შპს „აიეტსა“ და მოქალაქე არჩილ თაბაგარს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 37 / 5

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 08, 2011

მიღების თარიღი იანვარი 28, 2011

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართეს მოქალაქე არჩილ თაბაგარმა (18.01.2011 №9/06-11) და შპს „აიეტმა“ (21.01.2011 №6/302-11) და წარმოუდგინეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 იანვრის ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან, საქმეზე №2/12956-10, რომლის შესაბამისადაც, ირკვევა, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქალაქე არჩილ თაბაგარსა და შპს „აიეტს“ შორის დამტკიცებულ იქნა მორიგება. აღნიშნული მორიგების მიხედვით შპს „აიეტმა“ მოქალაქე არჩილ თაბაგარის სასარგებლოდ დათმო მისი კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზია. სასამართლოს განჩინებით დადგენილ იქნა, რომ მორიგების აქტით განსაზღვრულ ქონებაზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე არჩილ თაბაგარს საკუთრების უფლება წარმოეშვება მორიგების აქტის სასამართლოში დამტკიცების გზით, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ აღნიშნული მორიგების დამტკიცების შესახებ მიღებული განჩინება, რიგ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი იქნება უფლებამოსილ ორგანოებში საკუთრების უფლების გადასვლის შესაბამისი რეგისტრაციისათვის.

    კომისია აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 1993 წლის 14 მაისს შპს „აიეტზე“ გაცემულ იქნა №1 ლიცენზია, რომელიც კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №178/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიად და განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2564 ÷ 2612 მჰც და 2636 ÷ 2692 მჰც სიხშირული დიაპაზონი უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის  ქ.თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 21 აპრილამდე;

 კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, ნაწილობრივ ან მთლიანად. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად „კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად  ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონში კომისიის მიერ  დანაწილებული კონკრეტული ზოლის 50 პროცენტის ან  მეტის მფლობელი“. კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში არსებული მონაცემების თანახმად მოქალაქე არჩილ თაბაგარი არ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება „ელექტრონული კომუნიკაციების სესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს „აიეტის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მოქალაქე არჩილ თაბაგარზე გადაპირება, კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანა და ახალი სალიცენზიო მოწმობის გაცემა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ მოქალაქე არჩილ თაბაგარი განცხადებაში (18.01.2011 №9/06-11) ითხოვს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურად ცნობას.

მოქალაქე არჩილ თაბაგარის მიერ განცხადებასთან ერთად წარმოდგენილია ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 იანვრის  სასამართლო სხდომის ოქმიდან ამონაწერი. როგორც აღნიშნული ამონაწერიდან ირკვევა, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 იანვრის სხდომა, საქმეზე №2/12956-10 არ გამოცხადებულა დახურულად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე განჩინება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე მიღებულ იქნა სასამართლოს ღია სხდომაზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ განმცხადებელი არ აზუსტებს ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურად ცნობასაც ითხოვს, წარმოადგენს მის პირად, კომერციულ თუ პროფესიულ საიდუმლოებას. საკითხის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271, 273, 274-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირად, პროფესიულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას. რაც შეეხება ამავე კოდექსის 272-ე მუხლით განსაზღვრულ კომერციულ საიდუმლოებას, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ამონაწერი სასამართლოს სხდომის ოქმიდან არ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ინფორმაციას კომერციული ფასეულობიოს მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერ სხვა ინფორმაციას რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს. განმცხადებელს ასევე არ აქვს დასაბუთებული რა სახის ზიანი შეიძლება მიადგეს მის კონკურენტუნარიანობას წარმოდგენილი ინფორმაციის გამჟღავნებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს მოქალაქე არჩილ თაბაგარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურად ცნობის საფუძველი და შესაბამისად მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის პ) ქვეპუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 51-ე მუხლის და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271, 273, 274-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F8 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს მოქალაქე არჩილ თაბაგარი და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2564 ÷ 2612 მჰც და 2636 ÷ 2692 მჰც სიხშირული დიაპაზონი უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის  ქ.თბილისში;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2013 წლის 21 აპრილამდე;

2. არ დაკმაყოფილდეს მოქალაქე არჩილ თაბაგარის 2011 წლის 18 იანვრის (კომისიაში რეგისტრაციის №9/06-11)  განცხადება წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურად ცნობის შესახებ;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა.

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის არჩილს თაბაგარისა და შპს “აიეტისათვის“ ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).

კომისიის     წევრი:                                                                            ს.ბრიტანჩუკი

კომისიის     წევრი:                                                                            ი.მოსეშვილი

კომისიის     წევრი:                                                                            ა.სიხარულიძე

კომისიის     წევრი:                                                                            კ.კვიტაიშვილი