ინდივიდუალური მეწარმე “კონსტანტინე ასათიანის” №1467 ლიცენზიის მოდიფიცირების და ინდივიდუალური მეწარმე “კონსტანტინე ასათიანს” და შპს “მაქსტელკომს” შორის ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 58 / 2

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2006

მიღების თარიღი თებერვალი 03, 2006

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“)  მიმართა შპს “მაქსტელკომმა” (წერილი №7/14-06, 31.01..2006 წ.), რომელმაც კომისიას წარმოუდგინა ინდივიდუალურ მეწარმე “კონსტანტინე ასათიანთან”  2006 წლის 31 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება ლიცენზიის გადაპირების შესახებ და მოითხოვა შპს “მაქსტელკომზე” შესაბამისი ლიცენზიის გადაპირება.

კომისია აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური მეწარმე “კონსტანტინე ასათიანი” ფლობს №1467 ლიცენზიას ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე, რომელიც გაცემულია კომისიის მიერ 2005 წლის 8 აპრილის №207/1 გადაწყვეტილებით და რომელშიც გათვალისწინებულია ნუმერაციის რესურსის – ქ.თბილისში სასადგურო ინდექსების 465XXX- 469XXX, 975XXX-979XXX გამოყენების ნებართვა №1467 ლიცენზიის მოქმედების ვადით.

 კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწიებს ლიცენზიას ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე. აღნიშნულ კანონში, ისევე როგორც  “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გათვალისწინებულია მხოლოდ ორი სახის ლიცენზია – რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია. ამასთან, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალიწინებს კომისიის მიერ იმ პირების კუთვნილი ლიცენზიების კანონის შესაბამისად მოდიფიცირებას, რომლებიც სარგებლობენ ამოწურვადი რესურსით.

ინდივიდუალური მეწარმე “კონსტანტინე ასათიანის” №1467 ლიცენზია ითვალისწინებს ნუმერაციის რესურსით ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 465XXX- 469XXX, 975XXX-979XXX გამოყენების ნებართვას.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს „მაქსტელკომი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელზეც კომისიის მიერ გაცემულია ავტორიზაციის მოწმობა №51/1, 30.01.06 წ.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს №1467 ლიცენზიის მოდიფიცირება “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ანუ ლიცენზიის მოდიფიცირება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიად; ხოლო ამის შემდეგ, გადაპირების საფუძველზე სალიცენზიო მოწმობის გაცემა შპს “მაქსტელკომისთვის”.

 „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, 64-ე მუხლის პირველი პუნქტის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. №1467 ლიცენზია მოდიფიცირდეს და ეწოდოს “ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია”;

2.  ლიცენზიას მიენიჭოს ნომერი  N 11  და განისაზღვროს ლიცენზიის შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსები 465XXX- 469XXX, 975XXX-979XXX;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 2015 წლის 8 აპრილამდე;

გ)  ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსის  გამოყენებით დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში;

3. № N 11 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს “მაქსტელკომი”;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის ცვლილების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა სამი დღის ვადაში;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                             დ.ქიტოშვილი

კომისიის წევრები:                                        დ.პატარაია

                                                                        გ.ფრუიძე

                                                                        ზ.ნონიკაშვილი