მაუწყებლისთვის „შპს სტერეო+“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 95 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2018 11:05

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2018

მაუწყებლისთვის „შპს სტერეო+“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.             საქმის აღწერა 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 26 იანვრის Nშ-10/440-18 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2018 წლის 5 თებერვალს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება მაუწყებლისთვის შპს „სტერეო+“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით დამტკიცებული „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის გამო. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ მაუწყებელი შპს „სტერეო+“ 2017 წლის 31 დეკემბრიდან 2018 წლის 4 იანვრის ჩათვლით საკუთარ სამაუწყებლო ბადეში, კომისიაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ანთავსებდა არასახელმწიფო ენაზე წარმოებულ მხატვრულ ფილმებს არასახელმწიფო ენაზე დუბლირებით:  „უკანასკნელი ჯალათი“ და „სტუდენტი გოგონა გამოძახებით“, ასევე არასახელმწიფო ენაზე წარმოებულ სერიალს „ბანდიტური პეტერბურგი“ საქართველოს სახელმწიფო ენაზე განთავსების წესების დარღვევით.

2018 წლის 8 იანვრის N04/28-18 წერილით, კომისიამ მოსთხოვა მაუწყებელს შპს „სტერეო+“ ზემოაღნიშნული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა 3 სამუშაო დღის ვადაში. კომისიამ მაუწყებლისგან შპს „სტერეო+“ მიიღო წერილობითი პასუხი 2018 წლის 11 იანვარს (Nშ6/212-18), რომლითაც ვერ დაადასტურა ზემოაღნიშნული პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების არსებობა. მაუწყებელმა შპს „სტერეო+“ განმარტა, რომ playlist-ში, საიდანაც ხდება საეთერო ბადის განსაზღვრა, ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა რამდენიმე ვიდეო ფაილის არევა. წერილში აღნიშნულია, რომ ხარვეზი გამოსწორებულია და ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონდეს.

მაუწყებლისთვის შპს „სტერეო+“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 8 თებერვალს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა 2018 წლის 5 თებერვლის N03/376-18 წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების  წარმოდგენის,  აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2018 წლის 8 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდა ქ-ნი ნატალია გელაძე, რომელმაც წარმოადგინა მაუწყებლის შპს „სტერეო+“ 2018 წლის 8 თებერვლის N09/01-18 მინდობილობა. მან მიმართა კომისიას შუამდგომლობით საქმის გარემოებების შესწავლის მიზნით მაუწყებელს შპს „სტერეო+“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის გადადების მოთხოვნით. კომისიამ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და საკითხის განხილვა გადადო 2018 წლის 22 თებერვლის სხდომისთვის.

კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდა მაუწყებლის შპს „სტერეო+“ წარმომადგენელი ნატალია გელაძე. მან აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, რის შედეგადაც play list-ში მოხდა ფაილების არევა. მან აღნიშნა, რომ მაუწყებელმა შპს „სტერეო+“ განცხადებით მიმართა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის მიზეზების დადგენის მოთხოვნით. ქ-ნი გელაძის განცხადებით, აღნიშნული პროცედურა გარკვეულ დროს მოითხოვს, რის გათვალისწინებითაც, მან დააყენა შუამდგომლობა კომისიის მიერ ტექნიკური პერსონალის გამოყოფის შესახებ, რათა ადგილზე მათ თავად შეემოწმებინათ მაუწყებლის შპს „სტერეო+“ აპარატურა, საიდანაც შპს „სტერეო+“ის განცხადებით მოხდა ტექნიკური ხარვეზის გამო ფილმებისა და სერიალის არამართლზომიერი ჩვენება. კომისიამ მაუწყებლის შპს „სტერეო+“ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კომისიამ განმარტა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ავტორიზებული პირის ტექნიკური აპარატურის გამართული მუშაობის შემოწმება, ან ტექნიკური ხარვეზის დადგენა. ამასთან, კომისია ვერ დაადგენდა რეალურად ჰქონდა თუ არა 2017 წლის 31 დეკემბრიდან 2018 წლის 4 იანვრის ჩათვლით ტექნიკურ ხარვეზს ადგილი  და სწორედ ამის გამო მოხდა playlist-ში ფაილების არევა, როდესაც განხორციელდა უცხოენოვანი ფილმებისა და სერიალის არამართლზომიერი განთავსება.

კომისიამ განმარტა, რომ მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონი, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილება; არ განათავსოს დაუშვებელი პროდუქცია; აკონტროლოს საეთერო ბადე, უზრუნველყოს აპარატურისა და ტექნიკის გამართული მუშაობა და არ დაუშვას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით პროდუქციის (ფილმების და სერიალის) განთავსება. 

მაუწყებელმა შპს „სტერეო+“ 2018 წლის 22 თებერვლის სხდომაზე წარმოადგინა მხატვრული ფილმების მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება), რომელიც არ წარმოადგენდა შემოწმების აქტში აღნიშნულ ფილმებსა და სერიალს. 

