სს ”გაერთიანებულ ტელეკომსა” და სს ”სილქნეტს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 337 / 5

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 08, 2011

მიღების თარიღი ივლისი 08, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” (23.03.2011 №6/1248-11) და წარმოუდგინა სს ”სილქნეტთან” 2011 წლის 22 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ. კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს სს ”გაერთიანებული ტელეკომის” კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების სს ”სილქნეტისათვის” გადაპირებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიის 2011 წლის 10 ივნისის №270/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და სს „სილქნეტს“ შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე; საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2011 წლის 8 ივლისს 16.00 საათზე. კომისია აღნიშნავს, რომ სს ”გაერთიანებული ტელეკომი” კომისიის 2007 წლის 23 თებერვლის №105/1 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 5-7-0 (ხუთი-შვიდი-ნული) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 23 თებერვლამდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-მუხლის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება:

ა) თუ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოიკვეთა, რომ პირს, ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიმართ აქვს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი და იმავდროულად აღიარებული ფინანსური ვალდებულებები, ხოლო ერთობლივი განცხადებით წარმოდგენილ გადაპირების ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული შეუსრულებელ ვალდებულებათა ბედი და გადაპირების შეზღუდვის თაობაზე განცხადებით კომისიას მიმართა დაინტერესებულმა საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა;

ბ) თუ გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება;

გ) თუ პირდაპირი გადაპირების წესით ლიცენზიის გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული ზოლის კომისიის მიერ განსაზღვრული (დანაწილებული) კონკრეტული მონაკვეთის 25 პროცენტის ან მეტის მფლობელი;

დ) თუ ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებლებს მიეწოდებათ სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მათთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და სს ”სილქნეტს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დროს კომისიაში არ შემოსულა არანაირი დოკუმენტაცია, რომელიც მიუთითებდა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ ურთიერთჩართულ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელ და იმავდროულად აღიარებულ ფინანსურ ვალდებულებებზე.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 7 აპრილის №10/241-11 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ სრულად არის შესრულებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიიდან გამომდინარე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,550.00 - თერთმეტი ათას ხუთას ორმოცდაათი ლარი) გადახდის ვალდებულება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში და კომპანიას არ გააჩნია რეგულირების საფასურის დავალიანება კომისიის წინაშე.

კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტის 2011 წლის 23 მაისის №10/372-11 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და სს „სილქნეტს“ შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  №N94 ლიცენზიის გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51–ე მუხლის მე–2 პუნქტის გ) ქვეპუნქტს და შესაბამისად, არ არსებობს გადაპირების დამაბრკოლებელი გარემოება, ვინაიდან გადაპირების დამტკიცების შემთხვევაში სს „სილქნეტი“ ვერ გახდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის 25%–ს ან მეტის მფლობელი.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ უწყებრივ სალიცენზიო რეესტრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომი“ არ არის ავტორიზებული პირი, შესაბამისად, იგი არ ახორციელებს ავტორიზაციით გათვალისწინებულ ელექტრონულ საკომუნიკაციო საქმიანობას და არ ჰყავს აბონენტები. გამომდინარე აქედან, სს „სილქნეტს“ არ გააჩნია საოპერაციო აქტივების შეძენის განზრახვის შესახებ წინასწარი შეტყობინების ვალდებულება და სს „გაერთიანებული ტელეკომი“ არ საჭიროებს საოპერაციო აქტივების გადაცემაზე კომისიის წინასწარ თანხმობას, რაც განსაზღვრულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26–ე და 27–ე მუხლებით. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2011 წლის 8 ივლისის სხდომაზე. ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის სს „სილქნეტზე“ გადაპირების დამაბრკოლებელი გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, სს „გაერთიანებულ ტელეკომისა“ და სს „სილქნეტის“ ერთობლივი განცხადებისა და მხარეებს შორის გაფორმებული და კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის გადაპირების დამტკიცება.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია სს “გაერთიანებული ტელეკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის სს „სილქნეტზე“ გადაპირების თაობაზე გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის სხდომაზე. „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქარათველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის“ IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N94 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს სს „სილქნეტი“ და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 5-7-0 (ხუთი-შვიდი-ნული) ფიჭური სისტემის მობი­ლური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით  მომსახურების ორგანიზებისათვის და მოძრავი აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბე­ბის იდენტიფი­ცირები­სა­თვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 23 თებერვლამდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა(ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „გაერთიანებული ტელეკომისა“ და  სს „სილქნეტისთვის“  გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ, №6) ერთი  თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის სს “გაერთიანებული ტელეკომისა“ და სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი