სს “ტელენეტ”-სა და შპს “კავკასუს ონლაინ”-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F6 ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 454 / 5

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2008

მიღების თარიღი აგვისტო 01, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს “ტელენეტ”-მა (24.07.2008 №6/1776-08) და წარმოუდგინა შპს ”კავკასუს ონლაინ”-თან 2008 წლის 23 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება რადიოსიხშირული რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს სს “ტელენეტი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია №F6-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”კავასუს ონლაინ”-ისთვის პირდაპირი გადაპირების წესით გადაცემას.

კომისია აღნიშნავს, რომ სს “ტელენეტი” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 21 თებერვლის №69/1 გადაწყვეტილების საფუძველზე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F6 ლიცენზიას 5250 მჰც – 5350 მჰც სიხშირულ დიაპაზონში შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

1. რადიოსიხშირული სპექტრი 5250 მგჰც - 5350 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში;

2. ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 21 თებერვალი;

3. ლიცენზიის მფლობელი უნდა შეეგუოს ლიცენზიაში გათვალისწინებულ სიხშირეზე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) რეგლამენტის შესაბამისად მომუშავე  სამსახურებიდან (დედამიწის კვლევის თანამგზავრული სამსახურები, რადიოლოკაციის და კოსმოსური კვლევის სადგურები) გამოწვეულ რადიოხელშეშლებს (მათი არსებობის შემთხვევაში), ხოლო ლიცენზიის მფლობელის მიერ აღნიშნული სამსახურებისთვის ხელშეშლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში უნდა შეაჩეროს თავისი საქმიანობა;

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ პირდაპირი გადაპირების საფუძველზე №F6 ლიცენზიის მფლობელად უნდა განისაზღვროს შპს ”კავკასუს ონლაინი”და მასზე გაიცეს სალიცენზიო მოწმობა.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-6 მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. პირდაპირი გადაპირების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F6 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს “კავკასუს ონლაინი” .

2. შპს ”კავკასუს ონლაინ”-ს განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 5250 მჰც - 5350 მჰც;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 21 თებერვალი;

გ) ლიცენზიის მფლობელი უნდა შეეგუოს ლიცენზიაში გათვალისწინებულ სიხშირეზე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) რეგლამენტის შესაბამისად მომუშავე  სამსახურებიდან (დედამიწის კვლევის თანამგზავრული სამსახურები, რადიოლოკაციის და კოსმოსური კვლევის სადგურები) გამოწვეულ რადიოხელშეშლებს (მათი არსებობის შემთხვევაში), ხოლო ლიცენზიის მფლობელის მიერ აღნიშნული სამსახურებისთვის ხელშეშლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში უნდა შეაჩეროს თავისი საქმიანობა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისის ასლის სს ”ტელენეტი”-სა და შპს ”კავკასუს ონლაინი”-სთვის ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის     წევრები:                                                                       

ს.ბრიტანჩუკი

გ.ფრუიძე

ზ.ნონიკაშვილი

კ.კვიტაიშვილი