 II.  კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები 

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 26 იანვრის Nშ-10/440-18 სამსახურებრივი ბარათი;

2. მაუწყებლის შპს „სტერეო+“ სამაუწყებლო პროდუქციის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დამადასტურებელი ჩანაწერი - 1 CD;

3. კომისიის 2018 წლის 8 იანვრის N04/28-18 წერილი მაუწყებელს შპს „სტერეო+“;

4. კომისიის 2018 წლის 8 იანვრის N04/28-18 წერილის მაუწყებლისთვის შპს „სტერეო+“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

5. მაუწყებლის შპს „სტერეო+“ 2018 წლის 11 იანვრის N02/01-18 წერილი (კომისიის სარეგისტრაციო Nშ 6/212-18, 15.01.2018);

6. მაუწყებელი შპს „სტერეო+“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

7.  მაუწყებლისთვის შპს „სტერეო+“ შეტყობინება სხდომის ჩატარების თაობაზე (N03/376-18, 05.02.2018);

8. მაუწყებლის შპს „სტერეო+“ 2017 წლის 1 დეკემბრის სალიცენზიო შეთანხმება ირაკლი ჩხიკვაძესთან აუდიოვიზუალური ნაწარმოებების „ტყვიების ბაღი“, „თბილისური Love Story“, „გული+“, „რა მოხდა კიევში“ სატელევიზიო ეთერით საჯარო გადაცემაზე.

 III.   კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები 

1. მაუწყებელი შპს „სტერეო+“ წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს (ავტორიზაციის ნომერი: BR-31, ავტორიზაციის თარიღი 20/11/2013; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებელი; მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზირებული ტელემაუწყებლობა; გავრცელების ტექნოლოგია, არეალი და მაუწყებლობის დაწყების ვადა: ციფრული (MUXE მულტიპლექსი - 17/06/15), თანამგზავრული (საქართველო - 10/01/2014), სხვა ტექნოლოგია (საქართველო - 10/01/14);

2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 31 დეკემბრიდან - 2018 წლის 4 იანვრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუწყებელი შპს „სტერეო+“ საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ანთავსებდა არასახელმწიფო ენაზე დუბლირებულ, დასავლური წარმოების ფილმებს: „სტუდენტი გოგონა გამოძახებით“ დუბლირებული რუსულ ენაზე (ეთერში განთავსდა 2018 წლის 2 იანვარს 01:49:52 საათზე), „უკანასკნელი ჯალათი“ დუბლირებული რუსულ ენაზე (ეთერში განთავსდა 2017 წლის 31 დეკემბერს 01:55:24 საათზე), არასახელმწიფო (რუსულ) ენაზე წარმოებულ სერიალს „ბანდიტური პეტერბურგი“ საქართელოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე (ეთერში განთავსდა 2018 წლის 2 იანვარს 23:27:36 საათზე; ასევე 2018 წლის 3 იანვარს 23:28:49 საათზე);

3. კომისიამ 2018 წლის  8 იანვრის N04/28-18 წერილით მაუწყებელს შპს „სტერეო+“ მოსთხოვა 3 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული ზემოაღნიშნული ფილმების გადაცემის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა;

4. მაუწყებელმა შპს „სტერეო+“ წარმოადგინა 2018 წლის 11 იანვრის N02/01-18 წერილი, რომლითაც ვერ დადასტურდა ზემოაღნიშნული პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების არსებობა. თუმცა, კომპანიამ განმარტა, რომ playlist-ში, საიდანაც ხდება საეთერო ბადის განსაზღვრა, ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა რამდენიმე ვიდეო ფაილის არევა. წერილში აღნიშნულია, რომ ხარვეზი გამოსწორებულია და ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონდეს. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 6-7 თებერვალს განხორციელებული განმეორებითი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მაუწყებელი შპს „სტერეო+“ არ ახორციელებს ზემოაღნიშნული ფილმების გადაცემას;

5. მაუწყებლმა შპს „სტერეო+“ წარმოადგინა 2017 წლის 1 დეკემბრის სალიცენზიო შეთანხმება ირაკლი ჩხიკვაძესთან აუდიოვიზუალური ნაწარმოებების „ტყვიების ბაღი“, „თბილისური Love Story“, „გული+“, „რა მოხდა კიევში“ სატელევიზიო ეთერით საჯარო გადაცემაზე და ის არ წარმოადგენს  კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის 2018 წლის 26 იანვრის Nშ-10/440-18 სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულ უცხო ენაზე დუბლირებულ უცხოენოვანი მხატვრული ფილმებს: „უკანასკნელი ჯალათი“, „სტუდენტი გოგონა გამოძახებით“ და რუსულ ენაზე განთავსებული რუსულენოვანი სერიალის: „ბანდიტური პეტერბურგი“ გადაცემის უფლებას;

6. მაუწყებლის შპს „სტერეო+“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში (2016 წლის 31 დეკემბრიდან 2018 წლის 4 იანვრის პერიოდში) მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენული არ ყოფილა.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება 

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; 

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით. კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი;

4. კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით დამტკიცებული „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პიველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის“  პირველი მუხლის  „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, იმ შემთხვევაში, თუ  სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატვრულ ფილმს, დოკუმენტურ ფილმს, ტელეფილმს, ფილმის სერიას ან სერიალს, ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებული მხატრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფზახეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისის შემთხვევისა. „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი  და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებულ მხატრულ ფილმებს, ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში დასავლური წარმოების მხატრული ფილმები განათავსოს მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესითა და სიხშირით.   დ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  მაუწყებელი, ვალდებულია, მის სამაუწყებლო ბადეში განათავსოს დასავლური წარმოების მხატრული ფილმები, მის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული არასახელმწიფო ენაზე წარმოებული მხატრული ფილმების არანაკლებ 10% ოდენობით. თუ ერთი თვის მანძილზე სამაუწყებლო ბადეში განთავსებულია არასახელმწიფო ენაზე წარმოებული არაუმეტეს 10 მხატვრული ფილმისა, მაშინ მწარმოებლის ენაზე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით განთავსდება 1 დასავლური წარმოების მხატრული ფილმი მაინც;

5. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” 1886 წლის 9 სექტემბრის ბერნის კონვენცია (შემდგომში „ბერნის კონვენცია“) რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით. ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულება (შემდგომში „ისმოს ხელშეკრულება“) რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით. „ბერნის კონვენციასა“ და „ისმოს ხელშეკრულებასთან“ მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებები;

6. „ბერნის კონვენციის“  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, „ბერნის კონვენცია“ და „ისმოს ხელშეკრულება” იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ითვალისწინებენ იმას, რომ ამ ნორმების გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა;

7. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

8. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა. კერძოდ, ავტორი ან  საავტორო უფლების სხვა მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს ლიცენზიანტს ნაწარმოების გამოყენების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;

9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით;

10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას;

11. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

12. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისის ფუნქციას წარმოადგენს  საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;

14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

15. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ2) პუნქტის თანახმად, ტელემაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია.

მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლის შპს „სტერეო+“ პირად სარედაქციო პასუხისმგებლობას წარმოადგენდა საკუთარ სამაუწყებლო ბადეში უცხოენოვანი ფილმებისა და სერიალის მართლზომიერად განთავსების უზრუნველყოფა, და შესაბამისად, იგი ვალდებული იყო დროულად გამოევლინა და აღმოეფხვრა არამართლზომიერად განთავსებული ფილმებისა და სერიალის ჩვენება, მისი უმოქმედობის შედეგად, 4 დღის განმავლობაში - 2017 წლის 31 დეკემბრიდან 2018 წლის 4 იანვრის ჩათვლით  შპს „სტერეო+“-ის სამაუწყებლო ეთერში ფილმებისა და სერიალის ჩვენება ხორციელდებოდა არამართლზომიერად.  

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებელმა შპს „სტერეო+“ მხატვრული ფილმების“ „სტუდენტი გოგონა გამოძახებით“ და „უკანასკნელი  ჯალათი“, ასევე სერიალის“ „ბანდიტური პეტერბურგის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებით დაარღვია ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,საავტორო და uuმომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.

გარდა ამისა, მაუწყებლის შპს „სტერეო+“ მიერ არასახელმწიფო ენაზე დუბლირებული, დასავლური წარმოების მხატვრული ფილმების: „სტუდენტი გოგონა გამოძახებით“ და „უკანასკნელი ჯალათი“ და სერიალის:  „ბანდიტური პეტერბურგის“ დუბლირების გარეშე განთავსებით დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511მუხლი და კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

„ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ“ ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,   „საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ასევე, 451 მუხლის მე-10 პუნქტის  ა) ქვეპუნქტის, 511მუხლის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პიველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის თაობაზე“ კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის, 103, 104 და 105 მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა: 

1. მაუწყებელს შპს „სტერეო+“ (საიდენტიფიკაციო N204986408) მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის, კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით დამტკიცებული „საერთო ან სპეციალიზირებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პიველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით განთავსების წესის“  პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების მაუწყებლისთვის  შპს „სტერეო+“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ჭელიძე), მაუწყებლის შპს „სტერეო+“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული  ასლის მაუწყებლისთვის  შპს „სტერეო+“  ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მაუწყებლისთვის  შპს „სტერეო+“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიან ერთი თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების  დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე