ი/მ ”კონსტანტინე ამაშუკელსა” და შპს ”ახალ ქსელებს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N145 ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 98 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2010

მიღების თარიღი თებერვალი 26, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ი/მ ”კონსტანტინე ამაშუკელმა” (25.01.2010 №6/278-10) და წარმოუდგინა შპს ”ახალ ქსელებთან” 2010 წლის 25 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს ი/მ ”კონსტანტინე ამაშუკელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N145 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების, შპს ”ახალი ქსელებისათვის” გადაცემას.

  კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ ”კონსტანტინე ამაშუკელი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N145 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 92950-დან 92999 ჩათვლით (სულ 50 ორმოცდაათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე;

გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: 2009 წლის 10 ოქტომბრამდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის 2010 წლის 8 თებერვლის №10/129-10 სამსახურებრივი ბარათის თანახმად ი/მ ”კონსტანტინე ამაშუკელმა” შეასრულა ლიცენზიით გათვალისწინებული პირობა პრაქტიკული საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ი/მ ”კონსტანტინე ამაშუკელმა” კომისიაში 2009 წლის 1 ოქტომბერს წარმოადგინა აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები. წარმოდგენილი ხელშეკრულებების საფუძველზე კომისიის მონიტორინგის  დეპარტამენტმა განახორციელა სატესტო ზარები.

    კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონში კომისიის მიერ  დანაწილებული კონკრეტული ზოლის 50 პროცენტის ან  მეტის მფლობელი”. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილ გადაპირებაზე თანხმობის შემთხვევაში ქ.ქუთაისში შპს ”ახალი ქსელები” გახდება რესურსის საერთო ოდენობის 50%-ის მფლობელი. კომისიის მიერ 2007 წლის 31 აგვისტოს №5 დადგენილებით დამტკიცებული ”მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლგიური წესები” ნორმატიული აქტის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით სისტემური რისკ-ფაქტორების შეფასება განხორციელებულ უნდა იქნას მსურველი პირების მხრიდან ამ რესურსებზე პოტენციური მოთხოვნის, ამოწურვადი რესურსების ხელმისაწვდომობის და ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფის, ამ რესურსების გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეზე მომხმარებლების მხრიდან ჩამოყალიბებული მოთხოვნის ზრდის ფაქტორების გაანალიზებით”. კომისიის სტრატეგიული განვითრებისა და კონკურენციის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ”ახალი ქსელების” მიერ ქ.ქუთაისში ნუმერაციის რესურსის 50%-ის ფლობა (ანუ 50 სააბონენტო ნომერი) ვერ გახდება კონკურენციის შემზღუდველი ფაქტორი, არ შექმნის ბაზარზე შესვლის რაიმე სისტემურ დაბრკოლებას და არ ეწინააღმდეგება ”მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლგიური წესების” მე-20 მუხლის მე-4 პუნქტს.

            კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ი/მ ”კონსტანტინე ამაშუკელის” მიერ წარმოდგენილი გადაპირების ხელშეკრულებაში გაწერილია ი/მ ”კონსტანტინე ამაშუკელის” მომხმარებლებისათვის სატელეფონო მომსახურების უწყვეტად მიწოდების თაობაზე შპს ”ახალი ქსელების” უფლებამონაცვლეობის საკითხი. კერძოდ შპს ”ახალი ქსელები” მიაწოდებს სატელეფონო მომსახურებას ი/მ ”კონსტანტინე ამაშუკელის” აბონენტებს მომსახურების წყვეტის გარეშე იგივე სახელშეკრულებო პირობებით.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს ”ახალ ქსელებსა” და ი/მ ”კონსტანტინე ამაშუკელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N145 ლიცენზიის გადაპირება და შპს ”ახალ ქსელებზე” ახალი სალიცენზიო მოწმობის გაცემა.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის პ) ქვეპუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და ”მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლგიური წესების” მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N145 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ახალი ქსელები” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.ქუთაისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 92950-დან 92999 ჩათვლით (სულ 50 ორმოცდაათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2018 წლის 10 ოქტომბრამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

დ) მომხმარებელს მომსახურება გაუწიოს ი/მ ”კონსტანტინე ამაშუკელის” მიერ შეთავაზებული სახელშეკრულებო პირობებით ან შესთავაზოს უკეთესი პირობები.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის ი/მ ”კონსტანტინე ამაშუკელისა” და შპს ”ახალი ქსელისთვის” ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების 1 პუნქტის ა), ბ), გ) და დ) ქვეპუნქტების შესრულებაზე, დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე გარდა პირველი პუნქტისა დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                              ს. ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                                              კ.კვიტაიშვილი  

კომისიის წევრი                                                                                              ი. მოსეშვილი