაიდან სიუჟეტებში პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ პროგრამებში სპონსორზე მითითება ხდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტისა  და „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესების დარღვევით.

შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 1 თებერვალს, რის თაობაზეც შეტყობინებით ეცნობა  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს და ეთხოვა საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. კომპანიას ასევე განემარტა მისი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

2018 წლის 1 თებერვალს,  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა მიმართა კომისიას შუამდგომლობით სხდომის გადადების თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის: N6/563-18, 01.02.18), რომელიც კომისიის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა და შპს  „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 8 თებერვალს, რის შესახებ კომპანიას ეცნობა შეტყობინებით (N03/369-18, 02.02.18).

2018 წლის 8 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის იურისტი თ. მურადაშვილი და დ. ბერუჩაშვილი. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ არ დარღვეულა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტი (product placement), 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი და კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილების (სპონსორობაზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები) მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები (სპონსორობის ნაწილში). პროგრამაში პროდუქტის განთავსება მკაფიოდ იდენტიფიცირებული იყო, გადაცემების დასაწყისში კეთდებოდა მინიშნებები, რომ აღნიშნული გადაცემები შეიცავდნენ სარეკლამო ნიშნებს, გადაცემები იყო გასართობი, ეძღვნებოდა ახალ წელს, რომელიც წარმოუდგენელია შამპანიურის, შოკოლადის და დიდი სამზადისის გარეშე, რომელსაც აუცილებად მოყვება სახლის დასუფთავება, შესაბამისად, კომისიის სხდომაზე მითითებულ პროგრამებში პროდუქტები ბუნებრივად არიან ინტეგრირებული და არ ახდენენ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ზეგავლენას, არ შეიცავენ პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებებს და პროდუქტებს არ ენიჭებათ გადაჭარბებული მნიშვნელობა. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლების მიერ ხაზგასმულ იქნა ის გარემოება, რომ მაუწყებლის სამაუწყებლო ბადე იწყობა თემატიკიდან გამომდინარე, აქცენტი პირველ რიგში კეთდება  მაყურებლის ინტერესზე, მიუხედავად იმისა, რომ  კომპანიას კომერციული ინტერესიც აქვს,  გაყიდვების ოფისი შერჩეული თემატიკის შესაბამისად უკავშირდება შესაბამის დამკვეთებს, რის შედეგაც ხორციელდება გადაცემაში პროდუქტის ინტეგრირება და არა პირიქით, ჯერ კომერციული ინტერესის დაკმაყოფილება და შემდეგ პროდუქტის შექმნა.

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სასპონსორო მითითება,  „გადაცემის სპონსორია „ჯინო“ - სითბოსთვის, სიამოვნებისთვის, სიხარულისთვის, ჯანმრთელობისთვის, დასვენებისთვის. „ჯინო“ - თქვენთვის“- ეს არის კომპანიის სლოგანი, ლოზუნგი, ისევე, როგორც „გადაცემის სპონსორია სუპერმარკეტების ქსელი „სპარი“. „სპარში“ ყოველთვის საუკეთესო ფასებია. „სპარი“ - თქვენზე მორგებული“. აღნიშნული ფრაზები, კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, არ წარმოადგენს დარღვევას. ასევე, არ წარმოადგენს დარღვევას  „ემ კვადრატის“ სასპონსორო მითითება - „საახალწლო ეთერის გასართობ გადაცემებს წარმოგიდგენთ „ემ კვადრატის“ ენერგოეფექტური პროექტები დასრულებული რემონტით თბილისის ცენტრში. „ემ კვადრატი“  - იცხოვრე უკეთესად“, ვინაიდან აღნიშნული პროდუქტით „ემ კვადრატი“  პოზიციონირებს ბაზარზე.   

