შპს „თანამგზავრი XXI“–სა და შპს „TV-ERA“–ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F44 ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 852 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (04/11/2011, №7/538-11) მიმართეს შპს „თანამგზავრი XXI“–მა და შპს „TV-ERA“–მ და დასამტკიცებლად წარმოადგინეს შპს „თანამგზავრი XXI“–ს კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F44 ლიცენზიის შპს „TV-ERA“–სთვის გადაპირების თაობაზე დადებული ხელშეკრულება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „თანამგზავრი XXI“ კომისიის 2007 წლის 13 თებერვლის №78/1 გადაწყვეტილებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F44 ლიცენზიას, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2500 მჰც ÷ 2596  მჰც სიხშირულ ზოლში  უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.ბათუმში;  

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  2017 წლის 13 თებერვლამდე;

გ) სათაო გადამცემის  სადგურის ქ.ბათუმში განთავსების შემთხვევაში, ჩრდილოეთის  მიმართულებით მოქმედი სექტორული ანტენის  ძირითადი გასხივების აზიმუტი (Az) განისაზღვროს არაუმცირეს 300 გრადუსით, ხოლო, გამოყენებული სისტემის მიმღები ტერმინალების ნორმალური ფუნქციონირებისთვის,  აპარატურის მწარმოებლის მიერ დადგენილი ველის დაძაბულობის მინიმალური მნიშვნელობის (Emin) გეოგრაფიულ საზღვრად განისაზღვროს აღნიშნულ აზიმუტზე   მე-10   კილომეტრი.

დ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (35,897.4 - ოცდათხუთმეტი ათას რვაას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვლდებულება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

2991.45 ლარი    -   2007 წლის 13 მარტამდე;

2991.45 ლარი    -   2007 წლის 13 აპრილამდე;

2991.45 ლარი    -   2007 წლის 13 მაისამდე;

2991.45 ლარი    -   2007 წლის 13 ივნისამდე;

2991.45 ლარი    -   2007 წლის 13 ივლისამდე;

2991.45 ლარი    -   2007 წლის 13 აგვისტომდე;

2991.45 ლარი    -   2007 წლის 13 სექტემბრამდე;

2991.45 ლარი    -   2007 წლის 13 ოქტომბრამდე;

2991.45 ლარი    -   2007 წლის 13 ნოემბრამდე;

2991.45 ლარი    -   2007 წლის 13 დეკემბრამდე;

2991.45 ლარი    -   2008 წლის 13 იანვრამდე;

2991.45 ლარი    -   2008 წლის 13 თებერვლამდე;

კომისიამ, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 10 ნოემბრის  №10/1029-11 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე გამოარკვია, რომ შპს „თანამგზავრი XXI“–ს მიერ სრულად არის შესრულებული კომისიის 2007 წლის 13 თებერვლის №78/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (35,897.40 - ოცდათხუთმეტი ათას რვაას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, ხოლო 27–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

 კომისიის 2011 წლის 23 სექტემბრის 490/22 გადაწყვეტილებით თანხმობა მიეცა შპს “თანამგზავრი XXI“-ს მისი კუთვნილი  საოპერაციო აქტივის - რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F44 ლიცენზიის შპს “TV-ERA“-სთვის გადაცემაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.

კომისიის 2011 წლის 25 ნოემბრის №672/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „თანამგზავრი XXI“–სა და შპს „TV-ERA“–ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F44 ლიცენზიის გადაპირებაზე თანხმობის მიცემის მიზნით. საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2011 წლის 23 დეკემბერს 16.00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება:

ა) თუ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოიკვეთა, რომ პირს, ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიმართ აქვს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი და იმავდროულად აღიარებული ფინანსური ვალდებულებები, ხოლო ერთობლივი განცხადებით წარმოდგენილ გადაპირების ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული შეუსრულებელ ვალდებულებათა ბედი და გადაპირების შეზღუდვის თაობაზე განცხადებით კომისიას მიმართა დაინტერესებულმა საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა;

ბ) თუ გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება;

გ) თუ პირდაპირი გადაპირების წესით ლიცენზიის გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული ზოლის კომისიის მიერ განსაზღვრული (დანაწილებული) კონკრეტული მონაკვეთის 25 პროცენტის ან მეტის მფლობელი;

დ) თუ ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებლებს მიეწოდებათ სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მათთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას კომისიაში არ შემოსულა რაიმე დოკუმენტაცია, რომელიც მიუთითებდა შპს „თანამგზავრი XXI“–ს მიერ მასთან ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიმართ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელ და იმავდროულად აღიარებულ ფინანსურ ვალდებულებებზე, შესაბამისად, სახეზე არ არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51–ე მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის საფუძველი.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2011 წლის 10 ნოემბრის №10/1029-11 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე კომისიამ გამოარკვია, რომ შპს „თანამგზავრი XXI“–ს კომისიის და საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არ ერიცხება რეგულირების საფასურისა და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება. ამდენად, სახეზე არ არის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51–ე მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის საფუძველი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების შესაბამისად შპს „TV-ERA“ არ არის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი, შესაბამისად მასზე ვერ გავრცელდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51–ე მუხლის მე–2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა.

კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის შესაბამისად შპს „თანამგზავრი XXI“–ს ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა;

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური  რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

კომისია აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ შპს „თანამგზავრი XXI“ არ ახორციელებს ავტორიზაციით გათვალისწინებულ ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას, მასზე ვერ გავრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51–ე მუხლის მე–2 პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2011 წლის 23 დეკემბერს 16.00 საათზე. ზეპირი მოსმენისას არ გამოვლენილა შპს „თანამგზავრი XXI“–სა და შპს „TV-ERA“–ს შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F44 ლიცენზიის გადაპირების რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51–ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F44 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს „TV-ERA“ და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2500 მჰც ÷ 2596  მჰც სიხშირულ ზოლში  უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.ბათუმში;  

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  2017 წლის 13 თებერვლამდე;

გ) სათაო გადამცემის  სადგურის ქ.ბათუმში განთავსების შემთხვევაში, ჩრდილოეთის  მიმართულებით მოქმედი სექტორული ანტენის  ძირითადი გასხივების აზიმუტი (Az) განისაზღვროს არაუმცირეს 300 გრადუსით, ხოლო, გამოყენებული სისტემის მიმღები ტერმინალების ნორმალური ფუნქციონირებისთვის,  აპარატურის მწარმოებლის მიერ დადგენილი ველის დაძაბულობის მინიმალური მნიშვნელობის (Emin) გეოგრაფიულ საზღვრად განისაზღვროს აღნიშნულ აზიმუტზე   მე-10   კილომეტრი.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ.ლორთქიფანიძე)

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი).

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „თანამგზავრი XXI“-სა და შპს ”TV ERA”–სთვის  გაგზავნა (მ. ნინუა).

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე).

კომისიის თამჯდომარე                                                                                                 ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                                კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                ი. მოსეშვილი