მოქალაქე არჩილ თაბაგარსა და შპს „სუპერ ტვ“-ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 108 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2011

მიღების თარიღი მარტი 04, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებებით მიმართეს მოქალაქე არჩილ თაბაგარმა და შპს „სუპერ ტვ“-მ (10.02.2011 №6/573-11) არჩილ თაბაგარის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის შპს „სუპერ ტვ“-ზე გადაპირების მოთხოვნით. განცხადებას თან ერთვის სანოტარო წესით დამოწმებული შპს „სუპერ ტვ“-ს 2011 წლის 8 თებერვლის დამფუძნებლის გადაწყვეტილება, საიდანაც ირკვევა, რომ მოქალაქე არჩილ თაბაგარის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზია ჩაიდო შპს „სუპერ ტვ“-ს საწესდებო კაპიტალში. განცხადებას ასევე თანდართული აქვს შპს „სუპერ ტვ“-ს წესდების ახალი რედაქცია, შპს „სუპერ ტვ“-ს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და შპს „ქართული აუდიტის“ აუდიტორული დასკვნა კაპიტალში შესატანი ქონების ღირებულების განსაზღვრის შესახებ.

    კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქე არჩილ თაბაგარი ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიას კომისიის 2011 წლის 28 იანვრის №37/5 გადაწყვეტილების საფუძველზე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2564 ÷ 2612 მჰც და 2636 ÷ 2692 მჰც სიხშირული დიაპაზონი უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის  ქ.თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 21 აპრილამდე;

 კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, ნაწილობრივ ან მთლიანად. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად „კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად  ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონში კომისიის მიერ  დანაწილებული კონკრეტული ზოლის 50 პროცენტის ან  მეტის მფლობელი“. კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში არსებული მონაცემების თანახმად შპს „სუპერ ტვ“ არ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება „ელექტრონული კომუნიკაციების სესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია მოქალაქე არჩილ თაბაგარის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის შპს „სუპერ ტვ“-ზე გადაპირება, კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანა და ახალი სალიცენზიო მოწმობის გაცემა.

 „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის პ) ქვეპუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 51-ე მუხლის და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს „სუპერ ტვ“ და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2564 ÷ 2612 მჰც და 2636 ÷ 2692 მჰც სიხშირული დიაპაზონი უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის  ქ.თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 21 აპრილამდე;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა.

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის არჩილ თაბაგარისა და შპს “სუპერ ტვსთვის“ ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).

კომისიის     თავმჯდომარე                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის     წევრი:                                                                            ი.მოსეშვილი

კომისიის     წევრი:                                                                            კ.კვიტაიშვილი