  II.        კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

  1.   კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი თანდართული CD-ით (შ-10/388-18; 24.01.2018);
  2.  შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის  შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;
  3. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლების თ. მურადაშვილის და დ. ბერუჩაშვილის მიერ კომისიის 2018 წლის 8 თებერვლის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

  III.     ფაქტობრივი გარემოებები 

1.  შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“  წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა, მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა, მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა, ავტორიზაციის თარიღი:15.07.2015);

2.  2017 წლის 15 დეკემბერს  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებულ პროგრამაში „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ფარგლებში სამჯერ განთავსდა სიუჟეტი მაღაზიიდან „სმაილი“(07:48:00, 08:46:46, 09:56:30 სთ.), სადაც ჟურნალისტმა მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია წინასაახალწლო ფასდაკლებების, აქციებისა და სხვადასხვა საჩუქრების შესახებ, ხოლო კომპანიის დირექტორმა დაწვრილებით განმარტა რას მოიცავს წინასაახალწლო აქცია „მიიღე ერთ ლარად, რაც შენ გინდა“. კერძოდ, აქციის ფარგლებში მაღაზიათა ქსელი მომხმარებელს სთავაზობს წვრილ და მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას დაუჯერებელ და  სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად 100 ლარიანი ღირებულების საქონლის შეძენის შემთხვევაში („ვაძლევთ საშუალებას მიიღონ ის რაც უნდათ, მხოლოდ ერთ ლარად და მხოლოდ „სმაილში“). ვიდეო-რგოლში ყურადღება მახვილდება ცალკეულ პროდუქტებზე, მათ ტექნიკურ მახასიათებლებზე, ხორციელდება მაცივრის (იტალიური ფირმა „ინდეზიტი“), სარეცხი მანქანის (იტალიური ფირმა „ინდეზიტი“) და ტელევიზორების დემონსტრირება. სიუჟეტებში დასახელებულია ქალაქები, სადაც „სმაილის“ ცამეტი მაღაზიაა წარმოდგენილი და აღნიშნულია, რომ აქცია ყველა მათგანში ვრცელდება.  ამასთან, ხაზი გაესვა მაღაზიათა ქსელ „სმაილში“ მოქმედ სამი ნულის ტიპის განვადებას, რომლის დროსაც წინასწარი შენატანის, დამტკიცების საკომისიოს და თავად განვადების პროცენტი ნულია. სიუჟეტის განმავლობაში ყურადღება გამახვილდა  მაღაზიათა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე (დილის ათი საათიდან, საღამოს ათ საათამდე) და განსაკუთრებულ შემოთავაზებებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროგრამაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ განთავსებულ პროდუქტებს ენიჭებათ გადაჭარბებული მნიშვნელობა, შეიცავენ პროდუქტების შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებებს და გავლენას ახდენენ პროგრამის შინაარსზე, მათ შორის,  მაუწყებლის სარედაქციო პასუხისმგებლობაზე.

3. 2017 წლის 21 დეკემბერს (12:39 სთ.) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებულ პროგრამაში:

