შპს ”ბროდბანდ 4 იუ”-სა და შპს ”მობიტელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N112 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების დამტკიცების შესახებ

ნომერი: 591 / 5

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 10, 2009

მიღების თარიღი ნოემბერი 06, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართეს შპს ”ბროდბანდ 4 იუ”-მ და შპს „მობიტელმა“ (26.10.2009 №6/3059-09 და 26.10.2009 №6/3060-09) და წარმოუდგინეს „ბროდბანდ 4 იუ“-სა და შპს ”მობიტელს” შორის, 2009 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”ბროადბანდ 4 იუს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია №N112-დან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების შპს ”მობიტელისთვის” გადაცემას. კერძოდ, წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ”ბროდბანდ 4 იუ”, შპს ”მობიტელს” გადასცემს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N112 ლიცენზიით გათვალისწინებულ ნუმერაციის რესურსს 8-9-2 (რვა-ცხრა-ორი).

    კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ბროდბანდ 4 იუ” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N112 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-2 (რვა-ცხრა-ორი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 2 მაისამდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ვ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (61,250.00 - სამოცდაერთი ათას ორას ორმოცდაათი) დარჩენილი 70%-ის (42,875.00 - ორმოცდაორი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

3,572.91 ლარი    -   2008 წლის 2 ივნისამდე;

3,572.91 ლარი    -   2008 წლის 2 ივლისამდე;

3,572.91 ლარი    -   2008 წლის 2 აგვისტომდე;

3,572.91 ლარი    -   2008 წლის 2 სექტემბრამდე;

3,572.91 ლარი    -   2008 წლის 2 ოქტომბრამდე;

3,572.91 ლარი    -   2008 წლის 2 ნოემბრამდე;

3,572.91 ლარი    -   2008 წლის 2 დეკემბრამდე;

3,572.91 ლარი    -   2009 წლის 2 იანვრამდე;

3,572.91 ლარი    -   2009 წლის 2 თებერვლამდე;

3,572.91 ლარი    -   2009 წლის 2 მარტამდე;

3,572.99 ლარი    -   2009 წლის 2 აპრილამდე;

3,572.91 ლარი    -   2009 წლის 2 მაისამდე;

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის პირდაპირი წესით გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ  კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (30.10.2009 N10/668-09) შესაბამისად, შპს ”ბროდბანდ 4 იუს” მიერ შესრულებულია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს (42,875.00 - ორმოცდაორი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე შპს „მობიტელის“ წარმომადგენელს განემარტა, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N N112 ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული  საქმიანობის დაწყების ვადა გასულია და შესაბამისად, შპს „მობიტელმა“, აღნიშნული ლიცენზიის გადაპირების შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსით 8-9-2  პრაქტიკული საქმიანობის დაწყება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N112 ლიცენზიის მფლობელად უნდა განისაზღვროს შპს ”მობიტელი” და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N112 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”მობიტელი”  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-2 (რვა-ცხრა-ორი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 2 მაისამდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება ლიცენზიის გადაპირებისთანავე;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ბროდბანდ 4 იუსა” და შპს ”მობიტელსთვის” ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავჯდომარე                                                                    ი.ჩიქოვანი

კომისიის     წევრი                                                                             ს.ბრიტანჩუკი

კომისიის     წევრი                                                                             კ.კვიტაიშვილი

კომისიის     წევრი                                                                             ი.მოსეშვილი

კომისიის     წევრი                                                                             ა.სიხარულიძე