“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის N653/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 91 / 19

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 19, 2018 18:06

მიღების თარიღი თებერვალი 15, 2018

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის N653/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ“ (შემდგომში „კომისია“) „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 28 სექტემბრის N653/22 გადაწყვეტილებით დაამტკიცა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების წესი“ (შემდგომში “კონკურსის ჩატარების წესი“), რომლითაც განისაზღვრა კომისიის აპარატში ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში საჯარო კონკურსისა და გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების წესები და პირობები.

კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილებების შეტანა კონკურსის ჩატარების წესში, რომელთა თანახმადაც გამარტივებული საჯარო კონკურსი გამოცხადდება დამხმარე ხასიათის მუდმივი ფუნქციების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისთვის კანდიდატის შესარჩევად. ხოლო, არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე პირის დასაქმება შესაძლებელი იქნება კონკურსის ჩატარების წესით გათვალისწინებული გამარტივებული საჯარო კონკურსის გარეშე, კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის N754/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის შრომის შინაგანაწესის“ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის N653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დამხმარე ხასიათის მუდმივი ფუნქციების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისთვის კანდიდატი შეირჩევა გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე. კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით შესაძლებელია განისაზღვროს დასაქმებულის  საჯარო კონკურსის წესით შერჩევა.“

ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამარტივებული საჯარო კონკურსი ცხადდება დამხმარე ხასიათის მუდმივი ფუნქციების შესასრულებლად პირის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმების მიზნით.“

გ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანდიდატი კომისიაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დამხმარე ხასიათის მუდმივი ფუნქციების შესასრულებლად შეირჩევა გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე.“

2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლს გადაწყვეტილების შესრულებაზე განახორციელებს კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური (თ. ბოკუჩავა).

კომისიის თავმჯდომარის მ.შ.

 

მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

თანდართული დოკუმენტები: