№B76 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მოდიფიცირებისათვის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 583 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2011

მიღების თარიღი დეკემბერი 17, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “ქისს ეფ ემმა” (N7/387-10, 19.11.2010) შპს “ქისს ეფ ემის” კუთვნილი    №B76 ლიცენზიის შპს „მომავლის რეკლამისთვის“ გადაცემასთან დაკავშირებით კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ა.ბ) პუნქტის შესაბამისად, საქმიანობის ლიცენზია არის ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება საქმიანობის განხორცილების უფლება და უკავშირდება სუბიექტს. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 პუნქტის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 8 აპრილის №215/1 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ქის ეფ ემი“ ფლობს №B76 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: საეთერო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: სპეციალიზებული (საგანმანათლებლო-შემეცნებითი) რადიომაუწყებლობა;     

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

N

ქალაქი

სამაუწყ. ზონა

ანტენის განთავს. ადგილი

გეოგრაფ. კოორდინ.

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ

რადიო-სიხშირე მგჰც

სიმძლ. კვტ

ანტენის გასხივების დიაგრამა

სამაუწყ. ზონის საშ.რად კმ

FM

1

თბილისი

1

თბილისის ანძა

44E47;41N41

100

97.1

1

წრიული

25

 

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ იქნა შპს “ქისს ეფ ემის” კუთვნილი №B76 ლიცენზიის შპს „მომავლის რეკლამისთვის“ გადაცემასთან დაკავშირებით, მხარეების განზრახვის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და მე-60 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი ან თანამშრომელი;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

გ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის  თანამდებობის პირი.

ამავე კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “მომავლის რეკლამა” არ ფლობს ლიცენზიას მაუწყებლობის სფეროში, ხოლო ლიცენზიის გადაცემის შემთხვევაში იგი გახდება კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, შესაბამისად, კომპანია აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას, მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამავე დროს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით (№10/1238-10, 01.12.2010 წ.) კომპანია არ წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს, რომელსაც ეკრძალება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ფლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს  შპს „ქის ეფ ემის“ კუთვნილი №B76 ლიცენზიის შპს „მომავლის რეკლამისათვის“ გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება, გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია კომისიამ შპს „ქის ეფ ემსა“ და შპს „მომავლის რეკლამას“ მისცეს წინასწარი თანხმობა, NB76 ლიცენზიის გადაცემაზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა შპს „ქისს ეფ ემის“ NB76 ლიცენზიის შეუსაბამობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, კერძოდ კომისიის 2005 წლის 8 აპრილის №215/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიის სახე-საეთერო რადიომაუწყებლობა არ შეეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რომლის შესაბამისადაც კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს, ხოლო კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია NB76 ლიცენზიის მოდიფიცირება და კომისიის 2005 წლის 8 აპრილის №215/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, რათა აღნიშნული ლიცენზია შესაბამისობაში იქნას მოყვანილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან.

ამასთან ერთად, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილება „ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე“, არ აჩერებს ლიცენზიათა მოდიფიცირების პროცესს, თუ მოდიფიცირება არ ეხება ლიცენზიის სახესა და სახეობის ცვლილებას. ამ შემთხვევაში სახეზეა არა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიის სახისა და სახეობის ცვლილება, არამედ სახეზეა, ლიცენზიის სახის დღეს მოქმედ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონთან, ფორმისა და შინაარსის მიხედვით შესაბამისობაში მოყვანა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ დადგენილი შეზღუდვა ვერ გავრცელდება შპს „ქისს ეფ ემის“ კუთვნილი №B76 ლიცენზიის მოდიფიცირებაზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ლიცენზიის ისეთ ცვლილებას, რომელიც არ გამოიწვევს სახის, სახეობისა ან ლიცენზიით გათალისწინებული გეოგრაფიული არეალის (სამოქმედო ზონის) ცვლილებას. მოდიფიცირების განხორციელების შემთხვევაში №B76 ლიცენზია, სხვა სამაუწყებლო ლიცენზიების მსგავსად, მოყვანილი იქნება შესაბამისობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38–ე მუხლის მე–5 პუნქტის  თანახმად, ტელე-ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა და მოდიფიცირება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ, იხელმძღვანელა რა, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე–8 პუნქტით, რომლის თანახმადაც “თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს” და  დაადგინა, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  38–ე მუხლი  ნორმა ძალაშია  2004 წლის 23 დეკემბრიდან, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე  მუხლით დადგენილი ნორმა, მიღებულია  უფრო გვიან, ვიდრე ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმა.  შესაბამისად, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  45-ე მუხლის პირველი  პუნქტის  ა) ქვეპუნქტის, 38-ე და 48-ე  მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   მიეცეს თანხმობა შპს „ქის ეფ ემს“, კომპანიის კუთვნილი №B76 ლიცენზიის შპს „მომავლის რეკლამისთვის“  გადაცემაზე;

2.  უზრუნველყოს შპს „მომავლის რეკლამამ“, NB76 ლიცენზიის სარგებლობაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში,  ლიცენზიის მიღების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების კომისიისთვის მიწოდება;

3.  განემარტოთ შპს „ქის ეფ ემს“ და შპს „მომავლის რეკლამას“, რომ ხელშეკრულებაში უნდა ასახონ სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი და კომისიის წინაშე ანგარიშვალდებული პირები, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) შპს „მომავლის რეკლამის“ მიერ №B76 ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

დ) შპს „ქის ეფ ემისა” და შპს „მომავლის რეკლამისათვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე).

5. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება №B76 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2005  წლის 8 აპრილის N215/1 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის მიზნით;

6. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 21 იანვარს 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „ქისს ეფ ემისა“ და შპს „მომავლის რეკლამისთვის“ (ნ.ჯავახიძე);

8. გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტები ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

10. გადაწყვეტილება (მე-5 და მე-6 პუნქტების გარდა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი  თვის ვადაში;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ  დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ.კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ს.ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი.მოსეშვილი