საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების N1411 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისათვის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 556 / 23

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2010

მიღების თარიღი დეკემბერი 03, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (№03.12.2010 N6/4049-10) მიმართეს შპს ”მადმა” და შპს ”გლობალ მედია ჯგუფმა”, შპს „მადის“ კუთვნილი საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების N1411 ლიცენზიის შპს „გლობალ მედია ჯგუფისთვის“ გადაცემასთან დაკავშირებით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღებისა და ამავე ლიცენზიის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით.  ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ა.ბ) პუნქტის შესაბამისად, საქმიანობის ლიცენზია არის ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება  საქმიანობის განხორციელების უფლება და უკავშირდება სუბიექტს. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2004 წლის 9 ივლისის N324/1 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „მადი“ ფლობს საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების N1411 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;

გ) ლიცენზიის საგანი: საკაბელო საერთო ტელემაუწყებლობა ქ. ოზურგეთი, ქ. ლანჩხუთი, ქ. ჩოხატაური, ქ. ქობულეთი, ქ. ფოთი, სენაკის რაიონი, სამტრედიის რაიონი, ქ. ბათუმი,  წარმოდგენილი ტექნიკური პროექტის შესაბამისად;

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შემოწმებულ იქნა, შპს ”მადის” კუთვნილი საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების N1411 ლიცენზიის შპს „გლობალ მედია ჯგუფისთვის“ გადაცემასთან დაკავშირებით, შპს ”მადის” განზრახვის შესაბამისობა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კერძოდ, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად,

”1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი ან თანამშრომელი;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

გ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის  თანამდებობის პირი.”

ამავე კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”გლობალ მედია ჯგუფი” არ  ფლობს ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში, ხოლო ლიცენზიის გადაცემის შემთხვევაში, იგი გახდება საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების ლიცენზიის მფლობელი, შესაბამისად, კომპანიაზე არ ვრცელდება ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნა, მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამავე დროს, კომპანია არ წარმოადგენს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს, რომელსაც ეკრძლება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მონაცემებით, შპს ”მადი” ახორციელებს N1411 ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას და მის მიერ ადგილი არ ჰქონია მაუწყებლობის შეწყვეტას წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში, რაც ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ”მადის” კუთვნილი საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების N1411  ლიცენზიის შპს ”გლობალ მედია ჯგუფისთვის“ გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება, გათვალისწინებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს ”მადს“  მისცეს წინასწარი თანხმობა, ზემოაღნიშნული ლიცენზიის შპს ”გლობალ  მედია ჯგუფისთვის“ გადაცემაზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს „მადის“ საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების N1411 ლიცენზიის შეუსაბამობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან. კერძოდ, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიას ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა გაცემული ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მაუწყებლების ვალდებულებებთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი კანონმდებლობით სხვა შინაარსი ჩაიდო საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიათა დეფინიციებში, ხოლო სამაუწყებლო ლიცენზიის სახეებად განისაზღვრა კერძო და სათემო. ამ მიზნით, მაუწყებლებს გაეგზავნათ წერილები, რათა დაკონკრეტებულიყო მათ მიერ განხორციელებული მაუწყებლობის სახე და სახეობა  ახალი კანონმდებლობის შესაბამისად.

კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად და მაუწყებელთაგან მიღებული წერილობითი დაზუსტების საფუძველზე, 2006 წლის 1 დეკემბრის №527/2 გადაწყვეტილებით განახორციელა საკაბელო საერთო ტელერადიოკომპანიების ლიცენზიების მოდიფიცირება, კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილებით განხორციელებული მოდიფიცირება არ შეხებია შპს „მადის“ კუთვნილ №1411 ლიცენზიას, ვინაიდან კომისიაში ლიცენზიის მფლობელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნა ლიცენზიის მოდიფიცირების, კანონთან შესაბამისობაში მოყვანისა და ლიცენზიის სახისა და სახეობის დაზუსტების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ყველა თანასწორია ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე: დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისთვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისა.

ამასთან ერთად, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილება ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე, არ აჩერებს ლიცენზიათა მოდიფიცირების პროცესს, თუ მოდიფიცირება არ ეხება ლიცენზიის სახესა და სახეობის ცვლილებას. ამ შემთხვევაში სახეზეა არა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის სახისა და სახეობის ცვლილება, არამედ სახეზეა, უკვე ძალადაკარგული, ”კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს  კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზიის სახისა და სახეობის დღეს მოქმედ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან, ფორმისა და შინაარსის მიხედვით შესაბამისობაში მოყვანა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ დადგენილი შეზღუდვა ვერ გავრცელდება შპს „მადის“ კუთვნილი №1411 ლიცენზიის მოდიფიცირებაზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ლიცენზიის ისეთ ცვლილებას, რომელიც არ გამოიწვევს სახის, სახეობისა ან ლიცენზიით გათალისწინებული გეოგრაფიული არეალის (სამოქმედო ზონის) ცვლილებას. მოდიფიცირების განხორციელების შემთხვევაში №1411 ლიცენზია, სხვა სამაუწყებლო ლიცენზიების მსგავსად, მოყვანილი იქნება შესაბამისობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან, კერძოდ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე–5 პუნქტის  თანახმად, ტელე-ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა და მოდიფიცირება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ, იხელმძღვანელა რა, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე–8 პუნქტით, რომლის თანახმადაც “თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს” და  დაადგინა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38–ე მუხლი  ნორმა ძალაშია  2004 წლის 23 დეკემბრიდან, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე  მუხლით დადგენილი ნორმა, მიღებულია  უფრო გვიან, ვიდრე ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმა.  შესაბამისად, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 63-ე და 115-ე მუხლების, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  45-ე მუხლის პირველი  პუნქტის  ა) ქვეპუნქტის, 38-ე, 48-ე და 76-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა შპს ”მადს“, კომპანიის კუთვნილი საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე №1411 ლიცენზიის შპს ”გლობალ მედია ჯგუფისთვის” გადაცემაზე;

2. უზრუნველყოს შპს ”გლობალ მედია ჯგუფმა“ საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე №1411 ლიცენზიის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის გადაცემის შესახებ  შესაბამისი ხელშეკრულების კომისიისთვის მიწოდება;

3. განემარტოთ შპს ”მადს“ და შპს ”გლობალ მედია ჯგუფს“, რომ ხელშეკრულებაში უნდა ასახონ სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი და კომისიის წინაშე ანგარიშვალდებული პირები, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე) შპს ”მადის“ მიერ შპს ”გლობალ მედია ჯგუფისთვის” საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო N1411 ლიცენზიის ხელშეკრულების  წარმოდგენის შემდეგ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნისა და გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე №1411 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და

კომისიის კომისიის 2004  წლის 9 ივლისის N324/1 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის მიზნით;

6. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2010 წლის 31 დეკემბერს 12.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა „მადისა“ და შპს „გლობალ მედია ჯგუფისთვის“ (ნ.ჯავახიძე);

8. გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტები ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

10. გადაწყვეტილება (მე-5 და მე-6 პუნქტების გარდა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ  დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 . ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                . კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                . სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 . მოსეშვილი