შპს “მეგაკომის” N4 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და შპს “მეგაკომსა” და შპს “მობიტელს” შორის ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 789 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2006

მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2005

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) მიმართა შპს “მობიტელმა” (წერილი N3/12, 12.12.2005წ.), რომელმაც კომისიას წარმოუდგინა შპს “მეგაკომთან” 2005 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება “რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გადაპირების შესახებ” და მოითხოვა მოქმედი კანონმდებლობის გათვალიწინებით შესაბამისი ნებადამრთველი დოკუმენტების გაცემა შპს “მობიტელისთვის”.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მეგაკომი” ფლობს N4 ლიცენზიას, რომელიც გაცემულია საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს მიერ 1993 წლის 23 ივლისს და რომელსაც გაუგრძელდა მოქმედების ვადა კომისიის მიერ 2005 წლის 3 მაისს კომისიის N287/6 გადაწყვეტილებით. ლიცენზია ითვალისწინებს ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებას 824.265 მგჰც-დან 835.335 მგჰც-მდე და 869.265 მგჰც-დან 880.335 მგჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში. კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს “მეგაკომის” მიერ სალიცენზიო გადასახდელის 238,820.00 ლარიდან გადახდილია 155,235.02 ლარი, დარჩენილი გადასახდელი, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, გადასახდელი უნდა იქნეს 2005 წლის დეკემბერიდან 2006 წლის მაისის ჩათვლით. კომისიის 2005 წლის 3 მაისს კომისიის N287/6 გადაწყვეტილებაში  გათვალისწინებულია მობილურ ქსელში შესაღწევად საჭირო ნუმერაციის რესურსის - 897 გამოყოფა ლიცენზიის მოქმედების ვადით.

კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწიებს ლიცენზიას ფიჭური სატელეფონი კავშირით მომსახურების შესახებ. აღნიშნულ კანონში, ისევე როგორც  “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გათვალისწინებულია მხოლოდ ორი სახის ლიცენზია – რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია. ამასთან, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალიწინებს კომისიის მიერ იმ პირების კუთვნილი ლიცენზიების კანონის შესაბამისად მოდიფიცირებას, რომლებიც სარგებლობენ ამოწურვადი რესურსით.

 შპს “მეგაკომის” N 4 ლიცენზია ითვალისწინებს როგორც რადიოსიხშირული სპექტრით (824.265 მგჰც-დან 835.335 მგჰც-მდე და 869.265 მგჰც-დან 880.335 მგჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში), ასევე ნუმერაციის რესურსით (897 - მობილურ ქსელში შესაღწევად) სარგებლობის უფლებას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მობიტელი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელზეც კომისიის მიერ გაცემულია ავტორიზაციის მოწმობა N18/1, 30.08.2005წ.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს N4 ლიცენზიის მოდიფიცირება “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ანუ ლიცენზიის გაყოფა ორ ლიცენზიად: რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია; ხოლო ამის შემდეგ, გადაპირების საფუძველზე, სალიცენზიო მოწმობების გაცემა შპს “მობიტელისთვის”.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, 64-ე მუხლის პირველი პუნქტის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. N4 ლიცენზია გაყოფილ იქნეს ორ ლიცენზიად:

ა)  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია;

ბ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია;

2.  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას  მიენიჭოს ნომერი F 5  და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 824.265 მგჰც-დან 835.335 მგჰც-მდე და 869.265 მგჰც-დან 880.335 მგჰც-მდე სიხშირული დიაპაზონი მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორაზე;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 23 ივლისამდე;

გ) სალიცენზიო გადასახდელის გადახდის ვალდებულება კომისიის 2005 წლის 3 მაისის N287/6 გადაწყვეტილების შესაბამისად;

დ) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

ე) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან სამი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურების განხორციელება;

ვ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებების IIF პორტებით და შესაბამისი პროგრამული მართვით უზრუნველყოფა;

3. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულების შესრულების მიზნებისათვის საქართველოს რეგიონები განისაზღვრება:

ა) რეგიონი 1: ქ. ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის რაიონები;

ბ) რეგიონი 2: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები

გ) რეგიონი 3: ქ.ქუთაისი, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის რაიონები;

დ) რეგიონი 4: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის რაიონები;

ე) რეგიონო 5: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის რაიონები

ვ) რეგიონი 6: ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

ზ) რეგიონი 7: ქ. რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები;

თ) რეგიონი 8:  ქ. ცხინვალი, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის რაიონები.

4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიას  მიენიჭოს ნომერი  N 11  და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი 897 მობილურ სატელეფონო ქსელში შესაღწევად;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 23 ივლისამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსის  გამოყენებით დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში;

5. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია N F 5-ს  და  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია N N 11 -ს მფლობელად განისაზღვროს შპს “მობიტელი”;

6. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის გაცემის და ლიცენზიის ცვლილების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა სამი დღის ვადაში;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის წევრები:                                             დ.პატარაია

                                                                        გ.ფრუიძე

                                                                        ზ.ნონიკაშვილი