ა) „სხვა შუადღე“-ში  განხორციელდა შოკოლადი „ლინდტის“ და შუშხუნა ღვინო „ბადაგონი-მაესტროს“ დემონსტრირება. გადაცემის წამყვანებმა გადაცემის მსვლელობისას განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნეს ბრენდ „ლინდტის“ შოკოლადის  სასარგებლო და უნიკალური თვისებების შესახებ, მომხმარებელს მიაწოდეს მოკლე ინფორმაცია შოკოლადის „ლინდტის“ წარმოების ისტორიის თაობაზე. ასევე, ჩამოთვალეს  „ლინდტის“ შოკოლადის სახეობები (რძით, თხილით, ნუშით, ნამდვილი შავი შოკოლადი). წამყვანებმა აღნიშნეს, რომ „ლინდტი“ არის ელიტარულ წრეში ყველაზე გაყიდვადი შოკოლადი, რომელიც არის ჯამრთელობისთვის სასარგებლო, ვინაიდან არის ნამდვილი შვეიცარული შოკოლადი, რომელიც მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისგან მზადება. ასევე, ყურადღება გამახვილდა „ლინდტის“ 70%, 85% და 99%-იან შოკოლადებზე, რომლებიც ხელს უწყობენ წონაში კლებას და რომლის ერთი პატარა ნატეხიც კი განაყრებს. სტუდიაში განხორციელდა შოკოლადის დაგემოვნება. ამასთან, ყურადღება გამახვილდა „ბადაგონი-მაესტროს“ შამპანიურების დიდ არჩევანზე (ნახევრად ტკბილი, ნახევრად მშრალი, ბრუტი, როზე), აღინიშნა მისი გემო და ხარისხი, დამზადების ტექნოლოგია, რომ შამპანიური მზადდება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, საკუთარი ვენახებიდან, კახეთის მიკროზონიდან, მხოლოდ ქართული ვაზის ჯიშის გამოყენებით. წამყვანებმა გამოიყენეს გამოთქმები „მოგიყვანთ კარგ ხასიათზე, კარგია როგორც შოკოლადთან, ისე მონო, აკმაყოფილებს ნებისმიერ გემოვნებას“ და ა.შ.  სტუდიაში განხორციელდა აღნიშნული ცქრიალა ღვინის გახსნა და დაგემოვნება;

ბ) კომპანია „ქარიზმას“ წარმომადგენლებმა (13:35:59),  პირდაპირ ეთერში განახორციელეს რბილი ავეჯის ქიმიური დამუშავება-წმენდა, რა დროსაც გადაცემის წამყვანები პირდაპირი ეთერის დროს გამოხატავდნენ აღტაცებას კომპანიის მომსახურებისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიმართ. გამოყენებულ იქნა გამონათქვამები: „ისე იწმინდება, რომ სუნი არ აქვს“, „გამოიყენება სპეციალური, უნივერსალური ხსნარი, არა ტოქსიური“, „შესანიშნავია დიასახლისებითვის“, „სისუფთავე არის სიზუსტის და პროფესიონალიზმის შედეგი“ და ა.შ. გადაცემაში საუბარია კომპანიის მომსახურების მრავალფეროვნებაზე (ეზოების მოვლა, ბალახის გაკრეჭა, მაღლივი შემინული შენობების წმენდა, აუზების მომსახურება და ა.შ.).  სტუდიაში მოწვეულმა კომპანიის წარმომადგენელმა, ვრცლად ისაუბრა კომპანიის სერვისებზე და სიახლეებზე. აქვე სახელდება ფასდაკლებების შესახებ, რაც წამყვანების ერთგვარი ხაზგასმის საგანია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროგრამაში „სხვა შუადღე“ განთავსებულ პროდუქტებს ენიჭებათ გადაჭარბებული მნიშვნელობა, შეიცავენ პროდუქტების შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებებს და გავლენას ახდენენ პროგრამის შინაარსზე, მათ შორის,  მაუწყებლის სარედაქციო პასუხისმგებლობაზე.

4.  2017 წლის 18 დეკემბერს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსდა სუპერმარკეტების ქსელი „სპარის“, „ჯინო პერედაიზის“ და „ემ კვადრატის“ სასპონსორო მითითებები: ა) „გადაცემის სპონსორია „ჯინო“  -  სითბოსთვის, სიამოვნებისთვის, სიხარულისთვის, ჯანმრთელობისთვის, დასვენებისთვის. „ჯინო“  - თქვენთვის“ (22:04:21; 22:56:29; 23:13:16; 22:54:49);

ბ) „გადაცემის სპონსორია სუპერმარკეტების ქსელი „სპარი“. „სპარში“ ყოველთვის საუკეთესო ფასებია. „სპარი“ - თქვენზე მორგებული.“ (22:04:31; 22:56:39; 22:54:59; 23:13:26);

გ) „საახალწლო ეთერის გასართობი გადაცემებს წარმოგიდგენთ „ემ კვადრატის“ ენერგოეფექტური პროექტები დასრულებული რემონტით თბილისის ცენტრში. „ემ კვადრატი“  - იცხოვრე უკეთესად.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაცემის სპონსორებზე მითითებისას ადგილი აქვს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ წაქეზებას ამ პროდუქტებზე/მომსახურებებზე სპეციალური მითითებებით, როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით,  ამასთან, სასპონსორო მითითებები შეიცავენ სარეკლამო შეტყობინებებს.

5.  კომისიის 2017 წლის 4 აპრილის  N219/18 გადაწყვეტილებით - „შპს  „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“, კომპანიას მიეცა გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 691მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების და 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევის გამო. 

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება 

1.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

2.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ17 ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით;

4.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი  სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;

5.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით;

6.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს;

7.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას;

8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;

9.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ:

ა) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო ბადეში, 2017 წლის 15 და 21 დეკემბერს განთავსებული გადაცემების - „დილა მშვიდობისა საქართველო“ და „სხვა შუადღის“ სიუჟეტებში განთავსებულ პროდუქტებს ენიჭებათ გადაჭარბებული მნიშვნელობა, შეიცავენ პროდუქტების შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებებს და გავლენას ახდენენ პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებობაზე, რითაც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი,  691 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტები და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი. 

ბ) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო ბადეში, 2017 წლის 18 დეკემბერს განთავსებულ სუპერმარკეტების ქსელი „სპარის“, „ჯინო პერედაიზის“ და „ემ კვადრატის“ სასპონსორო ვიდეო-რგოლებში, სასპონსორო მითითებებისას ადგილი აქვს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ მოწოდებას და წაქეზებას ამ პროდუქტებზე სპეციალური მითითებებით, როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით,  ამასთან, სასპონსორო მითითებები შეიცავენ სარეკლამო შეტყობინებებს, რითაც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ დარღვეული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, 67 მუხლის მე-3 პუნქტი და 2016 წლის 14 იანვარს კომისიის დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები. 

იმის გათვალისწინებით, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ კომისიის 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით იდენტური დარღვევებისთვის გამოყენებულ იქნა წერილობითი გაფრთხილება (იხ. კომისიის 2017 წლის 4 აპრილის N219/18 გადაწყვეტილება) და გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩადენილია ახალი დარღვევა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. კომისიას მიაჩნია, რომ ჯარიმის მინიმალური ოდენობა 2500 ლარი არ იქნება ქმედითი ახალი ანალოგიური სამართალდარღვევის ჩადენის აცილების მიზნით და კანონის დანაწესის მინიმალური 2500 ლარიდან და მაქსიმუმი წლიური შემოსავლის 0,5%-დან, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს უნდა დაეკისროს ჯარიმის სახით წლიური შემოსავლის 0,1%, რაც შეადგენს 31,683.24 (ოცდათერთმეტი ათას ექვსას ოთხმოცდა სამი ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარს, რითაც დაცული იქნება როგორც თანასწორობის, კანონიერების და პროპორციულობის  პრინციპი, ასევე მიიღწევა ის მიზანი, რასაც ზოგადად ითვალისწინებს სანქციის გამოყენება. 

V. სარეზოლუციო ნაწილი 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) და ჰ17) ქვეპუნქტების, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის,  691 მუხლის მე-2 პუნქტის  ა), ბ) და გ) ქვეპუნქტებისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

:

1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს დაეკისროს ჯარიმა 31,683.24 (ოცდათერთმეტი ათას ექვსას ოთხმოცდასამი ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარის ოდენობის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის,  691 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და  გ) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის და 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6  პუნქტების დარღვევის გამო;

2. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900;  ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;  სახაზინო კოდი -  300693251;

ბ) გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის კომისიაში 3 დღის ვადაში  წარმოდგენა;

3. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს  დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5  დღის ვადაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) ამ გადაწყვეტილების შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს  ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის   ჩაბარების დღიდან;

8. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);

9. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-4,  მე-5 და მე-8 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე