შპს „გეო ვლანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 94 / 18

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 26, 2018 17:33

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2018

შპსგეო ვლანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.     აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“)  აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათის (N10/101-18, 8.01.2018) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „გეო ვლანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ)  ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის “ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების დარღვევის  გამო.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს  „გეო ვლანს“ კომისიის წინაშე ერიცხება დავალიანება 607,37 ლარი, რაც კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმებიდან დგინდება.

შპს „გეო ვლანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა  2018 წლის 15 თებერვალს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (03/411-18), რომელიც მას გაეგზავნა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებზე.  შეტყობინებით, შპს „გეო ვლანი“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2018 წლის 15 თებერვალს. კომისიის  სხდომაზე  არ გამოცხადდა შპს „გეო ვლანის“  წარმომადგენელი და არც მისთვის სხდომის გამართვის თაობაზე წერილობითი შეტყობინების  ჩაბარების ფაქტი არ დადასტურდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე აქედან, კომისიამ გადადო საკითხის განხილვა 2018 წლის 22 თებერვალს.

კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „გეო ვლანის“  წარმომადგენელი და მიუხედავად იმისა, რომ  კომისიის შეტყობინება (№03/560-18; 16.02.2018) სხდომის გადადების თაობაზე კომპანიას 2018 წლის 19 თებერვალს ჩაბარდა, ამასთან, შეტყობინება  შპს „გეო ვლანისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის განხილვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://gncc.ge/ge/news/shetyobinebebi/shetyobineba-shps-new-net-s.page ).

შეტყობინების კომპანიის იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართზე გაგზავნით, ასევე საჯაროდ  გამოქვეყნებით კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „გეო ვლანის“  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წამყვანი სპეციალისტის ნ. ჯანელიძის მიერ  2018 წლის 22 თებერვლის სხდომაზე გაკეთებული განმარტებიდან დგინდება, რომ შპს „გეო ვლანმა“ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის ანგარიშზე ჩარიცხა რეგულირების საფასურის დავალიანების ნაწილი (190 ლარი), რის შედეგად კომპანიას კომისიის წინაშე ერიცხება 444,07 ლარის ოდენობის დავალიანება.

II.      გამოკვლეული მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის  მოხსენებითი ბარათი (N10/101-18; 8.01.2018);
  2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „გეო ვლანის“   შესახებ მონაცემები;
  3. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წამყვანი სპეციალისტის ნ. ჯანელიძიეს ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის სხდომაზე.

III.     დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „გეო ვლანი“  წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 2011 წლის 26 სექტემბერი). ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.3 ძირითადი საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება);

2. შპს „გეო ვლანი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.  შპს   „გეო ვლანს“,  2018 წლის 22 თებერვლის  მდგომარეობით (გადაწყვეტილების მიღებისთვის), კომისიის წინაშე ერიცხება 444,07 ლარის ოდენობის დავალიანება, რაც კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ყოველწლიური რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ფორმებიდან დგინდება;

4. შპს „გეო ვლანის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.  

 IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი;
  3.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
  4.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
  5. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, განსაზღვრულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების  წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
  6.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „გეო ვლანის“ მიერ, რეგულირების საფასურის დავალიანების წარმოუდგენლობით დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტები და კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებით დამტკიცებული „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის“  მე-6 პუნქტი რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „გეო ვლანის“ მიმართ  ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე  გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება და დაევალოს ათი სამუშაო დღის ვადაში რეგულირების საფასურის დავალიანების 444,07 ლარის კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა.

 V.   სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის,   მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებით დამტკიცებული „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს „გეო ვლანს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ)  ქვეპუნქტების, კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილებით დამტკიცებული „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის“  მე-6 პუნქტის დარღვევის გამო;

2.  უზრუნველყოს შპს „გეო ვლანმა“ 10 სამუშაო ვადაში რეგულირების საფასურის დავალიანების 444,07  ლარის, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) გადაწყვეტილების შპს „გეო ვლანისთვის“    დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „გეო ვლანისთვის“    ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი  დამოწმებული  ასლის შპს „გეო ვლანისთვის“   ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი  გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო  დეპარტამენტს (ნ. დევდარიანი).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

 

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

 

 

 

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე